ნაამანი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს სასიამოვნოს].
1. ბენიამინის პირმშოს, ბელას ვაჟი (1მტ. 8:1—4, 7). ბენიამინის ტომში ნაამანი გახდა ნაამანელთა საგვარეულოს მამამთავარი (რც. 26:40), ამიტომ ის ბენიამინის ვაჟებთან ერთად არის მოხსენიებული (დბ. 46:21).
2. სირიის ჯარის მხედართმთავარი ძვ. წ. მეათე საუკუნეში, ისრაელის მეფე იეჰორამისა და სირიის მეფე ბენ-ჰადად II-ის მმართველობის დროს. ნაამანი ძლიერი და პატივდებული კაცი იყო. მისი „მეშვეობით იხსნა იეჰოვამ სირია“ (2მფ. 5:1). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, როგორ ან რატომ იხსნა იეჰოვამ სირია ნაამანის მეშვეობით. შესაძლოა ნაამანი ედგა სათავეში სირიელთა ჯარს, რომელმაც წარმატებით მოიგერია სირიის დასაპყრობად გამოსული ასურეთის მეფე სალმანასარ III. სირია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ბუფერული სახელმწიფოს როლს ასრულებდა ისრაელსა და ასურეთს შორის, რამაც ასურელთა აგრესია დასავლეთის მიმართულებით, როგორც ჩანს, იმ დრომდე შეაჩერა, ვიდრე იეჰოვას ნებით ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს მოსახლეობა ტყვედ არ წაასხეს.
კეთრისგან განკურნებული. ნაამანი კეთროვანი იყო. სირიელები კეთროვნების იზოლირებას არ ახდენდნენ, როგორც ეს ისრაელში ღვთის კანონით მოითხოვებოდა. და მაინც, როცა გაიგო, რომ ამ საშინელი სენისგან განკურნება შესაძლებელი იყო, ნაამანმა ძლიერ გაიხარა. მან თავისი ცოლის მსახური ისრაელი გოგონასგან გაიგო, რომ კეთრისგან განკურნება სამარიელ წინასწარმეტყველს შეეძლო. ნაამანი მაშინვე სამარიისკენ გაემართა მეფე ბენ-ჰადად II–გან წამოღებული სარეკომენდაციო წერილით. ისრაელის მეფე იეჰორამმა, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა მას, ნაამანი ცივად მიიღო და ელისესთან გაგზავნა. ელისე არ შეგებებია ნაამანს, არამედ მსახურის პირით შეუთვალა შვიდჯერ დაებანა მდინარე იორდანეში. ნაამანს თავმოყვარეობა შეელახა, რადგან, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ აქეთ-იქით უბოდიშოდ და უმიზნოდ დაატარებდნენ. განრისხებულმა შინ დაბრუნება განიზრახა და რომ არა მისი მსახურები, რომლებმაც ნაამანი ელისეს მითითების შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნეს, ის სამშობლოში ისევ კეთროვანი დაბრუნდებოდა. მან შვიდჯერ ჩაყვინთა იორდანეში და კეთრისგან სასწაულებრივად განიკურნა. ნაამანი ერთადერთი კეთროვანი იყო, რომელიც ღმერთმა ელისეს მეშვეობით განკურნა (2მფ. 5:1—14; ლკ. 4:27).
ნაამანი იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება. სირიის ჯარის მხედართმთავარი მადლიერი და ქედმოდრეკილი მიბრუნდა ელისესთან, რისთვისაც დაახლოებით 50 კმ გაიარა და გულუხვი საჩუქარი შესთავაზა წინასწარმეტყველს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ნაამანმა ითხოვა, მისთვის იმდენი მიწა მიეცათ, „რამდენსაც წყვილი ჯორი“ წაიღებდა, რათა ისრაელიდან წამოღებულ მიწაზე მსხვერპლი შეეწირა იეჰოვასთვის. ნაამანმა დაიფიცა, რომ იმ დღიდან იეჰოვას გარდა სხვა ღმერთს თაყვანს არ სცემდა. როგორც ჩანს, მას სურდა იეჰოვასთვის ამ მიწით აღმართულ სამსხვერპლოზე შეეწირა მსხვერპლი (2მფ. 5:15—17; შდრ. გმ. 20:24, 25).
ამის შემდეგ ნაამანმა ითხოვა, იეჰოვას ეპატიებინა მისთვის ის, რომ თავისი მოვალეობის შესრულების დროს მას ღვთაება რიმონის წინაშე დახრა მოუწევდა, რადგან ხელი უნდა მიეშველებინა მეფისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, სიბერისა და უძლურების გამო ნაამანის მკლავს ეყრდნობოდა. ამ შემთხვევაში თავის დახრა მხოლოდ ფორმალობა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება იქნებოდა და არა თაყვანისცემა. ელისემ დაიჯერა, რომ ნაამანი გულწრფელი იყო, ამიტომ უთხრა: „მშვიდობით წადი“ (2მფ. 5:18, 19).
როცა ნაამანი თავის გზას დაადგა, მას ელისეს ხარბი მსახური გეხაზი დაეწია, რომელმაც იცრუა და ნაამანს უთხრა, რომ ელისემ გადაიფიქრა და ძღვენზე თანახმა იყო. ნაამანმა სიხარულით მისცა მას ვერცხლი და ტანსაცმელი. გეხაზიმ ბოროტად ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მოინდომა, იეჰოვას სულით მომხდარი სასწაული თავის სახეიროდ გამოეყენებინა; სიცრუისა და სიხარბისთვის ის დაისაჯა და მასაც და მის შთამომავლობასაც კეთრი შეეყარა (2მფ. 5:20—27).