იობის ჯილდო იმედის წყაროა
„უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად“ (იობი 42:12).
1. რას აკეთებს იეჰოვა თავისი ხალხისთვის თვით იმ შემთხვევებშიც, თუ განსაცდელი ძალიან ასუსტებს მათ?
იეჰოვა ‘თავის მაძიებელს უზღავს [აჯილდოებს, აქ]’ (ებრაელთა 11:6). ის ასევე აღძრავს თავის ერთგულ ადამიანებს, რომ მხნედ დაამოწმონ თვით ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც უამრავი განსაცდელის გამო სიკვდილის პირას არიან მისული (იობი 26:5; გამოცხადება 11:3, 7, 11). ამ სიტყვების ჭეშმარიტება მტკიცდება იობის ტანჯვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სამმა ცრუ ნუგეშისმცემელმა ცილი დასწამა, იობი არ გაჩუმებულა ადამიანების მიმართ შიშის გამო. პირიქით, მან გაბედულად დაამოწმა.
2. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები იტანჯებოდნენ დევნითა და გასაჭირით, როგორ იტანდნენ განსაცდელს?
2 დღეს იეჰოვას მრავალი მოწმე ისეთი დიდი დევნითა და გასაჭირით იტანჯება, რომ სიკვდილს უყურებს თვალებში (2 კორინთელთა 11:23). მაგრამ, იობის მსგავსად, ისინი მაინც ამჟღავნებენ სიყვარულს ღმერთის მიმართ და არიან უმწიკვლოები (ეზეკიელი 14:14, 20). მათ ასევე გადაიტანეს მრავალი განსაცდელი, რადგან ცდილობდნენ ესიამოვნებინათ იეჰოვასათვის, ღმერთის მიერ გაძლიერებულები გაბედულად ამოწმებდნენ და ჭეშმარიტი იმედით საზრდოობდნენ.
იობი იძლევა გაბედულ დამოწმებას
3. როგორ დაამოწმა იობმა დასკვნითი საუბრისას?
3 თავის დასკვნით საუბარში, იობმა უფრო დიდებულად დაამოწმა, ვიდრე წინა საუბრებში. მან სრულიად გააჩუმა ცრუ ნუგეშისმცემლები და მწარე სარკაზმით უთხრა მათ: „ო, რა დიდი დახმარება გამიწიეთ მე, უძლურს!“ (იობი 26:2, აქ). იობმა განადიდა იეჰოვა, რომლის ძალამ დედამიწა არაფერზე დაჰკიდა სივრცეში, ხოლო წყალი ღრუბლებში შეანივთა და დედამიწის ზემოთ მოათავსა (იობი 26:7–9). იობმა თქვა, რომ ძალზე საოცარია „მისი გზების კიდეები“ (იობი 26:14).
4. რა თქვა იობმა უმწიკვლოების შესახებ და რატომ შეეძლო ამის თქმა?
4 თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა იობმა თქვა: ‘სიკვდილამდე არ გავწირავ ჩემს უმწიკვლოებას!’ (იობი 27:5). უამრავი ცილისწამების მიუხედავად, მას არაფერი გაუკეთებია, რითაც დაიმსახურებდა იმას, რაც თავზე დაატყდა. იობმა იცოდა, რომ იეჰოვა არ ისმენს განდგომილის ლოცვებს, ხოლო უმწიკვლოების დამცველებს დააჯილდოებს. ეს ალბათ შეგვახსენებს, რომ მალე, არმაგედონის მძვინვარების დროს, ღმერთი დაამხობს ბოროტებს თავიანთი ძლევამოსილი ადგილებიდან და ვერ დაემალებიან იეჰოვას დამსჯელ მკლავს. იეჰოვას ხალხი კი შეინარჩუნებს უმწიკვლოებას (იობი 27:11–23).
5. როგორ დაახასიათა იობმა ჭეშმარიტი სიბრძნე?
5 წარმოიდგინე, ქვეყნიური სიბრძნით გამსჭვალული სამეული უსმენდა, თუ როგორ აღწერდა იობი კაცს, რომელიც მთელ თავის ხელოვნებას იყენებს, რომ იპოვოს მიწაში ან ზღვაში ოქრო, ვერცხლი და სხვა განძეულობა. მაგრამ იობმა თქვა: „მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე“ (იობი 28:18). იობის ცრუ ნუგეშისმცემლებს არ შეეძლოთ ეყიდათ ჭეშმარიტი სიბრძნე. ჭეშმარიტი სიბრძნის წყარო ქარიშხლის, წვიმის, ელვისა და ქუხილის შემოქმედია. ნამდვილად, მოწიწებული „შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება“ (იობი 28:28).
6. როგორ საუბრობდა იობი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ?
6 ტანჯვის მიუხედავად, იობს არ შეუწყვეტია იეჰოვასადმი მსახურება. იმის ნაცვლად, რომ უზენაესისთვის ზურგი შეექცია, ეს უმწიკვლო ადამიანი ილტვოდა, უწინდელივით ‘ღვთის საფარველში’ ყოფილიყო (იობი 29:4). იობი არ ტრაბახობდა, როდესაც ჩამოთვალა: ‘მიხსნია გაჭირვებული, სიმართლით ვიმოსებოდი და გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ’ (იობი 29:12–16). პირიქით, მან მოიყვანა თავისი ცხოვრებიდან ფაქტები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ის იეჰოვას ერთგული მსახური იყო. მოიპოვე თუ არა შენც ასეთი მშვენიერი რეპუტაცია? რასაკვირველია, იობმა ამხილა სამი ღვთისმოსავი თვალთმაქცი ცილისწამებაში.
7. როგორი პიროვნება იყო იობი?
7 იობს დასცინოდნენ უმცროსებიც, ‘რომელთა მამებსაც თავისი ფარის ძაღლებშიც არ გარევდა’. ის შეიძულეს და სახეში აფურთხებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იობი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არავინ თანაუგრძნობდა (იობი 30:1, 10, 30). რადგან ის სავსებით იეჰოვას ერთგული იყო, ჰქონდა სუფთა სინდისი და შეეძლო ეთქვა: „ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება“ (იობი 31:6). იობი არ ყოფილა მრუში ან თვალთმაქცი, არც გაჭირვებული დაუტოვებია დახმარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი იყო, არასოდეს ყოფილა დაიმედებული მატერიალურ ქონებაზე. უფრო მეტიც, იობი არ ყოფილა კერპთაყვანისმცემელი, თაყვანს არ სცემდა უსულო საგნებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა მთვარე (იობი 31:26–28). ღმერთისადმი თავისი ერთგულებით მან დატოვა შესანიშნავი მაგალითი, როგორც უმწიკვლოების დამცველმა ადამიანმა. ცრუ ნუგეშისმცემლების სტუმრობისა და ტანჯვების მიუხედავად, იობმა შესანიშნავად დაიცვა თავი და დიდებულად დაამოწმა. იობი თავისი საუბრის დასასრულს მაინც ღმერთზე იყო დაიმედებული, როგორც მსაჯულსა და დამჯილდოვებელზე (იობი 31:35–40).
ლაპარაკობს ელიჰუ
8. ვინ იყო ელიჰუ და როგორ გამოამჟღავნა მან როგორც პატივისცემა, ასევე გაბედულება?
8 მათ ახლოს იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, ელიჰუ, ნახორის ძის, ბუზის, შთამომავალი, რომელიც იეჰოვას მეგობრის, აბრაამის, შორეული ნათესავი იყო (ესაია 41:8). ელიჰუ პატივისცემით მოეპყრო უფროს მამაკაცებს იმით, რომ ორივე მხარის საუბარს მოუსმინა. მაგრამ ის გაბედულად ალაპარაკდა და შეეხო ისეთ საკითხებს, რაშიც ისინი მართლები არ იყვნენ. მაგალითად, ის განრისხდა იობზე, რომ „ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი“. განსაკუთრებული მრისხანებით კი ცრუ ნუგეშისმცემლებს მიმართა. მათი მოქმედებით ისე ჩანდა, თითქოს ღმერთის განდიდებას ცდილობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთს სდებდნენ ბრალს და საკამათო საკითხში სატანის მხარე ეჭირათ. ‘სიტყვებით სავსე’ და სულიწმიდით აღძრული ელიჰუ იეჰოვას მიუკერძოებელი მოწმე იყო (იობი 32:2, 18, 21).
9. როგორ თქვა ელიჰუმ ქარაგმულად, რომ იობს დაუბრუნდებოდა უწინდელი კეთილდღეობა?
9 იობს უფრო მეტად საკუთარი თავის გამართლება აწუხებდა, ვიდრე ღმერთის. სინამდვილეში, ის ღმერთთან კამათობდა. იმ დროს, როდესაც მას ეგონა, რომ სიკვდილი მიუახლოვდა, მოისმინა სიტყვები, რამაც იმედი ჩაუსახა. მაგრამ როგორ? ღმერთის მიერ აღძრულმა ელიჰუმ უთხრა, რომ იეჰოვამ მოწყალება გაიღო მისთვის: „ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი, განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:24, 25).
10. როგორ გამოიცადა იობი და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული 1 კორინთელთა 10:13-ის თანახმად?
10 ელიჰუმ შენიშვნა მისცა იობს იმის გამო, რომ თქვა: უსარგებლოა ღვთისმოსაობა და ღმერთის წინაშე უმწიკვლოების შენარჩუნება. ელიჰუ ამბობდა: „შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან! რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს“. იობმა წინდაუხედაობა გამოიჩინა, როდესაც ყურადღება გაამახვილა თავის სამართლიანობაზე, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ჰქონდა საკმარისი შემეცნება და სიბრძნე. ელიჰუმ განაგრძო: „ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!“ (იობი 34:10, 11, 35, 36). მსგავსად, ჩვენი რწმენა და უმწიკვლოება დამტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ‘ბოლომდე გამოვიცდებით’. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა არ დაუშვებს, რომ შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ (1 კორინთელთა 10:13).
11. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვიმყოფებით მძიმე განსაცდელში?
11 როდესაც ელიჰუმ კვლავ განაგრძო საუბარი, მან თქვა, რომ იობი მეტისმეტად ცდილობდა წარმოეჩინა საკუთარი სამართლიანობა. ყურადღება კი ჩვენს დიდებულ შემოქმედზე უნდა გაემახვილებინა (იობი 35:2, 6, 10). ღმერთი „არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს“ — თქვა ელიჰუმ (იობი 36:6). არავის შეუძლია პასუხი მოსთხოვოს ღმერთს მის მოქმედებებზე და უთხრას, რომ უსამართლოა. ის ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ და მისი დრო-ჟამი მიუწვდენელია და უსასრულო (იობი 36:22–26). როდესაც მძიმე გამოცდის წინაშე ვიმყოფებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მარადიული ღმერთი არის სამართლიანი და დაგვაჯილდოებს იმ ერთგულებისთვის, რითაც მის სახელს ვადიდებთ.
12. რა თქვა ელიჰუმ დასკვნითი საუბრისას განკითხვის შესახებ, რომელსაც ღმერთი დაატეხს თავს ბოროტეულებს?
12 როდესაც ელიჰუ ლაპარაკობდა, თანდათან უახლოვდებოდა მათ გრიგალი. როდესაც გრიგალი ძალიან მიუახლოვდა, ელიჰუს გულმა ფრთხიალი და ბაგაბუგი დაიწყო. ის ალაპარაკდა იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ და თქვა: „ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!“ იობის მსგავსად, ჩვენც გვესაჭიროება, ვიფიქროთ ღმერთის დიდებულ საქმეებსა და მოკრძალების გამომწვევ ღირსებებზე. „ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, — თქვა ელიჰუმ, — ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს. ამიტომაც მისი ეშინია ხალხს [დაე, ეშინოდეთ მისი ხალხებს, აქ]“ (იობი 37:1, 14, 23, 24). ელიჰუს დასკვნითი სიტყვა შეგვახსენებს, რომ იეჰოვა მალე მოახდენს ბოროტების განკითხვას, ის არ გაამრუდებს სიმართლესა და სამართალს, არამედ დაიცავს თავის თაყვანისმცემელ, ღვთისმოშიშ და თავმდაბალ ადამიანებს. რაოდენ დიდი უპირატესობაა, იყო უმწიკვლოების დამცველ ადამიანთა შორის, რომლებიც სამყაროს უზენაეს ხელისუფლად აღიარებენ იეჰოვას! ისე გაუძელი გამოცდებს, როგორც იობმა და არასოდეს დაუშვა, რომ ეშმაკმა ჩამოგაცილოს ამ ბედნიერ ხალხს შორის კურთხეულ ადგილს.
იეჰოვა პასუხობს იობს
13, 14. ა) რის შესახებ ეკითხებოდა იეჰოვა იობს? ბ) რა შეიძლება ვისწავლოთ იმ კითხვებიდან, რომლებიც იეჰოვამ დაუსვა იობს?
13 რაოდენ განცვიფრდებოდა იობი, როდესაც იეჰოვა ესაუბრა გრიგალიდან! ეს გრიგალი იყო ღმერთის ძალით გამოწვეული, ის არ ჰგავდა სატანის მიერ გამოყენებულ დიდ ქარს, რომელიც იობის შვილების დახოცვის მიზნით გამოიყენა. იობი დუმდა, როდესაც ღმერთმა ჰკითხა: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? . . ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?“ (იობი 38:4, 6, 7). იეჰოვა შეკითხვას შეკითხვაზე აძლევდა იობს, რომლებიც შეეხებოდა ზღვას, ნისლით შემოსილ დედამიწას, დაისს, სიკვდილის კარიბჭეებს, თანავარსკვლავედებს, სინათლესა და სიბნელეს. იობმა ვერაფრის თქმა შეძლო, როდესაც ჰკითხა ღმერთმა: „თუ იცი ცათა კანონები?“ (იობი 38:33).
14 შემდეგი კითხვები ნათელს ხდის, რომ ვიდრე ადამიანს შექმნიდა და თევზებზე, ფრინველებზე, ცხოველებსა და ქვეწარმავლებზე ბატონობის უფლებას მიანიჭებდა, ღმერთი ზრუნავდა ამ ქმნილებებზე ადამიანის დახმარებისა და რჩევის გარეშე. შემდეგ კითხვებში იეჰოვამ მოიხსენია ისეთი ქმნილებები, როგორიცაა მარტორქა, სირაქლემა და ცხენი. იეჰოვამ იობს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?“ (იობი 39:27). რა თქმა უნდა, არა! წარმოიდგინე იობის რეაქცია, როდესაც ღმერთმა ჰკითხა: „რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი?“ არ არის გასაკვირი, რომ იობმა თქვა: „აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული“ (იობი 40:2, 4). რადგან იეჰოვა ყოველთვის მართალია, ჩვენც ‘პირზე გვქონდეს ხელი მიდებული’, თუ ოდესმე ვდგებით ცდუნების წინაშე, უკმაყოფილება გამოვთქვათ მასზე. გარდა ამისა, ღმერთის შეკითხვებმა ხაზი გაუსვა მის უზენაესობას, ღირსებასა და ძალას, რომლებიც მისსავე ქმნილებებში ვლინდება.
ბეჰემოთი და ლევიათანი
15. კიდევ რას უწოდებენ ბეჰემოთს და რა არის მისი დამახასიათებელი ნიშნები?
15 შემდეგ იეჰოვამ მოიხსენია ბეჰემოთი, რომელსაც ჰიპოპოტამსაც უწოდებენ (იობი 40:15–24). მიუხედავად იმისა, რომ ბეჰემოთი არის დიდი ზომის, ასევე, ძალიან დიდი წონისა და უხეში ტყავის მქონე, ის ‘ჭამს ბალახს’. მისი ძალა მის წელსა და მუცლის კუნთებშია. მისი ფეხის ძვლები ისეთი ძლიერია, როგორც ‘სპილენძის მილები’. ბეჰემოთი არ უფრთხის ბობოქარ წყლებს, არამედ მშვიდად ცურავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებითაც.
16. ა) აღწერილობის თანახმად, რა არის ლევიათანი და როგორია მისი ზოგიერთი თვისება? ბ) რას გვიჩვენებს ბეჰემოთისა და ლევიათანის ძალა იეჰოვასადმი მსახურების შესრულებასთან დაკავშირებით?
16 ღმერთმა ასევე ჰკითხა იობს: „თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?“ როგორც აღწერილობა ცხადყოფს, ლევიათანი არის ნიანგი (იობი 40:25—41:26). ის არავისთან ამყარებს მშვიდობიან ურთიერთობას და არცერთი ბრძენი არ არის ისეთი გაბედული, რომ შეაწუხოს ეს ქვეწარმავალი. ის არ გაურბის ისრებს და „ლახვრის შხუილზე ეღიმება“. ფაქტი, რომ ლევიათანი და ბეჰემოთი გაცილებით ძლიერები არიან იობზე, დაეხმარა იობს, რომ დამდაბლებულიყო. ჩვენც თავმდაბლობით უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენდათავად არა ვართ ძლიერები. არამედ გვესაჭიროება ღვთისგან ბოძებული სიბრძნე და ძალა, რომ თავი ავარიდოთ სატანის — გველის — შხამიან კბილებს და შევასრულოთ ღმერთისადმი მსახურებაში ჩვენი დანიშნულება (ფილიპელთა 4:13; გამოცხადება 12:9).
17. ა) როგორ ‘იხილა ღმერთი’ იობმა? ბ) რა დამტკიცდა იმით, რომ იობს არ შესწევდა უნარი ეპასუხა კითხვებზე და რაში გვეხმარება ეს?
17 იობმა, რომელიც სრულიად თავმდაბალი გახდა, აღიარა, რომ ჰქონდა მცდარი თვალსაზრისი და უგუნურად ლაპარაკობდა. მაგრამ მას ჰქონდა რწმენა, რომ ‘იხილავდა ღმერთს’ (იობი 19:25–27). როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თუ არცერთ ადამიანს არ შეუძლია, იხილოს იეჰოვა და დარჩეს ცოცხალი? (გამოსვლა 33:20). არსებითად, იობმა იხილა ღმერთის ძალის გამოვლენა, ესმოდა ღმერთის სიტყვები და გონების თვალით იხილა იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტება. ამიტომ, იობი ‘კიცხავდა საკუთარ თავს და ინანიებდა მტვერში და ნაცარში’ (იობი 42:1–6). მრავალმა კითხვამ, რომლის პასუხის გაცემაშიც იობი უძლური იყო, დაამტკიცა ღმერთის უზენაესობა და ცხადყო ადამიანთა არარაობა, მათ შორის ღმერთის ისეთი ერთგული ადამიანისა, როგორიც იყო იობი. ეს გვეხმარება მივხვდეთ იმას, რომ არ დავაყენოთ ჩვენი პირადი ინტერესები ღმერთის სახელის განწმენდასა და მისი უზენაესობის გამართლებაზე მაღლა (მათე 6:9, 10). ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ დავრჩეთ უმწიკვლოები იეჰოვას წინაშე და განვადიდოთ მისი სახელი.
18. რა უნდა გაეკეთებინათ იობის ცრუ ნუგეშისმცემლებს?
18 მაგრამ რა დაემართათ თავდაჯერებულ ცრუ ნუგეშისმცემლებს? იეჰოვას მაშინვე შეეძლო გაენადგურებინა ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი, რომლებიც იობისგან განსხვავებით ღმერთის შესახებ სიცრუეს ლაპარაკობდნენ. „წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, — უთხრა მათ ღმერთმა, — აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის“. სამეულს თავი უნდა დაემდაბლებინა, რომ დამორჩილებოდა მოთხოვნას. უმწიკვლო იობმა ილოცა მათთვის და იეჰოვამ ისმინა მისი ლოცვა (იობი 42:7–9). რა დაემართა იობის ცოლს, რომელიც ეუბნებოდა მას, რომ დაეგმო ღმერთი და მომკვდარიყო? როგორც ჩანს, ის ღმერთის მიმტევებლობის წყალობით შეურიგდა იობს.
აღთქმული ჯილდო გვაძლევს იმედს
19. იობის შემთხვევაში როგორ ცხადყო იეჰოვამ თავისი უზენაესობა ეშმაკზე?
19 მას შემდეგ, რაც დასრულდა იობის ტანჯვა და იობმა განაახლა ღმერთისადმი მსახურება, იეჰოვამ შეცვალა მისი მდგომარეობა. როდესაც იობმა ილოცა სამეულისთვის, იეჰოვამ ‘აღუდგინა მას მისი დოვლათი’ და „ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს“. იეჰოვამ თავისი უზენაესობა ეშმაკზე ცხადყო იმით, რომ უვნებელყო ის დაავადება, რაც დამართა სატანამ იობს და სასწაულებრივად განკურნა ის. იეჰოვამ განდევნა დემონთა ხროვა და იობი კვლავ თავისი ანგელოზების მფარველობაში მოაქცია (იობი 42:10; ფსალმუნი 33:8).
20. როგორ დააჯილდოვა და აკურთხა იეჰოვამ იობი?
20 და-ძმები და ძველი ნაცნობები თანაუგრძნობდნენ იობს და ანუგეშებდნენ იმ უბედურების გამო, რომელიც იეჰოვამ დაუშვა და მიდიოდნენ მასთან, რომ ერთად ეჭამათ. ყოველმა მათგანმა მისცა იობს ფული და ოქროს ბეჭედი. იეჰოვამ აკურთხა იობის სიცოცხლის ბოლო წლები ადრინდელზე უფრო, ასე რომ, მას ჰყავდა 14 000 ცხვარი, 6 000 აქლემი, 1 000 უღელი ხარი, 1 000 სახედარი. იობი ისევ გახდა შვიდი ვაჟისა და სამი ქალიშვილის მამა, ზუსტად იმდენის, რამდენიც ადრე ჰყავდა. მისი ქალიშვილები — იემიმა, კეციყა, კერენ-ჰაფუქი — ყველაზე ლამაზები იყვნენ მთელ ქვეყანაზე და იობმა მათ ისეთივე მემკვიდრეობა მისცა, როგორც ძეებს (იობი 42:11–15). უფრო მეტიც, ამის შემდეგ იობმა იცხოვრა 140 წელი და თავისი შთამომავლობის კიდევ ოთხ თაობას მოესწრო. დასასრულს ბიბლია გვატყობინებს: „მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული“ (იობი 42:16, 17). იობის სიცოცხლის ხანგრძლივობა იეჰოვა ღმერთის სასწაული იყო.
21. როგორ გვეხმარება ბიბლიური ჩანაწერი იობის შესახებ და რისი კეთება უნდა გადავწყვიტოთ?
21 იობის მაგალითით ბიბლია უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს სატანის ხრიკების შესახებ და გვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორ არის დაკავშირებული სამყაროს უზენაესის მმართველობა ადამიანების უმწიკვლოებასთან. იობის მსგავსად ყველა, ვისაც უყვარს იეჰოვა, გამოიცდება. მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მოვითმინოთ იობის მსგავსად. მან განსაცდელი გადაიტანა რწმენითა და იმედით და მისი ჯილდო უდიდესი იყო. ჩვენ, როგორც იეჰოვას დღევანდელ მსახურებს, გვაქვს ჭეშმარიტი რწმენა და იმედი. და რაოდენ დიდი იმედი მოგვცა დიდებულმა ჯილდოს მომცემმა თითოეულ ჩვენგანს! ზეციური ჯილდოს იმედი ეხმარება სულითცხებულებს, რომ თავიანთი მიწიერი ცხოვრების დარჩენილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურონ ღმერთს. მიწიერი იმედის მქონეები არასოდეს მოკვდებიან, ხოლო მათ, ვინც მოკვდნენ, მოელით ჯილდო — იობთან ერთად დედამიწაზე სამოთხეში აღდგომა. გულსა და გონებაში ასეთი უტყუარი იმედის მქონეები დაე, ყველა, ვისაც გვიყვარს იეჰოვა მტკიცედ ვიყოთ მის მხარეს, როგორც უმწიკვლოები, ერთგულად დავუჭიროთ მხარი მის უზენაეს მმართველობას და ამით დავამტკიცოთ, რომ სატანა არის მატყუარა.
როგორ უპასუხებდი?
◻ რომელი იყო ზოგიერთი საკითხი, რომელსაც შეეხო იობი ცრუ ნუგეშისმცემლების საპასუხოდ?
◻ როგორ დაამტკიცა ელიჰუმ, რომ იეჰოვას მიუკერძოებელი მოწმე იყო?
◻ რომელი იყო ღმერთის ზოგიერთი შეკითხვა იობის მიმართ და როგორი ზემოქმედება მოახდინა ამ შეკითხვებმა იობზე?
◻ რით იყო სასარგებლო შენთვის ბიბლიური ჩანაწერი იობის შესახებ?