წვდომის უნარი
ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის არსში გარკვევის უნარი. წვდომისუნარიანი წინდახედული, გონიერი და გამჭრიახია. ერთ თეოლოგიურ ნაშრომში ებრაული ზმნა საქალ შემდეგნაირად განიმარტება: „დაკვირვებულად, წინდახედულად, ფრთხილად ყოფნა; კეთილგონივრულად, სიფრთხილით და გონივრულად მოქცევა“ (Old Testament Word Studies, უ. უილსონი, 1978, გვ. 461). მაშასადამე, საქალ ითარგმნა, როგორც წვდომის უნარის ქონა (ფს. 14:2), გონივრულად მოქცევა (იგ. 10:19), ბრძნულად მოქმედება (1სმ. 18:5), ხელის მომართვა (იგ. 17:8) და წვდომის უნარის შეძენა (იგ. 16:23). არსებითი სახელი სექელ ითარგმნა წვდომის უნარად (ფს. 111:10) და გონიერად (1სმ. 25:3).
წვდომის უნარი ახლოს დგას გაგების უნართან, თუმცა ამ ორ ცნებას შორის ოდნავი განსხვავება არსებობს. ერთ თეოლოგიურ სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „ბინში [გაგება] მოიაზრება გარჩევა-განსხვავების უნარი, საქალში [წვდომა] კი — მიზეზის გონებით ჩაწვდომა, რისთვისაც საჭიროა მრავალმხრივი და სიღრმისეული ფიქრი, რაც შემდეგ ბრძნულ და სწორ მოქმედებაში გამოვლინდება“ (Theological Wordbook of the Old Testament, რ. ლ. ჰარისის რედაქციით, 1980, ტ. 2, გვ. 877; იხ. გაგების უნარი).
ბერძნულ წერილებში, კერძოდ, რომაელების 3:11-ში, რომელშიც პავლე ფსალმუნის 14:2-ს ციტირებს, ზმნა სინიემი ნათარგმნია გაგებად, ზოგ მუხლში კი — აზრში ჩაწვდომად (მთ. 13:13—15; ეფ. 5:17) და მიხვედრად (მთ. 16:12).
იეჰოვა ღმერთი თავისი რჩევების მეშვეობით წვდომის უნარს აძლევს თავის მსახურებს. ამ რჩევების გამოყენებით მათ შეუძლიათ სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება (ფს. 32:8; შდრ. დნ. 9:22). ღვთის ბრძნული რჩევების მიღება ბიბლიიდან შეიძლება. თუმცა წვდომის უნარს კაცი მხოლოდ ბიბლიის კითხვით ვერ შეიძენს. ღვთის სიტყვა იმდენად ძვირფასი უნდა იყოს მისთვის, რომ ღვთის მითითებების დაცვის სურვილი გაუჩნდეს (იეს. 1:7, 8; 1მფ. 2:3). გარდა ამისა, საჭიროა ღვთის სული (ნემ. 9:20; შდრ. 1მტ. 28:12, 19). წვდომის უნარს მოფრთხილება სჭირდება. მას მაშინ კარგავს კაცი, როცა ღმერთს ზურგს აქცევს (ფს. 36:1—3; იგ. 21:16).
წვდომის უნარი სხვადასხვაგვარად ვლინდება და მას უამრავი სიკეთე მოაქვს, როგორც მისი მფლობელისთვის, ისე სხვისთვის. ფსალმუნმომღერალი ბედნიერს უწოდებს მას, „ვინც ყურადღებას აქცევს [ებრ. საქალ] საწყალს“ (ფს. 41:1). გონიერი (წვდომისუნარიანი) ცოლის ყოლა იეჰოვასგან კურთხევაა (იგ. 19:14). წინდახედული კაცი ბაგეებს იცავს (იგ. 10:19; 16:23), მან იცის, როდის გაჩუმდეს (ამ. 5:13). ის აგრეთვე ბრაზისგანაც იცავს კაცს და სხვისი დანაშაულის პატიებას უადვილებს (იგ. 19:11). წვდომისუნარიანი გამოსწორებას ექვემდებარება (ფს. 2:10). იგავების 21:11-ის თანახმად, როცა ბრძენი წვდომის უნარს იძენს — მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საგულდაგულოდ აანალიზებს და ნათელ სურათს იქმნის ამა თუ იმ საგანსა თუ მოვლენაზე — ცოდნა ემატება, ანუ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, რა დასკვნა გამოიტანოს და ვის რა რჩევა მისცეს.