სერაფიმები
იეჰოვას ტახტთან მდგარი სულიერი ქმნილებები (ეს. 6:2, 6). ებრაული სიტყვა სერაფიმ მრ. რ-ში მდგარი არსებითი სახელია, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან სარაფ, რაც ნიშნავს წვას (ლვ. 4:12). ამგვარად, ებრაული სიტყვა სერაფიმ სიტყვასიტყვით ნიშნავს მწველებს. ბიბლიის სხვა ადგილებში მხ-სა და მრ-ში გამოყენებული ეს არსებითი სახელი (ებრ. სარაფ) მიუთითებს მიწიერ ქმნილებებზე. ამ შემთხვევებში ის შხამიან ან გესლიან (ანთების გამომწვევ) გველს ნიშნავს (რც. 21:6, 8).
ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას ასე აღგვიწერს: «მეფე უზიას სიკვდილის წელს ვიხილე დიდებულ და ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა; მისი სამოსის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ. თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდა, ორით — ფეხებს, ორითაც დაფრინავდა. ერთი მეორეს გასძახოდა: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი! დედამიწაზე ყველაფერი მის დიდებას ირეკლავს!“ ... ვთქვი: „ვაიმე! დადუმებულივით ვარ, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ. ჩემმა თვალებმა მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა!“ მაშინ ერთ-ერთი სერაფიმი მოფრინდა ჩემთან, ხელში სამსხვერპლოდან მაშით აღებული გავარვარებული ნაკვერჩხალი ეჭირა. ბაგეებზე დამადო და მითხრა: „აი, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგშორდა დანაშაული და მოგეტევა ცოდვა“» (ეს. 6:1—7).
ესაია ღმერთს არ აღგვიწერს. თუმცა იმას კი ამბობს, რომ მისი დიდებული სამოსის კალთები ავსებდა ტაძარს ისე, რომ დასადგომი ადგილი არ რჩებოდა. ღვთის ტახტი მიწაზე არ იდგა. ის დიდებული და ამაღლებული იყო. სერაფიმების დგომა შესაძლოა ლივლივს ნიშნავს, რასაც ისინი ერთი წყვილი ფრთის წყალობით ახერხებდნენ. ამავე გაგებით „იდგა“ ღრუბლის სვეტი უდაბნოში იეჰოვას კარვის შესასვლელთან (კნ. 31:15). პროფესორი ფრანც დელიჩი სერაფიმების განლაგების შესახებ წერდა: „სინამდვილეში, სერაფიმები ტახტზე მჯდომის ზემოთ არ ყოფილან განლაგებულნი, ისინი ლივლივებდნენ მისი სამოსის ზემოთ, რომლითაც დარბაზი იყო ავსებული“ (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. VII, ნაწ. 1, გვ. 191). ლათინურ ვულგატაში ნათქვამია, რომ სერაფიმები ღვთის ტახტის ზემოთ იდგნენ და არა ღვთის ზემოთ (ეს. 6:1, 2).
მაღალი რანგის ანგელოზები. ეს ძლიერი ზეციერი ქმნილებები ანგელოზები არიან, რომელთაც ღვთის ორგანიზაციაში, როგორც ჩანს, ძალიან მაღალი მდგომარეობა უკავიათ. ამას იქიდან ვასკვნით, რომ ისინი ღვთის ტახტთან მსახურობენ. რაც შეეხება ქერუბიმებს, ეზეკიელის ხილვაში ისინი ღვთის ზეციერ ეტლს დაჰყვებოდნენ (ეზკ. 10:9—13). ზეცაში სხვადასხვა რანგისა და ძალაუფლების არსებობაზე კოლოსელების 1:16-ში ჩაწერილი სიტყვებიც მიუთითებს, სადაც მოხსენიებულია „ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები“.
ფუნქცია-მოვალეობანი. ესაია სერაფიმთა რაოდენობას არ აკონკრეტებს. ის მხოლოდ ამბობს, რომ ერთი მეორეს გასძახოდნენ, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ტახტის აქეთ-იქით იდგნენ და იეჰოვას სიწმინდესა და დიდებას მონაცვლეობით აცხადებდნენ. ერთი (ან ერთი ჯგუფი) მეორეს ნათქვამს იმეორებდა ან ერთმანეთის მონაცვლეობით იძახდა: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი! დედამიწაზე ყველაფერი მის დიდებას ირეკლავს!“ (შდრ. კანონის 27:11—26, სადაც აღწერილია, როგორ ეხმაურებოდა კანონის კითხვას ხალხი). უზენაესის წინაშე თავმდაბლობისა და მოკრძალების ნიშნად სერაფიმები ერთი წყვილი ფრთით სახეს იფარავდნენ და, რადგან წმინდა ადგილას იმყოფებოდნენ, ზეციერი მეფის პატივისცემის ნიშნად კიდევ ერთი წყვილი ფრთით ფეხებს იფარავდნენ (ეს. 6:2, 3).
ვინაიდან სერაფიმები ღვთის სიწმინდეს აცხადებენ, მათ ევალებათ იმაზე ზრუნვა, რომ მთელ სამყაროში, მათ შორის დედამიწაზე, გაცხადდეს ღვთის სიწმინდე და ყველამ აღიაროს მისი დიდება. ესაიასთვის ცოდვა და დანაშაული რომ ჩამოეშორებინა, ერთ-ერთმა მათგანმა მას ბაგეზე სამსხვერპლოდან აღებული გავარვარებული ნაკვერჩხალი დაადო. ეს, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ სერაფიმთა საქმე ღვთის ხალხის ცოდვისგან განწმენდას უკავშირდება, რასაც ისინი ღვთის სამსხვერპლოზე აღვლენილი იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ახორციელებენ (ეს. 6:3, 6, 7).
ხილვაში მოცემული აღწერილობა. აღწერილობის მიხედვით სერაფიმებს აქვთ ფეხები, ფრთები თუ სხეულის სხვა ნაწილები, მაგრამ ეს პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ. ისინი მიწიერ ქმნილებებს იმიტომ არიან მიმსგავსებულნი, რომ წარმოდგენა შეგვექმნას მათ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე. ღმერთიც ამ გაგებით მოიხსენიებს თავის თვალებს, ყურებსა თუ სხვა ადამიანურ თავისებურებებს. მოციქულმა იოანემ შემდეგი სიტყვებით გვაჩვენა, რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის, სინამდვილეში როგორ გამოიყურება ღმერთი: „საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ ცხადი არ გამხდარა, როგორები ვიქნებით. ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის“ (1ინ. 3:2).