თავმდაბლობის მისაბაძი მაგალითები
„განმადიდე შენი [თავმდაბლობით, აქ] წყალობით“ (ფსალმუნი 17:36)
1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი იყო თავმდაბალი?
ჯოზეფ ფ. რუტერფორდი იყო წარმოსადეგი გარეგნობის, სიმაღლით 180 სანტიმეტრზე მეტი და წონით 90 კილოგრამი. მას ასევე ჰქონდა ძლიერი ხმა, რომელსაც იყენებდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ განედიდებინა იეჰოვას სახელი ისე, როგორც არასოდეს ყოფილა მანამდე გაცხადებული, არამედ იმისთვისაც, რომ ემხილებინა ქრისტიანული ქვეყნიერების სასულიეროთა ორპირობა და მათ რელიგიას უწოდებდა „ხაფანგსა და თაღლითობას“ მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები იყო ძალოვანი, ბეთელის ოჯახის წევრებთან ლოცვისას ჰგავდა საყვარელ მამასთან მოსაუბრე პატარა ბიჭს, რაც ცხადყოფდა მის ახლო ურთიერთობას შემოქმედთან და თავმდაბლობას. დიახ, ის იყო თავმდაბალი როგორც პატარა ბავშვი (მათე 18:3, 4).
2. რა საოცარი სხვაობა არსებობს იეჰოვას მსახურებსა და ქვეყნიერების ხალხს შორის?
2 ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვას ყველა ჭეშმარიტი მსახური არის თავმდაბალი. ამით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ამ ქვეყნიერების ხალხისაგან, რომლებიც დღეს უფრო მეტად არიან სიამაყით აღვსილნი, ვიდრე უწინ. მაღალი თანამდებობის პირნი და ძლევამოსილი ადამიანები, მდიდრები და განსწავლულნი, თვით ღარიბთა და ხელმოცარულთა უმრავლესობაც კი ამპარტავნობს.
3. რა შეიძლება ითქვას ამპარტავნობის ნაყოფის შესახებ?
3 სიამაყე არასოდეს მოუღებს ბოლოს ომებსა და უბედურებებს. სინამდვილეში მთელი უბედურება სამყაროში დაიწყო იმიტომ, რომ ერთი ანგელოზი გაამაყდა და სურდა თავად ყოფილიყო თაყვანსაცემი, როგორც სწორუპოვარი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი (მათე 4:9, 10). უფრო მეტიც, მან, ვინც თავისი თავი ეშმაკად და სატანად აქცია, წარმატებას მიაღწია პირველი ქალის, ევას ცდუნებაში იმით, რომ მოუწოდა სიამაყისაკენ. მან აღუთქვა ევას, რომ თუ შეჭამდა აკრძალულ ნაყოფს, იქნებოდა ღმერთის მსგავსი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობი. ევა რომ თავმდაბალი ყოფილიყო, ეტყოდა: „რატომ უნდა მქონდეს სურვილი, ვიყო ღმერთის მსგავსი?“ (დაბადება 3:4, 5). თუ დავუფიქრდებით იმას, რომ კაცობრიობა ფიზიკურად, ფსიქიკურად და მორალურად საცოდავ მდგომარეობაში იმყოფება, ადამიანთა ამპარტავნობა მიუტევებელია! არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას სძულს „ქედმაღლობა, ამპარტავნობა“ (იგავნი 8:13). ყველა ამპარტავანი ადამიანისაგან გასაოცარი სხვაობით ღმერთის სიტყვაში, ბიბლიაში, არის თავმდაბლობის მაგალითები.
იეჰოვა ღმერთი არის თავმდაბალი
4. რას გვიჩვენებს წერილები იეჰოვას თავმდაბლობის შესახებ?
4 იეჰოვა ღმერთი — სამყაროს სუვერენი, მარადისობის მეფე, უზენაესი — არის თავმდაბალი (დაბადება 14:22) შეიძლება თუ არა რომ ეს ასე იყოს? დიახ, რასაკვირველია! დავით მეფემ ფსალმუნის 17:36-ში თქვა: „მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი [თავმდაბლობით, აქ] წყალობით“. ნათელია, რომ დავითმა თავისი დიდება მიანდო იეჰოვას თავმდაბლობას. ფსალმუნის 112:6-ში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იეჰოვა არის „დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას“. სხვა თარგმანში ჩვენ ვკითხულობთ: „დახრილია, რომ ხედავდეს“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“ [ინგლ.]) „ღირსად ჩათვალა, რომ დაიხაროს და იყუროს ასე დაბლა“ („ახალი ინგლისური ბიბლია“ [ინგლ.]).
5. რა შემთხვევები ამტკიცებს იეჰოვას თავმდაბლობას?
5 ეჭვგარეშეა, იეჰოვა დაიხარა აბრაამთან, რომ ესაუბრა და აბრაამს იმის ნებაც დართო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა თვით იეჰოვას სამართლიანობა, როდესაც გარყვნილი ქალაქების, სოდომისა და გომორის განადგურება განიზრახა (დაბადება 18:23-32). როდესაც იეჰოვამ განაცხადა, რომ განზრახული ჰქონდა ისრაელი ერის განადგურება — ერთხელ კერპთაყვანისმცემლობის, მეორედ კი, აჯანყების გამო — მოსე თითოეული შემთხვევის დროს ისე ესაუბრებოდა იეჰოვას, როგორც ადამიანს. იეჰოვა ყოველთვის კეთილგანწყობით რეაგირებდა. იეჰოვამ თავმდაბლობა გამოამჟღავნა, როდესაც მოსეს ისრაელების შესახებ თხოვნა შეუსრულა (გამოსვლა 32:9-14; რიცხვნი 14:11-20). იეჰოვას თავმდაბლობის კიდევ ერთი მაგალითი არის ადამიანებთან მისი პირისპირ ურთიერთობა, მაგალითად გედეონთან და იონასთან; ცნობა ამის შესახებ ჩაწერილია მსაჯულნი 6:36-40 და იონა 4:9-11-ში.
6. კიდევ რომელი თვისება ამტკიცებს იეჰოვას თავმდაბლობას?
6 ფაქტიურად, იეჰოვას შესახებ, სულ მცირე, ცხრაჯერ არის ნათქვამი, რომ ის არის „სულგრძელი“, „რისხვაგვიანი“, „მრავლის მომთმენი“ და „რისხვაში დინჯი“.a ის, რომ იეჰოვა არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობისას ათასწლეულების მანძილზე არის მომთმენი და რისხვაგვიანი, იეჰოვას თავმდაბლობის დამატებითი მტკიცებაა. ამპარტავნები მოუთმენელნი და აჩქარებულნი არიან, რომ გამოხატონ მრისხანება, რაც ძალიან განსხვავდება სულგრძელობისაგან. რაოდენ უგუნურად გამოიყურება ადამიანთა ამპარტავნობა იეჰოვას თავმდაბლობასთან შედარებით! ჩვენ ისეთივე თავმდაბლები უნდა ვიყოთ, როგორც იეჰოვაა თავმდაბალი, რადგან ბიბლია გვეუბნება: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1).
ქრისტეს თავმდაბლობის მაგალითი
7, 8. რას ამბობს წერილები იესო ქრისტეს თავმდაბლობის შესახებ?
7 საოცარი თავმდაბლობის მეორე მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ, მოხსენიებულია 1 პეტრეს 2:21-ში: „რამეთუ, ამისათვის ხართ მოწოდებულნი; იმიტომ, რომ ქრისტეც ეტანჯა თქვენთვის და მაგალითი დაგიტოვათ, რათა მის კვალს გაჰყვეთ“. დიდი ხნის წინათ იესო მოვიდა დედამიწაზე, როგორც ადამიანი. მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო ზაქარიას 9:9-ში: „დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე“. იესო ქრისტე ამაყი რომ ყოფილიყო, მხოლოდ ერთი თაყვანისცემის სანაცვლოდ მიიღებდა ეშმაკის მიერ შემოთავაზებული ქვეყნიერების ყველა სამეფოს (მათე 4:9, 10). იესომ თავმდაბლობა გამოამჟღავნა იმითაც, რომ იეჰოვას სახელით ასწავლიდა და ამბობდა: „როცა ძე კაცისას აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28).
8 მას შეეძლო თავისი მსმენელებისათვის სათანადოდ ეთქვა: „აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მათე 11:29). და თავმდაბლობის რაოდენ შესანიშნავი მაგალითი დატოვა, როდესაც თავის მოციქულებს, ადამიანად ყოფნის ბოლო საღამოს ფეხები დაბანა! (იოანე 13:3-15). პავლე მოციქული ფილიპელთა 2:3-8-ში ურჩევს ქრისტიანებს, რომ იყვნენ ‘თავმდაბლები’ და მიბაძონ ქრისტეს მაგალითს: „რამეთუ აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღმერის ხატება იყო, მტაცებლობად არ თვლიდა [მტაცებლობით არ ფიქრობდა, აქ] ღმერთის თანასწორად ყოფნას. არამედ დაიძაბუნა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, და ჯვარცმით სიკვდილამდე“. თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი განსაცდელის დროს ქრისტე თავმდაბლურად ევედრებოდა მამას: „არა როგორც მე მინდა, არამედ, როგორც შენ“ (მათე 26:39). იმისათვის, რომ მივბაძოთ ქრისტეს და ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს, ეჭვგარეშეა, ჩვენ თავმდაბლები უნდა ვიყოთ.
პავლე მოციქული — თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი
9-12. თავმდაბლობის რომელი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა პავლე მოციქულმა?
9 პავლე მოციქული წერდა: „მომბაძეთ მე, როგოც მე ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). ბაძავდა თუ არა თავმდაბლობაში პავლე მოციქული იესო ქრისტეს და მოგვცა თუ არა თავმდაბლობის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ? რასაკვირველია. მან თავმდაბლურად აღიარა, რომ იყო იესო ქრისტეს მონა (ფილიპელთა 1:1). მან უთხრა ეფესოს უხუცესებს, რომ ‘ემსახურებოდა უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლით და განსაცდელით, რომელიც ხვდებოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვებით’ (საქმე 20:17-19). პავლე მოციქული თავმდაბალი რომ არ ყოფილიყო, არასოდეს დაწერდა სიტყვებს, რომელიც რომაელთა 7:18, 19-ში არის მოცემული: „ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი . . . ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მნებავს“.
10 პავლე მოციქულის თავმდაბლობის მაჩვენებელია ასევე 1 კორინთელთა 2:3-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვიყავი თქვენთან უძლურებით, შიშით და დიდი თრთოლვით“. ის თავმდაბლობით წერდა თავისი ქრისტიანობამდელი ცხოვრების შესახებ: „მე . . . უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი . . . ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ“ (1 ტიმოთე 1:13, 15).
11 პავლე მოციქულის თავმდაბლობა ჩანს მაშინაც, როდესაც თავის მსახურებაში წარმატებებს იეჰოვას წყალობად თვლიდა: „მე დავრგე აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი“ (1 კორინთელთა 3:6, 7). პავლე სთხოვდა თავის ძმებს ელოცათ მისთვის, რომ შეძლებოდა კარგი დამოწმება, ამის შესახებ ჩაწერილია ეფესელთა 6:18-20: „ილოცეთ ყოველ ჟამს . . . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა — ჩემი პირით გაბედულად ვაუწყო სახარების საიდუმლო . . . რის თქმაც მევალება“.
12 პავლემ, მოციქულებთან თანამშრომლობის დროსაც, გამოამჟღავნა თავმდაბლობა: „იაკობმა, კეფამ და იოანემ . . . მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წავსულიყავით წარმართებთან, ისინი კი წინადაცვეთილებთან“ (გალატელთა 2:9). შემდეგ, მან მზადყოფნა გამოაცხადა ეთანამშრომლა იერუსალიმის კრების უხუცესებთან, გაჰყვა ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს ტაძარში და როგორც კი შეასრულეს აღთქმა, დაფარა მათი ხარჯები (საქმე 21:23-26).
13. რატომ არის პავლე მოციქულის თავმდაბლობა აღსანიშნავი?
13 პავლეს თავმდაბლობა მით უფრო აღსანიშნავია, თუ გავიხსენებთ რაოდენ ძლიერად გამოიყენა იგი იეჰოვამ. მაგალითად, ჩვენ ვკითხულობთ, რომ „ღმერთი ბევრ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით“ (საქმე 19:11, 12). მას ჰქონდა მიცემული ზებუნებრივი ხილვები და გამოცხადებები (2 კორინთელთა 12:1-7). ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნიდან (სინამდვილეში, წერილთაგან) პავლემ, ღმერთის შთაგონებით, დაწერა 14. ყოველივე ამით პავლე არ გაამაყებულა. მან შეინარჩუნა თავმდაბლობა.
თანამედროვე დროის მაგალითები
14-16. ა) რატომ იყო თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი საგუშაგო კოშკის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი? ბ) ვისი მაგალითისაგან განსხვავდება რასელის მაგალითი განსაცვიფრებლად?
14 ებრაელთა 13:7-ში ვკითხულობთ პავლე მოციქულის რჩევას: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, შეხედეთ მათი სიცოცხლის აღსასრულს, მიბაძეთ მათ რწმენას“. ამ პრინციპის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ თანამედროვე დროის მაგალითი, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეის რასელი, რომლის რწმენასაც შეიძლება მივბაძოთ. იყო თუ არა ის თავმდაბალი ადამიანი? უეჭველია! როგორც შემჩნეული იყო, ჩარლზ ტეის რასელი თავის ექვსტომიან ნაშრომში, „წერილების გამოკვლევა“ (ინგლ.) 3 000 გვერდით, ერთხელაც არ მოიხსენიებს თავის თავს. საგუშაგო კოშკის საზოგადოება მიჰყვება ამ პრინციპს და არ იხსენიებს სტატიების ავტორებს.
15 ერთხელ, „საგუშაგო კოშკში“ რასელმა დაწერა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოწინააღმდეგეთა ტერმინები „რასელიზმი“ და „რასელისტი“, მაგრამ თვით რასელი ამას კატეგორიულად უარყოფდა. ის წარდა: „ჩვენი საქმიანობა . . . ერთად უყრის თავს ჭეშმარიტების ცალკეულ მიმოფანტულ ფრაგმენტებს და წარუდგენს მათ უფლის ხალხს — არა როგორც ჩვენს საკუთრებასა და რაღაც სიახლეს, არამედ როგორც უფლის საკუთრებას . . . საქმიანობა, რაშიც უფალი მოხარული იყო გამოეყენებინა ჩვენი თავმდაბლური ნიჭი, იყო არა შექმნის, არამედ აღდგენის, ჰარმონიისა და მოწესრიგების სამუშაო“. მან ჭეშმარიტად გამოთქვა პავლე მოციქულის აზრი, რაც ჩაწერილია 1 კორინთელთა 3:5-7.
16 რასელის პოზიცია, ჩარლზ დარვინისაზე აშკარად საწინააღმდეგო იყო. 1859 წლის პირველ გამოცემაში, „სახეობათა წარმოშობა“, დარვინი მრავალჯერ იმეორებდა, რომ თეორია იყო „თავისი“ და უგულებელყოფდა მათ, ვინც უკვე ადრე მოიხსენია ევოლუცია. გასული საუკუნეების გამოჩენილი მწერალი სამუელ ბატლერი აკრიტიკებდა დარვინს და მიუთითებდა იმათზე, რომელთაც ადრევე წამოაყენეს ევოლუციის ჰიპოთეზები. ევოლუციის იდეა დარვინის არ ყოფილა.
17. ძმა რუტერფორდის თავმდაბლობის რა მაგალითი არსებობს?
17 კიდევ ერთი, ერთგული მსახური, რომელიც იეჰოვამ გამოიყენა, რომ განეხორციელებინა დიდი საქმეები, იყო ჯოზეფ ფ. რუტერფორდი, რომელიც ზემოთ იყო მოხსენიებული. ის, ბიბლიური ჭეშმარიტების და კერძოდ, იეჰოვას სახელის შეუპოვარი დამცველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო როგორც მოსამართლე, გულით რუტერფორდი თავმდაბალი ადამიანი იყო. მაგალითად, ერთხელ მან განაცხადა ზოგიერთი დოგმატური მტკიცება იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს 1925 წელს. როდესაც იმედი გაუცრუვდა, მან თავმდაბლურად განუცხადა ბრუკლინის ბეთელის ოჯახს, რომ თავი მოიტყუა. ცხებული ქრისტიანი, რომელიც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა მასთან, ამბობდა, რომ ძმა რუტერფორდმა მათეს 5:23, 24-ის თანახმად მრავალჯერ მოიხადა ბოდიში სახალხოდ და პირადადაც, იმის გამო, რომ ზოგიერთი არაკეთილგონივრული გამოთქმით ტკივილი მიაყენა თანაქრისტიანს. აუცილებელია თავმდაბლობა მათთვის, ვინც ფლობს ძალაუფლებას, რომ თავის მორჩილთა წინაშე ბოდიში მოიხადოს. ძმა რუტერფორდმა დატოვა შესანიშნავი მაგალითი მათთვის, ვინც არის კრებებისა თუ მიმოსვლითი საქმიანობის, ან კიდევ საზოგადოების ფილიალების ზედამხედველი.
18. რა გამოთქმები ამტკიცებს, რომ საზოგადოების მესამე პრეზიდენტი თავმდაბალი იყო?
18 საგუშაგო კოშკის საზოგადოების მესამე პრეზიდენტი — ნეიტან ჰ. ნორი, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხალხს შორის ცნობილი იყო, თავისი მდგომარობის გამო არასოდეს გრძნობდა თავს განდიდებულად. თუმცა გამოირჩეოდა ორგანიზებულობისა და ორატორობის ნიჭით, დიდ პატივს სცემდა იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ. ერთხელ, როდესაც შევიდა წერითი განყოფილების სამუშაო კაბინეტში, თქვა: „აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ძნელი სამუშაო. ამიტომაც ვაკეთებ ამას ასე ცოტას“. დიახ, ის იყო თავმდაბალი და ახსოვდა ფილიპელთა 2:3-ში მოცემული რჩევა: „თავმდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“. მას მშვენივრად ესმოდა, რომ საზოგადოების პრეზიდენტად მსახურება იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ სხვა სამუშაოებიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მისი მხრიდან ასეთი თვალსაზრისის ნათელი გამოხატვა თავმდაბლობა იყო. ნეიტან ჰ. ნორი თავმდაბლობის კიდევ ერთი, შესანიშნავი მაგალითი იყო, რომელიც განსაკუთრებით მისაბაძია ზედამხედველთათვის, რომელთაც საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავიათ.
19, 20. ა) თავმდაბლობის რა მაგალითი დატოვა საზოგადოების მეოთხე პრეზიდენტმა? ბ) რა დახმარებას აღმოგვიჩენს შემდგომი სტატია, რომ გამოვიმუშაოთ თავმდაბლობა?
19 საზოგადოების მეოთხე პრეზიდენტი ფრედ ვ. ფრენცი, თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი იყო. 32 წლის მანძილზე ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის დროს, მრავალი სტატია დაწერა ჟურნალებისა და კონგრესის პროგრამებისათვის. ის არასოდეს ეძებდა დიდებას და ყოველთვის უკანა პლანზე რჩებოდა. შესადარებლად შეიძლება მოვიყვანოთ ძველი დროის მაგალითი. როდესაც იოაბმა დაამარცხა ყამონიანთა რაბა, უზრუნველყო, რომ დავითს მიკუთვნებოდა გამარჯვება (მეორე მეფეთა 12:26-28).
20 თანამედროვე დროისა და წარსულის მრავალი მაგალითი არსებობს, რაც სინამდვილეში იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვიყოთ თავმდაბლები. მაგრამ, უფრო მრავალი მიზეზი არსებობს იმისათვის, რათა თავმდაბლები ვიყოთ და ამის მიღწევაში დაგვეხმარება შემდგომი სტატია.
[სქოლიოები]
a გამოსვლა 34:6; რიცხვნი 14:18; ნეემია 9:17; ფსალმუნი 85:15; 102:8; 144:8; იოველი 2:13; იონა 4:2; ნაუმი 1:3.
[გახსოვს თუ არა შენ?]
□ რა არის ამპარტავნობის ნაყოფი?
□ ვინ დატოვა თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი?
□ ვინ იყო თავმდაბლობის მეორე დიდი მაგალითი?
□ თავმდაბლობის რა შესანიშნავი მაგალითი დატოვა პავლე მოციქულმა?
□ თავმდაბლობის რომელი ცნობილი მაგალითი არსებობს დღეს?
[სურათი მე-13 გვერდზე]
იესომ გამოამჟღავნა შესანიშნავი თავმდაბლობა
[სურათი მე-15 გვერდზე]
ძმა რასელს თავისი ნაშრომისათვის აღიარება არ მოუთხოვია