დემეტრიოსი
[დემეტრასგან, დემეტრასი (მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთი ბერძ. მითოლოგიაში)].
1. ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) მცხოვრები ვერცხლის მჭედელი, რომელმაც ხალხი პავლე მოციქულისა და მისი თანამსახურების წინააღმდეგ ააბუნტა. მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე ეფესოში ორი–სამი წელი დარჩა (დაახლ. ახ. წ. 53—55). პავლე იქ წარმატებულად მსახურობდა. მისი ქადაგების შედეგად ბევრმა თავი დაანება ჯადოქრობას და წიგნები ყველას თვალწინ დაწვა. დემეტრიოსი წარმატებით ვაჭრობდა არტემიდას პატარა ტაძრებით, ამიტომ იგი შეაშინა იმის დანახვამ, რომ პავლეს ქადაგებას ბევრი ეხმაურებოდა და ქრისტიანი ხდებოდა. ხალხი რომ აებუნტებინა, მან ორი არგუმენტი მოიყვანა. ერთი მხრივ, ხელოსნები საქმის დაკარგვით შეაშინა, მეორე მხრივ კი, ხალხს არტემიდას ტაძრის დიდებულების გაცამტვერების საფრთხე დაანახვა. მთელი ქალაქი არეულობამ მოიცვა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ ქალაქის მწერალმა ხალხის დაშოშმინება შეძლო. მისი თქმით, თუ დემეტრიოსსა და სხვა ხელოსნებს საჩივარი ჰქონდათ პავლეზე, სასამართლოსთვის უნდა მიემართათ და ისინი მოაგვარებდნენ კანონიერად ამ პრობლემას. მან დასძინა, რომ ასეთი აურზაურის მოწყობა საშიში იყო, რადგან რომის მთავრობას შეიძლება მათი ქალაქისთვის ამბოხებაში დაედო ბრალი. ხალხი დამშვიდდა, მათ გაუშვეს პავლეს თანამსახურები და წამოვიდნენ თეატრიდან, სადაც ეს სამარცხვინო შეკრება გაიმართა. ამ მოვლენიდან მალევე პავლემ მაკედონიისკენ აიღო გეზი (სქ. 19:18, 19, 23—41; 20:1).
2. ქრისტიანი, რომელსაც იოანე მოციქული გაიუსისთვის მიწერილ წერილში (დაახლ. ახ. წ. 98) სითბოთი იხსენიებს. ასეთი სიტყვებით იოანემ შესაძლოა დემეტრიოსი იმიტომ მოიხსენია, რომ გაიუსი ხელგაშლილობისკენ აღეძრა. როგორც ჩანს, კრებებს წესად ჰქონდათ საკვებითა და თავშესაფრით მათი უზრუნველყოფა, ვინც სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა (3ინ. 1, 12).