ყველა თქვენი საზრუნავი მიანდეთ იეჰოვას
„დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ თქვენ თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას დააკისრეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7).
1. როგორ შეუძლია ზრუნვას იმოქმედოს ჩვენზე, და როგორ შეგვეძლო ეს წარმოგვედგინა მაგალითით?
ზრუნვამ შეიძლება ძლიერ იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე. ის შეიძლება შევადაროთ ატმოსფერულ დაბრკოლებას, რომელიც ზოგჯერ ხელს უშლის რადიოთი შესანიშნავი მუსიკის მოსმენას. თუ რადიოტალღებზე არანაირი დაბრკოლება არ მოქმედებს, საამურმა მელოდიებმა შეიძლება დაატკბოს და სიმშვიდე მოჰგვაროს მსმენელს. მაგრამ, დაბრკოლებების წრიპინა ხმებს შეუძლია დაამახინჯოს ყველაზე შესანიშნავი მელოდია და გამოიწვიოს ჩვენი გაღიზიანება და გულგატეხილობა. ამის მსგავსად, ზრუნვამაც შეიძლება დაგვაკარგვინოს სიმშვიდე. მან შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ყურადღება ვეღარ მივაქციოთ მნიშვნელოვან საქმეებს. ნამდვილად, „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“ (იგავნი 12:25).
2. რა თქვა იესო ქრისტემ ‘სიცოცხლეზე ზრუნვასთან’ დაკავშირებით?
2 იესო ქრისტე ლაპარაკობდა გადაჭარბებული ზრუნვით გატაცების საშიშროებაზე. ბოლო დღეების შესახებ წინასწარმეტყველებაში მან მოუწოდა: „გაფრთხილდით, რომ თქვენი გული არ დამძიმდეს ღრეობით, ლოთობით და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ თქვენც არ გისწროთ მოულოდნელად, ვინაიდან, ის როგორც მახე, დაეცემა ყველა მცხოვრებს მთელი დედამიწის პირზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ამ ყოველგვარ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა ძე კაცისას წინაშე“ (ლუკა 21:34–36). ისევე, როგორც ზომაზე მეტ ჭამასა და სმას შეუძლია მოადუნოს აზროვნება, ასევე გულის დამძიმებამ „სიცოცხლეზე ზრუნვით“ შეიძლება დაგვაკარგვინოს უნარი, სწორად შევაფასოთ მდგომარეობა, რასაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგები.
რა არის ზრუნვა
3. როგორ განისაზღვრება „ზრუნვა“ და რა იწვევს მას?
3 „ზრუნვა“ განისაზღვრება, როგორც „ავადმყოფური ან შიშით შეპყრობილი მოუსვენრობა, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოწვეულია უკვე მოახლოებული ან განჭვრეტილი უბედურებით“. ეს არის „შიშით აღსავსე წუხილი ან ინტერესი“, „არანორმალური და გადამეტებული შიშისა და დარდის გრძნობა, რომლისთვისაც, ხშირად, დამახასიათებელია ნიშნები: ოფლიანობა, დაძაბულობა, პულსის აჩქარება, აგრეთვე ეჭვები საფრთხის არსსა და რეალობასთან დაკავშირებით და ეჭვის შეტანა საკუთარ უნარში, გაუმკლავდე მას“ („უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“ [Webster’s Ninth New Collegiate Dictionary]). ამიტომ ზრუნვა შეიძლება რთულ პრობლემად იქცეს. მრავალ მიზეზთა შორის, რომლებიც იწვევს ზრუნვას, არის ავადმყოფობა, სიბერე, დამნაშავეობისადმი შიში, სამუშაოს დაკარგვა და ოჯახის რჩენა.
4. ა) რა იქნებოდა კარგი გვახსოვდეს ადამიანებთან და მათ საზრუნავთან დაკავშირებით? ბ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ რაღაცა გვადარდებს?
4 ცხადია, არსებობს სხვადასხვა ზომის ზრუნვა ისევე, როგორც არის სხვადახვა მდგომარეობები ან პირობები, რომლებიც მას იწვევს. ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს სიტუაციაზე. მაგრამ, უნდა შევიგნოთ, რომ თუ ჩვენ რაღაცა არ გვადარდებს, ზუსტად ის, შეიძლება, ძლიერი ზრუნვის მიზეზი იყოს იეჰოვას სხვა თაყვანისმცემლებისთვის. რა უნდა ვაკეთოთ, როდესაც ზრუნვა აღწევს ისეთ დონეს, რომ აღარ შეგვწევს ძალა კონცენტრირება მოვახდინოთ ღმერთის სიტყვის ჰარმონიულ და შესანიშნავ ჭეშმარიტებებზე? ან როგორ მოვიქცეთ, თუ იმდენად ვართ დადარდიანებული საზრუნავით, რომ შეუძლებელი ხდება ყურადღების ცენტრში მოვათავსოთ საკამათო საკითხები, რომლებიც ეხება იეჰოვას უფლებას, იყოს უზენაესი მმართველი და ჩვენს ქრისტიანულ უმწიკვლოებას? შესაძლოა, ჩვენ ვერ ვცვლით ჩვენს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ ბიბლიური აზრები, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ცხოვრების მძიმე პრობლემებით გამოწვეულ გადაჭარბებულ ზრუნვას.
დახმარება ხელმისაწვდომია
5. როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ფსალმუნის 54:23-ის თანახმად?
5 როცა ქრისტიანებს გული დამძიმებული აქვთ საზრუნავით და ესაჭიროებათ სულიერი დახმარება, მათ შეუძლიათ მიიღონ ნუგეში ღმერთის სიტყვიდან. ის უზრუნველგვყოფს საიმედო ხელმძღვანელობით და გვაძლევს მტკიცე გარანტიას, რომ, როგორც იეჰოვას ერთგული მსახურები, არ ვართ მიტოვებული. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ამ სიტყვების თანახმად? იმით, რომ ყველა ჩვენი საზრუნავი, სადარდებელი, შიში და უსიამოვნება მივანდოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. ეს დაგვეხმარება, ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე.
6. ფილიპელთა 4:6, 7-ის თანახმად, რა შეუძლია ლოცვას?
6 თუ გვინდა, რომ ჩვენი ტვირთი, ყველა საზრუნავის ჩათვლით, იეჰოვას მივანდოთ, აუცილებელია რეგულარული, გულწრფელი ლოცვა. ეს მოგვიტანს შინაგან სიმშვიდეს, როგორც წერდა მოციქული პავლე: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, — და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). „ღმერთის მშვიდობა“, რომელიც შეუდარებელია, არის არაჩვეულებრივი სიმშვიდე, რომლითაც ტკბებიან იეჰოვაზე მიძღვნილი მსახურები ყველაზე მძიმე პირობებშიც კი. ეს „მშვიდობა“ გამომდინარეობს ღმერთთან ჩვენი პირადი ახლო ურთიერთობიდან. როდესაც ვლოცულობთ სულიწმიდის შესახებ და ნებას ვრთავთ ამოქმედებული ვიყოთ მისით, ჩვენ არ ვთავისუფლდებით ცხოვრების ყველა პრობლემისგან, არამედ ვტკბებით ღმერთის სულის ნაყოფით, მშვიდობით (ლუკა 11:13; გალატელთა 5:22, 23). მაშინ, საზრუნავი აღარ დაგვიმძიმებს გულს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ყველა თავის ერთგულ მსახურს ‘ამყოფებს უშიშრად’ და არ დართავს ნებას, მოხდეს ისეთი რამე, რაც მუდმივ ზიანს მოგვაყენებს (ფსალმუნი 4:9).
7. როგორი როლი შეუძლიათ შეასრულონ ქრისტიანმა უხუცესებმა, რათა დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ საზრუნავს?
7 მაგრამ, თუ საზრუნავი მაინც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებთ წმინდა წერილებზე დაფიქრებას და მდგრადნი ვართ ლოცვაში? (რომაელთა 12:12). დანიშნული უხუცესები კიდევ ერთი სულიერი დახმარებაა, რომლითაც უზრუნველგვყო იეჰოვამ. მათ შეუძლიათ გვანუგეშონ და დაგვეხმარონ ღმერთის სიტყვის გამოყენებითა და ლოცვების საშუალებით, რომელთაც წარმოთქვამენ ჩვენთვის და ჩვენთან ერთად (იაკობი 5:13–16). მოციქული პეტრე მოუწოდებდა უხუცესებს, ემწყემსათ ღმერთის სამწყსო ნებით, გულმოდგინებით და მაგალითი ყოფილიყვნენ სამწყსოსთვის (1 პეტრე 5:1–4). ეს უფროსი მამაკაცები გულწრფელად არიან დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით და სურთ, რომ დაგვეხმარონ. რა თქმა უნდა, სრული სარგებელი რომ მივიღოთ უხუცესების დახმარებიდან და კრებაში იყოს კარგი სულიერი მდგომარეობა, აუცილებელია მივყვეთ პეტრე მოციქულის რჩევას: „ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ და თავმდაბლობით შეიმოსეთ ერთმანეთთან დამორჩილებით, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5).
8, 9. როგორი ნუგეში შეიძლება მივიღოთ 1 პეტრეს 5:6–11-დან?
8 პეტრე აგრძელებს: „მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ თქვენ თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას დააკისრეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. იყავით ფხიზელნი, მღვიძარენი, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინააღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე. და ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ თქვენ. დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (1 პეტრე 5:6–11).
9 როგორი მანუგეშებელია ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია ‘ჩვენი ყველა საზრუნავი მას დავაკისროთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’! და თუ ჩვენი საზრუნავი გამოწვეულია ეშმაკის მცდელობებით, რომ დევნებით ან სხვა უბედურებებით დაარღვიოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, განა შესანიშნავი არ არის იცოდე, რომ უმწიკვლოების შემნარჩუნებლებისთვის ყველაფერი კარგად დამთავრდება? დიახ, ჩვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, ყოველგვარი მადლის ღმერთი დაასრულებს ჩვენს წვრთნას, განგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს.
10. რომელ სამ თვისებაზე არის ლაპარაკი 1 პეტრეს 5:6, 7-ში, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს, დავძლიოთ საზრუნავი?
10 პეტრეს პირველი წერილის 5:6, 7-ში ნაგულისხმებია სამი თვისება, რომელიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ საზრუნავს. პირველი არის თვინიერება, ანუ ‘თავმდაბლობა’. . . მეექვსე მუხლი მთავრდება გამოთქმით „თავის დროზე“, რაშიც იგულისხმება მოთმინების აუცილებლობა. მეშვიდე მუხლი გვიჩვენებს, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ყველა ჩვენი საზრუნავი ღმერთს მივანდოთ, ‘რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’, და ეს სიტყვები გვახალისებს, სრულიად მივენდოთ იეჰოვას. ამიტომ, მოდი, ვნახოთ, თუ როგორ შეუძლია თავმდაბლობას, მოთმინებასა და ღმერთისადმი სრულ მინდობას დაგვეხმაროს შევიმსუბუქოთ ჩვენი საზრუნავი.
როგორ შეუძლია თავმდაბლობას, დაგვეხმაროს
11. როგორ შეუძლია თავმდაბლობას დაგვეხმაროს, გავუმკლავდეთ სადარდებელს?
11 თუ თვინიერები ვართ, სამართლიანად ჩავთვლით, რომ ღმერთის აზრები ჩვენს აზრებზე მაღალია (ესაია 55:8, 9). თვინიერება დაგვეხმარება, გავიგოთ ჩვენი გონივრული შესაძლებლობების ზღვარი იეჰოვას ყოვლისჩამწვდომ გონებასთან შედარებით. ის ხედავს იმას, რისი განჭვრეტის ძალაც კი არ შეგვწევს ჩვენ, როგორც ეს ნაჩვენები იყო მართალი იობის შემთხვევაში (იობი 1:7–12; 2:1–6). „ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ“ დამდაბლებით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს მოკრძალებულ მდგომარეობას უზენაესი მმართველის წინაშე. სხვა მხრივ, ეს გვეხმარება გავუმკლავდეთ იმ მოვლენებს, რომლებსაც ღმერთი დაუშვებს. ჩვენს გულებს, შესაძლოა, უცებ სწყურია შვების მიღება, მაგრამ იეჰოვას თვისებები არის სრულყოფილ წონასწორობაში, მან უკეთესად იცის, როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. ამიტომ, პატარა ბავშვების მსგავსად, მოდი, თავმდაბლურად ჩავეჭიდოთ იეჰოვას მხსნელ მარჯვენას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ჩვენს საზრუნავს (ესაია 41:8–13).
12. თუ თავმდაბლურად მივყვებით სიტყვებს ებრაელთა 13:5-დან როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას მატერიალური კეთილდღეობისთვის ზრუნვაზე?
12 აგრეთვე, თავმდაბლობა მოიცავს მზადყოფნას, მივიღოთ რჩევა ღმერთის სიტყვიდან, რომელსაც ხშირად შეუძლია შეამციროს საზრუნავი. მაგალითად, თუ ჩვენი ზრუნვა მატერიალური საგნებით ძლიერი გატაცების შედეგია, კარგი იქნებოდა დავფიქრებულიყავით პავლე მოციქულის რჩევაზე: „თქვენი გზა იყოს არა ვერცხლის მოყვარებით, იყავით კმაყოფილნი იმით, რაც გაქვთ, ვინაიდან თვით თქვა: არ დაგტოვებ და არ დაგაგდებ შენ“ (ებრაელთა 13:5). ასეთი რჩევის თავმდაბლურად მიღებით, მრავალი გათავისუფლდა მატერიალურ კეთილდღეობაზე ძლიერი ზრუნვისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მათ აზროვნებაში აღარ უპირატესობს ზრუნვა, რასაც შეეძლო მათთვის სულიერი ზიანი მოეტანა.
მოთმინების როლი
13, 14. ა) მოთმინების როგორი მაგალითი მოგვცა იობმა? ბ) იეჰოვას მხრიდან მოქმედებების მოთმინებით მოლოდინმა რა შეიძლება განავითაროს?
13 გამოთქმა „თავის დროზე“ 1 პეტრეს 5:6-დან გულისხმობს მოთმინების აუცილებლობას. ზოგჯერ ხდება, რომ პრობლემის გადაწყვეტა ჭიანურდება და შეიძლება გაიზარდოს საზრუნავი. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია იეჰოვას ხელთ გადავცეთ საქმე. მოწაფე იაკობი წერდა: „ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რამეთუ მწყალობელი და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11). იობმა განიცადა ეკონომიკური კრახი, დაკარგა ათი შვილი, დაავადდა საშინელი ავადმყოფობით და უსამართლოდ იქნა განსჯილი ცრუ ნუგეშისმცემლების მიერ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში შეიძლებოდა, გარკვეულწილად, წარმოშობილიყო საზრუნავი.
14 ყოველ შემთხვევაში, იობმა მოთმინების მაგალითი აჩვენა. თუ ჩვენი რწმენა მძიმე განსაცდელშია, შესაძლებელია ჩვენც მოგვიწიოს ველოდოთ შვებას, როგორც იობი. მაგრამ ღმერთი დაეხმარა იობს, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლა ტანჯვა-წამებისგან და უხვად აკურთხა (იობი 42:10–17). იეჰოვას მხრიდან მოქმედებების მოთმინებით მოლოდინი ავითარებს ჩვენს მოთმინებას და ცხადყოფს მისადმი ჩვენი ერთგულების სიღრმეს (იაკობი 1:2–4).
მიენდე იეჰოვას
15. რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას სრულიად?
15 პეტრემ მოუწოდა თავის ძმებს, ‘ყველა საზრუნავი ღმერთს დააკისრონ, რადგან ის ზრუნავს მათზე’ (1 პეტრე 5:7). ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია და კიდეც სრულიად უნდა მივენდოთ იეჰოვას. იგავნის 3:5, 6 გვეუბნება: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. წარსულში მწარე გამოცდილების გამო, ზოგიერთი, ვინც დამძიმებულია საზრუნავით, გრძნობს, რომ ძნელია მიენდო სხვა ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, მივენდოთ ჩვენს შემოქმედს, რომელიც არის სიცოცხლის წყარო და სიცოცხლის შემნარჩუნებელი. თუ განსაზღვრულ საქმეში საკუთარ რეაქციასაც კი არ ვენდობით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას, რომელიც ყველა უბედურებისგან გვიხსნის (ფსალმუნი 33:19, 20; 35:10; 55:4, 5).
16. რა თქვა იესო ქრისტემ მატერიალურ საგნებზე ზრუნვასთან დაკავშირებით?
16 ღმერთისადმი მინდობა შეიცავს აგრეთვე მისი ძის, იესო ქრისტესადმი მინდობას, რომელიც ასწავლიდა იმას, რაც მამისაგან ისწავლა (იოანე 7:16). იესო მოუწოდებდა თავის მოციქულებს, ‘მოეგროვებინათ საუნჯენი ზეცაში’ იეჰოვასადმი მსახურებით. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მატერიალურ მოთხოვნილებებზე: საჭმელზე, ტანსაცმელსა და თავშესაფარზე? „ნუ ზრუნავთ“, — გვირჩია იესომ. მან მიუთითა, რომ ღმერთი ასაზრდოებს ფრინველებს, ლამაზად მოსავს ყვავილებს. ნუთუ ღმერთის ერთგული მსახურები უფრო ძვირფასნი არ არიან, ვიდრე ყვავილები და ფრინველები? რა თქმა უნდა, არიან. ამიტომ, იესომ მოგვიწოდა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ“. იესომ გააგრძელა: „ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე“ (მათე 6:20, 25–34). დიახ, ჩვენ გვესაჭიროება საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, თავშესაფარი, მაგრამ, თუ მივენდობით იეჰოვას, არ ვიქნებით დაკავებული ამ საკითხებზე გადაჭარბებული ზრუნვით.
17. რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ აუცილებელია, უპირველესად ვეძებოთ სასუფეველი?
17 უპირველესად რომ ღვთის სასუფეველი ვეძებოთ, უნდა მივენდოთ ღმერთს, განვსაზღვროთ რა დგას პირველ ადგილზე და მივყვეთ სწორ თანამიმდევრობას. მარგალიტების მაძიებელი ღრმად ჩადის წყალში სასუნთქი აპარატის გარეშე ხამანწკის ნიჟარის საძებნელად, რომელშიც მარგალიტებია. ამგვარი მუშაობით ის ინახავს თავის ოჯახს. ნამდვილად, მნიშვნელოვანი საქმეა! მაგრამ რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ჰაერი! მარგალიტების მაძიებელი პერიოდულად უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე, რათა ჰაერით აივსოს ფილტვები. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჰაერი. ამის მსგავსად, ჩვენ ასე თუ ისე, ჩართული ვართ ამქვეყნიერებაში იმ მიზნით, რომ შევიძინოთ, რაც ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია. მაგრამ სულიერი საქმეები პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე. თავი რომ ავარიდოთ გადაჭარბებულ ზრუნვას მატერიალურ მოთხოვნილებებზე, სრულიად უნდა მივენდოთ იეჰოვას. უფრო მეტიც, ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს საზრუნავს, თუ ‘მუდამ ვიუხვებთ უფლის საქმეში’, რადგან „უფლის სიხარულია“ ჩვენი გაძლიერება (1 კორინთელთა 15:58; ნეემია 8:10).
გააგრძელე შენი საზრუნავის მინდობა იეჰოვაზე
18. როგორი მტკიცება არსებობს იმისა, რომ იეჰოვა ნამდვილად დაგვეხმარება, თუ ჩვენს საზრუნავს მას მივანდობთ?
18 ნათელი სულიერი თვალთახედვა რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ კვლავ და კვლავ უნდა მივანდოთ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ის ნამდვილად ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე. მაგალითისთვის: იმის გამო, რომ მეუღლე ღალატობდა, ერთ ქრისტიან ქალს იმდენი საზრუნავი გაუჩნდა, რომ მან ძილიც კი დაკარგა (შეადარე ფსალმუნი 118:28). მაგრამ, როცა დაწვებოდა საწოლში, ყველა თავის სადარდებელს იეჰოვას ანდობდა. ის იეჰოვას წინაშე ხსნიდა გულს და უყვებოდა, როგორ განიცდიდნენ ის და თავისი პატარა ბავშვები ამ ღალატს. იმის შემდეგ, რაც იტირებდა და გულმოდგინე ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას, შეემსუბუქებინა მისთვის გულისტკივილი, ყოველთვის მშვიდად იძინებდა, რადგან მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას და სჯეროდა: ღმერთი იზრუნებდა მასზე და მის შვილებზე. ის გაეყარა თავის მეუღლეს, რადგან ჰქონდა ამის სრული ბიბლიური საფუძველი და ახლა იმყოფება ბედნიერ ქორწინებაში უხუცესთან.
19, 20. ა) როგორია ზოგიერთი საშუალება, რომლითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ საზრუნავს? ბ) რა უნდა ვაკეთოთ კვლავ და კვლავ ყველა ჩვენს საზრუნავთან დაკავშირებით?
19 როგორც იეჰოვას ხალხს, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საშუალებები, რომ გავუმკლავდეთ ჩვენს საზრუნავს. განსაკუთრებით გვეხმარება ღმერთის სიტყვის გამოყენება. უხვად გვაქვს სულიერი საზრდო, რომელსაც გვაწვდის ღმერთი ‘ერთგული და გონიერი მონის’ საშუალებით და სასარგებლო და გამამხნევებელი სტატიები ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ (მათე 24:45–47). ჩვენ გვეხმარება ღმერთის სულიწმიდა. მუდმივი და გულმოდგინე ლოცვები. ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან აღმოგვიჩინონ სულიერი დახმარება და გვანუგეშონ.
20 როცა გული გვიმძიმდება საზრუნავით, ჩვენი პირადი მოთმინება და თავმდაბლობა დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ მას. განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვანია, მთლიანად მივენდოთ იეჰოვას იმიტომ, რომ ჩვენი რწმენა იზრდება იმის მიხედვით, თუ როგორ ვღებულობთ ჩვენ მის დახმარებასა და ხელმძღვანელობას. სხვა მხრივ, ღმერთისადმი რწმენას შეუძლია დაგვიცვას გადაჭარბებული ზრუნვისგან (იოანე 14:1). რწმენა კი აღგვძრავს, უპირველესად ვეძებოთ სასუფეველი და ვიყოთ დაკავებული ღმერთის სასიხარულო საქმით, რაც დაგვეხმარება დავძლიოთ საზრუნავი. ასეთი საქმიანობა აღგვავსებს უსაფრთხოების გრძნობით, რადგან ჩვენ ვიმყოფებით იმ ხალხს შორის, ვინც მარადიულად იმღერებს ღმერთის ქებას (ფსალმუნი 103:33). ამიტომ, კვლავაც მივანდოთ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას.
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის ზრუნვა?
◻ როგორია საზრუნავთან გამკლავების ზოგიერთი საშუალება?
◻ როგორ შეუძლია თავმდაბლობასა და მოთმინებას შეამციროს ჩვენი საზრუნავი?
◻ რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი სრულიად მივენდოთ იეჰოვას, რომ გავუმკლავდეთ საზრუნავს?
◻ რატომ უნდა მივანდოთ კვლავ და კვლავ მთელი ჩვენი საზრუნავი იეჰოვას?
[სურათი 31-ე გვერდზე]
იცი თუ არა, რატომ თქვა იესომ: „ნუ ზრუნავთ“?