დრუზილა
ჰეროდე აგრიპა I-ის მესამე, ყველაზე უმცროსი ქალიშვილი. დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 38 წელს. მისი ძმა იყო აგრიპა II, დები კი იყვნენ ბერნიკე და მარიამნა III. დედამისს კიფარისა ერქვა. დრუზილა ექვსი წლისაც არ იყო, როცა გადაწყდა, რომ მომავალში მას პრინც ეპიფანე კომაგენელზე უნდა ექორწინა. თუმცა ისინი არასდროს დაქორწინებულან, რადგან პრინცმა უარი განაცხადა იუდაიზმის მიღებაზე. სირიის მეფემ, აზიზუს ემესამ წინადაცვეთაზე თანხმობა განაცხადა და 14 წლის დრუზილა მას გაჰყვა ცოლად. დრუზილა შეწუხებული იყო აზიზუსის სისასტიკით და იმით, რომ თავის ნაკლებად მომხიბვლელ დას, ბერნიკეს, შურდა მისი. ყოველივე ამის გამო დრუზილა ადვილად დათანხმდა ისეთ წინადადებას, რითაც დაარღვია იუდეველთა კანონი. ის გაეყარა აზიზუსს და იქორწინა ფელიქსზე (დაახლ. ახ. წ. 54). შესაძლოა დრუზილაც ისმენდა პატიმრობაში მყოფი პავლეს სიტყვებს, რომელიც „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე საუბრობდა“ და რომლის ნათქვამმაც გამგებელი ფელიქსი დიდად შეაშინა. ორი წლის შემდეგ ფელიქსი ფესტუსმა შეცვალა. ფელიქსმა პავლე შებორკილი დატოვა, რადგან „იუდეველებს შორის კეთილგანწყობის მოხვეჭა უნდოდა“. ზოგის აზრით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ სურდა თავისი იუდეველი ცოლისთვის, დრუზილასთვის ეამებინა (სქ. 24:24—27). როგორც ცნობილია, დრუზილას ვაჟი აგრიპა, რომელიც მას ფელიქსისგან ჰყავდა, ახ. წ. 79 წელს, ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას დაიღუპა.