იაელი
[ჯიხვი]
კენიელი ხებერის ცოლი და, შესაბამისად, არაისრაელი; მან მოკლა ქანაანელი მხედართმთავარი სისერა.
თავის ქმართან ერთად იაელი კედეშთან ახლოს კარვებში ცხოვრობდა. ხებერსა და ქანაანელ მმართველებს შორის მშვიდობა იყო (მსჯ. 4:10, 11, 17, 21; იხ. კედეში №3). ისრაელთან მარცხის განცდის შემდეგ სისერა გაიქცა ხებერთან, რომლის ტერიტორიაც ნეიტრალური იყო. იაელმა ის თავის კარავში შეიპატიჟა და საბანი გადააფარა. როცა სისერამ წყალი სთხოვა, მან ნაღები მიართვა დიდებულთა თასით, შემდეგ კი ისევ საბანი გადააფარა და სისერას თხოვნით კარვის შესასვლელთან დადგა სადარაჯოზე. სისერამ თავი უსაფრთხოდ იგრძნო კარავში და დაღლილ-დაქანცულს მალე ჩაეძინა. იაელს უეჭველია კარგად ეცოდინებოდა კარვის პალოების მიწაში ჩარჭობა. ის ჩუმად მიეპარა სისერას ჩაქუჩითა და კარვის პალოთი და ისე ჩაარჭო თავში, რომ მიწას დააჭედა. სისერას კვალზე მისულ ბარაკს მან მკვდარი მხედართმთავარი აჩვენა, რომელიც დებორას წინასწარმეტყველებისამებრ ქალის ხელით მოკვდა (მსჯ. 4:9, 17—22). იეჰოვას მტრების წინააღმდეგ იაელის გამოვლენილი სიმამაცე განდიდებულია დებორასა და ბარაკის გამარჯვების სიმღერაში, რომელიც იაელს „ქალთა შორის ყველაზე კურთხეულს“ უწოდებს (მსჯ. 5:6, 24—27).