ასწავლი თუ არა იესოს მსგავსად?
„ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებისაგან. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი“ (მათე 7:28, 29).
1. ვინ მიჰყვებოდა იესოს, როცა გალილეაში ასწავლიდა და როგორ ეპყრობოდა მათ იესო?
სადაც არ უნდა წასულიყო იესო, მის გარშემო ხალხი იკრიბებოდა. „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველნაირ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში“. რამდენადაც ცნობა მისი მოღვაწეობის შესახებ უფრო და უფრო ვრცელდებოდა, „დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან“ (მათე 4:23, 25). როცა დაინახა, „შეეცოდა ისინი, ვინაიდან ისინი იყვნენ დაუძლურებულნი და უილაჯონი, როგორც ცხვარი, რომელსაც მწყემსი არა ჰყავს“. როცა ასწავლიდა, ადამიანები გრძნობდნენ, რომ მას ეცოდებოდა ან სათუთად უყვარდა ისინი; ასეთი დამოკიდებულება ჭრილობებზე დადებული გამაყუჩებელი მალამოს მსგავსი იყო და ადამიანებს მისკენ იზიდავდა (მათე 9:35, 36).
2. სასწაულების გარდა, რომლებიც მოიმოქმედა იესომ, რა იზიდავდა ხალხის უმრავლესობას?
2 რაოდენ სასწაულებრივად კურნავდა იესო ფიზიკურ დაავადებებს — კეთროვნები იწმინდებოდნენ, ყრუებს ესმოდათ, ბრმები ხედავდნენ, ხეიბრები დადიოდნენ, მკვდრები ცოცხლდებოდნენ! რასაკვირველია, იესოს მეშვეობით იეჰოვას ძალის ეს ღირსშესანიშნავი დამოწმება ადამიანთა ჯგუფს უფრო ზრდიდა! მაგრამ მხოლოდ სასწაულები კი არ იზიდავდა მათ; ხალხის უმრავლესობა ასევე სულიერი განკურნებისთვის მიდიოდა იესოსთან, როცა ის ასწავლიდა. მაგალითად, დაუკვირდი მათ რეაგირებას, მას შემდეგ, რაც მოისმინეს მისი ცნობილი ქადაგება მთაზე: „როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებისაგან. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი“ (მათე 7:28, 29). მათ მოძღვრებს ავტორიტეტად მოჰყავდათ ძველი დროის რაბინების ზეპირად გადმოცემული ტრადიციები. იესო კი სწავლებისას ღმერთის ავტორიტეტს ეყრდნობოდა: „რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 12:50).
მისი სწავლება გულში ჩამწვდომია
3. როგორ განსხვავდებოდა იესოს სწავლების მეთოდი მწიგნობრებისა და ფარისევლების მეთოდისგან?
3 ღმერთისგან გამომდინარე ჭეშმარიტება განსხვავდებოდა ადამიანთა ზეპირად გადმოცემული, მძიმე ტრადიციებისგან, მაგრამ იესოს სწავლებას მწიგნობრებისა და ფარისევლების მოძღვრებებისგან არა მხოლოდ შინაარსი განასხვავებდა, არამედ, შეთავაზების მეთოდიც. მწიგნობრები და ფარისევლები ამპარტავნები და უხეშები იყვნენ, უბრალო ხალხისგან ისინი ქედმაღლურად ითხოვდნენ მაღალფარდოვან წოდებებს და დამცინავად უგულებელყოფდნენ მათ, როგორც ‘წყეულებს’. მაგრამ იესო იყო თავმდაბალი, მშვიდი, თავაზიანი და თანამგრძნობი, ის ხშირად უთმობდა ადამიანებს და ეცოდებოდა ისინი. იესო არა მარტო საჭირო სიტყვებით ასწავლიდა, არამედ სასიამოვნო სიტყვებითაც, რომელიც მისი გულიდან გამოდიოდა და პირდაპირ მსმენელთა გულებს სწვდებოდა. მისი სასიხარულო ცნობა იზიდავდა ადამიანებს მისკენ, აღძრავდა, რომ ადრე წასულიყვნენ ტაძარში, გაჰყოლოდნენ მას და სიამოვნებით მოესმინათ. ისინი დიდ ჯგუფებად იკრიბებოდნენ მის მოსასმენად, და ამბობდნენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:46–49; მარკოზი 12:37; ლუკა 4:22; 19:48; 21:38).
4. იესოს ქადაგების, განსაკუთრებით, რომელი მხარე იზიდავდა მრავალ ადამიანს?
4 უეჭველია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხალხს მისი სწავლებისკენ იზიდავდა, იყო თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება. იესო იმავეს ხედავდა, რასაც ხალხი, მაგრამ ის ისეთ საკითხებს უკვირდებოდა, რომლებიც ადამიანებს აზრადაც არ მოსდიოდათ. შროშანები, რომლებიც ველზე იზრდებიან; ჩიტები, რომლებიც ბუდეებს იშენებენ; მამაკაცები, რომლებიც ხორბალს თესავენ; მწყემსები, რომლებსაც დაკარგული ცხვარი მოჰყავთ; ქალი, რომელიც ძველ ტანისამოსს საკერებელს ადებს; ბავშვები, რომლებიც ბაზრის მოედანზე თამაშობენ; მეთევზეები, რომლებიც ბადეებს ითრევენ — საყოველთაოდ ცნობილი საქმეები, რომელსაც ყველა ხედავდა, იესოს თვალში არასდროს იყო ჩვეულებრივი. სადაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ხედავდა რამეს, რის გამოყენებასაც შეძლებდა მაგალითებში ღმერთისა და მისი სამეფოს შესახებ ან რითაც თავის გარშემო ადამიანთა საზოგადოებას დაახასიათებდა.
5. რაზე აფუძნებდა იესო თავის მაგალითებს და რა ხდიდა მის იგავებს ეფექტურს?
5 იესოს მაგალითები დაფუძნებული იყო ყოველდღიურ საქმეებზე, რომელსაც ადამიანები ხშირად ხედავდნენ, ხოლო როცა ჭეშმარიტება დაკავშირებულია ნაცნობ საქმეებთან, ის სწრაფად და ღრმად იბეჭდება მსმენელთა გონებაში. ასეთ ჭეშმარიტებას არა მხოლოდ უსმენენ; მას გონების თვალით ხედავენ და მოგვიანებით ადვილად იხსენებენ. იესოს იგავები გამოირჩეოდა უბრალოებით და არ იყო გადატვირთული არასაჭირო მასალით, რომელიც შეაკავებდა და დააბრკოლებდა ჭეშმარიტების გაგებას. მაგალითად, განიხილე იგავი გულმოწყალე სამარიელის შესახებ. ამ შემთხვევაში შენ ნათლად ხედავ, თუ რას ნიშნავს იყო კეთილი მოყვასი (ლუკა 10:29–37). შემდეგ გაიხსენე ორი შვილი: ერთი, რომელმაც თქვა, რომ წავიდოდა ვენახში სამუშაოდ და არ წავიდა, მეორე, რომელმაც თქვა, რომ არ წავიდოდა და წავიდა. შენ მაშინვე ხვდები, რომ ნამდვილი მორჩილების მნიშვნელობა დავალებული სამუშაოს შესრულებაა (მათე 21:28–31). როცა იესო ლაპარაკობდა, მისი სწავლება იმდენად ცოცხალი იყო, რომ არავის ეძინებოდა და არც სხვა საკითხებზე გადაჰქონდა ყურადღება. ისინი დაუღალავად უსმენდნენ და ხედავდნენ.
იესო უთმობდა, როცა ამას სიყვარული მოითხოვდა
6. განსაკუთრებით როდის არის კეთილგონიერება, ანუ დათმობა, უფრო სასარგებლო?
6 ხშირად, როცა ბიბლიაში მოიხსენიება კეთილგონიერება, სქოლიო გვიჩვენებს, რომ ეს ნიშნავს იყო დამთმობი. ღმერთისგან გამომდინარე სიბრძნე უთმობს, როცა ვინმეს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს. ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი, ანუ დამთმობნი, როცა საჭიროა. უხუცესები მზადყოფნით უნდა უთმობდნენ, როცა ამას სიყვარული მოითხოვს და როცა ამის საფუძველს მონანიება იძლევა (1 ტიმოთე 3:3; იაკობი 3:17). გულმოწყალეობის ან თანაგრძნობის გამო საერთო კანონებიდან გამონაკლისების გაკეთებით იესომ დათმობის შესანიშნავი მაგალითი დატოვა.
7. მოიყვანე რამდენიმე მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორი დამთმობი იყო იესო.
7 ერთხელ იესომ თქვა: „რომელიც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“. მაგრამ მას არ უარყვია პეტრე, თუმცა პეტრემ სამჯერ უარყო ის. იესომ, რასაკვირველია, გაითვალისწინა მდგომარეობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათე 10:33; ლუკა 22:54–62). ასევე, მდგომარეობის შემამსუბუქებელი გარემოება გათვალისწინებული იყო მაშინ, როცა სისხლის დენით შეწუხებული ქალი შეერია შეკრებილ ხალხს, რითაც მოსეს რჯული დაარღვია. იესოს არც ის გაუსამართლებია. მას ესმოდა მისი სასოწარკვეთილება (მარკოზი 1:40–42; 5:25–34; აგრეთვე იხილე ლუკა 5:12, 13). იესომ უთხრა თავის მოციქულებს, რომ არ ეწოდებინათ მისთვის მესია, მაგრამ ის მკაცრად არ მიჰყოლია ამ წესს, როცა უთხრა სამარიელ ქალს ჭასთან, რომ მესია იყო (მათე 16:20; იოანე 4:25, 26). ყველა ამ შემთხვევაში დათმობას იწვევდა სიყვარული, გულმოწყალეობა და თანაგრძნობა (იაკობი 2:13).
8. რომელ შემთხვევებში არღვევდნენ კანონებს მწიგნობრები და ფარისევლები და რომელში არა?
8 სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ არადამთმობი მწიგნობრები და ფარისევლები. თუ საქმე მათ ეხებოდა, ისინი არღვევდნენ შაბათის ტრადიციებს და მიჰყავდათ ხარი დასარწყულებლად. მათი ხარი ან ვაჟიშვილი ჭაში თუ ჩავარდებოდა, ისინი არღვევდნენ შაბათს და ამოჰყავდათ იქიდან. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერს უთმობდნენ! მათ ‘თავიანთი თითითაც არ სურდათ [მოთხოვნების] დაძვრა’ (მათე 23:4; ლუკა 14:5). იესოსთვის ხალხი კანონებზე ძვირფასი იყო; ფარისევლებისთვის კი კანონებს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ადამიანებს.
როგორ გახდა იესო „აღთქმის ძე“
9, 10. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ სად იპოვეს თავისმა მშობლებმა იესო და როგორი მნიშვნელობა ჰქონდა იესოს კითხვებს?
9 ზოგიერთი ჩივის, რომ იესოს ყრმობის შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის შესახებ არსებობს ჩანაწერი. მაგრამ მრავალს არ ესმის ამ შემთხვევის დიდი მნიშვნელობა. ეს ჩაწერილია ლუკას 2:46, 47-ში: „სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. ყოველ მის მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი“. კიტელის „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ (Theological Dictionary of the New Testament) აყენებს საკითხს, რომ ამ შემთხვევაში ბერძნული სიტყვა, „ეკითხებოდა“, არ გამოხატავს ყმაწვილის მხოლოდ ცნობისმოყვარეობას. სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება იყოს დაკითხვა, რომელსაც იყენებდნენ სასამართლო გამოძიების, გამოკვლევის, ჯვარედინი დაკითხვისა და „ფარისეველთა და სადუკეველთა გამომცდელი და ცბიერი კითხვების“ დროსაც კი, რომელიც მოხსენიებულია მარკოზის 10:2-სა და 12:18–23-ში.
10 იგივე ლექსიკონი აგრძელებს: „ამ სიტყვის ასეთი გამოყენების გათვალისწინებით, ხომ. . . არ მიუთითებს [ლუკას] 2:46 არა იმდენად ყმაწვილის კითხვების ცნობისმოყვარეობაზე, რამდენადაც მის მიერ კამათის წარმატებულად წაყვანაზე. [მუხლი] 47 უკანასკნელ თვალსაზრისს უფრო შეესაბამება“a. როდერემის თარგმანი წარმოგვიდგენს 47-ე მუხლს, როგორც დრამატულ შეპირისპირებას: „ახლა ყველა, ვინც მას უსმენდა, უკიდურესად განცვიფრებული იყო მისი გაგებითა და პასუხებით“. რობერტსონის „სიტყვიერი გამოსახულებები ახალ აღთქმაში“ (Word Pictures in the New Testament) მათი განუწყვეტელი გაკვირვების შესახებ ამბობს, რომ „ისინი უკიდურესად განცვიფრდნენ, თითქოს თვალები გადმოკარკლეს“.
11. როგორი რეაგირება ჰქონდათ მარიამსა და იოსებს იმაზე, რაც ნახეს და მოისმინეს და რას ამბობს ერთ-ერთი თეოლოგიური ლექსიკონი?
11 როცა იესოს მშობლები მივიდნენ ტაძარში, მათ „გაუკვირდათ“ (ლუკა 2:48). რობერტსონი აღნიშნავს, რომ ამ გამოთქმაში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ძლიერ დარტყმას“. ის უმატებს, რომ იოსები და მარიამი „გაოცებული“ იყვნენ იმით, რაც დაინახეს და მოისმინეს. გარკვეული თვალსაზრისით იესო უკვე საკვირველი მასწავლებელი იყო. და ტაძარში მომხდარი ამ შემთხვევის გათვალისწინებით, კიტელის ნაშრომი პრეტენზიით აცხადებს, რომ „იესო უკვე სიყრმეში იწყებს ბრძოლას, რომელშიც მისი მოწინააღმდეგეები საბოლოოდ დათმობენ თავიანთ პოზიციებს“.
12. რა ახასიათებს იესოს შემდგომ დისკუსიებს რელიგიურ ბელადებთან?
12 და მათ დათმეს თავიანთი პოზიციები! წლების შემდეგ, ზუსტად ასეთი კითხვებით დაამარცხა იესომ ფარისევლები, ასე რომ, „იმ დღის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა მისთვის შეკითხვების მიცემას“ (მათე 22:41–46). ასევე სადუკეველები ჩაჩუმდნენ, იესოსგან, აღდგომის შესახებ პასუხის მიღების შემდეგ და „ვეღარ გაბედეს, რომ რამე ეკითხათ მისთვის“ (ლუკა 20:27–40). არც მწიგნობრებს ჰქონდათ წარმატება. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა იკამათა იესოსთან, „ვეღარავინ გაბედა მისთვის შეკითხვის მიცემა“ (მარკოზი 12:28–34).
13. რატომ არის მნიშვნელოვანი შემთხვევა იესოს ცხოვრებიდან, რომელიც მოხდა ტაძარში და რას ცხადყოფს იესოს ცოდნის შესახებ?
13 რატომ მოიხსენიება იესოს ბავშვობის მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მასთან და ტაძარში მყოფ მოძღვრებთან? ეს იყო გარდატეხის მომენტი იესოს ცხოვრებაში. დაახლოებით 12 წლის ასაკში ის გახდა „აღთქმის ძე“, როგორც ამას ებრაელები უწოდებენ, და აღთქმის ყველა წესის შესრულების პასუხისმგებელი. როცა მარიამმა უსაყვედურა იესოს, რომ ის და იოსები ძალიან ღელავდნენ მასზე, ვაჟიშვილის პასუხმა მიუთითა, რომ, შესაძლოა, იცოდა თავისი სასწაულებრივი დაბადებისა და მესიანური მომავლის შესახებ. ეს აზრი იბადება მისი სიტყვებიდან, რომ ღმერთი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის მისი მამა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ იმაში უნდა ვიმყოფებოდე, რაც მამაჩემისაა?“ სხვათა შორის, ეს იესოს პირველი სიტყვებია, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში და ისინი მიუთითებენ, რომ იესომ იცოდა ღმერთის განზრახვა დედამიწაზე თავისი გამოგზავნის შესახებ. ამრიგად, მთლიანად ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანთაგან ერთ-ერთია (ლუკა 2:48, 49).
იესოს უყვარს ბავშვები და ესმის მათი
14. რომელი საინტერესო საკითხების გაგება შეუძლიათ ბავშვებს, ყმაწვილი იესოს შემთხვევის განხილვით, რომელიც ტაძარში მოხდა?
14 ეს ცნობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს აღმაფრთოვანებელი. ის ცხადყოფს, თუ რამდენად გულმოდგინედ უნდა ესწავლა იესოს წმინდა წერილები ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკამდე. ტაძარში რაბინები გაოცებული იყვნენ 12 წლის „აღთქმის ძის“ სიბრძნით. მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა იოსებთან ერთად მუშაობას სადურგლოში, „ემორჩილებოდა“ მას და მარიამს და იზრდებოდა „ღმერთისა და კაცთა წინაშე სიყვარულში“ (ლუკა 2:51, 52).
15. დედამიწაზე მსახურების განმავლობაში, როგორ უჭერდა მხარს ბავშვებს იესო და რა მნიშვნელობა აქვს ამას დღევანდელი ახალგაზრდებისთვის?
15 დედამიწაზე მსახურების დროს იესო ბავშვებისადმი კეთილგანწყობილებას ავლენდა: „როცა მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულნი, რომელნიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს, — უხალისოდ გახდნენ. და უთხრეს მას: თუ გესმის, რას ამბობენ ესენი? იესომ კი უთხრა მათ: ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ყრმებისა და ძუძუმწოვრების პირით დაიმკვიდრე დიდება?“ (მათე 21:15, 16; ფსალმუნი 8:3). ასევე, ის დღესაც მხარს უჭერს ასიათასობით ბავშვს, რომლებიც ინარჩუნებენ უმწიკვლოებას და ადიდებენ ღმერთს; რომელთაგან ზოგიერთს ასეთი მოქმედება სიცოცხლის ფასად დაუჯდა!
16. ა) რა ასწავლა იესომ თავის მოციქულებს, როცა მათ შორის ბავშვი დააყენა? ბ) თავისი ცხოვრების რომელ გადამწყვეტ პერიოდში გამოყო იესომ დრო ბავშვებისთვის?
16 როცა 12 მოციქული კამათობდა, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი, იესომ უთხრა მათ: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური. მოიყვანა ბავშვი, დააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ: ვინც ღებულობს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს წარმომგზავნელს“ (მარკოზი 9:35–37). გარდა ამისა, როცა უკანასკნელად მიდიოდა იერუსალიმში შემაძრწუნებელი განსაცდელისა და სიკვდილის შესახვედრად, მან დრო დაუთმო ბავშვებს: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით მოვიდნენ ჩემთან, ვინაიდან მაგათთანებისაა ღმერთის სასუფეველი“. შემდეგ, „მოეხვია მათ [ბავშვებს], ხელები დაადო მათ და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:13–16).
17. რატომ არ უჭირდა იესოს ბავშვებთან კავშირის დამყარება და რა უნდა ახსოვდეთ ბავშვებს მის შესახებ?
17 იესომ იცის, თუ რას ნიშნავს იყო ბავშვი უფროსების სამყაროში. ის ცხოვრობდა უფროს ადამიანებთან, მუშაობდა მათთან, ემორჩილებოდა მათ და, ასევე, გრძნობდა სითბოს, რომელიც მათი სიყვარულის სარწმუნო გრძნობა იყო. ბავშვებო! ზუსტად ეს იესო თქვენი მეგობარია; ის მოკვდა თქვენთვის და თქვენ იცხოვრებთ მარადიულად, თუ დაემორჩილებით მის მცნებებს (იოანე 15:13, 14).
18. რომელი გასაოცარი აზრი უნდა გვახსოვდეს განსაკუთრებით ზემოქმედების ან საშიშროების დროს?
18 მოქცევა იესოს მცნებების თანახმად არ არის იმდენად მძიმე, როგორც შეიძლება ჩანდეს. ახალგაზრდებო! ის ყოველთვის მზად არის მხარში ამოგიდგეთ თქვენ და სხვა ადამიანებსაც, როგორც ამის შესახებ მათეს 11:28–30-ში ვკითხულობთ: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი [იტვირთეთ ჩემი უღელი ჩემთან ერთად, აქ, სქოლიო] და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქია“. წარმოიდგინეთ: როცა თქვენ ემსახურებით იეჰოვას, იესო თქვენს გვერდითაა, უღელს ხდის სასიამოვნოს და ტვირთს ამსუბუქებს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის გასაოცარი აზრია!
19. რომელი კითხვების გამეორება შეგვიძლია დროდადრო იესოს სწავლების მეთოდების შესახებ?
19 იესოს სწავლების მხოლოდ რამდენიმე მეთოდის განხილვის შემდეგ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მის მსგავსად ვასწავლით? როცა ვხედავთ ფიზიკურად დაავადებულებს ან სულიერად დამშეულებს, აღგვძრავს თუ არა სიბრალული, შეძლებისდაგვარად გავაკეთოთ ის, რაც მათ დაეხმარება? როცა სხვებს ვმოძღვრავთ, ღმერთის სიტყვას ვასწავლით თუ ფარისევლების მსგავსად საკუთარ აზრებს ვახვევთ? ვცდილობთ თუ არა ჩვენს გარშემო ყოველდღიურ ცხოვრებაში დავინახოთ ის, რასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ავუხსნათ სხვებს, გავაიოლოთ წარმოსადგენად, ჩამოვაყალიბოთ და გავზარდოთ სულიერი ჭეშმარიტების გაგება? ვცდილობთ თუ არა გარკვეულ ვითარებებში, სიყვარულისა და სიბრალულის გამო, მოვერიდოთ კანონების მკაცრად მიყოლას და დავთმოთ ამ კანონების მოთხოვნები? ამავე დროს, როგორ ვექცევით ბავშვებს? ვუჩვენებთ თუ არა მათ ნაზ დამოკიდებულებასა და სიყვარულით აღსავსე სიკეთეს, როგორც ამას იესო აკეთებდა? ამხნევებთ თუ არა თქვენს ბავშვებს ისწავლონ ისე, როგორც სწავლობდა იესო, როცა პატარა ბიჭი იყო? იმოქმედებთ თუ არა მტკიცედ, იესოს მსგავსად და ამავე დროს მზადყოფნითა და გულთბილად, რომ მიიღოთ მომნანიებელი ადამიანები, როგორც კრუხი იფარავს ფრთებით თავის წიწილებს? (მათე 23:37).
20. რომელი მომხიბლავი აზრით შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი ღმერთისადმი მსახურებისას?
20 თუ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იესოს მსგავსად ვასწავლოთ, ის უეჭველად დაგვრთავს ნებას, ‘ვიტვირთოთ მისი უღელი მასთან ერთად’ (მათე 11:28–30).
[სქოლიოები]
a რასაკვირველია, ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იესო ავლენდა სათანადო პატივს უფროსი ადამიანების მიმართ, ხოლო განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და მღვდლებისადმი (შეადარე ლევიანნი 19:32; საქმე 23:2–5).
გახსოვს თუ არა შენ?
□ რატომ მიდიოდა უამრავი ხალხი იესოსთან?
□ რატომ თმობდა იესო ზოგიერთ კანონს?
□ რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მიერ მოძღვრებისადმი ტაძარში მიმართული კითხვებიდან?
□ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბავშვებთან იესოს დამოკიდებულებიდან?