სასიხარულო ცნობა
ამ ფრაზაში იგულისხმება ცნობა ღვთის სამეფოსა და იესო ქრისტეს რწმენით გადარჩენის შესახებ. ბიბლია მას უწოდებს „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მთ. 4:23), „ღვთის სასიხარულო ცნობას“ (რმ. 15:16), „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ (მრ. 1:1), „სასიხარულო ცნობას ღვთის წყალობის შესახებ“ (სქ. 20:24), „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობასა“ (ეფ. 6:15) და „მარადიულ სასიხარულო ცნობას“ (გმც. 14:6).
„სასიხარულო ცნობად“ (სსგ-სა და ზოგ სხვა თარგმანში „სახარება“) ნათარგმნია ბერძნული სიტყვა ევაგგელიონ. ამ ცნობის მქადაგებელს მახარობელი ეწოდება (სქ. 21:8; 2ტმ. 4:5).
შინაარსი. ზემოთ მოყვანილი ბიბლიური ციტატები წარმოდგენას გვიქმნის სასიხარულო ცნობის შინაარსსა და მასშტაბზე. ის მოიცავს ყველაფერს, რასაც იესო ასწავლიდა და რის შესახებაც მისი მოწაფეები წერდნენ. მართალია, ძველ დროს მცხოვრებ მამაკაცებსაც ჰქონდათ ღვთის იმედი და ცოდნიდან გამომდინარე რწმენა, მაგრამ პირველად ღვთის განზრახვა და წყალობა „ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადების წყალობით, რომელმაც სიკვდილი გააუქმა და სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (2ტმ. 1:9, 10).
საუკუნეებით ადრე, როცა ღმერთმა სასიხარულო ცნობა გაუცხადა აბრაამს, ისიც უთხრა, თუ როგორ იქცეოდა ეს ცნობა სინამდვილედ: „შენით იკურთხება ყველა ერი“ (გლ. 3:8). მოგვიანებით ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ სასიხარულო ცნობის ქადაგება იწინასწარმეტყველა. ნაზარეთის სინაგოგაში იესო ქრისტემ ეს წინასწარმეტყველება წაიკითხა და თქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი“ (ლკ. 4:16—21). ესაიას წინასწარმეტყველებაში აღწერილი იყო, რა მიზანს მოემსახურებოდა სასიხარულო ცნობის ქადაგება და რა შედეგს მოიტანდა, განსაკუთრებით მესიის მოსვლის შემდეგ (ეს. 61:1—3).
გავრცელება. იესოს დაბადებისას ანგელოზმა მწყემსებს აუწყა: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის“ (ლკ. 2:10). იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც გზა მოუმზადა იესო ქრისტეს სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის, იუდეველებს ეუბნებოდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მთ. 3:1, 2). იესომ იოანეს ქადაგებაზე თქვა: „იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მთ. 11:12).
დედამიწაზე მსახურებისას იესო მხოლოდ იუდეველებსა და პროზელიტებს უქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ის ამბობდა: „მე მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“ (მთ. 15:24). როცა იესომ 12 მოციქული გაგზავნა საქადაგებლად, ასეთი მითითება მისცა: „არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში, არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ (მთ. 10:5, 6). ერთხელ მან სამარიელ (სამარიელები ისრაელების ნათესავები იყვნენ) ქალს უქადაგა, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა და არა იმიტომ, რომ მათ ქალაქში საქადაგებლად იყო შესული. ეს ქალი და სხვა სამარიელები დადებითად გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას, რის გამოც იესო ორ დღეს დარჩა მათთან (ინ. 4:7—42).
სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იესომ დაავალა მოწაფეებს: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მთ. 28:19, 20). იესომ მათ ისიც უთხრა, რომ სამქადაგებლო საქმიანობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ გავრცელდებოდა (სქ. 1:8). მაგრამ ამის შემდეგ დაახლოებით სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წმინდა სულის ხელმძღვანელობით მოწაფეები მხოლოდ ებრაელებსა და სამარიელებს უქადაგებდნენ. მოგვიანებით პეტრემ ღვთის მითითებით სასიხარულო ცნობა რომაელ ასისთავ კორნელიუსსა და მის ოჯახს უქადაგა (სქ. თ-ები 10, 11; 15:7). იქიდან მოყოლებული სასიხარულო ცნობა უდიდესი მასშტაბით გავრცელდა.
მნიშვნელობა. მოციქული პავლე მთელი დამაჯერებლობით წერდა, რომ ხსნა ღმერთმა შესაძლებელი გახადა იესო ქრისტეს მეშვეობით. პავლემ გალატელებს მისწერა, რომ „დაწყევლილი იქნებოდა“ ის, ვინც მათ აუწყებდა განსხვავებულ ცნობას, ანუ განსხვავებულ სწავლებას. შემდეგ ახსნა, საიდან ჰქონდა მიღებული სასიხარულო ცნობა, რომელსაც ახარებდა: „ადამიანისგან კი არ მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტემ გამომიცხადა“ (გლ. 1:8, 11, 12). პავლეს მხრიდან ასეთი სიმკაცრე მართებული იყო, რადგან იმ დროსაც იყვნენ ისეთები, ვინც ჭეშმარიტ რწმენას „სხვა სასიხარულო ცნობით“ თელავდა (2კრ. 11:4; გლ. 1:6, 7). პავლე მომავალი განდგომილების შესახებ აფრთხილებდა ქრისტიანებს და ამბობდა, რომ „უკანონობის საიდუმლო“ უკვე მოქმედებდა. ის შეაგონებდა მათ, რომ ხსომებოდათ სასიხარულო ცნობის მიზანი, მტკიცედ მდგარიყვნენ და მიჰყოლოდნენ მოციქულთაგან ნასწავლ და წმინდა სულით ნაკარნახევ წესებს (2თს. 2:3, 7, 14, 15; იხ. ტრადიცია).
სასიხარულო ცნობისადმი ერთგულება და მისი გაცხადება იესოსთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო. პავლესაც გაცნობიერებული ჰქონდა ამ ცნობის ერთგულად გაცხადების მნიშვნელობა (მრ. 8:35; 1კრ. 9:16; 2ტმ. 1:8). ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ქონება, მას შეიძლება დევნიდნენ კიდეც, სამაგიეროდ ის ასმაგად მიიღებს სახლებს, მინდვრებს, დებს, დედებსა და შვილებს, „მომავალში კი — მარადიულ სიცოცხლეს“ (მრ. 10:29, 30).
სასიხარულო ცნობით განისაზღვრება, ვინ როგორ გასამართლდება, კერძოდ, ვინც მიიღებს და დაემორჩილება ამ ცნობას, გადარჩება, ვინც უარყოფს და არ დაემორჩილება, განადგურდება (1პტ. 4:5, 6, 17; 2თს. 1:6—8). აქედან გამომდინარე, მქადაგებელს სწორი მოტივები და მსმენელის სიყვარული უნდა ამოძრავებდეს. მოციქულები იმდენად აფასებდნენ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას და იმდენად იყვნენ ღვთის სულითა და სიყვარულით ანთებულნი, რომ არა მხოლოდ სასიხარულო ცნობას გადასცემდნენ მსმენელებს, არამედ „საკუთარ სულებსაც“ (1თს. 2:8). სასიხარულო ცნობის გამცხადებლებს ღმერთმა უფლება მისცა, მატერიალური მხარდაჭერა მიეღოთ მათგან, ვისაც უქადაგებდნენ (1კრ. 9:11—14). პავლე და მისი თანამსახურები აფასებდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგების უპირატესობას, ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ, არავისგან ესარგებლათ და არც ვინმესთვის შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ გამორჩენას ეძებდნენ. ამას მოციქული პავლე კარგად აღწერს 1 კორინთელების 9:15—18-სა და 1 თესალონიკელების 2:6, 9-ში.
მტერი. სასიხარულო ცნობას სასტიკი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პავლემ დააკონკრეტა, ვინ იყო ამის თავიდათავი: „თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება, ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“ (2კრ. 4:3, 4). სასიხარულო ცნობის პირველი მტრები იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები იყვნენ. მაგრამ ეს მტრობა უცხოტომელთა კეთილდღეობას მოემსახურა, რადგან მათ საშუალება მიეცათ, დანაპირების მოზიარეები გამხდარიყვნენ „სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (რმ. 11:25, 28; ეფ. 3:5, 6).
სასიხარულო ცნობის მტრებმა ქრისტიანებს დიდი ტანჯვა მიაყენეს. მოციქულები იძულებულნი იყვნენ, ებრძოლათ სასიხარულო ცნობისთვის, მმართველების წინაშე დაეცვათ და კანონით განემტკიცებინათ, რათა მისი თავისუფლად გავრცელება შესძლებოდათ (ფლ. 1:7, 16; შდრ. მრ. 13:9—13; სქ. 4:18—20; 5:27—29).
იესოს მიწიერი მსახურება და მისი მოსვლა. აღსანიშნავია, რომ იოანე ნათლისმცემელი დაახლოებით ექვსი თვით ადრე, ვიდრე იესო მასთან მოსანათლად მივიდოდა, ქადაგებდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. როცა იესო მივიდა მასთან, იოანემ მასზე თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (მთ. 3:1, 2; ინ. 1:29). ამგვარად მან ხალხის ყურადღება დიდი ხნის ნანატრ ცხებულ მეფეზე გადაიტანა (სქ. 19:4).
იესო დედამიწაზე ყოფნისას თავის მოწაფეებთან ერთად ქადაგებდა, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მთ. 4:17; 10:7). ის, როგორც ღვთის სამეფოს ცხებული მეფე, თავის მტრებს, ფარისევლებს ეუბნებოდა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლკ. 17:20, 21). იესოს დედამიწაზე მსახურების დროს სასიხარულო ცნობის მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო. მაგრამ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ იესოს სიკვდილის შემდეგ მისი მოწაფეები სამეფოს მოახლოებაზე ქადაგებდნენ. ისინი ხალხს იმის შესახებ აუწყებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც იესომ სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ადამიანთა გადასარჩენად, ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. ისინი იმასაც ქადაგებდნენ, რომ იესო კვლავ მოვიდოდა და მისი სამეფო დაიწყებდა მმართველობას (ებ. 10:12, 13; 2ტმ. 4:1; გმც. 11:15; 12:10; 22:20; შდრ. ლკ. 19:12, 15).
ერთხელ მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“. იესომ მათ ჩამოუთვალა რიგი მოვლენები, რომლებიც იმ დროს მოხდებოდა. მათ შორის მოიხსენია ერთი მოვლენა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მთ. 24:3, 14; მრ. 13:10; შდრ. კლ. 1:23). დაახლოებით ახ. წ. 96 წელს იოანემ ხილვაში იხილა «ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“» (გმც. 14:6, 7). როგორც ღვთივშთაგონებით წარმოთქმული ამ სიტყვებიდან ჩანს, „ბოლო დღეებში“ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უპრეცენდენტო მასშტაბით გაცხადდებოდა.