საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფარისევლები“
  • ფარისევლები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფარისევლები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მესია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დემონით შეპყრობილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იოანე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფარისევლები“

ფარისევლები

ახ. წ. I საუკუნეში იუდაიზმის ერთ-ერთი გავლენიანი სექტის წევრები. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ სიტყვა „ფარისეველი“ სიტყვასიტყვით გამოყოფილს, განცალკევებულს ან განცალკევების მომხრეს ნიშნავს და, შესაძლოა, მიუთითებს რიტუალური უწმინდურებისგან თავის დაცვასა და უცხოტომელებისგან განცალკევებაზე. დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის ჩამოყალიბდა ფარისეველთა სექტა. ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის ნაშრომებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოანე ჰირკანოს (ჰირკანი) I-ის დროს (ძვ. წ. II საუკუნის მეორე ნახევარი) ფარისევლები საზოგადოების საკმაოდ გავლენიან წევრებად ითვლებოდნენ. როგორც ფლავიუსი გვამცნობს, მათ იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ მასებზე, რომ მაშინაც, როცა მეფის ან მღვდელმთავრის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ, ხალხი ადვილად უჯერებდა („იუდეველთა სიძველენი“, XIII, თ. 10, აბზ. 5).

იოსებ ფლავიუსი ფარისეველთა შეხედულებებზეც საუბრობს: „მათ სწამთ, რომ ადამიანთა სულები სიკვდილის შემდეგ განაგრძობენ სიცოცხლეს და მიწისქვეშა სამყაროში ჯილდოს ან სასჯელს დაიმსახურებენ იმისდა მიხედვით სიცოცხლეში კეთილები იყვნენ თუ ბოროტები. ბოროტთა ხვედრი მარადიული ბორკილებია, ხოლო კეთილთა სულები ადვილად ეზიარებიან ახალ სიცოცხლეს“ („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 14 (i, 3), ინგლ.). „მათი აზრით სული უკვდავია, მაგრამ მხოლოდ კარგი ადამიანების სული გადადის სხვა სხეულში, ბოროტთა სულს კი მარადიული სასჯელი ელის“. რაც შეეხება ფარისევლების შეხედულებას ბედისწერასა და განგებაზე, იოსებ ფლავიუსი წერს: „[ისინი] ყველაფერს ბედისწერასა და ღმერთს მიაწერენ. მათი აზრით, უმეტესწილად თავად ადამიანზეა დამოკიდებული, სწორად მოიქცევა თუ არა, მაგრამ თითოეულ ქმედებას ბედიც განაპირობებს“ („იუდეველთა ომი“, II, 162, 163 (viii, 14), ინგლ.).

ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, რომ ფარისევლები კვირაში ორჯერ მარხულობდნენ, ზედმიწევნით იხდიდნენ მეათედებს (მთ. 9:14; მრ. 2:18; ლკ. 5:33; 11:42; 18:11, 12) და არ იზიარებდნენ სადუკეველთა აზრს, რომ „არ არსებობს არც აღდგომა, არც ანგელოზი და არც სული“ (სქ. 23:8). ისინი საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევდნენ და ამით ამაყობდნენ, უბრალო ხალხს კი ზემოდან დაჰყურებდნენ (ლკ. 18:11, 12; ინ. 7:47—49). თავიანთი სიმართლის საჩვენებლად ისინი იფართოებდნენ ფილაქტერიონებს (კოლოფები, რომლებშიც წმინდა წერილების მონაკვეთები ეწყო და უბედურებისგან დაცვის მიზნით ატარებდნენ) და იგრძელებდნენ ტანსაცმლის ფოჩებს (მთ. 23:5). მათ უყვარდათ ფული (ლკ. 16:14), გამორჩეული მდგომარეობა და საპატიო წოდებები (მთ. 23:6, 7; ლკ. 11:43). ფარისევლები კანონს ამახინჯებდნენ და მის დაცვას თავიანთი შეხედულებებისა და ტრადიციების მიხედვით ითხოვდნენ, რის გამოც ხალხს კანონი ტვირთად უქციეს (მთ. 23:4). მათ სრულიად უგულებელყვეს მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, სამართლიანობა, გულმოწყალება, ერთგულება და ღვთის სიყვარული (მთ. 23:23; ლკ. 11:41—44). ფარისევლები არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ ვინმე თავიანთ მრწამსზე მოექციათ (მთ. 23:15).

ისინი იესოს ძირითადად შაბათის (მთ. 12:1, 2; მრ. 2:23, 24; ლკ. 6:1, 2) და ადათ-წესების დაცვის (მთ. 15:1, 2; მრ. 7:1—5), ცოდვილებსა და გადასახადების ამკრეფებთან ურთიერთობის თაობაზე ეკამათებოდნენ (მთ. 9:11; მრ. 2:16; ლკ. 5:30). ფარისევლებს ეგონათ, რომ გაუწმინდურდებოდნენ, თუ ურთიერთობა ექნებოდა მათთან, ვინც კანონს მათი შეხედულებებისამებრ არ იცავდა (ლკ. 7:36—39). ამიტომაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, როცა ხედავდნენ, რომ იესო ცოდვილებსა და გადასახადების ამკრეფებთან ურთიერთობდა და მათთან ერთად ჭამდა (ლკ. 15:1, 2). ისინი იესოსა და მის მოწაფეებს ხელების დაბანის რიტუალის დაუცველობაში ადანაშაულებდნენ (მთ. 15:1, 2; მრ. 7:1—5; ლკ. 11:37, 38). მაგრამ იესომ გამოააშკარავა მათი არასწორი აზროვნება და დაანახვა, რომ ისინი ადამიანთა ადათ-წესების დაცვის გამო ღვთის კანონს არღვევდნენ (მთ. 15:3—11; მრ. 7:6—15; ლკ. 11:39—44). ნაცვლად იმისა, რომ გაეხარათ და ღმერთი განედიდებინათ სასწაულებისთვის, რომლებსაც იესო შაბათს ახდენდა, ფარისევლები განრისხდნენ, იესო შაბათის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს და მოკვლა მოუნდომეს (მთ. 12:9—14; მრ. 3:1—6; ლკ. 6:7—11; 14:1—6). მათ იესოს მიერ შაბათ დღეს განკურნებულ უსინათლო კაცს უთხრეს: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“ (ინ. 9:16).

ფარისევლების დამოკიდებულება იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი მართლები და სუფთა გულისანი არ იყვნენ (მთ. 5:20; 23:26). სხვა იუდეველების მსგავსად ცოდვები მათაც უნდა მოენანიებინათ (შდრ. მთ. 3:7, 8; ლკ. 7:30). მაგრამ მათმა უმრავლესობამ სულიერ სიბნელეში დარჩენა არჩია (ინ. 9:40) და ღვთის ძეს გააფთრებით დაუწყო დევნა (მთ. 21:45, 46; ინ. 7:32; 11:43—53, 57). ზოგი ფარისეველი ცილს სწამებდა იესოს, თითქოს ის დემონებს დემონების მმართველის ძალით დევნიდა (მთ. 9:34; 12:24) და ირწმუნებოდა, რომ იესოს დამოწმება არ იყო ჭეშმარიტი (ინ. 8:13). ზოგი კი მის დაშინებას (ლკ. 13:31), მისგან რაიმე ნიშნის მიღებას (მთ. 12:38; 16:1; მრ. 8:11), სიტყვაში გამოჭერასა (მთ. 22:15; მრ. 12:13; ლკ. 11:53, 54) და კითხვებით მის ჩიხში მომწყვდევას ცდილობდა (მთ. 19:3; 22:34—36; მრ. 10:2; ლკ. 17:20). მაგრამ იესომ ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმა ისინი, როცა ჰკითხა, როგორ შეიძლება, დავითის უფალი დავითის ძეც იყოსო (მთ. 22:41—46). გეთსემანეს ბაღში იესოს შესაპყრობად მისულ ბრბოში ფარისევლებიც ერივნენ (ინ. 18:3—5, 12, 13). მოგვიანებით პილატეს მათაც სთხოვეს იესოს სამარხთან მცველების დაყენება, მისი ცხედარი ვინმეს რომ არ მოეპარა (მთ. 27:62—64).

იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს ფარისეველთა გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ წარჩინებულნიც კი შიშის გამო თავს იკავებდნენ იესოს სახალხოდ აღიარებისგან (ინ. 12:42, 43). როგორც ჩანს, მათ შორის იყო ნიკოდემე, თავადაც ფარისეველი (ინ. 3:1, 2; 7:47—52; 19:39). სავარაუდოდ, ყველა ფარისეველი არ ყოფილა იესოს სასტიკი მდევნელი. ზოგი შეიძლება მოგვიანებით ქრისტიანიც გახდა. მაგალითად, ფარისეველმა გამალიელმა სინედრიონს ურჩია, ქრისტიანებისთვის ხელი არ შეეშალათ (სქ. 5:34—39), ტარსოსელი სავლე (პავლე) კი, რომელიც ფარისეველი იყო, იესო ქრისტეს მოციქული გახდა (სქ. 26:5; ფლ. 3:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება