41 ᲖᲐᲥᲐᲠᲘᲐ ᲓᲐ ᲔᲚᲘᲡᲐᲑᲔᲓᲘ
„ღვთის თვალში ორივენი მართალი ადამიანები იყვნენ“
ᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ დღეს განსაკუთრებული დღეა. ეს კაცი მღვდელია, აარონის უამრავ შთამომავალთაგან ერთ-ერთი. დღეს მისი ჯერი დადგა, რომ ტაძარში ოქროს სამსხვერპლოზე საკმეველი აკმიოს. ეს უდიდესი პატივია, რაც მღვდელს შეიძლება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხვდეს წილად. ეჭვგარეშეა, მისი ცოლიც ძალიან ბედნიერია, რომ თავის ქმარს ასეთი შესაძლებლობა მიეცა.
ეს ცოლ-ქმარი ელისაბედი და ზაქარია არიან. ბიბლიაში მათზე ნათქვამია, რომ „ღვთის თვალში ორივენი მართალი ადამიანები იყვნენ“. ისინი დიდი ხნის დაქორწინებული არიან. ამ წლების მანძილზე იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა მათ. თუმცა ერთი რამ მაინც ოცნებად რჩებოდათ – მათ არა და არ უჩნდებოდათ შვილი. არადა იმ დროს უშვილობა ისრაელში დიდ სირცხვილად ითვლებოდა. მართალია, ახლა ორივენი ხანში არიან შესული, მაგრამ მათ იმედი არ გადაუწურავთ და კვლავაც შესთხოვენ იეჰოვას შვილს. ამ ცოლ-ქმარს ეჭვი არ ეპარება, რომ ის შეისმენს მათ ლოცვას.
და აი, ზაქარია ტაძარში შედის. ამ დროს გარეთ შეკრებილი ხალხი ლოცულობს. შიგნით სამარისებური სიჩუმეა, თუმცა მოულოდნელად საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ ვიღაც ჩნდება. ეს იეჰოვას ანგელოზია. ის ზაქარიას ეუბნება, რომ იეჰოვამ შეისმინა მისი ვედრება და ელისაბედი ვაჟს გააჩენს, რომელსაც იოანე უნდა დაარქვან. ანგელოზი მას უმხელს, რომ მათ ვაჟს „ელიას სული და ძალა“ ექნება და ხალხს იეჰოვასთან დასაბრუნებლად მოამზადებს.
ზაქარიას ეჭვი ეპარება ანგელოზის სიტყვებში და ეუბნება: „როგორ დავიჯერო ეს?“. საპასუხოდ ანგელოზი ეუბნება: „მე გაბრიელი ვარ და ყოველთვის ღვთის წინაშე ვდგავარ“. ამ სიტყვებით ის ზაქარიას ანახვებს, რომ ეჭვის საფუძველი არ აქვს, რადგან მის წინ იეჰოვას ანგელოზი დგას. გაბრიელი იმასაც ეუბნება, რომ სანამ ღვთის დაპირება არ შესრულდება, ის ვეღარ შეძლებს ლაპარაკს, რადგან არ ერწმუნა მის სიტყვებს. ეს ასეც ხდება. როცა ზაქარია ტაძრიდან გამოდის, ის უკვე დამუნჯებულია, ამიტომ ხელებით უხსნის შეკრებილ ხალხს, რაც მოხდა.
ხანში შესული უშვილო ცოლ-ქმრის ცხოვრება სრულიად შეცვალა ზეციდან მიღებულმა ცნობამ.
მომხდარის შესახებ ზაქარიასგან ელისაბედიც იგებს. გადის ცოტა ხანი და ის ორსულდება. ელისაბედი ხუთი თვის განმავლობაში არ ჩნდება ხალხში, თუმცა მეექვსე თვეს მას ნათესავი სტუმრობს. ეს ელის ასული მარიამია, რომელიც ნაზარეთიდან ჩამოვიდა. როდესაც მარიამი სახლში შემოდის, ელისაბედის მუცელში ბავშვი სიხარულისგან შეთამაშდება. ამ დროს ელისაბედი წმინდა სულით ივსება და იგებს, რომ მარიამი მომავალ მესიაზეა ორსულად. აი, რა სიტყვებს ეუბნება ის მას: „ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან!“. მას ოდნავადაც არ ეუფლება შურის გრძნობა, პირიქით, ამხნევებს და არწმუნებს მარიამს, რომ იეჰოვა დაეხმარება, თავი გაართვას მინდობილ დავალებას.
გადის რამდენიმე თვე და ელისაბედს მშობიარობის დრო უდგება. ის ვაჟს აჩენს. როცა მისი მეზობლები და ნათესავები ამ ამბავს იგებენ, მასთან მიდიან. ისინი არწმუნებენ ელისაბედს, რომ ბავშვს მამის სახელი დაარქვან. თუმცა ელისაბედმა კარგად იცის, რა უთხრა გაბრიელმა მის მეუღლეს. ამიტომ ეუბნება: „არა, იოანე უნდა დავარქვათ!“. თუმცა მეზობლები და ნათესავები თავიანთი აზრის გატანას ცდილობენ და ახლა ზაქარიას ეკითხებიან აზრს. ზაქარია, რომელიც კვლავ დამუნჯებულია, ხის დაფაზე წერს: „იოანე უნდა დავარქვათ“. ამის შემდეგ მას ლაპარაკის უნარიც უბრუნდება.
ამ დროს ზაქარია წმინდა სულით ივსება და წინასწარმეტყველურ სიტყვებს წარმოთქვამს. ის ამბობს, რომ იეჰოვა წყალობას გამოიჩენს თავისი ხალხის მიმართ და იხსნის. ის თავის ვაჟზეც წინასწარმეტყველებს: „წინ წახვალ, რომ იეჰოვას გზები მოამზადო“. ეს სიტყვები ზუსტად სრულდება – სანამ იესო ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას დაიწყებს, იოანე ხალხს ამ ცნობის მისაღებად ამზადებს.
მესიის მოსვლას სხვა ბევრი ცვლილებაც მოჰყვებოდა. საუკუნეების განმავლობაში ღვთის მსახურები გაბედულებას იმით იჩენდნენ, რომ იეჰოვას მტრების წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა ახლა სხვა დრო მოდიოდა. იეჰოვა მეტად აღარ მოითხოვდა თავისი მსახურებისგან, რომ მსგავს ომებში ჩაბმულიყვნენ. ისინი უკვე სულ სხვაგვარად უნდა მოპყრობოდნენ უცხოტომელებსა თუ მოწინააღმდეგეებს. მაგრამ გაბედულება კვლავაც დასჭირდებოდათ. ზაქარიასა და ელისაბედის მსგავსად ყველას, ვინც მესიას ირწმუნებდა, გაბედულად უნდა განედიდებინა იეჰოვა და იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა გაეცხადებინა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა ზაქარიასა და ელისაბედის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია და ელისაბედი არასრულყოფილები იყვნენ, რატომ უწოდებს ბიბლია მათ „მართალ ადამიანებს“? (ლუკ. 1:6; w02 6/1 16 ¶14)
2) რას ვიგებთ ბიბლიიდან გაბრიელის შესახებ? (it „გაბრიელი“ ¶2, 3) სურათი 1
სურათი 1
სურათი 1
3) გაბრიელმა ზაქარიას უთხრა, რომ ვაჟისთვის იოანე დაერქმია. რას ნიშნავს ეს სახელი? (it „იოანე“ ¶1)
4) მხოლოდ დამუნჯდა ზაქარია, თუ დაყრუვდა კიდეც? (w08 3/15 30 ¶6)
რას სწავლობთ
იუდეველი რაბინები პირველ საუკუნეში მამაკაცს უფლებას აძლევდნენ, გაყროდა ცოლს, თუ ის უშვილო იყო. თუმცა ზაქარია ასე არ მოქცეულა და ელისაბედის ერთგული დარჩა. რისი სწავლა შეუძლიათ მისგან ქმრებს? სურათი 2
სურათი 2
ელისაბედი თავის ქმარს უჭერდა მხარს და ნათესავებისა და მეზობლებისგან ზეწოლის მიუხედავად არ გადავიდა მის ნათქვამს (ლუკ. 1:58–61). რისი სწავლა შეუძლიათ მისგან ცოლებს?
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ზაქარიასა და ელისაბედს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
თუ ზაქარია და ელისაბედი დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან, რას ჰკითხავთ მათ?a
გაიგეთ მეტი
ნახეთ, როგორ დაუბრუნდა ზაქარიას მეტყველების უნარი და განადიდა ღმერთი.
როგორ განამტკიცა მარიამი ელისაბედთან სტუმრობამ და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია მისგან?
a თუ ზაქარია და ელისაბედი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისთვის უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები, ისინი დედამიწაზე აღდგებიან მკვდრეთით.