იესე
[იშიას შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: იეჰოვა ავიწყებს; შესაძლოა აბიშაის შემოკლებული ფორმა]
მეფე დავითის მამა იუდას ტომიდან; რუთისა და ბოაზის შვილიშვილი. მისი სახელი შესულია აბრაამისა და იესოს გენეალოგიურ ნუსხაში (რთ. 4:17, 22; მთ. 1:5, 6; ლკ. 3:31, 32). იესეს რვა ვაჟი ჰყავდა. ერთ-ერთი, როგორც ჩანს, უშვილოდ მოკვდა. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მისი სახელი არ არის მოხსენიებული „მატიანეში“ მოყვანილ საგვარეულო ნუსხაში (1სმ. 16:10, 11; 17:12; 1მტ. 2:12—15). დავითის დებს, აბიგაილსა და ცერუიას, იესეს ასულები არსად ეწოდებათ. ერთ-ერთი „ნახაშის ასულად“ არის მოხსენიებული (1მტ. 2:16, 17; 2სმ. 17:25). შესაძლოა ნახაში იესეს ცოლის პირველი ქმარი იყო, შესაბამისად, აბიგაილი და ცერუია იესეს ვაჟების ნახევარდები იქნებოდნენ. შესაძლოა ნახაში იესეს მეორე სახელი იყო ან, როგორც ვარაუდობენ, მისი ცოლის სახელი.
იესე ბეთლემში ცხოვრობდა და მეცხვარეობას მისდევდა. მას შემდეგ, რაც მეფე საულმა ღმერთს ზურგი აქცია, იეჰოვამ სამუელი გაგზავნა იესესთან, რათა მისი ერთ-ერთი ვაჟი მეფედ ეცხო. იესემ სამუელს შვიდი უფროსი ვაჟი წარუდგინა, მაგრამ იეჰოვას მათგან არც ერთი არ ამოურჩევია. მაშინ იესემ საძოვრიდან მოაყვანინა თავისი უმცროსი ვაჟი, დავითი, რომელიც იეჰოვას რჩეული გამოდგა (1სმ. 16:1—13).
როცა საულმა დავითი თავისთან მოიხმო, ქნარის დაკვრით რომ დამშვიდებულიყო, მოხუცებულმა იესემ დავითი ძღვნით ხელდამშვენებული გაგზავნა მეფესთან და მეფის კარზე დარჩენის ნებაც მისცა (1სმ. 16:17—23; 17:12). მოგვიანებით, როგორც ჩანს, დავითმა ისევ მწყემსობას მიჰყო ხელი; იესემ მას სანოვაგე გაატანა სამ უფროს ძმასთან, რომლებიც საულის ჯარში მსახურობდნენ (1სმ. 17:13, 15, 17, 18, 20). როცა დავითს საული დევნიდა, იესე და მისი ცოლი მოაბს აფარებდნენ თავს (1სმ. 22:3, 4).
საული, დოეგი, ნაბალი და შება დავითს „იესეს ვაჟად“ აგდებულად მოიხსენიებდნენ (1სმ. 20:27, 30, 31; 22:7—9, 13; 25:10; 2სმ. 20:1; 1მფ. 12:16; 2მტ. 10:16), ხოლო თავად დავითი, ეზრა და იეჰოვა ღმერთი — პატივისცემით (1სმ. 16:18; 17:58; 2სმ. 23:1; 1მტ. 10:14; 12:18; 29:26; ფს. 72:20; ლკ. 3:32; სქ. 13:22).
წინასწარმეტყველება „იესეს ფესვის“ შესახებ, რომელიც ნიშნად იდგებოდა ხალხებისთვის და სამართლიანად გაასამართლებდა ყველას, იესო ქრისტეზე შესრულდა. ის უკვდავია და შესაბამისად მისი მეშვეობით იესეს საგვარეულო ხაზი არ შეწყვეტს არსებობას (ეს. 11:1—5, 10; რმ. 15:8, 12).