იოთამი
[იეჰოვა სრულყოფილია ან იეჰოვამ დაასრულოს].
1. იუდას შთამომავალ იაჰდაის ვაჟი (1მტ. 2:47).
2. მსაჯულ გედეონის (იერუბაალი) უმცროსი ვაჟი, რომელიც ოფრაში ცხოვრობდა (მსჯ. 8:35; 9:5). გედეონის სიკვდილის შემდეგ აბიმელექმა, რომელიც მას მხევალთან შეეძინა, დახოცა გედეონის ყველა ვაჟი, თავისი ნახევარძმები, გარდა იოთამისა, რომელიც დაიმალა. როცა შექემელებმა აბიმელექი გაამეფეს, იოთამი გერიზიმის მთის წვერზე ავიდა და ხეების შესახებ იგავით წინასწარმეტყველური წყევლა წარმოთქვა შექემელებსა და აბიმელექზე. ამის შემდეგ იოთამი გაიქცა და ბეერში დასახლდა (მსჯ. 9:6—21, 57).
3. იუდას მეფე უზიას (აზარია) ვაჟი ცადოკის ასულ იერუშასგან (2მფ. 15:32, 33; 1მტ. 3:12; 2მტ. 27:1; მთ. 1:9); მამამის უზიას კეთრი გამოაჩნდა, როცა მღვდლებს ურისხდებოდა, რომლებიც მას ტაძარში უკანონოდ შეჭრასა და საკმევლის კმევის მცდელობას საყვედურობდნენ. ამიტომ იოთამმა მამის ნაცვლად მეფის მოვალეობის შესრულება დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, თავისი 16-წლიანი მმართველობა (ძვ. წ. 777—762) 25 წლის იოთამმა მხოლოდ უზიას სიკვდილის შემდეგ დაიწყო (2მფ. 15:5, 7, 32; 2მტ. 26:18—21, 23; 27:8).
იოთამის მეფობის დროს წინასწარმეტყველებდნენ ესაია, ოსია და მიქა (ეს. 1:1; ოს. 1:1; მქ. 1:1). იოთამი სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეშევრდომები უკეთურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობდნენ მაღლობებზე (2მფ. 15:35; 2მტ. 27:2, 6).
მისი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ აშენდა. მან ააგო ტაძრის ზემო კარიბჭე და დიდი მშენებლობა წამოიწყო ოფელის გალავანზე, აგრეთვე ააშენა ქალაქები იუდას მთიან მხარეში, ტყიან ადგილებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები ააგო (2მტ. 27:3—7).
იოთამის მმართველობა მშვიდობიანი არ იყო. ის ეომებოდა ამონელებს და, საბოლოოდ, გაიმარჯვა მათზე. სამი წლის მანძილზე ამონელები ყოველ წელს ხარკად 100 ტალანტ ვერცხლს ($660 600), 10 000 ქორ (2 200 ტ) ხორბალსა და იმდენივე ქერს უხდიდნენ მას (2მტ. 27:5). ამასთან, იოთამის მმართველობის დროს იუდას თავს დაესხნენ სირიის მეფე რეცინი და ისრაელის მეფე ფეკახი (2მფ. 15:37).
სიკვდილის შემდეგ იოთამი დავითის ქალაქში დამარხეს და მისი ვაჟი ახაზი (იოთამის გამეფების დროს ის დაახლ. 4 წლისა იყო) ავიდა იუდას ტახტზე (2მტ. 27:7—28:1).
ვინაიდან იოთამი 16 წელს მეფობდა, 2 მეფეების 15:30-ში მოხსენიებული „იოთამის მეფობის მეოცე წელი“, როგორც ჩანს, მისი ტახტზე ასვლის მე-20 წელი ანუ ახაზის მეოთხე წელი იყო. შესაძლოა, მეფეების წიგნის დამწერმა იოთამის მმართველობის დაწვრილებით აღწერის სურვილის გამო გადაწყვიტა, თხრობისას ჯერ არ მოეხსენიებინა ახაზი, იოთამის მემკვიდრე.
[სურათი]
ბეჭედი, რომელზეც აწერია სახელი იოთამი