ოსია
[ჰოშაიას შემოკლებული ფორმა]
ებრაელი წინასწარმეტყველი და ბიბლიის წიგნ „ოსიას“ დამწერი; მის შესახებ ბიბლიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ბეერის ვაჟი იყო. ოსია იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო იუდას მეფეების — უზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას, აგრეთვე ისრაელის მეფე იერობოამ II-ის (იოაშის ვაჟი) მმართველობის დროს. მისი მსახურება დაიწყო ძვ. წ. მეცხრე საუკუნის მიწურულიდან და მერვე საუკუნის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდა (ოს. 1:1). დაახლოებით იმავე პერიოდში წინასწარმეტყველებდნენ ამოსი, ესაია და მიქა (ამ. 1:1; ეს. 1:1; მქ. 1:1).
ოსია შეიძლება ჩაითვალოს ისრაელის ათტომიანი სამეფოს წინასწარმეტყველად (სავარაუდოდ, ის ამ სამეფოს ქვეშევრდომიც იყო). წიგნ „ოსიას“ ძირითადი ნაწილი სწორედ ამ სამეფოს ეძღვნება. წიგნში იუდა მხოლოდ 15-ჯერ არის მოხსენიებული, მისი დედაქალაქი იერუსალიმი — არც ერთხელ, მაშინ როცა ისრაელი 44-ჯერ მოიხსენიება, ეფრემი (ისრაელის მთავარი ტომი) — 37-ჯერ, ჩრდილოეთი სამეფოს დედაქალაქი სამარია კი — 6-ჯერ. წიგნში მოხსენიებული სხვა ადგილების უმეტესობა ან ჩრდილოეთ სამეფოს მიეკუთვნებოდა, ან მის საზღვართან ახლოს იყო (ოს. 1:4, 5; 5:1, 8; 6:8, 9; 10:5, 8, 15; 12:11; 14:6, 7).
და მაინც, ოსია, როგორც ჩანს, უპირატესობას იუდას მეფეებს ანიჭებდა, რადგან მისი მსახურების დროს მმართველი ოთხივე მეფე მოიხსენია, ისრაელის მეფეებიდან კი — მხოლოდ ის, ვინც მისი მსახურების დასაწყისში მეფობდა (ოს. 1:1). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველი იუდადან იყო ან იქ დაიბადა. შესაძლოა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოსია ღვთის სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად მხოლოდ დავითის საგვარეულოდან წამოსულ იუდას მეფეებს მიიჩნევდა ღვთის ხალხის კანონიერ მმართველებად, ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს კი რელიგიურ თუ სხვა საკითხებში იეჰოვასგან განდგომილად თვლიდა. თუმცა ორივე სამეფოს მმართველების მოხსენიება მისი წინასწარმეტყველად მოღვაწეობის პერიოდის უფრო ზუსტად დადგენაში გვეხმარება.