გამოსყიდვის დღე
გამოსყიდვის დღე (ებრ. ჲომ ჰაქქიფფურიმ, „გადაფარვის დღე“) იყო ცოდვების გამოსყიდვის ანუ გადაფარვის დღე, რომელსაც ისრაელი წმინდა წელიწადის მეშვიდე თვის მეათე დღეს ანუ 10 თიშრს (დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერი) აღნიშნავდა. ამ დღეს ისრაელის მღვდელმთავარი მსხვერპლს სწირავდა თავისი, ლევიანებისა და ხალხის ცოდვებისთვის. ამავე დღესასწაულზე ხდებოდა კარავის, მოგვიანებით კი ტაძრის განწმენდა.
გამოსყიდვის დღე წმინდა თავყრილობისა და მარხვის დრო იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ ხალხს ამ დროს თავი უნდა დაემდაბლებინა. ეს იყო ერთადერთი მარხვა, რომელიც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. ის შაბათად ითვლებოდა, რადგან ამ დღეს საქმის კეთება იკრძალებოდა (ლვ. 16:29—31; 23:26—32; რც. 29:7; სქ. 27:9).
მღვდელმთავარს კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის წმინდათაწმინდაში შესვლის უფლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გამოსყიდვის დღეს ჰქონდა (ებ. 9:7; ლვ. 16:2, 12, 14, 15). იუბილეს წელიც გამოსყიდვის დღეს იწყებოდა (ლვ. 25:9).
ძვ. წ. მე-16 საუკუნეში, როცა სინის ნახევარკუნძულზე ამ დღის აღნიშვნა დაწესდა, ისრაელის მღვდელმთავარი მოსეს ძმა აარონი იყო. ის, რაც აარონს ებრძანა, მოგვიანებით გამოსყიდვის დღის აღნიშვნის ნიმუში უნდა გამხდარიყო. თუ ამ დღესასწაულის ღირსშესანიშნავ მოვლენებს წარმოვიდგენთ, უკეთ დავინახავთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დღეს ისრაელებისთვის. ფაქტია, ისინი ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ თავიანთ ცოდვილ მდგომარეობასა და გამოსყიდვის აუცილებლობას, აგრეთვე უფრო მეტად აფასებდნენ იეჰოვას დიდ გულმოწყალებას, რისი წყალობითაც გასული წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები მიეტევებოდათ.
გამოსყიდვის დღის თავისებურებები. აარონს წმინდა ადგილას უნდა შეეყვანა მოზვერი ცოდვის შესაწირავად და ვერძი დასაწვავ შესაწირავად (ლვ. 16:3). გამოსყიდვის დღეს მას უნდა გაეხადა ყოველდღიური სამღვდელო სამოსი, უნდა ებანავა და სელის წმინდა სამოსლით შემოსილიყო (ლვ. 16:4). ამის შემდეგ მღვდელმთავარს ისრაელის ძეების კრებულიდან უნდა აეყვანა ორი საღი და უნაკლო მამალი თიკანი და წილი ეყარა მათზე (ლვ. 16:5, 7). წილისყრით მღვდელმთავარი იგებდა ამ ორიდან რომელი უნდა შეწირულიყო იეჰოვასთვის ცოდვის შესაწირავად და რომელი აზაზელისთვის ცოდვების უდაბნოში წასაღებად (ლვ. 16:8, 9; შდრ. ლვ. 14:1—7; იხ. აზაზელი). ამის შემდეგ ის მოზვერს სწირავდა თავისი და თავისი სახლის ანუ მთელი ლევის ტომის ცოდვებისთვის, რომელსაც მისი სახლეულობა მიეკუთვნებოდა (ლვ. 16:6, 11). მღვდელმთავარი იღებდა სურნელოვან საკმეველს, მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე საცეცხლურს სამსხვერპლოდან, შედიოდა ფარდის შიგნით წმინდათაწმინდაში და საკმეველს აკმევდა იქ, სადაც მოწმობის კიდობანი იდგა. საკმევლის ღრუბელი ეფინებოდა კიდობნის ოქროს სახურავს, რომელზეც ორი ოქროს ქერუბიმი იყო დამაგრებული (ლვ. 16:12, 13; გმ. 25:17—22). ამგვარად, აარონს შეეძლო კვლავაც უსაფრთხოდ შესულიყო წმინდათაწმინდაში.
აარონი წმინდათაწმინდიდან გამოდიოდა, იღებდა ხარის სისხლს, უკან ბრუნდებოდა და სისხლს კიდობნის სახურავის წინ აღმოსავლეთით შვიდჯერ ასხურებდა თითით. ასე სრულდებოდა სამღვდელოების ცოდვების გამოსყიდვა, რის შედეგადაც ისინი წმინდავდებოდნენ და მზად იყვნენ, რომ იეჰოვასთან ეშუამდგომლათ ხალხისთვის (ლვ. 16:14).
თხა, რომელიც „წილისყრით იეჰოვას“ ერგებოდა, ხალხის ცოდვებისთვის იწირებოდა (ლვ. 16:8—10). მღვდელმთავარს ამ თხის სისხლი წმინდათაწმინდაში შეჰქონდა და ისრაელის არასამღვდელო 12 ტომის განსაწმენდად იყენებდა. ხარის სისხლის მსგავსად ის თხის სისხლსაც კიდობნის „სახურავზე და სახურავის წინ“ ასხურებდა (ლვ. 16:15).
ამავე წესის შესრულებით წმენდდა აარონი წმინდა ადგილსა და შეხვედრის კარავს. ამის შემდეგ ის იღებდა ხარისა და იეჰოვასთვის განკუთვნილი თხის სისხლს და სისხლის ნაწილს სამსხვერპლოს რქებს სცხებდა, რითაც გამოსყიდვის წესს ასრულებდა სამსხვერპლოსთვის. გარდა ამისა, მას სამსხვერპლოზე შვიდჯერ უნდა ესხურებინა „თითით სისხლი“ და განეწმინდა „ის ისრაელის ძეების უწმინდურებისგან“ (ლვ. 16:16—20).
ამის შემდეგ მღვდელმთავარი აზაზელისთვის განკუთვნილ ცოცხალ თხას თავზე ორივე ხელს ადებდა, „ისრაელის ძეების ყველა დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას“ აღიარებდა, ყველაფერს თხას აკისრებდა და „საამისოდ განწესებული კაცის ხელით“ უდაბნოში უშვებდა. ამგვარად, თხას ისრაელის ყველა დანაშაული უდაბნოში მიჰქონდა და იკარგებოდა (ლვ. 16:20—22). უდაბნოში თხის გამშვებს ბანაკში შესვლამდე ტანსაცმელი უნდა გაერეცხა და ებანავა (ლვ. 16:26).
შემდგომ აარონი შედიოდა შეხვედრის კარავში, იხდიდა სელის სამოსელს, ბანაობდა და ყოველდღიურ ტანსაცმელს იცვამდა. ამის მერე ის დასაწვავ შესაწირავს სწირავდა თავისთვის და ხალხისთვის (ლვ. 16:3, 5-ის თანახმად ვერძებს), ასრულებდა გამოსყიდვის წესს და სამსხვერპლოზე აბოლებდა ცოდვის შესაწირავის ქონს (ლვ. 16:23—25). ვინაიდან შესაწირავის ქონი იეჰოვას ეკუთვნოდა, მისი ჭამა ისრაელებს ეკრძალებოდათ (ლვ. 3:16, 17; 4:31). შეწირული ხარისა და თხის ნარჩენები კარვის ეზოდან ბანაკის გარეთ გაჰქონდათ და წვავდნენ. მას, ვინც დაწვავდა, ტანსაცმელი უნდა გაერეცხა, ტანი წყლით დაებანა და ამის შემდეგ შესულიყო ბანაკში (ლვ. 16:27, 28). სხვა შესაწირავები, რომლებსაც ამ დღეს სწირავდნენ, მოხსენიებულია რიცხვების 29:7—11-ში.
დღესასწაულის გაუქმება. მართალია, იუდაიზმის მიმდევრები დღემდე აღნიშნავენ გამოსყიდვის დღეს, მაგრამ ეს დღე არაფრით ჰგავს ერთ დროს ღვთის მიერ დაწესებულ დღესასწაულს. მიზეზი ისაა, რომ დღეს აღარ არსებობს ლევიანთა სამღვდელოება, კარავი, სამსხვერპლო, შეთანხმების კიდობანი და აღარც ხარებისა და თხების შეწირვა ხდება. ამასთანავე, ქრისტიანებმა იციან, რომ იეჰოვას მსახურებს არ მოეთხოვებათ მისი აღნიშვნა (რმ. 6:14; ებ. 7:18, 19; ეფ. 2:11—16). ცნობილია ისიც, რომ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ შეწყდა ლევიანთა მღვდელმსახურება. შესაბამისად დღეს შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის აქვს ამ მსახურების შესრულების კანონიერი უფლება. ლევიანთა შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანაში“ ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც ტაძარი განადგურდა და ერი გაიფანტა, ისინი ისტორიის ფურცლებიდან გაუჩინარდნენ და რომის იმპერიაში მიმოფანტულ ტყვეებს შეერივნენ“ (1956, ტ. XVII, გვ. 294).
მომავლის პირველსახე. ყოველწლიური გამოსყიდვის დღის ზედმიწევნით აღნიშვნა, ისევე როგორც მოსეს კანონის სხვა თავისებურებები, უფრო დიდებულ რამეს განასახიერებდა. თუ ამ დღესასწაულს მოციქულ პავლეს ღვთივშთაგონებული სიტყვების ფონზე განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ისრაელის მღვდელმთავარი და ამ დღესასწაულზე შეწირული ცხოველები განასახიერებდნენ იესო ქრისტეს, აგრეთვე იმას, რაც მან გააკეთა კაცობრიობის გამოსასყიდად. ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე ხსნის, რომ იესო ქრისტე არის დიდებული მღვდელმთავარი (ებ. 5:4—10). მოციქული იმასაც აღნიშნავს, რომ წელიწადში ერთხელ შეწირული ცხოველების სისხლით მღვდელმთავრის წმინდათაწმინდაში შესვლა განასახიერებდა იესო ქრისტეს შესვლას საკუთარი სისხლით ზეცაში მათ გამოსასყიდად, ვინც ირწმუნებდა მისი გამოსასყიდის ძალას. ვინაიდან ქრისტე უცოდველი იყო, მას ისრაელის მღვდელმთავარივით არ სჭირდებოდა საკუთარი ცოდვისთვის შესაწირავის გაღება (ებ. 9:11, 12, 24—28).
აარონი მღვდლებისა და სხვა ლევიანებისთვის ხარს სწირავდა და მის სისხლს წმინდათაწმინდაში ასხურებდა (ლვ. 16:11, 14). ქრისტემაც თავისი სისხლის საფასური წარუდგინა ღმერთს ზეცაში, სადაც ის მისი თანამეფეებისა და მღვდლების სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული (გმც. 14:1—4; 20:6). გარდა ამისა, იწირებოდა იეჰოვასთვის განკუთვნილი თხა, რომლის სისხლს წმინდათაწმინდაში კიდობნის წინ ასხურებდნენ ისრაელის არასამღვდელო ტომებისთვის (ლვ. 16:15). მსგავსადვე, იესო ქრისტეს მიერ ერთხელ გაღებული მსხვერპლი ემსახურება, როგორც მღვდლების ანუ სულიერი ისრაელის, ისე კაცობრიობის კეთილდღეობას. საჭირო იყო ორი თხა, ვინაიდან შეუძლებელი იყო ერთი თხა შესაწირავადაც გამოეყენებინათ და უდაბნოში ისრაელის ცოდვების წასაღებადაც. მაგრამ ორივე თხას ცოდვის შესაწირავი ეწოდებოდა (ლვ. 16:5) და წილის ყრამდე ერთნაირი სტატუსი ენიჭებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ერთი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. იესო ქრისტე მხოლოდ მსხვერპლად კი არ შეეწირა, არამედ მათი ცოდვებიც იტვირთა, ვისთვისაც სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად.
მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელი იყო ცოდვების წაშლა, მაგრამ ღმერთმა იესოს სხეული მოუმზადა (რომლის შეწირვის მზადყოფნაც იესომ ნათლობის დროს გამოავლინა), შედეგად ღვთის ნებით ქრისტეს მიმდევრები მისი „სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“ არიან განწმენდილნი (ებ. 10:1—10). როგორც გამოსყიდვის დღეს შეწირული ხარისა და თხის სხეულის ნარჩენები იწვებოდა ისრაელის ბანაკის გარეთ, ასევე ქრისტეც, როგორც მოციქული ამბობს, იერუსალიმის კარიბჭის გარეთ იტანჯა (ძელზე გაკვრით) (ებ. 13:11, 12).
ფაქტია, გამოსყიდვის დღის დღესასწაულზე არათუ ყველას, ისრაელის გათავისუფლებაც კი შეუძლებელი იყო ერთხელ და სამუდამოდ ცოდვისგან; მაგრამ ამ ყოველწლიური დღესასწაულის თავისებურებებმა სიმბოლური როლი შეასრულა, რადგან განასახიერა ის დიდებული გამოსყიდვა, რომელიც იესო ქრისტემ, ქრისტიანების მიერ აღიარებულმა მღვდელმთავარმა განახორციელა (ებ. 3:1; იხ. გამოსყიდვა; გამოსასყიდი).