მათხოვარი, თხოვნა
ამ სტატიაში სიტყვა „თხოვნაში“ იგულისხმება საზოგადოებრივ ადგილებში მოწყალების თხოვნა და არა ზოგადად ხვეწნა ან მუდარა.
პატრიარქალური წყობის დროს, რომელიც ბიბლიის თანახმად ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნამდე და მის შემდეგ არსებობდა, ადამიანი თითქმის არასდროს ვარდებოდა ისეთ სავალალო მდგომარეობაში, რომ მარტოდმარტო დარჩენილიყო და მათხოვრობა დაეწყო. შედეგად, ღატაკთა კლასი არ ყალიბდებოდა. ძველი დროიდანვე უცხოების ან მგზავრების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა ჩვეულებრივი რამ იყო. როგორც ბიბლიიდან ჩანს, ასეთ სტუმართმოყვარეობას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში არ ავლენდნენ (დბ. 19:1—3; გმ. 2:18—20; მსჯ. 19:15—21). ქალაქების დაარსებით გამოწვეული პატრიარქალური წყობის დასუსტებამ და შესაძლოა სხვების სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით სარგებლობის ეგოისტურმა სურვილმა მათხოვართა კლასი გააჩინა.
აღმოსავლეთის ქვეყნებში მათხოვრობა, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან არსებობდა. ამიტომ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ებრაულ წერილებში მინიშნებაც კი არ კეთდება ისრაელის ერად ჩამოყალიბებიდან ბაბილონში გადასახლებამდე ისრაელში მათხოვრების ან მსგავსი პრობლემის არსებობაზე. ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისა და ქვეყნის დატოვების წინ ისრაელებმა „ითხოვეს [ებრ. ზმნა შაʼალის ერთ-ერთი ფორმა] ეგვიპტელებისგან ოქრო-ვერცხლის ნივთები და მოსასხამები... ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტელები“ (გმ. 12:35, 36). თუმცა ისინი ღვთის მითითებითა და წინასწარმეტყველების თანახმად მოიქცნენ. ამასთან ეს მათი მრავალწლიანი მონური შრომისა და ეგვიპტელების მხრიდან გადატანილი არაერთი უსამართლობის სამართლიან კომპენსაციად ითვლებოდა (გმ. 3:21, 22; შდრ. კნ. 15:12—15). ეს არ იყო მათხოვრობის პრეცედენტი.
მოსეს კანონი შეიცავდა რიგ დადგენილებებს ღარიბების დასაცავად, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც მათხოვრობის მიზეზი არავის ექნებოდა (ლვ. 19:9, 10; კნ. 15:7—10; 24:19—21; იხ. მოწყალება). ებრაული წერილები უტყუარ იმედს გვინერგავს, რომ ღმერთი იზრუნებს მართლებზე. მოხუცებული დავითი ამბობდა: „არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული [„პურზე ხელგაწვდილი“, აფ; ებრ. ბიკკეშის ერთ-ერთი ფორმა]“. ამასთან, მართლები თვითონ გამოავლენდნენ ხელგაშლილობას (ფს. 37:25, 26; შდრ. გდ. 1:11-სა და 4:4-ში განდგომილი იერუსალიმის მდგომარეობას). მეორე მხრივ, იგავების 20:4-ში ზარმაც კაცზე ნათქვამია, რომ „მკის დროს მათხოვრობას დაიწყებს“. როგორც ფსალმუნის 109:10-იდან ჩანს, ბოროტის თავზე სასჯელის აღსრულების შემდეგ მისი ძეები იხეტიალებდნენ, იმათხოვრებდნენ და საჭმლის საძებნელად წავიდოდნენ თავიანთი გაპარტახებული ადგილებიდან. „იგავებისა“ და „ფსალმუნების“ ამ მუხლებში მათხოვრობად ითარგმნა ებრაული სიტყვა შაʼალ, რაც ძირითადად თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს (გმ. 3:22; 1მფ. 3:11). ამ მუხლებში ის იგულისხმება, რომ მოწყალების თხოვნა საჯარო და დაჟინებული იქნებოდა.
როგორც ჩანს, ბაბილონში გადასახლებულ იუდეველთა დაბრუნებიდან (ძვ. წ. 537) დედამიწაზე იესო ქრისტეს მოსვლამდე იუდეველებს განუვითარდათ შეხედულება, რომ მოწყალების გაღება ან გაჭირვებულთა დახმარება მათ ხსნას მოემსახურებოდა. ამაზე მოწმობს აპოკრიფულ წიგნ „ტობითში“ ჩაწერილი სიტყვები: „მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან“ (12:9; დაიწერა დაახლ. ძვ. წ. მესამე საუკუნისთვის). ასეთი შეხედულება მათხოვრობის გავრცელებას უწყობდა ხელს (შდრ. მთ. 6:2-ს, სადაც იესო გმობს ხალხის დასანახავად მოწყალების გაღებას).
უცხოელების ბატონობამ ებრაელი ხალხი დაჩაგრა და უეჭველია, ხშირ შემთხვევაში ამიტომ აღარ ხდებოდა საგვარეულო მიწების საკუთრებისა თუ სხვა ღონისძიებების შესახებ მოსეს კანონში ჩაწერილი მითითებების დაცვა. ეს, ცრურელიგიურ ფილოსოფიებთან ერთად, რომლებიც არ ასწავლიდა ხალხს მოყვასისადმი ნამდვილ და პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს (მთ. 23:23; ლკ. 10:29—31), როგორც ჩანს, პალესტინაში მათხოვართა რიცხვის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. სწორედ ამიტომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ მოიხსენიება, რომ იმ მიწის მკვიდრნი მათხოვრობდნენ.
იესოსა და მოციქულების მსახურების პერიოდში მათხოვრებს შორის იყვნენ უსინათლოები, კოჭლები და ავადმყოფები. ზოგიერთის სიბრმავის მიზეზი შესაძლოა იყო ოფთალმია (ახლო აღმოსავლეთში დღემდე გავრცელებული თვალის დაავადება) (მრ. 10:46—49; ლკ. 16:20, 22; 18:35—43; ინ. 9:1—8; სქ. 3:2—10). როგორც დღეს, ისე მაშინ, მათხოვრები მოწყალებას ითხოვდნენ ხალხმრავალ ქუჩებსა თუ ადგილებში, მაგალითად ტაძრის სიახლოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მოწყალების გაცემას საჭიროდ თვლიდა, მათხოვრებს ზიზღით უყურებდნენ. სწორედ ამიტომ ამბობდა იესოს იგავში მოხსენიებული მმართველი, რომ მათხოვრობისა რცხვენოდა (ლკ. 16:3).
მათხოვრობის აღმნიშვნელი ორი ბერძნული ზმნის მონათესავე სიტყვაა ეტეო, რაც თხოვნას ნიშნავს (მთ. 7:7).
ბერძნული სიტყვა პტოქოს, რომელიც ლუკას 16:20, 22-შია გამოყენებული, სადაც იესო ლაზარეს მათხოვრად მოიხსენიებს, აღწერს მოკუნტულ, მოხრილ ადამიანს და გამოიყენება ღარიბ-ღატაკთან ან მათხოვართან მიმართებით. იგივე სიტყვა გვხვდება მათეს 5:3-ში მათთან, ვინც „სულიერს მოწყურებულნი“ არიან („სულის მათხოვრები“, სქ., Rbi 8; „გლახაკნი სულითა“, სსგ; „სულით ღარიბნი“, კს). ამ მუხლში ზემოხსენებული ბერძნული სიტყვის გამოყენებაზე მ. რ. ვინსენტის ნაშრომში ნათქვამია: „აქ ის ცოცხლად და ჯეროვნად აღწერს უკიდურესად ღარიბ სულიერ მდგომარეობას, რომლის გათვითცნობიერებაც ღვთის სამეფოში შესვლის წინაპირობაა, მისი შემსუბუქება კი მხოლოდ ღვთის წყალობით არის შესაძლებელი და არა საკუთარი ძალებით“ (Word Studies in the New Testament, 1957, ტ. I, გვ. 36).
იგივე სიტყვა პავლემ გამოიყენა გალატელების 4:9-ში, სადაც ის წუხდა მათზე, ვინც უბრუნდებოდნენ „სუსტ და უბადრუკ [პტოქა] პრინციპებს“, რომლებითაც უწინ ხელმძღვანელობდნენ. ეს პრინციპები უბადრუკი იყო იმ სულიერ სიმდიდრესთან შედარებით, რომლის მიღებაც ქრისტე იესოს მეშვეობით შეიძლებოდა.
იესო და მისი მოციქულები კეთილად ეპყრობოდნენ მათხოვრებს, თუმცა მათხოვრობას ხელს არ უწყობდნენ. ისინი მადლიერები იყვნენ მათ მიმართ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის, მაგრამ არასდროს ითხოვდნენ მოწყალებას. მათ, ვინც მხოლოდ პურის საჭმელად მიჰყვებოდა, იესომ ურჩია: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (ინ. 6:26, 27). ტაძართან ახლოს მყოფ წელს ქვემოთ მოწყვეტილ მათხოვარს პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ“. შემდეგ წმინდა სულის ძღვენი გამოიყენა და განკურნა ის (სქ. 3:6). მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მშივრები, უსახლკაროები და შიშვლები იყვნენ, მოციქულები დღედაღამ საკუთარი ხელებით შრომობდნენ, რათა სხვებისთვის ტვირთად არ ქცეულიყვნენ (1კრ. 4:11, 12; 1თს. 2:9). ქრისტიანები ხელმძღვანელობდნენ პრინციპით: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2თს. 3:10—12).