ქედარლაომერი
ძველი ელამის მეფე, რომლის ძალაუფლებაც ძვ. წ. 1943 წელს აბრაამის აღთქმულ მიწაზე შესვლამდე დასავლეთით, ეგვიპტის საზღვრამდე ვრცელდებოდა. 12-წლიანი მორჩილების შემდეგ მკვდარი ზღვის სამხრეთი ნაწილიდან ხუთი მეფე აუჯანყდა ამ აღმოსავლელ მმართველს. მე-14 წელს ქედარლაომერი და მისი სამი მოკავშირე, შინარელი ამრაფელი, ელასარელი არიოქი და გოიიმელი თიდალი, დასავლეთით გაემართნენ აჯანყების ჩასახშობად. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მათ დაიპყრეს იორდანეს აღმოსავლეთით სავაჭრო გზისპირა ქალაქები და მკვდარი ზღვის სამხრეთით მდებარე ქალაქები, რომლებიც მოგვიანებით ამალეკელებმა ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ მათთვის უკვე რთული აღარ იყო ხუთი აჯანყებული მეფის უკუქცევა.
ქედარლაომერის ტყვეთა შორის აბრაამის ძმისშვილი ლოტიც იყო, რომელიც ახლოს ცხოვრობდა. როცა აბრაამმა ეს გაიგო, 318 შეიარაღებული მსახურით ფეხდაფეხ დაედევნა მათ. დანში ისინი მოულოდნელად თავს დაესხნენ მტრის გაცილებით დიდ ჯარს, დამასკოს ჩრდილოეთით ხობამდე სდიეს და დაიხსნეს ლოტი და მისი ქონება (დბ. 14:1—17).
ქედარლაომერის სახელი არ არის ნაპოვნი ძველ ელამელ მმართველთა ჩამონათვალში, თუმცა ის ელამელად არის აღიარებული. ქუდური, შესაძლოა ქედარის ერთ-ერთი ფორმა, ბევრი შედგენილი სახელის ნაწილია. ლაგამარი, რომელიც ჰგავს ლაომერს, ელამელთა ღვთაება იყო.