საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფსალმუნები (ბიბლიის წიგნი)“
  • ფსალმუნები (ბიბლიის წიგნი)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფსალმუნები (ბიბლიის წიგნი)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 19 — ფსალმუნები
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ღვთის შთაგონებით დაწერილი სიმღერები
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 1)
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფსალმუნები (ბიბლიის წიგნი)“

ფსალმუნები (ბიბლიის წიგნი)

„ფსალმუნები“, როგორც ჩანს, შედგება საღვთო საგალობლების ხუთი წიგნისგან: 1) ფს 1—41; 2) 42—72; 3) 73—89; 4) 90—106; 5) 107—150. თითოეული წიგნი მთავრდება იეჰოვას განმადიდებელი სიტყვებით. თანმიმდევრობის შესაბამისად ფსალმუნები, როგორც ჩანს, ოდითგანვე მოიხსენიებოდა ციფრებით. მაგალითად, მეორე ფსალმუნი ამ სახელით უკვე ახ. წ. პირველ საუკუნეში იყო ცნობილი (სქ. 13:33).

სტილი. „ფსალმუნების“ პოეზია გამოირჩევა პარალელიზმით (გამეორებულია მსგავსი აზრები ან გამონათქვამები) (იხ. ებრაული ენა [ებრაული პოეზია]). აღსანიშნავია რამდენიმე ფსალმუნი, რომლებიც აკროსტიქით ანუ ანბანური რიგით არის დაწერილი (ფს. 9; 10; 25; 34; 37; 111; 112; 119; 145). ამ ფსალმუნებში პირველი სტროფის პირველი მუხლი ან მუხლები იწყება ებრაული ანბანის პირველი ასოთი ʼალეფ, შემდეგი მუხლ(ებ)ი მეორე ასოთი ბეთ და ა. შ. ზოგჯერ ასე გრძელდება ებრაული ანბანის ბოლო ასომდე. როგორც ჩანს, აკროსტიქს დამახსოვრების გასაიოლებლად იყენებდნენ. „ფსალმუნების“ ტერმინოლოგიის შესახებ იხ. ალამა; აღსავალი სიმღერები; გითითი; მასქილი; მახალათი (II); მიქთამი; მუთ-ლაბენი; ნეხილა; სელა (II); შემინი; ჰიგაიონი.

ეპიგრაფები. მრავალ ფსალმუნს აქვს სათაური ანუ ეპიგრაფი, საიდანაც ვიგებთ ავტორის სახელს, ისტორიულ ფონს, მუსიკალურ მითითებებს ან ფსალმუნის მიზანს (იხ. მე-3—7, 30-ე, 38-ე, მე-60, 92-ე, 102-ე ფსალმუნების ეპიგრაფები). ზოგჯერ ფსალმუნის ეპიგრაფში ჩაწერილი ინფორმაცია გვეხმარება ბიბლიის იმ მონაკვეთების პოვნაში, რომლებიც ნათელს ჰფენს ამ ფსალმუნს (ფს. 51 შდრ. 2სმ. 11:2—15-სა და 12:1—14-ს). ვინაიდან ბიბლიის სხვა პოეტურ მონაკვეთებს ხშირად აქვს წამძღვარებული მსგავსი სიტყვები (გმ. 15:1; კნ. 31:30; 33:1; მსჯ. 5:1; 2სმ. 22:1 შდრ. ფს. 18:ეპგ-ს), შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფსალმუნების ეპიგრაფები დაწერა ავტორმა ან მათმა შემკრებმა. ამას ადასტურებს ისიც, რომ „ფსალმუნების“ მკვდარი ზღვის უძველეს ხელნაწერებში (დაახლ. ახ. წ. 30—50) ეპიგრაფები ძირითადი ტექსტის ნაწილი იყო.

დამწერები. ეპიგრაფებიდან ჩანს, რომ 150 ფსალმუნიდან 73 დაწერა დავითმა, 11 — კორახის ძეებმა (ერთ-ერთში [ფს. 88] მოხსენიებულია ჰემანიც), 12 — ასაფმა (როგორც ჩანს, იგულისხმება ასაფის საგვარეულო; იხ. ასაფი №1), 1 — მოსემ, 1 — სოლომონმა და 1 — ეზრახელმა ეთანმა. გარდა ამისა, სავარაუდოდ დავითის დაწერილია 72-ე ფსალმუნიც „სოლომონის შესახებ“ (იხ. ფს. 72:20). საქმეების 4:25-დან და ებრაელების 4:7-დან ჩანს, რომ მე-2 და 95-ე ფსალმუნებიც დავითს ეკუთვნის. როგორც ჩანს, მე-10, 43-ე, 71-ე და 91-ე ფსალმუნები მე-9, 42-ე, 70-ე და 90-ე ფსალმუნების გაგრძელებაა. ასე რომ, მე-10 და 71-ე ფსალმუნები შეგვიძლია დავითს მივაკუთვნოთ, 43-ე — კორახის ძეებს, 91-ე კი — მოსეს. 119-ე ფსალმუნი შესაძლოა ახალგაზრდა უფლისწულმა ხიზკიამ დაწერა (იხ. ფს. 119:9, 10, 23, 46, 99, 100). ამგვარად, 40-ზე მეტი ფსალმუნის ავტორი უცნობი რჩება.

„ფსალმუნები“ დაახლ. 1 000 წლის მანძილზე იწერებოდა, მოსედან მოყოლებული ბაბილონის გადასახლებიდან იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ პერიოდამდე (ფს. 90:ეპგ.; 126:1, 2; 137:1, 8).

შეკრება. ვინაიდან „ფსალმუნების“ დიდი ნაწილი დავითმა დაწერა და ლევიანი მუსიკოსები 24 ჯგუფად დაყო, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სწორედ მან დაიწყო ამ საგალობლების შეკრება, რომლებსაც საწმინდარში მღეროდნენ (2სმ. 23:1; 1მტ. 25:1—31; 2მტ. 29:25—30). მოგვიანებით სხვა კრებულებიც იქმნებოდა, რაზეც მეტყველებს ზოგიერთი მონაკვეთის გამეორება (ფს. 14 შდრ. 53-ს; 40:13—17 შდრ. 70-ეს; 57:7—11 შდრ. 108:1—5-ს). ბევრი ბიბლეისტის აზრით, „ფსალმუნებს“ საბოლოო სახე ეზრამ მისცა.

ფაქტები ცხადყოფს, რომ წიგნში შემავალი ფსალმუნების რაოდენობა თუ თანმიმდევრობა მათი შეკრებიდან მალევე დადგინდა. მაგალითად, სეპტუაგინტაში მათი თანმიმდევრობა და რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ებრაულ ტექსტს. შესაბამისად, „ფსალმუნები“ ძვ. წ. მესამე საუკუნისთვის უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, როცა ბერძნულ თარგმანზე დაიწყეს მუშაობა. ახ. წ. პირველი საუკუნის მეორე ნახევარში გამოყენებული ებრაული ხელნაწერის ფრაგმენტს, რომელიც შეიცავს 150-ე ფსალმუნს, მოსდევს ცარიელი სვეტი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ უძველეს ებრაულ ხელნაწერში 150-ე ფსალმუნით მთავრდება წიგნი „ფსალმუნები“, რაც შეესაბამება მასორულ ტექსტს.

ტექსტის სიზუსტე. „ფსალმუნების“ მკვდარი ზღვის ხელნაწერი ადასტურებს, რომ ებრაულმა ტექსტმა უცვლელად მოაღწია ჩვენამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის საყოველთაოდ აღიარებულ მასორულ ტექსტზე დაახლ. 900 წლით ძველია, ამ ხელნაწერში შემავალი ფსალმუნები (41 კანონიკური ფსალმუნი სრულად ან ნაწილობრივ), ძირითადად, ემთხვევა იმ ტექსტს, რომლიდანაც თარგმანთა უმეტესობა გაკეთდა. პროფესორმა ჯ. სანდერსმა აღნიშნა: „სხვაობები უმთავრესად ორთოგრაფიულია, რასაც მხოლოდ ძველებრაულის წარმოთქმითა და მსგავსი საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა ... აშკარაა, რომ ზოგი ცვლილება ტექსტის გასაუმჯობესებლად მოხდა, მაგალითად, ის ცვლილებები, რომლებიც ებრაულ ტექსტს უფრო ნათელს ხდის, თუმცა თარგმანზე არსებითად არ მოქმედებს და მნიშვნელობას არ უცვლის“ (The Dead Sea Psalms Scroll, 1967, გვ. 15).

ღვთივშთაგონებულობა. „ფსალმუნების“ ღვთივშთაგონებულობა ეჭვს არ ბადებს. ის სრულად ეთანხმება დანარჩენ წმინდა წერილებს. პარალელური აზრები მრავლად გვხვდება ბიბლიის სხვა წიგნებში (ფს. 1 შდრ. იერ. 17:5—8-ს; ფს. 49:12 შდრ. ეკ. 3:19-სა და 2პტ. 2:12-ს; ფს. 49:17 შდრ. ლკ. 12:20, 21-ს). აგრეთვე, „ფსალმუნებიდან“ ბევრი ციტატაა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (ფს. 5:9 (რმ. 3:13); 8:6 (1კრ. 15:27; ეფ. 1:22); 10:7 (რმ. 3:14); 14:1—3; 53:1—3 (რმ. 3:10—12); 19:4 (რმ. 10:18); 24:1 (1კრ. 10:26); 32:1, 2 (რმ. 4:7, 8); 36:1 (რმ. 3:18); 44:22 (რმ. 8:36); 50:14 (მთ. 5:33); 51:4 (რმ. 3:4); 56:4, 11; 118:6 (ებ. 13:6); 62:12 (რმ. 2:6); 69:22, 23 (რმ. 11:9, 10); 78:24 (ინ. 6:31); 94:11 (1კრ. 3:20); 95:7—11 (ებ. 3:7—11, 15; 4:3—7); 102:25—27 (ებ. 1:10—12); 104:4 (ებ. 1:7); 112:9 (2კრ. 9:9); 116:10 (2კრ. 4:13); 144:3 (ებ. 2:6) და სხვ.).

დავითმა საკუთარ თავზე თქვა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2სმ. 23:2). „ფსალმუნების“ ღვთივშთაგონებულობას ადასტურებენ მოციქული პეტრე (სქ. 1:15, 16), ებრაელების მიმართ მიწერილი წერილის დამწერი (ებ. 3:7, 8; 4:7) და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანები (სქ. 4:23—25). თუმცა მისი ღვთივშთაგონებულობის ყველაზე ძლიერი მტკიცება ღვთის ძის სიტყვებია (ლკ. 20:41—44). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი: ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში [ჰაგიოგრაფების, იგივე წერილების პირველი წიგნი, რომლის სახელითაც იყო ცნობილი ამ ნაწილის ყველა წიგნი] ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“ (ლკ. 24:44).

წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ჩანს, რომ „ფსალმუნებში“ მესიის ცხოვრების შესახებ უამრავი წვრილმანი იყო ნაწინასწარმეტყველები. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.

ნათლობის დროს იესომ აღნიშნა, რომ მოვიდა მამის ნების შესასრულებლად, კერძოდ, ღვთის მიერ გამზადებული სხეულის მსხვერპლად შესაწირავად და კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავების გასაუქმებლად, რაც ჩაწერილია ფსალმუნის 40:6—8-ში (ებ. 10:5—10). იეჰოვამ მოწონების ნიშნად თავისი წმინდა სული მისცა იესოს და საკუთარ ძედ აღიარა, როგორც ეს ფსალმუნის 2:7-შია ნაწინასწარმეტყველები (მრ. 1:9—11; ებ. 1:5; 5:5). ფსალმუნის 8:4—6-ის თანახმად, იესო „ანგელოზებზე ოდნავ დაბლა“ იდგა (ებ. 2:6—8).

დედამიწაზე მსახურების დროს მან აირჩია და მოამზადა მოწაფეები. მას არ რცხვენოდა მათი ძმებად მოხსენიების, როგორც ეს ფსალმუნის 22:22-ში წერია (ებ. 2:11, 12; შდრ. მთ. 12:46—50; ინ. 20:17). „ფსალმუნებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების თანახმად, იესო ასწავლიდა მაგალითებით (ფს. 78:2; მთ. 13:35), იეჰოვას სახლის მოშურნეობის გამო განწმინდა ტაძარი ვაჭრებისგან და საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობდა (ფს. 69:9; ინ. 2:13—17; რმ. 15:3). მიუხედავად ამისა, ის უმიზეზოდ იყო მოძულებული (ფს. 35:19; 69:4; ინ. 15:25). წინადაცვეთილ იუდეველებს შორის იესო ქრისტეს მსახურებამ დაადასტურა მათი მამა-პაპისთვის მიცემული დაპირებები და მოგვიანებით უცხოტომელები იეჰოვას განსადიდებლად აღძრა. ესეც ნაწინასწარმეტყველები იყო (ფს. 18:49; 117:1; რმ. 15:9, 11).

იერუსალიმში ჩოჩორზე მჯდომი იესოს შესვლას ხალხი ფსალმუნის 118:26-ში ჩაწერილი სიტყვებით ხვდებოდა (მთ. 21:9). როცა უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ბავშვებმა იესო „დავითის ძედ“ აღიარეს, იესომ რელიგიური წინამძღოლები ფსალმუნის 8:2-ის სიტყვებით გააჩუმა (მთ. 21:15, 16).

„ფსალმუნებში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესოს მეგობარი გასცემდა (ფს. 41:9; ინ. 13:18), რომლის ადგილსაც სხვა დაიკავებდა (ფს. 69:25; 109:8; სქ. 1:20). ნაწინასწარმეტყველები იყო ისიც, რომ იესოს წინააღმდეგ მმართველები (ჰეროდე და პონტიუს პილატე), უცხოტომელები (მაგ., რომაელი ჯარისკაცები) და ისრაელები შეიკრიბებოდნენ (ფს. 2:1, 2; სქ. 4:24—28) და მას „მშენებლები“ ანუ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დაიწუნებდნენ (ფს. 118:22, 23; მთ. 21:42; მრ. 12:10, 11; სქ. 4:11). ფსალმუნის 27:12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, მის წინააღმდეგ ცრუმოწმეები გამოვიდოდნენ (მთ. 26:59—61).

ძელზე გაკრულ იესოს ნაღველნარევი ღვინო მისცეს (ფს. 69:21; მთ. 27:34). წამების შესახებ ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „ძაღლები შემომეხვივნენ, ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს; ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს“ (ფს. 22:16). რომაელმა ჯარისკაცებმა იესოს ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს (ფს. 22:18; მთ. 27:35; ლკ. 23:34; ინ. 19:24). რელიგიური მოწინააღმდეგეები ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვებით დასცინოდნენ იესოს (ფს. 22:8; მთ. 27:41—43). მწყურვალმა იესომ წყალი მოითხოვა (ფს. 22:15; ინ. 19:28). მას დასალევად ძმარი მისცეს (ფს. 69:21; მთ. 27:48; ინ. 19:29, 30). სიკვდილის პირას იესომ 22-ე ფსალმუნის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვები გაიმეორა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მთ. 27:46; მრ. 15:34). თავისი ბოლო სიტყვები, „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“, მან ფსალმუნის 31:5-დან მოიყვანა (ლკ. 23:46). და როგორც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, მისი არც ერთი ძვალი არ გადატეხილა (ფს. 34:20; ინ. 19:33, 36).

მართალია, იესო სამარხში დაასვენეს, მაგრამ ის არც სამარეში იყო მიტოვებული და არც მისი სხეული გახრწნილა. ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა (ფს. 16:8—10; სქ. 2:25—31; 13:35—37). ზეცად ამაღლებული იესო ღვთის მარჯვნივ დაჯდა და ელოდებოდა დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცეოდნენ (ფს. 110:1; სქ. 2:34, 35). ის აგრეთვე გახდა მღვდელი მელქისედეკის წესით (ფს. 110:4; ებ. 5:6, 10; 6:20; 7:17, 21) და კრებას მისცა ძღვენი ადამიანთა სახით (ფს. 68:18; ეფ. 4:8—11). ყველა ეს დეტალი „ფსალმუნებში“ იყო ნაწინასწარმეტყველები. მომავალში იესო, როგორც ღვთის განაჩენის აღმსრულებელი, ერებს გაანადგურებს (ფს. 2:9; გმც. 2:27; 19:14, 15). ამის შემდეგ ქრისტეს მმართველობა მარადიულ კურთხევებს მოუტანს მის ერთგულ მსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ 72-ე ფსალმუნი თავდაპირველად სოლომონის შესახებ დაიწერა, ის უფრო დიდი მასშტაბით შესრულდება მესიის მმართველობის დროს. ამაზე მოწმობს ზაქარიას წინასწარმეტყველება (9:9, 10), რომელიც ჰგავს ფსალმუნის 72:8-ს, და იესო ქრისტეს მიესადაგება (მთ. 21:5).

აგრეთვე 45-ე ფსალმუნი შეადარეთ ებრაელების 1:8, 9-ს, გამოცხადების 19:7—9, 11—15-სა და 21:2, 9—11-ს.

უფრო მეტია, ვიდრე საუცხოო პოეზია. წინასწარმეტყველებების გარდა „ფსალმუნები“ შეიცავს უამრავ გამამხნევებელ აზრსა თუ სახელმძღვანელო პრინციპს. ის საუცხოო პოეზიაზე გაცილებით მეტია. წიგნი რეალურად აღწერს ადამიანთა ცხოვრებას, მათ სიხარულს, მწუხარებას, შიშსა თუ გულგატეხილობას. წიგნიდან კარგად ჩანს, რომ ფსალმუნმომღერლებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვა ღმერთთან. ისინი ბევრს საუბრობდნენ ღვთის საქმეებსა და თვისებებზე, რაც მათ ღვთის განდიდებისა და მისადმი მადლიერებისკენ აღძრავდა.

წიგნიდან ვიგებთ, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერია, როცა ერიდება ბოროტებთან ურთიერთობას და სიხარულს ანიჭებს იეჰოვას კანონი (ფს. 1:1, 2), ღვთის ცხებულს აფარებს თავს (2:11, 12), იმედს იეჰოვაზე ამყარებს (40:4), ზრუნავს საწყლებზე (41:1, 2), იეჰოვასგან შეგონებას იღებს (94:12, 13), ემორჩილება მის მცნებებს (112:1; 119:1, 2) და თავის ღმერთად და მშველელად ჰყავს (146:5, 6).

„ფსალმუნები“ იეჰოვასადმი ნდობისკენ მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფს. 55:22; 37:5). ასეთი ნდობის შედეგად კაცთმოშიშება ქრება (56:4, 11).

ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ, უნდა დაველოდოთ ღმერთს (ფს. 42:5, 11; 43:5) და ჩვენი მეტყველება და საქციელი უნდა გავაკონტროლოთ (1:1—6; 15:1—5; 24:3—5; 34:13, 14; 37:3, 4, 8, 27; 39:1; 100:2). მნიშვნელოვანია, კარგ საზოგადოებასთან გვქონდეს ურთიერთობა (18:25, 26; 26:4, 5). არ უნდა გვშურდეს ბოროტების კეთილდღეობა და წარმატება, რადგან ისინი მოისპობიან (37:1, 2, 7—11).

როგორც „ფსალმუნებიდან“ ჩანს, მართებულია, ღვთის მსახურებმა ღმერთს სთხოვონ ხსნა (ფს. 3:7, 8; 6:4; 35:1—8; 71:1—6), წყალობა (4:1; 9:13), ხელმძღვანელობა (5:8; 19:12—14; 25:4, 5; 27:11; 43:3), დაცვა (17:8), ცოდვების პატიება (25:7, 11, 18; 32:5, 6; 41:4; 51:1—9), სუფთა გული, ახალი და მტკიცე სული (51:10) და ღვთის სახელის განდიდება (115:1). მათ აგრეთვე შეუძლიათ სთხოვონ ღმერთს, რომ გამოიკვლიოს ისინი, განწმინდოს (26:2), გაასამართლოს (35:24; 43:1) და ასწავლოს სიკარგე, გონიერება, ცოდნა და ღვთის წესები (119:66, 68, 73, 124, 125, 135).

განადიდებს ღვთის საქმეებსა და თვისებებს. „ფსალმუნები“ გვიძლიერებს იეჰოვასადმი მადლიერებას, რომლის არსებობასაც მხოლოდ უგუნურები უარყოფენ (ფს. 14:1; 19:7—11; 53:1). წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა არის „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარული“ (33:5), „თავშესაფარი და ძალა, შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (46:1). ის არის სამართლიანი მოსამართლე (7:11; 9:4, 8), შემოქმედი (8:3; 19:1; 33:6), მეფე (10:16; 24:8—10), მწყემსი (23:1—6) და მასწავლებელი (25:9, 12); საკვებით უზრუნველყოფს ადამიანსაც და ცხოველსაც (34:10; 147:9); არის მხსნელი (35:10; 37:39, 40; 40:17; 54:7) და სიცოცხლის (36:9), ნუგეშის (86:17), კურთხევისა და ძალის წყარო (29:11).

იეჰოვა „არ დაივიწყებს [ჩაგრულთა] ღაღადს“ (ფს. 9:12; 10:14), პასუხობს თავის მსახურთა ლოცვებს (3:4; 30:1, 2; 34:4, 6, 17, 18), აჯილდოებს და იცავს მათ (3:3, 5, 6; 4:3, 8; 9:9, 10; 10:17, 18; 18:2, 20—24; 33:18—20; 34:22; იხ. 34:7, საიდანაც ჩანს ანგელოზების მხრიდან დაცვა). მას სძულს ბოროტება და სჯის ბოროტმოქმედებს (5:4—6, 9, 10; 9:5, 6, 17, 18; 21:8—12; 99:8).

იეჰოვა შიშის მომგვრელი (ფს. 76:7) და დიდებულია (77:13), ამასთან თავმდაბალიც (18:35); ის წმინდაა (99:5); დიდია მისი სიკეთე და (31:19) ძალა (147:5); ის არის „გულმოწყალე და მწყალობელი ... რისხვაში ნელი და სიკეთითა და ჭეშმარიტებით სავსე“ (86:15); მისი გამჭრიახობა განუზომელია (147:5) და მისი შემოქმედება მის სიბრძნეს აუწყებს (104:24); ის ითვლის ვარსკვლავებს და სახელით მოუხმობს თითოეულს (147:4); ხედავს ადამიანის ჩანასახს (139:16); კურნავს ყველა სნეულებას (103:3); მტრის საომარ იარაღს ანადგურებს და ომებს წყვეტს (46:9). თავისი სამართლიანი განზრახვის განსახორციელებლად ის არაერთი ისტორიული მოვლენის განვითარებაში ჩაერია (44:1—3; 78:1—72; 81:5—7; 105:8—45; 106:7—46; 114:1—8; 135:8—12; 136:4—26). ასეთი ღმერთი ნამდვილად ქება-დიდების ღირსია (92:1; 96:1—4; 146—150). ადამიანებზე (60:11; 62:9), სიმდიდრესა (49:6—12, 17) და კერპებზე (115:4—8; 135:15—18) იმედის დამყარება უგუნურებაა.

ყურადღებას ამახვილებს ღვთის სიტყვის ღირებულებაზე. „ფსალმუნები“ ღვთის სიტყვისადმი მადლიერებასაც გვინერგავს. როგორც წიგნიდან ჩანს, იეჰოვას სიტყვები წმინდა (ფს. 12:6) და გაწმენდილია (18:30). მისი კანონი ძვირფასია (119:72); ის ჭეშმარიტებაა (119:142). მისი სრულყოფილი კანონის, სანდო შეხსენებების, სამართლიანი ბრძანებების, წმინდა მცნებებისა და სამართლიანი განაჩენების გათვალისწინებას მარადიული კურთხევები მოაქვს (19:7—11). ღვთის სიტყვა გზას უნათებს ადამიანს (119:105); ღვთის მცნებები აბრძენებს და წვდომისა და გაგების უნარს სძენს მას (119:98—100, 104).

ნათელს ჰფენს და ავსებს წმინდა წერილების სხვა მონაკვეთებს. ზოგჯერ „ფსალმუნები“ ნათელს ჰფენს და ავსებს ბიბლიის სხვა მონაკვეთებს. წიგნიდან ვიგებთ, რომ ისრაელებისთვის გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვები, „დაიმდაბლეთ თავი“ (ლვ. 16:29; 23:27; რც. 29:7), მარხვას ნიშნავდა (ფს. 35:13). მხოლოდ ფსალმუნმომღერალი გვატყობინებს, რომ ეგვიპტის საპყრობილეში ჩაგდების დროს იოსებს სასტიკად ექცეოდნენ: „ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები, რკინით შეიბორკა მისი სული“ (105:18). „ფსალმუნებიდან“ იმასაც ვიგებთ, რომ ეგვიპტის დასასჯელად იეჰოვამ „ანგელოზების ლაშქარი“ გაგზავნა (78:44—51) და უდაბნოში ღვთისგან სასწაულებრივად მიცემულმა წყალმა „მდინარესავით ჩაიარა უწყლო მხარეებში“ (105:41). შედეგად, წყალი უხვად იყო და ისრაელ ერსა და მათ მრავალრიცხოვან პირუტყვს ადვილად შეეძლო მისი დალევა. წიგნიდან ისიც ჩანს, რომ ფარაონი წითელ ზღვაში დაიღუპა (136:15).

„ფსალმუნებიდან“ ვიგებთ, რომ მარილოვან ველზე ედომელების დამარცხებამდე ისრაელები დიდ სიძნელეებს შეხვდნენ (ფს. 60:ეპგ., 1, 3, 9). ეს გვაფიქრებინებს, რომ ედომელები მაშინ შეიჭრნენ იუდაში, როცა ისრაელები ჩრდილოეთით არამ-ნაჰარაიმისა და არამ-ცობის ჯარებს ებრძოდნენ.

101-ე ფსალმუნიდან ჩანს, როგორ განაგებდა დავითი ქვეყანას. მსახურებად ის მხოლოდ ერთგულ ადამიანებს ირჩევდა, რადგან ვერ იტანდა ქედმაღლებსა და ცილისმწამებლებს. მას ყოველდღე გამოჰქონდა განაჩენი ბოროტებისთვის.

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები ფსალმუნებიდან

150 საღვთო საგალობლის კრებული, რომელთაგან ბევრი დავითისა და იეჰოვას სხვა მსახურების ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების საფუძველზე დაიწერა.

იწერებოდა დაახლ. 1 000 წლის მანძილზე, მოსედან მოყოლებული ბაბილონის გადასახლებიდან იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ პერიოდამდე.

იეჰოვას განსადიდებელი და სამადლობელი სიტყვები

მისი სახელის დიდებულებისთვის (99:3; 113; 148:13, 14).

დიდებული შემოქმედებისთვის (33:1—9; 148:1—12).

დიდებული მწყემსობისთვის (23).

ლოცვების შესმენისთვის (21:1—7; 28; 116; 118:21).

მისი პიროვნებისთვის (50; 95:1—7; 96:4—13; 97; 150).

მტრის ხელიდან და გასაჭირიდან დახსნისთვის (18; 30; 107; 140; 149).

სამართლიანი განაჩენისთვის (67:3, 4; 98).

მისი თვისებებისთვის (57:9—11; 92; 100; 108:1—4; 117; 138:1, 2).

ხელგაშლილობისთვის (37:25; 67:5—7; 145:15, 16).

წარსულში თავისი ხალხისადმი მოპყრობისთვის (66; 81; 105; 106; 126; 136:10—24; 147).

ღვთის წყალობისა და დახმარების თხოვნა

მტრებისგან დახსნაზე (3—5; 7; 12; 13; 17; 31; 59).

ცოდვების პატიებაზე (19:12, 13; 25:7, 11; 32; 51:1, 2, 7—15; 130).

ხელმძღვანელობაზე (119:124, 125; 143:8, 10).

ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს მხარში ამოდგომაზე (41:1—4).

გაჭირვების დროს წყალობის გამოვლენაზე (6:2, 9; 9:13, 14; 123).

მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები

იქნებოდა დავითის სამეფო ხაზიდან (89:3, 4, 29, 36, 37; 132:11).

იეჰოვას სახლის მოშურნეობა შეჭამდა (69:9).

მაგალითებით ილაპარაკებდა (78:2).

გასცემდა მეგობარი (41:9; 55:12—14).

მინიშნება მისი დასჯის მეთოდზე (22:16, სქ., Rbi8).

დაძრახავდნენ და გალანძღავდნენ (22:6—8; 69:9).

მის ტანსაცმელზე წილს ჰყრიდნენ (22:18).

დასალევად ძმარს მისცემდნენ (69:21).

არც ერთ ძვალს არ გადაუმტვრევდნენ (34:20).

ღმერთი არ მიატოვებდა სამარეში (16:10).

როგორც მშენებლების დაწუნებული ქვა, კუთხის თავში დასადები ქვა გახდებოდა (118:22).

ზეცად ამაღლდებოდა და გაიღებდა ძღვენს ადამიანთა სახით (68:18).

განდიდდებოდა და ძალაუფლება მიეცემოდა ყველაფერზე (8:5—8).

მიეცემოდა სამეფო ძალაუფლება (2:6; 110).

გაანადგურებდა მოწინააღმდეგე ერებს (2:8, 9; 45:3—5).

შედგებოდა მისი სამეფო ქორწილი. დანიშნავდა მთავრებს დედამიწაზე (45:2, 6—17).

იქნებოდა სამართლიანი და თანამგრძნობი მეფე (72).

ძირითადი ბიბლიური სწავლებები

ჭეშმარიტი ღვთის ვინაობა და თვისებები (78:38, 39; 83:18; 86:15; 90:1—4; 102:24—27; 103; 139).

იეჰოვას უზენაესობა (11:4—7; 24:1; 29; 44; 47; 48; 76; 93).

ღვთის სახელის განწმენდა (79; 83).

ყველა ადამიანი ცოდვილია (14:1—3; 51:5; 53:1—3).

კერპების თაყვანისცემა უგუნურებაა (115:4—8; 135:15—18).

მკვდრების მდგომარეობა (6:5; 88:10—12; 115:17; 146:4).

მართლები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (37:9—11, 29; 104:5; 115:16).

ღვთივშთაგონებული რჩევები იეჰოვას მოწონების დასამსახურებლად

გეშინოდეს იეჰოვასი და დაიცავი მისი მცნებები (112:1—4; 128).

განივითარე ღვთის სიტყვისა და კანონისადმი მადლიერება (1:2; 19:7—11; 119).

მიენდე იეჰოვას (9:10; 115:9—11; 125; 146:5—7).

მოთმინებით დაელოდე, როდის იმოქმედებს (42; 43).

ისწრაფე მშვიდობისა და სიმართლისკენ (34:14, 15).

დააფასე ღვთის ხალხთან ერთად მის სახლში ყოფნის შესაძლებლობა (84; 122; 133).

მოერიდე ცუდ საზოგადოებას (1:1; 26:4, 5; 101:3—8).

ელაპარაკე შვილებს იეჰოვას საქმეების შესახებ (78:3—8).

ილაპარაკე სიმართლე; ნუ დასწამებ ცილს და ნუ დაიფიცებ ცრუდ (15:2, 3; 24:3—5; 34:13).

საკუთარი თავის საზიანოდ ნათქვამი სიტყვაც კი შეასრულე (15:4).

მოერიდე ფულის არასწორად გამოყენებას (15:5).

გულუხვად გამცემი კურთხევებს იღებს (112:5—10).

განადიდე იეჰოვა სახალხოდ (26:7, 12; 40:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება