ოთნიელი
ისრაელში იესო ნავეს ძის შემდეგ მცხოვრებთაგან სახელით მოხსენიებული პირველი მსაჯული; ოთნიელი იყო „ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ძმის, კენაზის ვაჟი“ (მსჯ. 1:13; 3:9; იეს. 15:17). ებრაული ტექსტი შეიძლება ორნაირად გავიგოთ: ან ოთნიელი იყო ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ვაჟი, ან კენაზი. მაგრამ, თუ სხვა მუხლებს გავითვალისწინებთ, ოთნიელი ქალებ იეფუნეს ძის ძმისშვილად ანუ მისი ძმის, კენაზის ვაჟად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, ქალები იეფუნეს ძე იყო და არა კენაზის, როგორც ოთნიელი (რც. 32:12; 1მტ. 4:15).
ოთნიელი ქანაანელთა გამაგრებულ ქალაქ დებირის აღების შემდეგ დაქორწინდა ქალებ იეფუნეს ძის ასულ აქსაზე. აქსას მამას დაპირებული ჰქონდა, რომ ქალაქის ამღებს თავის ქალიშვილს ცოლად მიათხოვებდა (იეს. 15:16—19; მსჯ. 1:11—15). ოთნიელს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ხათათი დაარქვეს. ოთნიელი იუდას ტომის ერთ-ერთი საგვარეულოს მამამთავარი გახდა. წლების შემდეგ, დავითის მმართველობის დროს მისი ერთ-ერთი შთამომავალი 24 000-კაციანი დანაყოფის მეთაურად დაინიშნა (1მტ. 4:13; 27:1, 15).
ურჩობის გამო ისრაელებს უცხოელები ჩაგრავდნენ. ისრაელთა ჩაგვრის პირველი პერიოდი რვა წელი გაგრძელდა. როცა მათ შველა სთხოვეს იეჰოვას, მან ოთნიელი დაუნიშნა მხსნელად. იეჰოვას სულის ძალით ოთნიელმა დაამარცხა „სირიის მეფე ქუშან-რიშთაიმი“. ის სათავეში ჩაუდგა თავის ძმებს და სამართალს უჩენდა მათ (მსჯ. 3:8—11).