საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოკრძალება“
  • მოკრძალება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოკრძალება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მოკრძალება — თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „მოკრძალებულებთან. . . სიბრძნეა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • თქვენ შეგიძლიათ მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოკრძალება“

მოკრძალება

საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარის ცოდნა; შინაგანი სისუფთავე და სისპეტაკე. ებრაული ზმნა ცანაʽ, რომელიც ნათარგმნია „მოკრძალებულად“, მხოლოდ მიქას 6:8-ში გვხვდება. მისი მონათესავე ზედსართავი სახელი ცანუაʽ (მოკრძალებული) გვხვდება იგავების 11:2-ში, სადაც ის კადნიერებასთან არის დაპირისპირებული. მართალია, ზოგი თანამედროვე მეცნიერი თვლის, რომ ამ ზმნის მნიშვნელობაა „ფრთხილად, ყურადღებით ყოფნა, გონივრულობა“, მაგრამ უმრავლესობის აზრით ეს სიტყვა მოკრძალებას ნიშნავს. მაგალითად, ძველი აღთქმის ებრაულ-ინგლისურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ ეს ზმნა აღნიშნავს მორიდებულს, მოკრძალებულს, თავმდაბალს (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ბრაუნი, დრაივერი, ბრიგზი, 1980, გვ. 857). ბერძნული ენიდან მოკრძალებად ედოს ითარგმნა (1ტმ. 2:9). ედოს აღნიშნავს კდემას, კრძალვას, სხვისი გრძნობებისა და შეხედულებების დაფასებას, აგრეთვე საკუთარი კეთილსინდისიერების დაცვას, სირცხვილს, საკუთარი ღირსების გრძნობას, თავდაჭერილობასა და ზომიერებას (A Greek-English Lexicon, ჰ. ლიდელი და რ. სკოტი, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 36). ლექსიკოგრაფი რიჩარდ ტრენჩი ედოს სირცხვილის აღმნიშვნელ უფრო ფართოდ გავრცელებულ ბერძნულ სიტყვას ესქინეს (1კრ. 1:27; ფლ. 3:19) ადარებს და აღნიშნავს: „[ედოს] უფრო კეთილშობილური მოტივების გამომხატველია — მოიცავს თანდაყოლილ ზიზღს უღირსი საქციელისადმი, მაშინ როცა [ესქინეში] ასეთი ზიზღი თითქმის არ ფიგურირებს“. ტრენჩი დასძენს: „[ედოს] უღირსი საქციელისგან ყოველთვის კარგ ადამიანს აკავებს, მაშინ როცა [ესქინემ] შეიძლება ზოგჯერ ცუდი ადამიანიც შეაკავოს“ (Synonyms of the New Testament, ლონდონი, 1961, გვ. 64, 65). მაშასადამე, ედოსის მნიშვნელობიდან გამომდინარე სინდისი არის ის ძირითადი ფაქტორი, რაც ადამიანს უღირსი საქციელის ჩადენისგან აკავებს.

ღვთის წინაშე. წმინდა წერილში მრავალ რჩევას ვხვდებით მოკრძალებაზე ანუ საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაზე. „იგავებში“ ნათქვამია: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ და ეს ასეა, რადგან მოკრძალებული ადამიანი დაცულია დამცირებისგან, რაც კადნიერებასა და ტრაბახს სდევს თან (იგ. 11:2). ის ბრძენია, რადგან იეჰოვას მიერ მოწონებულ გზას ირჩევს (იგ. 3:5, 6; 8:13, 14). იეჰოვას უყვარს მოკრძალებულები და სიბრძნეს აძლევს მათ. ღვთის მოწონების დამსახურების ერთ-ერთი საშუალება ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარულია (მქ. 6:8). ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარულში შედის ღვთის წინაშე საკუთარი მდგომარეობის სწორად შეფასება, საკუთარი ცოდვიანობის გაცნობიერება და იეჰოვას დიდებულების, სიწმინდისა და სისპეტაკის აღიარება. გარდა ამისა, ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ ღვთის შექმნილია და მთლიანად არის დამოკიდებული ღმერთზე და მის ხელმძღვანელობაზე. ევამ არ დააფასა ღვთის ხელმძღვანელობა. მას სურდა, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ყოფილიყო. მოკრძალება მას დაეხმარებოდა, თავიდან ამოეგდო იმის შესაძლებლობაზე ფიქრი, რომ „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების“ მცოდნე გამხდარიყო (დბ. 3:4, 5). მოციქული პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ არ ყოფილიყვნენ თავდაჯერებულები და კადნიერები: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფლ. 2:12).

რა არის სატრაბახო. ტრაბახი და მოკრძალება შეუთავსებელია. ბიბლიაში ასეთი პრინციპია ჩაწერილი: „სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ — და არა შენმა ბაგემ“ (იგ. 27:2). თავად იეჰოვა ამბობს: «„ბრძენი ნუ იტრაბახებს თავისი სიბრძნით, ძლიერი ნუ იტრაბახებს თავისი ძალით და მდიდარი ნუ იტრაბახებს თავისი სიმდიდრით“. „თუ იტრაბახებს, მხოლოდ იმით იტრაბახოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას ჩემ შესახებ და რომ მიცნობს, იცის, რომ მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“» (იერ. 9:23, 24; შდრ. იგ. 12:9; 16:18, 19).

ღმერთი აფასებს მოკრძალებულებს. მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს დაანახვა, რომ ღმერთი აფასებს მოკრძალებულებს და მოკრძალებული ქცევის ნიმუშად საკუთარი თავი მოიყვანა: «თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად. ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან, რათა ბოლო მოუღოს არსებულებს, რომ არც ერთმა ხორციელმა არ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე ... რათა იყოს ისე, როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“. მეც, როცა თქვენთან მოვედი, ძმებო, ღვთის წმინდა საიდუმლოს საუწყებლად მოვედი, მაგრამ არა მაღალფარდოვანი ლაპარაკითა და სიბრძნის ფრქვევით, რადგან გადავწყვიტე, თქვენთან ყოფნისას არაფერი მცოდნოდა, გარდა იესო ქრისტესი, ისიც ბოძზე გაკრულისა. მოვედი თქვენთან სისუსტით, შიშითა და კანკალით. დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ გელაპარაკებოდით და გიქადაგებდით, არამედ ყველაფერს სულითა და ძლიერებით გიცხადებდით, რათა თქვენი რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ ყოფილიყო დაფუძნებული, არამედ ღვთის ძალაზე» (1კრ. 1:26—2:5).

„არ გადახვიდეთ დაწერილს“. კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკრძალება ყველა ქრისტიანს უნდა ახასიათებდეს. ის თავად იძლეოდა მოკრძალების კარგ მაგალითს, ვინაიდან სწორად აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს. კორინთელები მიეჩვივნენ ადამიანებით ტრაბახს. ზოგი აპოლოსით იკვეხნიდა, ზოგიც — პავლეთი. ამიტომ პავლემ შენიშვნა მისცა მათ და აღნიშნა, რომ ეს მათ ხორციელ აზროვნებაზე მეტყველებდა. პავლე სწერდა მათ: «ძმებო, ეს ყველაფერი ჩემი და აპოლოსის მაგალითით გიჩვენეთ თქვენივე სასარგებლოდ, რათა ისწავლოთ ჩვენგან ეს წესი: „არ გადახვიდეთ დაწერილს [წმინდა წერილის მიერ დადგენილ ზღვარს და მეტისმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ საკუთარ თავსა თუ სხვებზე]“, რომ არ გაყოყოჩდეთ და ერთი ძმა მეორეზე მაღლა არ დააყენოთ. ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? და თუ მიიღე, რატომღა იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?». თუ ქრისტიანს ყოველთვის ემახსოვრება ეს, არ გაამაყდება და არ იტრაბახებს როგორც საკუთარი, ისე სხვისი წარმოშობით, რასით, კანის ფერით, ეროვნებით, სილამაზით, უნარით, ცოდნით, ინტელექტითა და ა. შ. (1კრ. 4:6, 7).

იესო ქრისტეს მაგალითი. მოკრძალების საუკეთესო მაგალითი იესო ქრისტემ დაგვიტოვა. ის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი, და რომ მამა მასზე დიდი იყო (ინ. 5:19, 30; 14:28). იესომ არ შეიფერა საპატიო წოდება, რომელიც მას არ ერგებოდა. როცა ერთმა მმართველმა მას „კარგი მოძღვარი“ უწოდა, იესომ მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (ლკ. 18:18, 19). ის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ისინი, როგორც იეჰოვას მონები, არ უნდა გაეამაყებინა ღვთის მსახურებაში მიღწეულ წარმატებას ან იმის ცოდნას, რომ ღვთისთვის ძვირფასნი იყვნენ. დავალების შესრულების შემდეგ მათ ასე უნდა შეეფასებინათ საკუთარი თავი: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“ (ლკ. 17:10).

უფალი იესო ქრისტე, როგორც სრულყოფილი ადამიანი და მამისგან დიდი ძალაუფლებით დაჯილდოებული, ბევრად აღემატებოდა თავის არასრულყოფილ მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს, ყოველთვის ტაქტიანად ასწავლიდა და ესაუბრებოდა მათ; იმაზე მეტს არ ეუბნებოდა, რასაც ვერ ჩასწვდებოდნენ (ინ. 16:12; შდრ. მთ. 11:28—30; 26:40, 41).

დამოკიდებულება ჩაცმულობისა და მატერიალური ნივთებისადმი. როცა პავლემ ტიმოთეს კრებაში წესრიგის შენარჩუნების შესახებ მითითებები მისცა, დასძინა: „ასევე მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით“ (1ტმ. 2:9, 10). პავლე სუფთად და კოხტად ჩაცმის წინააღმდეგ არ გამოდიოდა, პირიქით, ის ქალებს მოხდენილად ჩაცმას ურჩევდა. ის გმობდა თვალში საცემ ჩაცმულობას და გარეგნობითა თუ შეძლებით სხვისი ყურადღების მიპყრობის მცდელობას. მოკრძალება სხვების გრძნობების გათვალისწინებასა და საკუთარი თავის პატივისცემასაც გულისხმობს. ქრისტიანის ჩაცმულობა აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს კრებისთვის. ჩაცმულობასთან დაკავშირებული ეს რჩევა იმის დანახვაშიც გვეხმარება, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს მატერიალური ნივთების მიმართ (იხ. თავმდაბლობა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება