საფუარი
ნივთიერება, რომელიც აფუებასა და დუღილს იწვევს; საფუარი შეიძლება იყოს დამჟავებული პურის ცომი, რომელსაც ახალ ცომში ურევენ ასაფუებლად თუ ამოსაწევად; იგივე ხაში. პურის საფუვრის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვაა სეʼორ (გმ. 12:15) და ბერძნული სიტყვა ზიმე (ლკ. 13:21). საფუვრის დამატება იწვევს ცომის სწრაფ გაღვივებასა და ამოწევას. ებრაული სიტყვა ხამეც გაფუებულ მასას აღნიშნავს (ლვ. 2:11).
ღვინოს, იგივე ყურძნის ან სხვა რაიმე ხილის დადუღებულ ნაწურს, კაცობრიობა ოდითგანვე იყენებს, თუმცა დუღილის პროცესი საფუვრის დამატების გარეშე მიმდინარეობს.
ძველი ეგვიპტელები ლუდის დასამზადებლად საფუარს იყენებდნენ. გარდა ამისა, ისინი აცხობდნენ როგორც საფუვრიან, ისე უსაფუვრო პურს. ებრაელებისთვის, ალბათ, ცნობილი იყო ხორბლის ლუდი (ეს. 1:22; ოს. 4:18; Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლ. კელერისა და უ. ბაუმგარტნერის რედაქციით, ლეიდენი, 1958, გვ. 646). ლუდისა და მსგავსი პროდუქტების დასამზადებლად შესაძლოა ზოგიერთი სახეობის სოკოს სპორებისგან მიღებულ საფუარსაც იყენებდნენ. ეგვიპტეში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს საფუვრის მკვდარი უჯრედების შემცველი ფოროვანი პური. როგორც ამბობენ, ეგვიპტელები პურის დასამზადებლად სოდასაც (ნატრიუმის კარბონატი) იყენებდნენ. სოდა საფუარივით ფერმენტაციას არ იწვევს, სამაგიეროდ ის წარმოქმნის აირის ბუშტუკებს, რაც ცომს მაღლა სწევს. როგორც ჩანს, ეგვიპტეში, ისევე როგორც ისრაელში, საფუვრად ძირითადად მოიხმარდნენ მორჩენილ ცომს, რომელსაც დამჟავების შემდეგ ახალ ცომს აზელდნენ გასაფუებლად. დღესაც ბევრი ამ მეთოდით აფუებს ცომს. ცომის მონარჩენს სითბოში დებენ და ერთ-ორ დღეში მისით ახალ ცომს აფუებენ.
ებრაელები დამჟავებულ ცომს ვარცლში დებდნენ, წყალში ალბობდნენ და შემდეგ ფქვილს უმატებდნენ ან მას პირდაპირ ფქვილში დებდნენ და ცომს ზელდნენ. როგორც ჩანს, იესო ქრისტე ცომის მოზელის ამ უკანასკნელ მეთოდს გულისხმობდა, როცა თქვა: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა, სანამ ცომი არ გაფუვდა“ (მთ. 13:33; ლკ. 13:20, 21). არსებობს მოსაზრება, რომ ებრაელები ღვინის ლექსაც იყენებდნენ საფუვრად, თუმცა ეს არ დასტურდება.
ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში. იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი მარცვლეული შესაწირავი საფუვრიანი არ უნდა ყოფილიყო (ლვ. 2:11). თუმცა საფუვრის გამოყენება შეიძლებოდა, როცა შემწირველს ნებაყოფლობით მიჰქონდა სამადლობელი მსხვერპლი იეჰოვასგან ბოძებული მრავალი კურთხევისთვის. ასეთ მსხვერპლს სიხარულით შეექცეოდნენ. გაფუებულ პურს, ჩვეულებრივ, სასიხარულო მოვლენების დროს მიირთმევდნენ. ისრაელები შესაწირი ცხოველისა და უფუარი კვერების გარდა მსხვერპლად რგოლისებურ საფუვრიან პურებსაც სწირავდნენ. ისინი სამსხვერპლოზე არ იდებოდა, მათ შემწირველი და ღვთისმსახურების შემსრულებელი მღვდელი ჭამდნენ (ლვ. 7:11—15).
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, პირველმოწეული ხორბლის შეწირვის დროს, მღვდელმთავარი იეჰოვას წინაშე არხევდა ორ საფუვრიან ხორბლის პურს (ლვ. 23:15—21). აღსანიშნავია, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრების პირველი წევრები, კერძოდ, იესო ქრისტეს ებრაელი მოწაფეები, წმინდა სულით იქნენ ცხებული. იესო ქრისტემ, როგორც იეჰოვას დიდებულმა მღვდელმთავარმა, იეჰოვას წარუდგინა თავისი პირველი სულითცხებული ძმები, რომლებიც კაცთა ცოდვილი მოდგმიდან იყვნენ არჩეული (სქ. 2:1—4, 41). დაახლოებით სამი წლისა და ოთხი თვის შემდეგ პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელები, კორნელიუსი და მისი ოჯახის წევრები გაქრისტიანდნენ, რის შედეგადაც ისინი წმინდა სულით იქნენ ცხებული და, შესაბამისად, ღვთისთვის წარდგენილი. ისინიც კაცთა ცოდვილი მოდგმიდან იყვნენ არჩეული (სქ. 10:24, 44—48; რმ. 5:12).
უფუარობის დღესასწაული პასექის შემდეგ შვიდ დღეს (15—21 აბიბი ანუ ნისანი) გრძელდებოდა. ამ დღეებში ისრაელებს სახლში საფუარი ან რაიმე საფუვრიანი არ უნდა გაეჩერებინათ (გმ. 12:14—20; 13:6, 7; 23:15). ამის მიზანი ის იყო, რომ ხსომებოდათ, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ ისინი ეგვიპტიდან. სიჩქარეში მათ ვერ მოასწრეს ცომის გაფუება და უფუარი ცომის წამოღება მოუწიათ ვარცლებით (გმ. 12:34).
სიმბოლური მნიშვნელობა. საფუარი ბიბლიაში ხშირად ცოდვისა და ბიწიერების სიმბოლოდ გამოიყენება. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“. თავიდან მოწაფეებმა ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა იესო. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ის სიმბოლური ენით აფრთხილებდა მათ „ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებისა“ და თვალთმაქცობის შესახებ. მათი სწავლება წამლავდა გონებას (მთ. 16:6, 11, 12; ლკ. 12:1). იესომ მოწაფეები ჰეროდეს (ის მის მომხრეებსაც გულისხმობდა) შესახებაც გააფრთხილა: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“ (მრ. 8:15). იესომ ხმამაღლა დაგმო ფარისევლები მათი თვალთმაქცობისა და მოჩვენებითი ღვთისმოსაობის გამო (მთ. 23:25—28). მან სადუკეველთა მცდარ შეხედულებებზეც ილაპარაკა და ჰეროდეს მომხრეები თვალთმაქცობასა და პირფერობაში ამხილა (მთ. 22:15—21; მრ. 3:6).
საფუარი სიმბოლური მნიშვნელობით პავლე მოციქულმაც გამოიყენა, როცა კორინთის ქრისტიანულ კრებას უზნეო კაცის გარიცხვისკენ მოუწოდა: „ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ, რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი“. შემდეგ მან ახსნა, რას გულისხმობდა საფუარში: „ამიტომ ნურც ძველი საფუვრით ვიდღესასწაულებთ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის საფუვრით, არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით“ (1კრ. 5:6—8). პავლემ აქ პასექის მომდევნო, უფუარობის დღესასწაულის სიმბოლურ დატვირთვას გაუსვა ხაზი. როგორც ცოტაოდენ საფუარს შეეძლო მთელი ცომის გაფუება, ისე ერთ უზნეო კაცს შეეძლო გაეუწმინდურებინა მთელი კრება იეჰოვას თვალში. კორინთის კრებას თავისი წიაღიდან უნდა მოეშორებინა „საფუარი“, ისევე როგორც ისრაელები იშორებდნენ დღესასწაულის დროს სახლიდან საფუარს.
ებრაელების გარდა საფუარი სხვა ძველ ხალხებშიც ხრწნასთან ასოცირდებოდა. ბერძენი ბიოგრაფი პლუტარქე მასზე წერდა, რომ ის არის „ხრწნის შედეგად მიღებული და ხრწნის იმ ცომსაც, რომელსაც შეერევა“ („მორალიები“, IV, „რომაული საკითხები“, 109).
იეჰოვამ ამოსის დროს მცხოვრებ შემცოდველ ისრაელებს დაცინვით უთხრა: „სამადლობელ მსხვერპლად ააბოლეთ საფუვრიანი პური და გაახმაურეთ ნებაყოფლობითი შესაწირავის მიტანა“ (ამ. 4:5). ამ სიტყვებში ღმერთი იმას გულისხმობდა, რომ ბეთელსა თუ გილგალში ისრაელების თაყვანისმცემლობა დანაშაული იყო ღვთის წინაშე. ასე რომ, სამსხვერპლოზე დასადები პური გინდ უფუარი ყოფილიყო, გინდ საფუვრიანი, ყველაფერი ამაო და ფუჭი იყო მათი კერპთაყვანისმცემლობის გამო.