შეგროვება
დაახლ. ახ. წ. 55 წელს პავლე ეფესოდან სწერდა კორინთელებს: „რაც შეეხება წმინდებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის კრებებს მივუთითე, თქვენც ისე მოიქეცით“ (1კრ. 16:1, 2). ბერძნული სიტყვა ლოგია (შეგროვება), სულ მცირე, ძვ. წ. მესამე საუკუნიდან გამოიყენება. ის ბიბლიაში მხოლოდ ამ მუხლებში გვხვდება.
მათეს 17:24-ში მოხსენიებულნი არიან „კაცები, რომლებიც ორ-ორ დრაქმას კრეფდნენ“, თუმცა აქ გამოყენებულია სხვა სიტყვა (ლამბანო), რომელიც „მიღების“ მნიშვნელობას ატარებს (შდრ. Int.). აგრეთვე ებრაელების 7:5-ში გამოყენებული გამოთქმა „მეათედის მიღება“ მომდინარეობს სხვა სიტყვიდან (აპოდეკატოო), რომელსაც არაფერი აქვს საერთო ლოგიასთან.
პავლეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა შეეგროვებინათ ფული და არა საკვები ან ტანსაცმელი. „შეგროვებასთან“ განსაზღვრული არტიკლის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ის საუბრობდა წინასწარ დაგეგმილ შეგროვებაზე, რის შესახებაც კორინთელებმაც იცოდნენ. პავლეს მითითება მხოლოდ იმას ეხებოდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო შეგროვება. გალატიის კრებების მსგავსად, მათაც საკუთარ სახლში ნებაყოფლობით უნდა გადაედოთ თანხა, რისი საშუალებაც ჰქონდათ (1კრ. 16:1, 2).
პავლეს მითითება არც თვითნებური იყო და არც მბრძანებლური. მოციქული იმიტომ იძლეოდა მითითებას, რომ რამდენიმე კრებაში თავად ხელმძღვანელობდა ამ საქმეს (1კრ. 16:1). მან სხვებთან ერთად საგულდაგულოდ დაგეგმა შესაწირავების შეგროვება. კრებების სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვის გარდა, პავლეს ყოველთვის ახსოვდა გაჭირვებული ქრისტიანები. როგორც ჩანს, ეს შესაწირავი იუდეველი ქრისტიანებისთვის გროვდებოდა, რომლებსაც იმ დროს ძალიან უჭირდათ (გლ. 2:10). პავლე ამ შესაწირავის შეგროვებას მოიხსენიებდა „შესაწირავებად იერუსალიმში მცხოვრები ღარიბი წმინდებისთვის“ (რმ. 15:26), „წმინდათათვის მსახურებად“ (2კრ. 9:1), „გულუხვ ძღვნად“, „მსახურებად, რომელსაც ხალხისთვის“ ასრულებდნენ (2კრ. 9:5, 12) და „მოწყალებად“ (სქ. 24:17). თანაქრისტიანებზე სიყვარულით ზრუნვა პირველი საუკუნის ქრისტიანების ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი იყო (ინ. 13:35; იხ. შემოწირულობა, დახმარება).