ამაცია
[ძლიერია იეჰოვა].
1. ლევიანი მერარის საგვარეულოდან; ხილკიას ვაჟი და ხაშაბიას მამა; მისი ერთ-ერთი შთამომავალი დავითის დროს კარვის წინ მგალობელთა ხელმძღვანელად იყო დანიშნული (1მტ. 6:31, 32, 45).
2. იუდას მეფე, რომელიც ტახტზე ძვ. წ. 858 წელს 25 წლის ასაკში ავიდა მას მერე, რაც მამამისი იეჰოაში მოკლეს, და 29 წელი იმეფა. დედამისი იყო იეჰოადინი (იეჰოადანი), მისი ცოლი კი — იექოლია (2მფ. 14:1, 2; 15:2; 2მტ. 25:1; 26:3). როგორც კი განმტკიცდა სამეფო მის ხელში, ამაციამ დაახოცვინა თავისი მამის მკვლელები, თუმცა მოსეს კანონის თანახმად მათი ვაჟები არ დაუხოცავს (2მფ. 14:5, 6; კნ. 24:16). გარკვეულ ხანს ამაცია მოშურნეობას ავლენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ, თუმცა არა „მთელი გულით“. ამასთან, მას სერიოზული ნაკლოვანებებიც ჰქონდა, რომლებიც უბედურებად ექცა მასაც და იუდას ხალხსაც. მისი მმართველობის შესახებ ჩანაწერი, ძირითადად, მის მიერ მოწყობილ ორ ლაშქრობას ეხება (2მტ. 25:2).
პირველი ლაშქრობის დროს ამაციამ იუდადან და ბენიამინიდან წაყვანილი 300 000-კაციანი ლაშქრით დაამარცხა ედომი ანუ სეირი. მას აგრეთვე დაქირავებული ჰყავდა ისრაელიდან 100 000 მეომარი, მაგრამ ღვთის კაცის რჩევით მათ გასამრჯელო გადაუხადა და სახლში გაუშვა. იეჰოვამ გადამწყვეტი ბრძოლა მოაგებინა ამაციას მარილოვან ველზე, მოაკვლევინა 20 000 კაცი და დააპყრობინა სელა, რომელსაც მან იოკთეელი უწოდა. მიუხედავად ამისა, ამაციამ თან წაიღო სეირის ღმერთები და თაყვანს სცემდა მათ, რითაც განარისხა იეჰოვა. წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთმა უთხრა მას: „რატომ ეძებ ხალხთა ღმერთებს, რომლებმაც თავიანთი ხალხი ვერ იხსნეს შენი ხელიდან?“. ამაციამ უფრო გაართულა მდგომარეობა იმით, რომ აიძულა იეჰოვას წინასწარმეტყველი, გაჩუმებულიყო (2მფ. 14:7; 2მტ. 25:5—16).
ამაციას მეორე ლაშქრობა თავიდანვე წარუმატებელი აღმოჩნდა. ბრძოლის ველიდან დათხოვილმა 100 000-მა ისრაელმა ჩრდილოეთისკენ ანუ შინისაკენ მიმავალ გზაზე იუდას ქალაქების ძარცვა დაიწყო. შესაძლოა, სწორედ ამან უბიძგა ამაციას უგუნური საქციელისკენ — მან ძლიერი ჩრდილოეთი სამეფოს მეფე იეჰოაში ბრძოლაში გამოიწვია: „მოდი და შევებათ ერთმანეთს“. იეჰოაშმა შეუთვალა ამაციას, თუ რამხელა უგუნურება იყო უზარმაზარ კედართან ეკლიანი სარეველას დაპირისპირება, რომელიც შემდეგ მხეცმა გათელა. არ ისმინა ამაციამ მისი ნათქვამი. როგორც ჩანს, ის ედომის დამარცხების შემდეგ გადიდგულდა და კერპთაყვანისმცემლობის გამო გასწირა იეჰოვამ გასანადგურებლად. ბრძოლა ბეთ-შემეშში გაიმართა. იუდა გაიქცა ბრძოლის ველიდან და ამაცია ტყვედ ჩავარდა. ისრაელებმა იერუსალიმის კედელი დაახლოებით 178 მეტრის სიგრძეზე შეანგრიეს, ტაძრის საგანძურის დიდი ნაწილი სამარიაში გაიტანეს და თან წაიყვანეს უამრავი მძევალი (2მფ. 14:8—14; 2მტ. 25:13, 17—24).
იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის ზურგის შექცევის შემდეგ ამაციას წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო, რის გამოც მას საბოლოოდ ლაქიშში მოუწია გაქცევა. შეთქმულებმა იქ გამოასალმეს ის სიცოცხლეს. მის შემდეგ მისი ვაჟი, 16 წლის აზარია (უზია) გამეფდა (2მფ. 14:17—21; 2მტ. 25:25—28).
3. ბეთელში მცხოვრები ხბოს თაყვანისმცემელი მღვდელი, რომელმაც მეფე იერობოამ II-სთან იჩივლა, რომ წინასწარმეტყველი ამოსი ხალხს აჯანყებისკენ უბიძგებდა. ის პირადად ცდილობდა ამოსის დაშინებას, რათა ის იუდაში დაებრუნებინა. მაგრამ წინასწარმეტყველი არ შემდრკალა და უთხრა ამაციას, რომ მისი ცოლი გამეძავდებოდა და მისი შვილები მახვილით დაეცემოდნენ, თავად ამაცია კი უწმინდურ მიწაზე მოკვდებოდა (ამ. 7:10—17).
4. იოშას მამა სიმონის ტომიდან; იოშა იმ თავკაცთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც ხიზკიას დროს გაანადგურეს გედორთან მდებარე ველზე მცხოვრები მეუნიმები და ქამელი მოსახლეობა (1მტ. 4:24, 34, 38—41).