სიყვარული (აგაპე) — რა არ არის და რა არის ის
„შეავსეთ. . . ძმური სიყვარული სიყვარულით“ (2 პეტრე 1:5, 7, აქ).
სიყვარული არის ერთ-ერთი თვისება ან ღირსება, რომელსაც ღმერთის სიტყვა, ბიბლია, დიდ უპირატესობას ანიჭებს. ქრისტიანული წერილების ორიგინალურ ენაში — ბერძნულში არის ოთხი სიტყვა, რომელიც ხშირად „სიყვარულად“ ითარგმნება. ახლა ჩვენ არ განვიხილავთ „ე΄როს“-ს (ეს სიტყვა არ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში), რომელიც ეხება სექსუალურ ლტოლვას; არც „სტორ·გე΄“-ს განვიხილავთ, გრძნობას, რომელიც დაფუძნებულია სისხლით ნათესაობაზე; აგრეთვე, არ განვიხილავთ „ფი·ლი΄ა“-ს, გულთბილ, მეგობრულ სიყვარულს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთდაფასებაზე, და რომელიც განვიხილეთ წინა სტატიაში. ახლა განვიხილავთ „ა·გა΄პე“-ს — სიყვარულს, რომელიც ეყრდნობა პრინციპს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ არის უანგარობის სინონიმი, სიყვარული, რომლის შესახებაც გვატყობინებდა მოციქული იოანე, როცა წერდა: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
2 ამ სიყვარულის („ა·გა΄პე“) შესახებ პროფესორი უილიამ ბარკლეი „ახალი აღთქმის სიტყვებში“ (New Testament Words) ამბობს: „აგაპე დაკავშირებულია გონებასთან: ის არ არის, უბრალოდ, ემოცია, რომელიც თავისთავად წარმოიშობა ჩვენს გულში [როგორც „ფი·ლი΄ა“-ს შემთხვევაში]; ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად ვცხოვრობთ. აგაპე მჭიდროდ არის დაკავშირებული ნებისყოფასთან. ის არის დაძლევა, გამარჯვება და მიღწევა. ჩვეულებრივ, თავისი მტრები არავის ჰყვარებია. მტრებისადმი სიყვარული არის ყველა ბუნებრივი მიდრეკილებებისა და გრძნობების დაძლევა. აგაპე. . . სინამდვილეში არის უნარი, გვიყვარდეს ისინი, რომლებიც არ იმსახურებენ სიყვარულს, გვიყვარდეს ადამიანები, რომლებიც არ მოგვწონს“.
3 დიახ, ყველა სხვა დანარჩენი თაყვანისმცემლობისგან, იეჰოვა ღმერთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განმასხვავებელი ნიშანი არის ასეთი სიყვარულისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. იესო ქრისტემ მართებულად დატოვა ორი უდიდესი მცნება: „პირველი არის. . . შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. . . მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არის“ (მარკოზი 12:29–31). მსგავსი მნიშვნელობა ჩადო სიყვარულში მოციქულმა პავლემ კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მეცამეტე თავში. მას შემდეგ, რაც ხაზი გაუსვა, რომ სიყვარული არის პირველი აუცილებელი თვისება, მან გააკეთა დასკვნა შემდეგი სიტყვებით: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული — ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია დიდი“ (1 კორინთელთა 13:13). იესომ მართებულად აღნიშნა, რომ სიყვარული მისი მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (იოანე 13:35).
რაც სიყვარული არ არის
4 ნათქვამია, რომ უფრო ადვილია იმის თქმა, თუ რა არ არის სიყვარული, ვიდრე იმისა, თუ რა არის ის. ეს გარკვეულწილად მართალია, ვინაიდან მოციქული პავლე, კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 13:4–8-ში, სიყვარულთან დაკავშირებით მოიხსენიებს ცხრა რამეს, რაც მას არ ახასიათებს და შვიდს — რაც ახასიათებს.
5 პირველი, რაც პავლეს თქმით არ ახასიათებს სიყვარულს, არის: „არ შურს [არ არის მოშურნე, აქ]“. ეს მოითხოვს მცირე განმარტებას, ვინაიდან არსებობს მოშურნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1958 წლის გამოცემა, V ტომი) „მოშურნეს“ განმარტავს როგორც „ძლიერ მოწადინებულს, გულმოდგინეს, მონდომებულს, თავგამოდებულს“. ასე რომ, გამოსვლის 34:14-ში („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა) მოსე აცხადებს: „რამეთუ არა ჴელ გეწიფების თქუჱნ თაყუანის ცემად ღმერთთა უცხოთა: რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი, ღმერთი მოშურნე არს“. გამოსვლის 20:5-ში (ძვო) იეჰოვა ამბობს: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე“. მსგავსად ამისა, პავლე წერდა: „თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთაებრივი თავგამოდებით“ (2 კორინთელთა 11:2).
6 მაგრამ, საერთოდ, ‘მოშურნეს’ აქვს ცუდი მნიშვნელობაც, რომლის გამოც ის გალატელების 5:20-ში მოხსენიებულია ხორცის საქმედ. დიახ, ასეთი მოშურნეობა, ანუ შური არის ეგოისტური და წარმოშობს სიძულვილს, ხოლო სიძულვილი კი სიყვარულის საპირისპიროა. სიძულვილმა მოაკვლევინა კაენს აბელი, ასევე, შურმა გამოიწვია ათი ნახევარძმის სიძულვილი იოსებისადმი, რამაც მათ მისი მოკვლა გადააწყვეტინა. სიყვარულს არ შურს სხვისი მატერიალური მდგომარეობა ან უპირატესობა, როგორც მეფე აქაბს, რომელსაც სიხარბის გამო შეშურდა ნაბოთის ვენახი (მესამე მეფეთა 21:1–19).
7 შემდეგ პავლე გვეუბნება, რომ სიყვარული „არ ყოყოჩობს“. ყოყოჩობით ვლინდება სიყვარულის უკმარისობა, ვინაიდან ყოყოჩა პიროვნებები საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებენ. იეჰოვას არ მოსწონს ყოყოჩები, რაც შეგვიძლია დავინახოთ იქიდან, თუ როგორ დაამდაბლა მან ყოყოჩა მეფე ნაბუქოდონოსორი (დანიელი 4:27–32). ხშირად, ადამიანი გაუთვითცნობიერებლად ყოყოჩობს, როცა აღწევს გარკვეულ ცოდნას ან მატერიალურ წარმატებას. ზოგიერთს შეიძლება მიდრეკილება აქვს, იტრაბახოს ქრისტიანულ მსახურებაში მიღწეული წარმატებებით. სხვები არიან იმ უხუცესის მსგავსი, რომელმაც მაშინვე დაურეკა თავის მეგობრებს და შეატყობინა ახალი ავტომობილის ყიდვის შესახებ, რომელიც დაახლოებით, 50 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ყოველივე ეს არის სიყვარულის უკმარისობა, ვინაიდან ყოყოჩა ადამიანი საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს.
8 შემდეგ გვეუბნებიან, რომ სიყვარული „არ ამპარტავნობს“. ვინც ამპარტავანია, ანუ ქედმაღალია, სიყვარული არ გააჩნია და სხვებზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს. ასეთი განწყობილება ძალიან არაბრძნულია, ვინაიდან „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს აძლევს“ (იაკობი 4:6). სიყვარულით მოქმედება სწორედ ამის საპირისპიროა; ის სხვებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებს. ფილიპელთა 2:2, 3-ში პავლე წერდა: „შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა იგივეს ზრახვიდეთ, გქონდეთ იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთნაირი მოსაზრებით. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით საკუთარ თავზე მატად შერაცხეთ ერთმანეთი“. ასეთი გონებრივი პოზიცია სხვებისთვის ნუგეშის მომგვრელია, მაშინ როდესაც ქედმაღალი პიროვნება თავისი სიფიცხით სხვებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
9 შემდგომ პავლე ამბობს, რომ სიყვარული „არ სჩადის უწესობას“. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „უწესობას“ (უწესოს) განმარტავს, როგორც „წესიერებას მოკლებული, — უწესრიგო, ურიგო“. პიროვნება, რომელიც უწესოდ (უსიყვარულოდ) იქცევა, უგულებელყოფს სხვების გრძნობებს. ბიბლიის მრავალ თარგმანში ეს ბერძნული სიტყვა გადმოთარგმნილია როგორც „უკმეხი“. ასეთი პიროვნება მასხარად იგდებს წესიერების ნორმებსა და კარგ გემოვნებას. ნამდვილად, სხვებისადმი სიყვარულით მოპყრობა ნიშნავს, თავი ავარიდოთ ყოველგვარ უკმეხობას ან უწესობას, ყველაფერს, რაც შეურაცხყოფას მიაყენებს ან შეაცბუნებს სხვებს.
და კიდევ სხვა, რაც სიყვარული არ არის
10 შემდეგ გვეუბნებიან, რომ სიყვარული „არ ეძიებს თავისას“, როცა საქმე ეხება პირად და სხვის ინტერესებს შორის არჩევანს. სხვა ადგილზე მოციქული პავლე აღნიშნავს: „არასოდეს არავის არ სძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას“ (ეფესელთა 5:29). მიუხედავად ამისა, როცა ჩვენი ინტერესები ეჯახება სხვების ინტერესებს და საქმე არ ეხება სხვა ბიბლიურ პრინციპებს, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც აბრაამი მოიქცა ლოტთან, სიყვარულით მივანიჭოთ უპირატესობა სხვებს (დაბადება 13:8–11).
11 აგრეთვე, სიყვარული სწრაფად არ განაწყენდება. ამიტომ პავლე გვეუბნება, რომ სიყვარული „არ რისხდება“. ის არ არის ფიცხი. ის ავლენს თავშეკავებას. განსაკუთრებით, ეს გაფრთხილება გულთან ახლოს უნდა მიიტანონ ქორწინებაში მყოფმა წყვილებმა, რომ არ აუწიონ ხმას და გაღიზიანებულებმა არ უყვირონ ერთმანეთს. არსებობს მდგომარეობები, როცა შეიძლება ადვილად გაღიზიანდე, რის გამოც მოციქულმა პავლემ დაინახა ტიმოთესადმი ასეთი რჩევის მიცემის საჭიროება: „მონას ღმერთისას არ მართებს ჩხუბი, არამედ წყნარი იყოს ყველას მიმართ, განმსწავლელი, შემწყნარე, — დიახ, არ რისხდებოდეს, — სიმშვიდით დაარიგონ მოწინააღმდეგენი“ (2 ტიმოთე 2:24, 25).
12 როცა აგრძელებს ჩამოთვლას, რაც არ არის სიყვარული, პავლე იძლევა რჩევას: „სიყვარული. . . არ განიზრახავს ბოროტს [არ ითვლის განაწყენებას, აქ]“. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ ამჩნევს შეურაცხყოფას. იესომ გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა სერიოზულად გვაწყენინეს (მათე 18:15–17). მაგრამ სიყვარული ნებას არ გვრთავს, დავრჩეთ განაწყენებული, გულში დავიმარხოთ უკმაყოფილება. არ დავთვალოთ განაწყენება ნიშნავს, საღვთო წერილის მიხედვით საქმის განხილვის შემდეგ, ვაპატიოთ და დავივიწყოთ ის. დიახ, თავს ნუ დაიტანჯავ და ნუ გაიუბედურებ იმით, რომ კვლავ და კვლავ იფიქრო ცუდ რამეზე და ასეთნაირად ითვალო განაწყენება!
13 გარდა ამისა, გვეუბნებიან, რომ სიყვარული „არ ხარობს სიცრუით [არ ტკბება უსამართლობით, აქ]“. მსოფლიო ტკბება უსამართლობით, რაც ჩანს ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის შესახებ პოპულარული ლიტერატურიდან, ფილმებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან. ყოველგვარი ასეთი სიხარული ეგოისტურია და მათში არ არის ღმერთის სამართლიანი პრინციპებისადმი ან სხვების კეთილდღეობისადმი პატივისცემა. ნებისმიერი ასეთი ეგოისტური მისწრაფება ხორცისთვის თესავს და თავის დროზე ხორცისგან მოიმკის გახრწნას (გალატელთა 6:8).
14 და ბოლოს, ის რაც სიყვარულს არასდროს ემართება, არის: „სიყვარული არასოდეს არ მთავრდება“. სიყვარული არასდროს არ მთავრდება იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ‘საუკუნეთა მეფე’ (1 ტიმოთე 1:17). რომაელთა 8:38, 39 გვარწმუნებს, რომ იეჰოვას სიყვარული ჩვენდამი არასდროს დამთავრდება: „მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მმართველობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან, ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“. აგრეთვე, სიყვარული არასდროს მთავრდება, რადგან ის უნაკლოა. სიყვარული იტანს ყოველგვარ სიტუაციას, ყოველგვარ სიძნელეს.
ის, რაც არის სიყვარული
15 როცა მივიდა სიყვარულის დადებით მხარეებთან, პავლემ დაიწყო: „სიყვარული სულგრძელია“. როგორც აღნიშნული იყო, შეუძლებელია ქრისტიანი თანამორწმუნეების არსებობა სულგრძელობის, ანუ ერთმანეთის მიმართ მოთმინების გარეშე. ეს ასეა იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი არასრულყოფილია და ჩვენი არასრულყოფილება და ნაკლოვანებები სხვების მოთმინებას ცდის. არ უნდა გაგვაკვირვოს, რომ მოციქული პავლე იმის ჩამოთვლისას, რაც არის სიყვარული, პირველად მოიხსენიებს სიყვარულის ამ მხარეს!
16 პავლე გვაუწყებს, რომ ‘სიყვარული ქველმოქმედიცაა’. ესე იგი სიყვარული არის სხვებისადმი ყურადღებიანი, თავაზიანი და სარგებლობის მომტანი. ქველმოქმედება, ანუ სიკეთე საკუთარ თავს ავლენს როგორც დიდ, ისე მცირე საქმეებში. კეთილმა სამარიელმა ნამდვილად გამოავლინა ქველმოქმედება იმ კაცის მიმართ, რომელსაც ყაჩაღები დაესხნენ (ლუკა 10:30–37). სიყვარული სიამოვნებით ამბობს: „გეთაყვა“. იმის თქმა: „მომაწოდე პური“, არის ბრძანება. მაგრამ „გეთაყვას“ დამატებით ის თხოვნით მიმართვის სახეს ღებულობს. ქმრები კეთილნი არიან თავიანთი ცოლების მიმართ, როცა ისინი ითვალისწინებენ პეტრეს რჩევას მისი პირველი წერილის პეტრეს 3:7-დან: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეკიდეთ ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“. ცოლები კეთილნი არიან ქმრების მიმართ, როცა ‘შიში [ღრმა პატივისცემის გრძნობა, აქ]’ აქვთ მათ მიმართ (ეფესელთა 5:33). მამები კეთილნი არიან თავიანთი შვილების მიმართ, როცა მისდევენ რჩევას ეფესელთა 6:4-დან: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“.
17 სიყვარული არ ხარობს უსამართლობით, არამედ „ჭეშმარიტება ახარებს“. სიყვარული და ჭეშმარიტება ხელიხელჩაკიდებული დადიან — ღმერთი არის სიყვარული და ამავე დროს ის არის ‘ღმერთი ჭეშმარიტი’ (ფსალმუნი 30:6). სიყვარული ხარობს, როცა ხედავს ბოროტებაზე ჭეშმარიტების გამარჯვებასა და სიცრუის გამოაშკარავებას; უმთავრესად ამით აიხსნება დღეს მრავალ ადგილებში იეჰოვას თაყვანისმცემელთა დიდი ზრდა. მაგრამ რამდენადაც ჭეშმარიტება დაპირისპირებულია უსამართლობასთან, შესაძლებელია ვთქვათ, რომ სიყვარულს ახარებს სამართლიანობა. სიყვარული ხარობს სამართლიანობის ისეთი ტრიუმფით, როგორიც იქნება დიდი ბაბილონის დაცემა, და ამ სიხარულისკენ მოუწოდებენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს (გამოცხადება 18:20).
18 პავლე აგრეთვე გვეუბნება, რომ სიყვარული „ყოველივეს იტანს“. „კინგდომ ინტერლინიე“ (Kingdom Interlinear) გადმოგვცემს აზრს, რომ სიყვარული ყველაფერს ფარავს. ის არ ნიშნავს ძმის „შერცხვენას [მისი დანაშაულის გაცემას, აქ] “, როგორც ბოროტებს აქვთ ამისკენ მიდრეკილება (ფსალმუნი 49:20; იგავნი 10:12; 17:9). დიახ, ეს აზრი მსგავსია პეტრეს პირველი წერილის 4:8-ში გადმოცემული აზრის: „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთგულება აღგვძრავს არ დავფაროთ იეჰოვასა და ქრისტიანული კრების წინააღმდეგ ჩადენილი დიდი ცოდვა.
19 სიყვარული „ყველას უჯერებს“. სიყვარული დადებითია და არა უარყოფითი. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული გულუბრყვილოა. ის სწრაფად არ იჯერებს სენსაციურ ამბებს. მაგრამ პიროვნებას ღმერთისადმი რწმენა რომ ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ სჯეროდეს. ასევე, სიყვარული არ არის სკეპტიკური და მეტისმეტად კრიტიკული. ის წინააღმდეგობას არ უწევს რწმენას, როგორც ამას აკეთებს ათეისტი, რომელიც დოგმატურად აცხადებს, რომ ღმერთი არ არსებობს; არც აგნოსტიკოსის მსგავსია, რომელიც დოგმატურად ამტკიცებს, რომ, უბრალოდ, შეუძლებელია იცოდე: საიდან წარმოვიშვით, რატომ ვართ აქ და როგორი იქნება მომავალი. ღმერთის სიტყვა გვარწმუნებს ყოველივე ამაში. სიყვარული, აგრეთვე მზად არის, სწამდეს, ვინაიდან ის არის მიმნდობი და არა მეტისმეტად ეჭვიანი.
20 შემდეგ მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“. რამდენადაც სიყვარული დადებითია და არა უარყოფითი, ის დიდ იმედებს ამყარებს იმ დანაპირებზე, რომელიც მოცემულია ღმერთის სიტყვაში. ჩვენ გვეუბნებიან: „მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი — წილადობის იმედით“ (1 კორინთელთა 9:10). სიყვარული აღსავსეა როგორც ნდობით, ასევე იმედით, ყოველთვის საუკეთესოს იმედით.
21 და ბოლოს, გვარწმუნებენ, რომ სიყვარული „ყოველივეს ითმენს“. მას შეუძლია იყოს ასეთი, ვინაიდან მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 10:13-ში გვეუბნება: „არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელისას გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“. სიყვარული აღგვძრავს ყურადღება მივაქციოთ ბიბლიაში მოცემულ ღმერთის მსახურთა უამრავ მაგალითს, რომლებსაც მრავლის ატანა უხდებოდათ და რომელთა შორის მთავარი იყო იესო ქრისტე, როგორც ამის შესახებ შეგვახსენებენ ებრაელთა მიმართ წერილის 12:2, 3-ში.
22 ნამდვილად, სიყვარული („ა·გა΄პე“) არის ღირსშესანიშნავი თვისება, რომელიც ჩვენ, როგორც იეჰოვას ქრისტიანმა მოწმეებმა, უნდა განვავითაროთ ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც მისთვის დამახასიათებელია და არ არის დამახასიათებელი. როგორც ღმერთის შვილებმა, დაე, ყოველთვის გამოვავლინოთ ღმერთის სულის ეს ნაყოფი. ასე მოქმედებით ჩვენ ვბაძავთ ღმერთს, ვინაიდან „ღმერთი სიყვარულია“.
გახსოვს თუ არა?
◻ როგორ უჩვენეს იესო ქრისტემ და პავლემ სიყვარულის უპირატესობა?
◻ რა მნიშვნელობით არ არის სიყვარული მოშურნე?
◻ როგორ ‘იტანს ყოველივეს’ სიყვარული?
◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული არასდროს მთავრდება?
◻ რა ორი მიზეზით ახარებს სიყვარულს ჭეშმარიტება?
[სასწავლო კითხვები]
1. ა) რომელ თვისებას ანიჭებს ბიბლია უპირატესობას? ბ) ხშირად, რომელი ოთხი ბერძნული სიტყვა ითარგმნება ‘სიყვარულად’, და რომლის შესახებ გვატყობინებდა იოანე პირველი იოანეს 4:8-ში?
2. რა იყო კარგად აღნიშნული სიყვარულის („ა·გა΄პე“) შესახებ?
3. რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იესო ქრისტე და პავლე სიყვარულს?
4. სიყვარულის რამდენი დადებითი და რამდენი უარყოფითი მხარეები ჩამოთვალა პავლემ კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 13:4–8-ში?
5. როგორ განიმარტება „მოშურნე“ და რა დადებითი თვალსაზრისით გამოიყენება ის საღვთო წერილში?
6. ბიბლიიდან რომელი მაგალითები ცხადყოფს, თუ რატომ არ არის სიყვარული მოშურნე?
7. ა) რომელი შემთხვევა ცხადყოფს, რომ იეჰოვას არ მოსწონს ყოყოჩობა? ბ) რატომ არ ყოყოჩობს სიყვარული გაუთვითცნობიერებლადაც კი?
8. ა) როგორია იეჰოვას თვალსაზრისი ამპარტავნების მიმართ? ბ) რატომ არ იქცევა სიყვარული ასე?
9. რატომ არ სჩადის სიყვარული უწესობას?
10. რა მხრივ არ ეძებს სიყვარული თავისას?
11. რას ნიშნავს სიყვარული „არ რისხდება“?
12. ა) როგორ არ ითვლის სიყვარული განაწყენებას? ბ) რატომ არის არაგონივრული, დათვალო განაწყენება?
13. რას ნიშნავს, სიყვარული არ ხარობს უსამართლობით და რატომ ახასიათებს ეს მას?
14. რატომ შეიძლება გულდაჯერებით ითქვას, რომ სიყვარული არასდროს მთავრდება?
15. სიყვარულის დადებითი მხარეების ჩამოთვლისას, რატომ მოიყვანა პავლემ სულგრძელობა უპირველესად?
16. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს სიკეთე გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ?
17. რომელი ორი მიზეზის გამო ახარებს სიყვარულს ჭეშმარიტება?
18. როგორ იტანს სიყვარული ყოველივეს?
19. როგორ სჯერა სიყვარულს ყველაფრის?
20. როგორაა სიყვარული დაკავშირებული იმედთან?
21. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ სიყვარული ყოველივეს ითმენს?
22. რა ღირსშესანიშნავი თვისების გამოვლენას უნდა შევეცადოთ ყოველთვის როგორც ღმერთის შვილები?
[ჩარჩო 31 გვერდზე]
სიყვარული (აგაპე)
რა არ არის რა არის
1. არ არის მოშურნე. 1. სულგრძელია.
2. არ ყოყოჩობს. 2. ქველმოქმედია.
3. არ ამპარტავნობს. 3. ჭეშმარიტება ახარებს.
4. არ სჩადის უწესობას. 4. ყოველივეს იტანს.
5. არ ეძიებს თავისას. 5. ყველას უჯერებს.
6. არ რისხდება. 6. ყველაფრის იმედი აქვს.
7. არ ითვლის განაწყენებას. 7. ყოველივეს ითმენს.
8. არ ტკბება უსამართლობით.
9. არასოდეს მთავრდება.