საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბალზამირება“
  • ბალზამირება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბალზამირება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • დამარხვა, დასამარხი ადგილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დაკრძალვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბალზამირება“

ბალზამირება

გვამის (ადამიანი თუ ცხოველი) ხრწნისგან დასაცავად და შესანახად სხვადასხვა ნივთიერებით, მაგალითად სურნელოვანი ზეთებით დამუშავება. ეს მეთოდი ეგვიპტელების შემუშავებული რომც არ ყოფილიყო, ისინი უძველესი დროიდან მიმართავდნენ მას. ადამიანის ან ცხოველის გვამს, რომელიც ძველეგვიპტური ან სხვა ხალხების მეთოდებით არის ბალზამირებული, მუმია ეწოდება. ადამიანის ბალზამირებას არა მხოლოდ ეგვიპტელები მიმართავდნენ, არამედ სხვა უძველესი ხალხებიც, მაგალითად ასურელები, სპარსელები და სკვითები.

იაკობისა და იოსების ბალზამირება. ბიბლიაში ბალზამირების მხოლოდ ორი შემთხვევაა მოხსენიებული. ორივე ეგვიპტეში მოხდა. ღვთივშთაგონებულ წიგნში წერია, რომ ეგვიპტეში გარდაცვლილი იაკობის დატირების შემდეგ „უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი. მკურნალებმაც დააბალზამეს ისრაელი. ორმოცი დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის. სამოცდაათ დღეს დასტიროდნენ მას ეგვიპტელები“ (დბ. 50:2, 3). იოსებზეც, რომელიც 110 წლისა მოკვდა, ბიბლიაში წერია, რომ „დააბალზამეს იგი და კუბოში ჩაასვენეს, ეგვიპტეში“ (დბ. 50:26). როგორც ჩანს, იაკობის ბალზამირების ძირითადი მიზეზი აღთქმულ მიწაზე დამარხვამდე შენახვა იყო, იოსების ბალზამირების მიზეზი კი — მისი წარჩინებული მდგომარეობა (დბ. 49:29—32; 50:13, 24, 25; გმ. 13:18, 19; იეს. 24:32).

ისტორიკოს ჰეროდოტეს თანახმად, ბალზამირების დროს ეგვიპტელები ცხედარს სამოცდაათ დღეს ათავსებდნენ ნატრიუმკარბონატში. მაგრამ იაკობზე, რომელიც ეგვიპტელმა მკურნალებმა ჰეროდოტეს მოღვაწეობამდე გაცილებით ადრე დააბალზამეს, ბიბლიაში ნათქვამია: „ორმოცი დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის. სამოცდაათ დღეს დასტიროდნენ მას ეგვიპტელები“ (დბ. 50:3). მეცნიერები არაერთგზის ცდილობდნენ, ჰეროდოტეს სიტყვებისა და დაბადების 50:3-ში ჩაწერილი სიტყვების ერთმანეთთან შეთანხმებას. 40 დღეში შესაძლოა არ შედიოდა ის დრო, როცა ცხედარი ნატრიუმკარბონატში იყო მოთავსებული. თუმცა სავსებით შესაძლებელია, ჰეროდოტემ შეცდომით თქვა, რომ ცხედარს 70 დღეს ინახავდნენ ნატრიუმკარბონატში. უფრო გვიანდელ პერიოდში (ძვ. წ. I) მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსის, დიოდორე სიცილიელის თანახმად, ეგვიპტური წესით ბალზამირება 30 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა (Diodorus of Sicily, I, 91, 5, 6). შესაძლოა, ეგვიპტელებს ჰქონდათ ბალზამირების ისეთი მეთოდებიც, რომლებზეც ეს ისტორიკოსები არ საუბრობენ. აგრეთვე სხვადასხვა პერიოდში ბალზამირების ხანგრძლივობა შეიძლებოდა სხვადასხვა ყოფილიყო.

დაკრძალვა ებრაელებსა და ქრისტიანებში. პალესტინის სამარხებში ნაპოვნი ნაშთების მდგომარეობა იმაზე მიანიშნებს, რომ მიცვალებულის ბალზამირება ებრაელებში გავრცელებული არ იყო (ყოველ შემთხვევაში ეგვიპტელებისგან განსხვავებით მათი მიზანი ცხედრის დიდი ხნით შენახვა არ იყო) და ქრისტეს ადრინდელი მიმდევრები არ აბალზამებდნენ თავიანთ მიცვალებულებს, რადგან მათ შენახვას არ ცდილობდნენ. ღვთის ერთგულ ებრაელებსა და ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმოდათ, რომ ადამიანისა თუ ცხოველის სული კვდება და სხეული უბრუნდება მტვერს (ეკ. 3:18—20; ეზკ. 18:4). ის ფაქტი, რომ ბიბლიაში ბალზამირება მხოლოდ ორჯერ არის მოხსენიებული, კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ებრაელები და ადრინდელი ქრისტიანები ბალზამირებას არ მიმართავდნენ.

ბიბლიაში მეფე ასას დაკრძალვის შესახებ ნათქვამია: „დაასვენეს ის სარეცელზე, რომელიც ნაირ-ნაირი ნაზავით დამზადებული განსაკუთრებული ნელსაცხებლითა და ბალზამით იყო სავსე. დაკრძალვის დროს მას ძალიან ბევრი საკმეველი უკმიეს“. აქ საუბარი არ მიდის მეფის კრემაციაზე, არამედ სურნელოვანი მცენარეების კმევაზე (2მტ. 16:13, 14). თუ ამ მუხლში მოხსენიებულ ნელსაცხებლის გამოყენებას ბალზამირების რაიმე ფორმად მივიჩნევთ, ის ეგვიპტეში გავრცელებული ბალზამირებისგან მაინც განსხვავებული იქნებოდა.

იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ ნიკოდემემ „მიიტანა შეხვეული სმირნა და ალოე, დაახლოებით ოცდაათი კილო. იესოს ცხედარი გაახვიეს და სახვევებში სურნელოვანი მცენარეები ჩაატანეს დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ“ (ინ. 19:39, 40). ეს პროცესი ბალზამირებად არ მოიხსენიება და არ ჰგავს ეგვიპტეში გავრცელებულ ბალზამირებას. ეს იყო ცხედრის დასაკრძალავად მომზადების გავრცელებული ჩვეულება. როგორც ჩანს, ლაზარეც ამავე წესით მოამზადეს დასაკრძალავად. მისი შემთხვევა ადასტურებს, რომ ებრაელთა ჩვეულებაში არ შედიოდა ცხედრის დიდი ხნით შენახვის მიზნით ბალზამირების რთული პროცესი. როცა იესომ თქვა, რომ ლაზარეს სამარხისთვის ლოდი მოეშორებინათ, მართამ უთხრა: „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“. ის რომ დაბალზამებული ყოფილიყო, მართა ამას არ იტყოდა. ლაზარე სახვევებით ხელფეხშეკრული იყო, „სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული“, თუმცა ამის მიზანი აშკარად არ იყო მისი სხეულის ხრწნისგან დაცვა (ინ. 11:39, 44; იხ. დამარხვა, დასამარხი ადგილი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება