საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 50 გვ. 224-გვ. 227
  • ის სრულიად სხვა ადამიანი გახდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის სრულიად სხვა ადამიანი გახდა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • იესო ირჩევს სავლეს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • დამასკოს გზაზე
    ბიბლიური მოთხრობები
  • „კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 50 გვ. 224-გვ. 227

50 ᲢᲐᲠᲡᲝᲡᲔᲚᲘ ᲡᲐᲕᲚᲔ

ის სრულიად სხვა ადამიანი გახდა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲔᲡ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ კაცი საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ ჩაქოლეს იუდეველებმა სტეფანე. ის თავგამოდებული იუდეველი იყო და იწონებდა სტეფანეს სიკვდილს. მეტიც, იესოს ყველა მოწაფეს ემტერებოდა და მათი დახოცვის სურვილი არ ასვენებდა. მან იესოს არაერთი მოწაფე ჩააგდო ციხეში და სასამართლოებში მათ სიკვდილს ითხოვდა. მისი თაოსნობით იერუსალიმში დევნის ისეთი ტალღა აგორდა, რომ ბევრ ქრისტიანს თავის გადასარჩენად ქალაქიდან გაქცევა მოუწია. თუმცა ამ კაცისთვის არც ეს იყო საკმარისი. მან მღვდელმთავარს ნებართვის წერილები სთხოვა, რომ ქრისტიანების ასეთივე დევნა დამასკოშიც გაეჩაღებინა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს კაცი ტარსოსელი სავლე იყო.a

მღვდელმთავრისგან წერილების მიღების შემდეგ სავლე რამდენიმე კაცთან ერთად ჩრდილოეთით დამასკოსკენ მიმავალ გზას ადგება. მართალია, მას წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და მამის გვერდითაა ზეცაში, მაგრამ მათ ყველაფერი იციან მის შესახებ და ამ კაცში დიდ პოტენციალს ხედავენ. ამიტომაცაა, რომ დამასკოსკენ მიმავალ გზაზე მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული ხდება. უეცრად იქაურობას „ციდან მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა სინათლე“ ეფინება. სავლე მიწაზე ემხობა და ვეღარაფერს ხედავს.

ტარსოსელი სავლე და მისი თანამგზავრები სახეზე ხელს იფარებენ, რადგან იქაურობას უეცრად დიდი სინათლე ეფინება. სავლე მიწაზე ემხობა და ვეღარაფერს ხედავს.

ამ დროს მას ხმაც ესმის: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? ნუ გაუძალიანდები სახრეს, თორემ ეს კარგს არაფერს მოგიტანს“. სავლე ხვდება, რომ არ უნდა გაჯიუტდეს, რადგან, თუ საქონელი სახრეს (საქონლის გასარეკი ჯოხი) გაუძალიანდება, თავს დაიზიანებს. შემდეგ სავლე კითხვას სვამს: „ვინა ხარ, ბატონო?“. ამის საპასუხოდ ის მეტად გამაოგნებელ სიტყვებს ისმენს: „მე იესო ვარ, შენ რომ დევნი“. შემდეგ ეუბნება, რომ ფეხზე ადგეს და უხსნის, რას მოელის მისგან – მან იესოს შესახებ უნდა იქადაგოს და დაარწმუნოს ხალხი, რომ ის ჭეშმარიტებას ასწავლიდა. გამოდის, რომ მან ისინი სიბნელიდან სინათლეში უნდა გამოიყვანოს.

როგორ გახდა ერთ დროს იესოს მიმდევრების სასტიკი მდევნელი მისი მიმდევარი და გულმოდგინე მქადაგებელი?

ეს ხილვა სავლეს ანახვებს, რომ უნდა შეიცვალოს, რადგან ამაყი და სასტიკი ადამიანია. დაბრმავებული ახლა ის დამასკოში მიჰყავთ. საკუთარი ცოდვების გააზრებით გულდამძიმებული და დამწუხრებული სავლე მომდევნო სამი დღე არაფერს ჭამს და ალბათ ბევრსაც ლოცულობს. ის შეიძლება პატიებას შესთხოვს იეჰოვას იმის გამო, რომ მის უსაყვარლეს ძეს დევნიდა. ამასობაში იესო მასთან თავის ერთ მოწაფეს, ანანიას, გზავნის, რომელსაც თავიდან აშინებს ეს დავალება. თუმცა მაინც მიდის, ხელებს ადებს და სავლესაც მხედველობა უბრუნდება, „თითქოს თვალებიდან ლიბრი მოსცილდაო“. ამის შემდეგ სავლე, რომელიც ახლა უკვე თავმდაბალი და დაბრძენებული ადამიანია, ინათლება.

სავლე არ აყოვნებს და მაშინვე იწყებს დავალების შესრულებას. ამ მომენტში მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, იერუსალიმში დაბრუნებულიყო, მაგრამ ასე არ იქცევა. სავლე დამასკოს სინაგოგებში მიდის, სადაც ყველა კარგად იცნობს. ეს ნაბიჯი მისგან დიდ გამბედაობას მოითხოვს, ამიტომ ალბათ ბევრსაც ლოცულობს. წარმოიდგინეთ ხალხის რეაქცია, როცა სავლე ამბობს, რომ მთელი ეს დრო ცდებოდა და ახლა თავადაც ქრისტიანი გახდა. მაგრამ მას სხვების რეაქცია არ აშინებს. მეტიც, როგორც ვკითხულობთ, „სავლე უფრო და უფრო ძლიერდებოდა და დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს საგონებელში აგდებდა თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო იყო ქრისტე“.

ის დამასკოში რჩება და რაღაც ეტაპზე არაბეთში, სავარაუდოდ, სირიის უდაბნოში მიდის. მისი იქ წასვლის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, მას განმარტოება სურდა, რათა მთელი დრო ლოცვისთვის და იმაზე ფიქრისთვის დაეთმო, რაც იესომ უთხრა და დაავალა. ღვთის სიტყვის სწორად გაგებამ მისი აზროვნება სრულიად შეცვალა. მას არასდროს განელებია წმინდა წერილების შესწავლის და მასზე ფიქრის სურვილი. სავლემ მოგვიანებით რომში მცხოვრებ ქრისტიანებსაც მოუწოდა, რომ შეეცვალათ აზროვნება და გარდაქმნილიყვნენ (რომ. 12:2).

სავლეს არასდროს დავიწყებია წარსულში ჩადენილი. წლების შემდეგაც კი ასე აფასებდა თავის თავს: „წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი“ (1 ტიმ. 1:13). სავლე იმასაც ძალიან ნანობდა, რომ სტეფანეს სიკვდილს იწონებდა (საქ. 22:19–21). და მაინც, მას ბოლომდე სჯეროდა, რომ იეჰოვამ და იესომ აპატიეს და ხელს უმართავდნენ მას.

სავლემ დამასკოში სამი წელი დაჰყო, სანამ დევნის გამო იძულებული არ გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. იქაურობისთვის ცოცხალს რომ დაეღწია თავი, მოწაფეებმა გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან. ამის შემდეგ ის იერუსალიმისკენ გაემართა. მას წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ ელოდა.

წაიკითხეთ:

  • საქმეები 8:1–3; 9:1–25; 26:4, 5, 9–20

  • გალატელები 1:13–18

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ტარსოსელი სავლეს გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რატომ თქვა სავლემ, რომ „ცნობილი ქალაქის მოქალაქე“ იყო? (საქ. 21:39; w99 5/15 30 ¶1) სურათი 1

    Todd Bolen/BiblePlaces.com

    სურათი 1: ძველი ტარსოსის ნანგრევები, მათ შორის მოკირწყლული ქუჩა

  2. 2) საიდან იცნობდა სავლე როგორც იუდაურ, ისე ბერძნულ და რომაულ კულტურებს? (bt 62, ჩარჩო ¶1–3)

  3. 3) რას გულისხმობდა სავლე, როცა საკუთარ თავს „ნაადრევად შობილი“ უწოდა? (1 კორ. 15:8; w22.09 27)

  4. 4) რა მოწმობს საქმეების 9:11, 24, 25-ში ჩაწერილი ლუკას სიტყვების სიზუსტეზე? (g03 2/8 24–26) სურათი 2

    Photo by ROLOC Color Slides

    სურათი 2: ბაბ-შარქის კარიბჭე; ის დამასკოში იმ ქუჩის ბოლოში მდებარეობს, რომელსაც „სწორი“ ერქვა.

რას სწავლობთ

  • სავლემ თავი დაიმდაბლა და ანანიას და სხვა ქრისტიანებს ხელი არ უკრა დახმარებაზე (საქ. 9:17, 18; კოლ. 4:10, 11). ჩვენ რა სიტუაციებში შეიძლება დაგვჭირდეს სხვებისგან დახმარების მიღება?

  • სავლე არ გაუამაყებია წარსულში მიღებულ განათლებას და არც დაშვებულ შეცდომებზე წუხილს შთაუნთქავს. ამიტომაც შეძლო, მთლიანად გადართულიყო იეჰოვას მსახურებაზე (ფილ. 3:4–8; 1 ტიმ. 1:12–16). როგორ მივბაძოთ მას? სურათი 3

    ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ძმის მდიდრული ცხოვრება ჭეშმარიტების გაგებამდე და როგორ მსახურობს ის მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე ხდება. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობს ერთი ძმა ჭეშმარიტების გაგებამდე: 1) ის მარტო ზის ბარში და სასმლით სავსე ჭიქას უყურებს; 2) ის თავისი მდიდრული სპორტული მანქანით იწონებს თავს ორი ახალგაზრდა ქალის წინაშე; 3) მას სამუშაოზე აჯილდოებენ. წლების შემდეგ ის უკვე იეჰოვას მოწმეა და სიხარულით იღებს მონაწილეობას სამქადაგებლო საქმეში.

    სურათი 3

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სავლეს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • სავლე იესომ თანამმართველად აირჩია. ზემოთ განხილულის ფონზე, რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ შეიცვალა ერთი კაცი, რომელიც თავის დროზე სავლესავით მდევნელი იყო.

„სადოელ სავლეს“ სიყვარულმა გული გაულღო“ (5:50)

როგორ გვეხმარება სავლეს მაგალითი, რომ რეგულარულად შევისწავლოთ ბიბლია, განვივითაროთ სიყვარული და თავმდაბლები ვიყოთ?

„მიჰბაძეთ პავლეს და გაიზარდეთ სულიერად“ (w08 5/15 21–25)

a მართალია, სავლე მოგვიანებით „პავლედ“ მოიხსენიება, მაგრამ ამ თავში მას მხოლოდ „სავლედ“ მოვიხსენიებთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება