ეშმაკი
ეს სახელი კარგად აღწერს სატანას, რადგან ის არის იეჰოვას, მისი სასიკეთო სიტყვისა და წმინდა სახელის უმთავრესი და უდიდესი ცილისმწამებელი და ცრუბრალმდებელი. ბერძნული სიტყვა დიაბოლოს ნიშნავს ცილისმწამებელს (შდრ. ლკ. 16:1-ს, სადაც გამოყენებულია მონათესავე ზმნა დიაბალლო და ამბის მიტანად არის გადმოტანილი; იხ. სატანა).
საუკუნეების მანძილზე ეშმაკმა დაადასტურა, რომ ის არის ღვთისა და ადამიანის მთავარი მოწინააღმდეგე. ის ეკამათებოდა მიქაელს მოსეს სხეულის გამო (იუდ. 9); მან ცხადყო, რომ შეეძლო სხვების მახეში გაბმა (1ტმ. 3:7; 2ტმ. 2:26), თავის შვილებად აქცია ცრურელიგიური წინამძღოლები, იუდა ისკარიოტელი და ბარიესო (ინ. 8:44; 13:2; სქ. 13:6, 10); ის ისე ჩაგრავდა ადამიანებს, რომ ექიმიც ვერ შველოდა მათ (სქ. 10:38), მართლებს საპყრობილეში ყრიდა (გმც. 2:10) და ნაადრევ სიკვდილსაც კი იწვევდა (ებ. 2:14). ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, გაღიზიანებულები არ დარჩნენ, რათა ადგილი არ მისცენ ღვთის ცილისმწამებელს (ეფ. 4:27). პეტრე გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1პტ. 5:8).
სიტყვა დიაბოლოს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა მუხლებშიც გვხვდება, თუმცა არა სატანის აღსანიშნავად. ამ მუხლებში ეს სიტყვა მართებულად არის გადმოტანილი ცილისმწამებლად. მაგალითად, იესო იუდას გულისხმობდა, როცა 12 მოციქულს უთხრა: „ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“ (ინ. 6:70). აგრეთვე ქრისტიან ქალებს ბიბლია აფრთხილებს, არ იყვნენ ცილისმწამებლები (1ტმ. 3:11; ტიტ. 2:3). „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელი იქნებოდა, რომ „ადამიანები ... ცილისმწამებლები“ იქნებოდნენ (2ტმ. 3:1—5).
იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონი კრძალავდა ცილისწამებას (ლვ. 19:16). მთელი ბიბლია გმობს ენის ასე ბოროტად გამოყენებას (2სმ. 19:27; ფს. 15:3; 101:5; იგ. 11:13; 20:19; 30:10; იერ. 6:28; 9:4).