სიმართლე
ებრაული სიტყვები ცედეკ და ცედაკაჰ და ბერძნული სიტყვა დიკეოსინე პატიოსნების, სიმართლის აზრს ატარებს და სიმართლის განმსაზღვრელ ნორმებზე მიუთითებს. სიტყვა „სიმართლე“ ხშირად გვხვდება ისეთ კონტექსტებში, სადაც მოსამართლეზე ან გასამართლებაზეა საუბარი, რაც მას გარკვეულწილად იურიდიულ დატვირთვას სძენს (აქედან გამომდინარე, ეს ებრაული და ბერძნული სიტყვები ზოგჯერ ითარგმნება როგორც „სამართალი“) (ფს. 35:24; 72:2; 96:13; ეს. 11:4; გმც. 19:11). მოსეს კანონში, კერძოდ, ლევიანების 19:36-ში, ცედეკ ოთხჯერ არის გამოყენებული სავაჭრო საქმიანობის კონტექსტში: „ზუსტი [„სწორი“, AT, KJ, Le, სსგ, ბსგ] სასწორი, ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ“.
ღმერთი ადგენს სტანდარტს. ბერძნული ენის სპეციალისტი, კენეთ უესტი წერდა: „ღმერთი ადგენს იმის უცილობელ სტანდარტს, თუ რას მოიცავს დიკეოს [სიმართლე]. ის უცვლელად ინარჩუნებს მის მნიშვნელობას, რადგან თავადაც არ იცვლება“. მას აგრეთვე მოჰყავს ჰერმან კრემერის განმარტება: „ბიბლიური გაგებით სიმართლე არის მართლის თვისება, რომლის სტანდარტსაც ღმერთი ადგენს და რომლის შეფასებაც ღვთის მიერ დადგენილი სტანდარტით ხდება. ის ვლინდება ღვთისმოსაწონ ქმედებაში და უპირველეს ყოვლისა, ღმერთთან ურთიერთობასა და მის წინაშე სიარულს უკავშირდება. მას მართებულად ეწოდება დიკეოსუნე თეუ (ღვთის სიმართლე) (რმ. 3:21; 1:17) ანუ ღვთისთვის დამახასიათებელი სიმართლე, ღვთაებრივი სიმართლე, რაც ღვთის თვალში ფასობს; იხ. ეფ. 4:24. ამგვარი სიმართლე სახარებასთან (რმ. 1:17) ერთად იქადაგება ქვეყნიერებაში, რომელიც აქამდე სხვა ნორმებით ხელმძღვანელობდა“ (Studies in the Vocabulary of the Greek New Testament, 1946, გვ. 37).
ლუკას სახარებიდან ჩანს, თუ რით განისაზღვრება სიმართლე. მასში მღვდელ ზაქარიასა და მის ცოლ ელისაბედზე (იოანე ნათლისმცემლის მშობლები) ნათქვამია: „ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, რადგან უმწიკვლოდ დადიოდნენ იეჰოვას მცნებებისა და დადგენილებების თანახმად“ (ლკ. 1:6). სიმართლე ღვთის ნებისა და მისი მცნებების შესრულებაზეა დამოკიდებული. ღმერთი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მითითებას აძლევდა ადამიანებს, მაგალითად, მას ნოეს გარდა არავისთვის უბრძანებია კიდობნის აგება, წინადაცვეთასთან დაკავშირებული მითითება კი აღარ გაუმეორებია ქრისტიანებისთვის. მაგრამ ღვთის ნორმები, მისი პიროვნება და არსი (რასაც მისი სიტყვები და ქმედებები ცხადყოფს) არასდროს იცვლება. ამგვარად ის ადგენს სრულყოფილ სტანდარტს, რომელიც კლდესავით მტკიცე და ურყევია და რომლის საფუძველზეც შეიძლება მისი ყველა ქმნილების ქმედების შეფასება (კნ. 32:4; იობ. 34:10; ფს. 92:15; ეზკ. 18:25—31; 33:17—20).
სიკარგე და სიმართლე. ქრისტეს გამოსასყიდზე საუბრისას მოციქული პავლე სიკარგესა და სიმართლეს ერთმანეთისგან შემდეგნაირად ასხვავებს: „ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რმ. 5:7, 8). მართალი შეიძლება ვუწოდოთ მას, ვინც ასრულებს თავის მოვალეობებს, სამართლიანი, მიუკერძოებელი და პატიოსანია, არაფერს აშავებს და არც უზნეობას სჩადის, ანუ თავისი მაღალზნეობრიობითა და სიმართლით არის ცნობილი. მაგრამ, როგორც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, ასეთ ადამიანს გარკვეულწილად სჯობნის კარგი ადამიანი. ფაქტია, კარგი ადამიანი ვერ იქნება უმართლო და უსამართლო, მაგრამ მას სხვა თვისებებიც აქვს, რითაც მართალი კაცისგან გამოირჩევა. ბერძნული სიტყვა, რომელიც კარგი ადამიანის აღსაწერად გამოიყენება, იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანი კაცთმოყვარე (მზად არის სხვების დასახმარებლად) და სხვების შემწეა (თავის სიკარგეს საქმით ამტკიცებს). ის მხოლოდ სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ სჯერდება და მეტს აკეთებს, რისკენაც სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი და მათი დახმარების სურვილი აღძრავს (შდრ. მთ. 12:35; 20:10—15; ლკ. 6:9, 33, 35, 36; ინ. 7:12; სქ. 14:17; რმ. 12:20, 21; 1თს. 5:15).
როგორც ჩანს, პავლეს აქ იმის თქმა სურს, რომ მართალ კაცს შეიძლება პატივს სცემდნენ და მისით აღტაცებულნიც კი იყვნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მისთვის თავი გასწირონ. მაგრამ კარგი კაცი, რომელიც თბილია, სხვებს ეხმარება, მზრუნველი და გულმოწყალეა, სხვების სიყვარულს იმსახურებს და მისმა კარგმა საქმეებმა შეიძლება ვინმეს მისთვის თავიც კი გააწირვინოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიაში „კარგი“ დაპირისპირებულია „ცუდთან“ (ინ. 5:29; რმ. 9:11; 2კრ. 5:10; 3ინ. 11) და „ბოროტებასთან“ (მთ. 5:45; რმ. 12:9; რმ. 16:19; 1პტ. 3:11), „მართალი“ კაცი კი დაპირისპირებულია „ცოდვილთან“ (უმართლო ადამიანთან) (მრ. 2:17; ლკ. 15:7). ადამიანს შეიძლება ცოდვილი ვუწოდოთ (რადგან სიმართლის ნორმებს არ შეესაბამება), მაგრამ არა მაინცდამაინც ცუდი ან ბოროტი. აგრეთვე ვინმე შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, არა მაინცდამაინც კარგი.
იოსებ არიმათეელი „კარგი და მართალი“ კაცი იყო. არასრულყოფილი ადამიანების შემთხვევაში ეს სიტყვები პირობითია (ლკ. 23:50; შდრ. მთ. 19:16, 17; მრ. 10:17, 18; იხ. სიკარგე [როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას]). ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი იყო „წმინდა [ღვთისგან მომდინარე], მართალი [სრულყოფილად სამართლიანი] და კარგი [მის დამცველთათვის ყოველმხრივ სასარგებლო]“ (რმ. 7:12; შდრ. ეფ. 5:9).
იეჰოვა მართალი ღმერთია. ებრაული სიტყვები ცედეკ, ცედაკაჰ და ბერძნული დიკეოსინე ხშირად გამოიყენება იმ კონტექსტებში, სადაც ღვთის სიმართლეზეა საუბარი. ღმერთი სიმართლეს ავლენს უზენაესი ძალაუფლების გამოყენებისას (იობ. 37:23; ფს. 71:19; 89:14), სამართლის აღსრულებისას და გასამართლებისას (ფს. 9:8; 85:11; ეს. 26:9; 2კრ. 3:9), თავისი ხალხის დასჯისას (ეს. 10:22), სასამართლოში თავისი სიმართლის დამტკიცებისას (ფს. 51:4; რმ. 3:4, 5) და თავისი ხალხის გამართლებისას (მქ. 7:9).
ბიბლიაში იეჰოვას „სიმართლის სამყოფელი“ ეწოდება (იერ. 50:7). აქედან გამომდინარე, ის არის მართალი და მის ქმნილებათა სიმართლე ღმერთთან მათ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. იეჰოვა არასდროს ღალატობს თავისივე დადგენილ სიმართლის ნორმებს. ამიტომაც მის ქმნილებებს შეუძლიათ, სრული ნდობა გამოუცხადონ მას. იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „სიმართლე და სამართლიანობაა შენი ტახტის საფუძველი“ (ფს. 89:14).
მწყალობელი, ამავე დროს მართალი. იეჰოვა თავისი სიმართლიდან, სამართლიანობიდან და სიწმინდიდან გამომდინარე ცოდვას არ იწყნარებს (ფს. 5:4; ეს. 6:3, 5; აბკ. 1:13; 1პტ. 1:15). შესაბამისად ის ვერ აპატიებდა კაცობრიობას ცოდვებს, თუ არ დააკმაყოფილებდა სამართლიანობის ნორმებს, ანუ თუ არ ექნებოდა ამის კანონიერი საფუძველი. თავისი წყალობიდან გამომდინარე მან შექმნა ასეთი საფუძველი, როცა ცოდვების გამოსასყიდად თავისი ძე გაიღო შერიგების მსხვერპლად. ამგვარად მას შეუძლია, სამართლიანად გამოავლინოს წყალობა ცოდვილთა მიმართ, რომლებიც აფასებენ მის ამ ღონისძიებას. პავლე ამას შემდეგნაირად ხსნის: „ახლა კი კანონისგან დამოუკიდებლად გახდა ცხადი ღვთის სიმართლე ... ღვთის სიმართლე ცხადი გახდა იესო ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით ... ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით ... რათა ის [ღმერთი] მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ [ცოდვილ ადამიანებს], ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:21—26; იხ. მართლად აღიარება).
ღვთის სიმართლის ძიება. იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და [ღვთის] სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მთ. 6:33). ადამიანი უნდა ეძებდეს სამეფოს. მას უნდა სურდეს ამ ხელისუფლების დამყარება და მისი ერთგული უნდა იყოს. მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ღვთის სამეფოა. ის უნდა დაემორჩილოს ღვთის ნებას, უნდა იქცეოდეს ღვთის მიერ დადგენილი სიმართლის ნორმების თანახმად, მუდმივად უნდა განიახლოს გონება, რათა ცხოვრების ყველა სფეროში ღვთის სიმართლეს შეესაბამებოდეს (რმ. 12:2). მან უნდა შეიმოსოს „ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფ. 4:23, 24).
იესოს დროს ებრაელები თავს არხეინად გრძნობდნენ და ფიქრობდნენ, რომ თავიანთი სიმართლის დადგენით დაიმკვიდრებდნენ ღვთის სამეფოს. ისინი ღვთის სიმართლეს არ ემორჩილებოდნენ (რმ. 10:1—3). სწორედ ამიტომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში“. ფარისევლები და მწიგნობრები მართალი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რადგან ემორჩილებოდნენ კანონის გარკვეულ მოთხოვნებსა და თავიანთ მოგონილ ადათ-წესებს. მაგრამ სინამდვილეში მათ თავიანთი ადათ-წესებით ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვას და უარყვეს ქრისტე, რომლის რწმენაც მათ იმის საშუალებას მისცემდა, ღვთის თვალში მართლები ყოფილიყვნენ (მთ. 5:17—20; 15:3—9; რმ. 10:4).
სიმართლე საქმეებზე არ არის დამოკიდებული. ფაქტია, რომ არასრულყოფილი ადამიანი ვერასდროს გახდება მართალი ამ სიტყვის სრული გაგებით, ანუ სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილებს ღვთის სამართლიან მოთხოვნებს ვერც მოსეს კანონის დაცვით და ვერც საკუთარი სიმართლის საქმეებით (რმ. 3:10; 9:30—32; გლ. 2:21; 3:21; ტიტ. 3:5). ვისაც ღმერთი მართლებს უწოდებდა, ღვთის მორწმუნენი იყვნენ. ისინი საკუთარ საქმეებზე არ ყოფილან დაიმედებულნი, თავიანთ რწმენას ისინი ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისი საქმეებით ამტკიცებდნენ (დბ. 15:6; რმ. 4:3—9; იაკ. 2:18—24).
კანონი მართალი იყო. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოსეს მეშვეობით მიცემული კანონი არ მოიცავდა ღვთის სამართლიან ნორმებს. მოციქული პავლე ასე მსჯელობს: „ასე რომ, კანონი წმინდაა. მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი“ (რმ. 7:12; კნ. 4:8). კანონმა ღვთის ნებისამებრ ცხადი გახადა დარღვევები და გულმართალი ებრაელებისთვის გახდა ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელი. ის მომავალ კურთხევათა ჩრდილიც იყო (გლ. 3:19, 24; ებ. 10:1). მაგრამ კანონს დაქვემდებარებულები მისი დაცვით ვერ გახდებოდნენ ბოლომდე მართლები. ისინი ცოდვილები იყვნენ და კანონის სრულყოფილად დაცვა არ შეეძლოთ. მათ ცოდვებს ვერც მღვდელმთავარი გააუქმებდა მსხვერპლშეწირვითა და მღვდელმსახურებით. ამიტომ, ისინი მართლებად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ აღიარებულნი, თუ დააფასებდნენ ღვთისა და მისი ძის მიერ გაღებულ მსხვერპლს (რმ. 8:3, 4; ებ. 7:18—28). ვინც ქრისტე ირწმუნა, მართლად იქნა აღიარებული, რაც მათი დამსახურება კი არა, ძღვენი იყო. მათთვის ქრისტე „გახდა სიბრძნე ღვთისგან, სიმართლე, სიწმინდე და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი“. ასე რომ, ადამიანი მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით თუ გახდება ჭეშმარიტად მართალი. ეს განადიდებს იეჰოვას, როგორც სიმართლის წყაროს და არა რომელიმე ადამიანს ან ვინმეს საქმეებს, «რათა იყოს ისე, როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“» (1კრ. 1:30, 31; რმ. 5:17).
რა სიკეთე მოაქვს სიმართლეს. ღმერთს უყვარს მართლები და ზრუნავს მათზე. დავითმა დაწერა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფს. 37:25). სოლომონმა თქვა: „იეჰოვა მართლის სულს არ მოაშივებს, ბოროტთა საწადელს კი გააქარწყლებს“ (იგ. 10:3). ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით სიმართლით გაასამართლებს ადამიანებს და შექმნის „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (სქ. 17:31; 2პტ. 3:13). საბოლოოდ მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას, ბოროტები კი აღიგვებიან. ისინი მართლების გამოსასყიდი იქნებიან, რადგან ვიდრე ბოროტები მძლავრობენ, მართლები მშვიდად ვერ იცხოვრებენ. მართლები ბოროტთა ქონებას დაეუფლებიან, როგორც ბიბლიურ იგავშია ნათქვამი: „ცოდვილთა სიმდიდრე მართალთათვის შეინახება“ (იგ. 13:22; 21:18).
სიმართლით მავალნი ღვთის კეთილგანწყობას იმსახურებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი არ დაივიწყებს გულმართლებს არც ახლა, არც მომავალში, რადგან მართალთა კარგი სახელი კურთხეული იქნება მარადიულად, „ბოროტთა სახელი კი გაიხრწნება“ (იგ. 10:7; ფს. 112:6).
მართალთა პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება. ბრძნულად ვიქცევით, თუ პატივს ვცემთ მათ, ვისაც იეჰოვა თვლის მართლად და ვითვალისწინებთ მათ რჩევასა და შეგონებას, რაც ჩვენთვისვეა სასარგებლო. იეჰოვამ დავითი მართალი ხალხის — თავისი მსახურებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით შეაგონა. მათ შესახებ დავითმა თქვა: „მართლის დარტყმა სიკეთე იქნება ჩემთვის, მისი შეგონება — ზეთი ჩემი თავისთვის, მე უარს არ ვიტყვი ამაზე“ (ფს. 141:5).
„სიმართლის ჯავშანი“. ბიბლია გვიხსნის, რატომ უნდა ატაროს ქრისტიანმა „სიმართლის ჯავშანი“: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგ. 4:23; ეფ. 6:14). გული რომ არ გაუბოროტდეს, ღვთის მიერ დადგენილი სიმართლით უნდა იცხოვროს, რადგან ცოდვილი ადამიანის გული ვერაგი და უმართავია (იერ. 17:9). გულს მუდმივი წვრთნა სჭირდება, რასაც ქრისტიანი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს გაითვალისწინებს. მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, ბიბლია „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. ქრისტიანმა მადლიერებით უნდა მიიღოს შეგონება მართლისგან, რომელიც ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობს (2ტმ. 3:16, 17).