საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იოანეს გამოცხადება“
  • იოანეს გამოცხადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იოანეს გამოცხადება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 66 — გამოცხადება
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • გამოცხადების მოკლე შინაარსი
    ბიბლია
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — I
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — II
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იოანეს გამოცხადება“

იოანეს გამოცხადება

ბიბლიის უმეტეს თარგმანებში ეს არის ბიბლიის ბოლო წიგნი, თუმცა არა ბოლოს დაწერილი. მას მოციქული იოანეს აპოკალიფსიც ეწოდება.

დამწერი. სად და როდის დაიწერა. მოციქული იოანე საკუთარ თავს წიგნის დამწერად მოიხსენიებს, წერის ადგილად კი — კუნძულ პატმოსს, სადაც ის ღვთის სიტყვის ქადაგებისა და იესო ქრისტეს შესახებ დამოწმებისთვის გადაასახლეს (გმც. 1:1, 9). წიგნი სავარაუდოდ ახ. წ. 96 წელს დაიწერა.

დაწერის სტილი. ბიბლიის დასასრულებლად შესაფერისი. წიგნი წერილის სტილით არის დაწერილი. მასში დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი ხილვები, რომლებიც ბოლო თავში აღწევს აპოგეას. ის ბიბლიის შესაფერისი დასასრულია.

წიგნში ბევრი რამ შვიდ-შვიდად არის დაჯგუფებული. შვიდი ბეჭდის ახსნას შვიდი საყვირის ჩაბერვა მოჰყვება, შემდეგ კი — შვიდი წყლული. მოხსენიებულია შვიდი ლამპარი, შვიდი ვარსკვლავი, შვიდი ქუხილი და ა. შ. მიზეზი, როგორც ჩანს, ის არის, რომ რიცხვი შვიდი სისრულის სიმბოლოა, ეს წიგნი კი აღწერს, როგორ დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო (გმც. 10:7; იხ. წმინდა საიდუმლო).

გამოცხადების ავტორი და გადამცემი. წიგნის ავტორი უზენაესი ღმერთი იეჰოვაა, ცნობის გადამცემი კი — იესო ქრისტე, რომელმაც ის თავისი ანგელოზის მეშვეობით გადასცა იოანეს (გმც. 1:1). ღვთის სული წიგნში წარმოდგენილია როგორც შვიდი სული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ცნობის გასაცხადებლად ის სრულად მოქმედებდა. ღვთის მითითებით იოანეს უნდა ჩაეწერა ნანახი (1:4, 11).

მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ იოანეს მიერ ხილვაში ნანახი ზოგი რამ შიშის მომგვრელია, მაგალითად, მხეცები, შვიდი „ვაი“ და წყლულები, წიგნი დასაშინებლად არ დაწერილა. ის მათ სანუგეშებლად და გასამხნევებლად დაიწერა, ვინც მას რწმენით კითხულობს. მკითხველს ის კურთხევებს ჰპირდება. წიგნის დამწერი შესავალში ამბობს: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს“ (გმც. 1:3). ის აგრეთვე ამბობს, რომ წიგნის მიზანია, ღვთის მონებს დაანახვოს, „რაც უნდა მოხდეს მალე“ (1:1, 2).

ამოწმებს იესოს შესახებ. გამოცხადების 19:10-ში ანგელოზი იოანეს ეუბნება, რომ „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (სიტყვასიტყვით „წინასწარმეტყველების სული“). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე მიანიშნებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ღმერთი უგულებელყოფილია. ზემოხსენებული სიტყვების წარმოთქმამდე ანგელოზმა მის ფეხებთან დამხობილ იოანეს უთხრა: „ღმერთს ეცი თაყვანი“. მოციქულმა პავლემ კი დაწერა: „ღმერთმა ის [ქრისტე] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ . ასე რომ, იესო ქრისტეს განდიდება და მის შესახებ ცოდნის შეძენა ღვთის უკეთ გაცნობასა და მისი განზრახვების უკეთ გაგებას ემსახურება, რაც საბოლოოდ ღმერთს განადიდებს (ფლ. 2:9—11; იხ. წინასწარმეტყველება).

წინასწარმეტყველება იმ გაგებით ამოწმებს იესოზე, რომ ღმერთი სწორედ მისი მეშვეობით შეასრულებს თავის განზრახვას — განწმენდს თავის სახელს, მოსპობს ბოროტებას და აკურთხებს კაცობრიობას. „მასში [ქრისტეში] საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კლ. 2:3). ის არის აღთქმული შთამომავალი, რომელშიც მჟღავნდება წმინდა საიდუმლო. ადამის ურჩობის შემდეგ ღვთივშთაგონებით წარმოითქვა წინასწარმეტყველებები ქრისტეს შესახებ, შეიქმნა ქრისტეს არაერთი წინასწარმეტყველური ნიმუში და ადამიანებისთვის ცნობილი გახდა ღვთის სამეფოს შესახებ, რომელსაც სათავეში მისი ძე ჩაუდგებოდა (დბ. 3:15; 22:18; გლ. 3:16; 2სმ. 7:12—16; ფს. 2:6—12; 110:1—7; ეზკ. 21:27; სქ. 2:29, 36; 3:19—26; 1ტმ. 3:16).

რა არის „გამოცხადების“ არსი?

ბიბლიის ბოლო წიგნის პირველი თავი გვაცნობს გამოცხადების ავტორს, ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთს, „ალფასა და ომეგას“. მასში ჩაწერილია ხილვა იესო ქრისტეზე, ცნობის გადამცემზე, რომელიც მოკვდა, მაგრამ ახლა ცოცხალია და დიდი ძალაუფლება აქვს ზეცაში. შემდეგ საუბარია იესოს გასაჭირისა და სამეფოს მოზიარეებზე, რომელთა მიმართაც ქრისტეს ინტერესი და სიკეთე ჩანს „შვიდი კრების ანგელოზებისთვის“ გადაცემულ ცნობაში (გმც. 1—3).

შემდეგ სულმა იოანე ზეცაში აიყვანა „იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს“. მან იხილა ღვთის ტახტი და მისი შემოგარენი; აღწერა ტახტზე მჯდომის დიდებულება, აღმატებულება, სრულყოფილი სიმშვიდე და უშფოთველობა (გმც. 4).

წიგნიდან ჩანს, რომ ღვთის კრავზე, იესო ქრისტეზე დიდებული მდგომარეობა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უკავია. ის ერთადერთია ზეცაში თუ დედამიწაზე, ვისაც ღვთის განზრახვის გამჟღავნება შეუძლია. შემდეგ ყურადღება მახვილდება თეთრ ცხენზე ამხედრებულ მებრძოლ მეფეზე (იესო), რომელიც „გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. აგრეთვე ნაჩვენებია, რა დაემართება მხედრის გამოსვლის შემდეგ დედამიწას, განსაკუთრებით კი ღვთის მტრებს, და როგორ იძიებს ღმერთი შურს თავის მტრებზე თავისი ხალხის გამო (გმც. 5, 6).

იეჰოვა თავს იკავებს განადგურებისგან, ვიდრე მის მსახურებს შუბლზე ბეჭედს არ დაასვამენ, რაც ცხადყოფს, როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას დედამიწაზე მცხოვრები თავისი მსახურების მიმართ, რომლებიც ზეციური სამეფოსთვის არიან არჩეულნი. ბეჭედდასმულთა სრული რიცხვია 144 000. შემდეგ საუბარია განუსაზღვრელი რაოდენობის ხალხზე, რომლებიც ბეჭედდასმულნი არ არიან, მაგრამ ღვთის მსახურები ხდებიან და დიდი გასაჭირის დროს განადგურებას გადაურჩებიან. ღმერთი განაჩენს აღასრულებს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა მტერზე. მტრები ღვთის ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. ღვთის მთავარი მტერი, სატანა ეშმაკი, ცდილობს ხელი შეუშალოს ღვთის განზრახვას, რომ იშვას „ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“. ღვთის მთავარი მტერი ქალის შთამომავლებიდან დარჩენილების წინააღმდეგ საბრძოლველად და ბეჭედდასმისთვის ხელის შესაშლელად სიმბოლურ მხეცებს იყენებს (გმც. 7—13; იხ. მხეცები, სიმბოლური).

სატანის ყველა მცდელობა სრული მარცხით მთავრდება. 144 000 გამარჯვებული დგას კრავის გვერდით სიონის მთაზე. მათ შუბლებზე აწერიათ მამისა და კრავის სახელები და ზეციერი ქმნილებების წინაშე თითქოს ახალ სიმღერას მღერიან. შემდეგ დედამიწის მკის დროს ანგელოზი ერთად აგროვებს მათ და მათ თანამსახურ უამრავ ხალხს, სხვა ანგელოზი კი დედამიწის ვაზს საწნახელში წურავს (გმც. 14).

სხვა სიმბოლოებით ნაჩვენებია ღვთის საბოლოო განაჩენი. შვიდ ანგელოზს აძლევენ ღვთის რიცხვის შვიდ თასს. ისინი მიდიან ამ საბოლოო განაჩენის შესასრულებლად. ყურადღება მახვილდება ღვთისა და ქრისტეს პატარძლის ერთ-ერთ მთავარ მტერზე, დიდ ბაბილონზე, მეძავთა დედაზე, იმავე „დიდ ქალაქზე, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე“. შვიდთავიან მხეცთან მისი ალიანსი დაიშლება, მხეცი განრისხდება მასზე, შეჭამს მის ხორცს და მას ცეცხლში დაწვავს. ისინი, ვინც მასთან ურთიერთობით გამდიდრდნენ, დიდად იგლოვებენ, ზეცაში კი დიდი სიხარული იქნება (გმც. 15—18).

დიდი ბაბილონი, მეძავთა დედა, ყველაფერს იღონებს, რომ ქრისტეს პატარძალმა საქმროს უღალატოს (2კრ. 11:2, 3; ეფ. 5:25—27) და გამეძავდეს. ზეციერ ლაშქარს უზომოდ უხარია, რადგან დიდი ბაბილონის ყველა მცდელობა ამაოა. დიდი მეძავი ჩამოშორებულია, პატარძალი კი — გამარჯვებული. ის გამზადებულია საქმროსთვის. დგება კრავის ქორწილის დრო. ქორწილში მიწვეულები ხარობენ. დიდი მეძავის, წმინდა თაყვანისმცემლობის მტრის, განადგურების შემდეგ იეჰოვა მმართველობის ახალ ეპოქას იწყებს (გმც. 19:1—10).

ღვთის განაჩენი მის სხვა მტრებზეც უნდა შესრულდეს. ნეფე გამოდის, რათა სრულად დაიპყროს და დედამიწიდან აღგავოს ყველა მტერი, იქნებიან ისინი მმართველები თუ სხვები. განადგურება სრული იქნება. ბოლოს, თავისი დამქაშებისა და იმ ყველაფრის განადგურების შემდეგ, რასაც ის თავისი მიზნის განსახორციელებლად იყენებდა, ეშმაკი შეიბოჭება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის მანძილზე. ხილვაში იოანე გადადის ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს და აღწერს საბოლოო გასამართლებას. ეშმაკი დროებით გათავისუფლდება და მას შემდეგ, რაც თავის გადაბირებულ მხარდამჭერებთან ერთად თავს დაესხმის „წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს“, ის საბოლოოდ განადგურდება (გმც. 19:11—20:10).

ხილვა ისევ ათასწლიან პერიოდში მოსახდენ მოვლენებს, აღდგომასა და გასამართლებას უბრუნდება, რომლებსაც ქრისტესა და მისი პატარძლის, ახალი იერუსალიმის მმართველობის დროს ექნება ადგილი. აღწერილია ზეციერი ქალაქის სილამაზე, დიდებულება და მისგან მომდინარე კურთხევები, რომლებიც კაცობრიობას სიცოცხლესა და განკურნებას მოუტანს (გმც. 20:11—22:5).

დასასრულ, იეჰოვა ღმერთი ამბობს, რომ მალე მოვა და თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს. იესო, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, სამეფოს შესახებ წმინდა საიდუმლოს დასრულებაზე მოწმობს. ის ამბობს: „მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“. ის არის დავითის მარადიული მემკვიდრე, სამეფო შეთანხმების მარადიული მხარე და ის, ვისზეც რიცხვების 24:17-ში იყო ნაწინასწარმეტყველები. სატანის, მხეცისა და დიდი ბაბილონის მცდელობამ (გმც. 12:1—10; 17:3—14) ხელი ვერ შეუშალა ამ „ვარსკვლავს“, დავითის სახლიდან ამოსულიყო და ზეციერ ტახტზე მარადიულად დამჯდარიყო (გმც. 22:6—16).

სული, ღვთის მოქმედი ძალა, პატარძალთან ერთად იწვევს ყველა მომსმენს, უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი. გამოცხადების ბოლოს იესო აფრთხილებს, რომ ამ წინასწარმეტყველებას არავინ არაფერი დაამატოს ან მოაკლოს და აცხადებს, რომ ის მალე მოვა, რაზეც იოანე პასუხობს: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გმც. 22:17—21).

გამოცხადების წიგნი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ღვთის ხალხს სულიერ ძალას ჰმატებს და წვდომის უნარს სძენს. ის ცხადყოფს, რამდენად არის დაინტერესებული ღმერთი თავისი ხალხით და რა სათუთად ზრუნავს მათზე იესო ქრისტე, კარგი მწყემსი. იესომ ზუსტად იცის, რა ხდება კრებებში და რისი გაკეთებაა საჭირო. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს პირველი სამი თავიდან.

ზოგის აზრით, გამოცხადების წიგნი მეტისმეტად სიმბოლური ენითაა დაწერილი და შეუძლებელია მისი გაგება, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მას პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია. მაგრამ იეჰოვა ღმერთს სურს, რომ მისმა ხალხმა გაიგოს ის. მან იმიტომ დააწერინა ბიბლია, რომ მათთვის გასაგები და სახელმძღვანელოდ გამოსადეგი ყოფილიყო. „გამოცხადების“ ასახსნელად იგივე პრინციპებია საჭირო, რაც ბიბლიის სხვა წიგნების ასახსნელად. მოციქულმა პავლემ მოიხსენია ეს პრინციპები. მან ახსნა, როგორ ამჟღავნებს ღმერთი დაფარულ სიბრძნეს თავისი სულის მეშვეობით და თქვა: „არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით, რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ“ (1კრ. 2:8—13). ბიბლიის სხვადასხვა წიგნის (და ზოგ შემთხვევაში ბიბლიურ დროში არსებული წეს-ჩვეულებების) გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მათში მოხსენიებული ბევრი რამ „გამოცხადებაში“ სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული. ამ ბიბლიური მონაკვეთების ერთმანეთთან შედარება ხშირად „გამოცხადებაში“ გამოყენებული სიმბოლოს მნიშვნელობის გაგებაში გვეხმარება. თუმცა უნდა ითქვას, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს ან სხვადასხვა რამის სიმბოლო იყოს.

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები გამოცხადებიდან

გვიმჟღავნებს ღვთის თვალსაზრისს არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე რას უშვებს და რას აკეთებს ღმერთი ქრისტეს მეშვეობით „უფლის დღის“ განმავლობაში.

წიგნში გვხვდება მთელი რიგი ხილვებისა, რომლებიც მოციქულმა იოანემ დაახლ. ახ. წ. 96 წელს ჩაწერა.

განდიდებული ქრისტე სიყვარულით აძლევს რჩევებს სამეფოს თანამემკვიდრეებს (1:1—3:22)

ეფესოს კრება მოთმინებას ავლენს, მაგრამ მიტოვებული აქვს თავდაპირველი სიყვარული.

სულიერად მდიდარ სმირნის კრებას იესო მოუწოდებს, ერთგული დარჩეს განსაცდელის დროს.

პერგამონის კრება დევნის მიუხედავად ეჭიდება ქრისტეს სახელს, მაგრამ სექტანტობას იწყნარებს.

თიატირის კრება ადრინდელზე მეტ საქმეს აკეთებს, მაგრამ არ ეწინააღმდეგება იზებელის გავლენას.

სარდისის კრება სულიერად მკვდარია. ის უნდა გამოცოცხლდეს.

ფილადელფიის კრება იცავს ქრისტეს სიტყვას. იესო მოუწოდებს მას, ჩაეჭიდოს იმას, რაც აქვს.

ლაოდიკეის კრება ნელთბილია. მან ქრისტესგან უნდა შეიძინოს ის, რაც სულიერი განკურნებისთვის სჭირდება.

ხილვა იეჰოვას ზეციერ სამყოფელზე (4:1—5:14)

ნაჩვენებია 24 უხუცესითა და 4 ცოცხალი ქმნილებით გარშემორტყმულ ტახტზე მჯდომი იეჰოვას შთამბეჭდავი დიდებულება. მას ხელში უჭირავს შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი გრაგნილი.

ცხადდება, რომ კრავი ღირსია, აიღოს გრაგნილი და გახსნას.

კრავი ხსნის გრაგნილის ექვს ბეჭედს (6:1—17)

პირველი ბეჭდის გახსნის შემდეგ თეთრცხენიან მხედარს ეძლევა გვირგვინი. ის გამოდის და იპყრობს, რათა სრულად დაიპყროს.

მომდევნო სამი ბეჭდის გახსნის შემდეგ გამოდის კიდევ სამი მხედარი, რომელთაც კაცობრიობისთვის ომი, შიმშილი და სიკვდილი მოაქვთ.

მეხუთე ბეჭდის გახსნის შემდეგ ქრისტეს გამო დახოცილები მათი სისხლისთვის შურისძიებას ითხოვენ. თითოეულს თეთრი სამოსელი ეძლევა.

მეექვსე ბეჭდის გახსნას მოჰყვება დიდი მიწისძვრა, რომელიც ღვთისა და კრავის რისხვის დღეს მოასწავებს.

დედამიწის ოთხი ქარის შეკავება (7:1—17)

იოანეს ესმის, რომ ოთხ ქარს მანამდე შეაკავებენ, ვიდრე ღვთის მონებს ბეჭედი არ დაესმებათ. ბეჭედდასმულთა რიცხვი არის 144 000.

იოანე ხედავს უამრავ ხალხს ყველა ერიდან, რომლის დათვლაც არავის შეეძლო. ისინი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან.

მეშვიდე ბეჭედი იხსნება (8:1—11:14)

ზეცაში ნახევარსაათიანი დუმილია. სამსხვერპლოს ცეცხლს დედამიწაზე ისვრიან. შვიდი ანგელოზი საყვირების ჩასაბერად ემზადება.

პირველი ოთხი საყვირი მოასწავებს უბედურებას დედამიწაზე, ზღვაზე, წყაროს წყლებზე, მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე.

მეხუთე საყვირს გამოჰყავს კალიების გუნდი, მეექვსე საყვირის ჩაბერვას კი — თავზარდამცემი ცხენოსანთა ჯარი.

იოანე ჭამს პატარა გრაგნილს და იგებს, რომ კვლავ უნდა იწინასწარმეტყველოს.

ის ზომავს საწმინდარს. ჯვალოთი შემოსილი ორი მოწმე წინასწარმეტყველებს. მათ ხოცავენ, მაგრამ ისინი ცოცხლდებიან.

მეშვიდე საყვირი აცხადებს სამეფოს დაბადებას (11:15—12:17)

ისმის მეშვიდე საყვირის ხმა და ცხადდება, რომ დამყარდა იეჰოვას სამეფო და ქრისტემ ძალაუფლება მიიღო.

ზეცაში ქალი აჩენს ვაჟს.

დრაკონი ცდილობს, შთანთქას ბავშვი. იწყება ომი ზეცაში. მიქაელი დედამიწაზე ყრის დრაკონსა და მის ანგელოზებს.

დრაკონი ებრძვის ქალის შთამომავლებიდან დანარჩენებს.

ზღვიდან ამომავალი მხეცი (13:1—18)

ზღვიდან ამოდის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

დრაკონი ძალაუფლებას აძლევს მხეცს. მხეცი, რომელსაც ბატკნის მსგავსი ორი რქა აქვს, შვიდთავიანი მხეცის ქანდაკებას ამზადებს. ხალხს აიძულებენ, თაყვანი სცენ მხეცს და მისი ნიშანი დაისვან.

იეჰოვას ერთგული მსახურების საქმეები (14:1—20)

144 000 სიონის მთაზე ახალ სიმღერას მღერის.

ზეცაში მფრენი ანგელოზები აცხადებენ მნიშვნელოვან ცნობებს.

კაცის ძის მსგავსი მოსავალს იმკის დედამიწაზე.

ანგელოზი დედამიწის ვაზს წურავს ღვთის საწნახელში, საიდანაც ბევრი სისხლი გამოდის.

ზეციერი საწმინდრიდან იეჰოვა ავალებს შვიდ ანგელოზს, გადაღვარონ მისი რისხვის შვიდი თასი (15:1—16:21)

პირველი ექვსი თასი იღვრება დედამიწაზე, ზღვაზე, წყლის წყაროებზე, მხეცის ტახტსა და მდინარე ევფრატზე.

ღვთის მსახურებმა უნდა იფხიზლონ, რადგან დემონების შთაგონებული სიტყვებით მეფეები იკრიბებიან არმაგედონში საბრძოლველად.

ჰაერზე მეშვიდე თასის გადაღვრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

ხილვები დიდი ბაბილონის აღსასრულის შესახებ (17:1—18:24)

წმინდების სისხლით მთვრალი დიდი ბაბილონი ზის შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე. ათივე რქა უპირისპირდება მას და ანადგურებს.

ცხადდება მისი დაცემა. ღვთის ხალხი უნდა გამოვიდეს მისგან.

დედამიწაზე ბევრი გლოვობს მის საბოლოო განადგურებას.

კრავის ქორწილი (19:1—10)

ზეცაში განადიდებენ იაჰს ბაბილონის განადგურებისთვის.

დიდძალი გუნდი ხმამაღლა აცხადებს კრავის ქორწილს.

მეფეთა მეფე იმარჯვებს ერებზე (19:11—21)

„ღვთის სიტყვა“ ილაშქრებს ერების წინააღმდეგ. ის ცეცხლის ტბაში ყრის მხეცსა და ცრუწინასწარმეტყველს და კლავს ღვთის ყველა მტერს. ცხოველები ჭამენ მათ ხორცს.

სატანის უფსკრულში ჩაგდება. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა (20:1—21:8)

სატანა 1000 წლით იქნება უფსკრულში ჩაგდებული.

იესოს თანამმართველები მასთან ერთად იქნებიან მოსამართლეები 1000 წლის მანძილზე, რის შემდეგაც სატანა ცოტა ხნით გათავისუფლდება. ის კვლავ შეეცდება ადამიანების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ ის და მისი მიმდევრები საბოლოოდ განადგურდებიან.

სიკვდილი, სამარე და ზღვა აძლევს მათში მყოფ მკვდრებს, რომელთაც დიდ თეთრ ტახტზე მჯდომი ასამართლებს. სიკვდილი და სამარე ცეცხლის ტბაში იქნებიან ჩაყრილი.

იოანე ხედავს ახალ ცასა და ახალ დედამიწას.

ახალი იერუსალიმი (21:9—22:21)

გაბრწყინებული ახალი იერუსალიმი ჩამოდის ზეციდან და ხალხები მისი სინათლით ივლიან. მისგან მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე, რომლის ორივე ნაპირზე განმკურნავი ხეები დგას.

გამოცხადება მთავრდება იეჰოვასა და იესოს საბოლოო დარიგებებით. სული და პატარძალი ყველა მწყურვალს იწვევენ, უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება