მალე აღარავინ იქნება ღარიბი!
„ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება“ (ლუკა 2:10). ეს გამამხნევებელი სიტყვები მოისმინეს განცვიფრებულმა მწყემსებმა ბეთლემის ახლოს, სწორედ იმ ღამით, როდესაც იესო დაიბადა. ზემოხსენებული სიტყვების შესაბამისად, იესომ დედამიწაზე მსახურების დროს განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ‘კეთილ ცნობაზე’. დღეს, როდესაც ჩვენ ასე ძალიან ვართ დამოკიდებული ფულზე იმის გამო, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი მოთხოვნილებები, როგორ არის შესაძლებელი, რომ კეთილი ცნობა სასარგებლო იყოს ჩვენთვის?
იესო აუწყებდა ‘კეთილ ცნობას ღარიბებს’ (ლუკა 4:18, აქ). მათეს 9:35-ის თანახმად „დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას [სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას, აქ]“. მისი ცნობა განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო ღარიბ-ღატაკებისთვის. „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). მართალია, იესომ თქვა: „ღარიბნი ყოველთვის თქვენთანა გყავთ“, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავასკვნათ, რომ არავითარი იმედი არ არსებობს ღარიბებისთვის (იოანე 12:8). სანამ ეს ბოროტი ქვეყნიერება არსებობს, მაინც იქნებიან ღარიბი ადამიანები მიუხედავად იმისა, თუ რით არის გამოწვეული მათი მძიმე მდგომარეობა. ღვთის სიტყვა არ უარყოფს სიღარიბის არსებობის სინამდვილეს, მაგრამ დაწვრილებით არ ამახვილებს ყურადღებას მის უარყოფით მხარეებზე. პირიქით, ის ღარიბ ადამიანებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდენენ მწუხარებით აღსავსე ცხოვრებას.
დახმარება ღარიბებისთვის
აღსანიშნავია ეს სიტყვები: „არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სიმძიმე, როდესაც ადამიანმა იცის, რომ არავინ ზრუნავს მასზე და არც არავინ უგებს მას“. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უმარვლესობა არ თანაუგრძნობს ღარიბებს, მათ ნუგეშსაცემად არსებობს კეთილი ცნობა — როგორც დღევანდელობისთვის, ასევე მომავლისთვისაც.
სამწუხაროდ, ძალიან ცოტას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ღარიბებს. როგორც აღნიშნავს „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia), ზოგიერთებს სწამთ, რომ „ადამიანთა საზოგადოებაში გაჩაღებულია ბრძოლა არსებობისთვის და. . . მხოლოდ ძლიერი პიროვნება ხდება ძლევამოსილი და მდიდარი“. ის, ვისაც სწამს ეს თეორია, ეგრეთ წოდებული სოციალური დარვინიზმი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ღარიბები არიან ზარმაცი ან მფლანგველი ადამიანები. მაგრამ სასოფლო სამუშაოებით დაკავებული ადამიანები, დროებითი მუშები და სხვები, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ანაზღაურებას ღებულობენ, ხშირად ძალიან მძიმედ მუშაობენ, რათა გამოკვებონ საკუთარი ოჯახები.
მრავალ ქვეყანაში უჩვეულო არ არის სიღარიბე. ამიტომ, ღარიბები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, თავს დაჩაგრულად არ მიიჩნევენ. ასეთ ქვეყნებში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ღარიბთა შორის დიდი ფუფუნებით ცხოვრობენ. კომფორტული, მდიდრული სახლები წამოჭიმულია არაჰიგიენურ, ჯანმრთელობისთვის საზიანო უამრავ ქოხმახს შორის. ძვირადღირებული მანქანებით, კარგი ხელფასის მქონეები იმ ქუჩებით დადიან, სადაც უამრავი ღარიბ-ღატაკი და უმუშევარი ცხოვრობს. ასეთ ქვეყნებში ღარიბები დიდი ტკივილით ეზიდებიან გაჭირვებული მდგომარეობის ხვედრს. «ღარიბი ადამიანი იტანჯება არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვების უქონლობით, ცუდი ბინითა და არასაკმარისი სამედიცინო დახმარებით, არამედ თავისი მდგომარეობით გამოწვეული მუდმივი წუხილითაც — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“. — იმის გამო რომ არ შესწევთ ძალა, იშოვონ და შეინარჩუნონ კარგი სამუშაო, ისინი კარგავენ პირადი ღირსებისა და პატივისცემის გრძნობას». როგორ უმკლავდება ზოგიერთი ძალიან ღარიბი ადამიანი საკუთარ გაჭირვებულ მდგომარეობას? და რა კავშირი აქვს მათი მდგომარეობის გამკლავებასთან იესოს შესახებ კეთილ ცნობას?
პირველი, გახსოვდეს რომ ღარიბი ადამიანის მდგომარეობა, შესაძლოა, გაუარესდეს არაგონივრული ჩვევებით. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი. ვალდესირმა, იმ დროს, როდესაც მის მეუღლესა და პატარა ბავშვებს არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, საკუთარ თავს ნება დართო, რომ უზნეო ცხოვრებაში გაეფლანგა ფული. ის ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი, არასოდეს მრჩებოდა ფული ოჯახისთვის, მაგრამ ლატარიის ბილეთის საყიდლად ფული ყოველთვის მომეძებნებოდა.“ მილტონმა, უზომო სმისა და თამბაქოს წევის გამო, მასთან მომუშავე 23 ადამიანთან ერთად მარცხი განიცადა ბიზნესში. მან თქვა: „ღამეებს ქუჩაში ვატარებდი, რადგან ძალა არ შემწევდა, რომ სახლამდე მიმეღწია, ჩემი ოჯახი ძალიან იტანჯებოდა ჩემს გამო“.
უზნეო ცხოვრებაში ფლანგავდა თავის ხელფასს ჟუანიც. „ღამეებს სახლში არ ვატარებდი. უზნეო ცხოვრებისა და სასიყვარულო კავშირებისთვის არ მყოფნიდა მთელი ხელფასი. სიტუაცია აუტანელი გახდა და ჩემს მეუღლეს ცალკე ცხოვრება სურდა“. ფინანსური და ცოლქმრული პრობლემების გარდა სხვა პრობლემებიც ჰქონდა. მან თქვა: „პრობლემები მქონდა ნათესავებსა და მეზობლებთან, განსაკუთრებული პრობლემები კი სამუშაოზე მქონდა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ უმუშევარი ვრჩებოდი“. ჟულიუ ნარკომანი იყო. ის ამბობს: „რადგან ხელფასი არ მყოფნიდა ნარკოტიკებისთვის, ნარკობიზნესს მოვკიდე ხელი, რომ აღარ დამჭირვებოდა ნარკოტიკების ყიდვა“.
ჟოზე იზრდებოდა ღარიბ, რვაშვილიან ოჯახში, მას სურდა რომ რაღაც საკუთარი ჰქონოდა. რადგან ხედავდა რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა, სხვა მოზარდებთან ერთად დაიწყო ხალხის ძარცვა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მეორე ახალგაზრდა კი იმ ბანდის წევრი გახდა, რომელსაც უწოდებდნენ „თავზე ხელაღებულებს“. ის ამბობს: „რადგან ჩვენს შორის უმრავლესობა ძალიან ღარიბი იყო, სიამოვნებას იმით ვგრძნობდით, რომ ვამსხვრევდით ყველაფერს და ვაწყობდით ხალხზე თავდასხმას.“
მაგრამ დღეს ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებთან ერთად აღარ იტანჯებიან უდიდესი უსახსრობით ან ტკივილითა და წყენით. აღარ არიან დახმარების გარეშე და უიმედოდ მიტოვებულები. რატომ? მათ შეისწავლეს კეთილი ცნობა, რომელსაც იესო ქადაგებდა. მათ ცხოვრებაში გამოიყენეს ბიბლიური რჩევები და ურთიერთობა დაამყარეს იეჰოვას მოწმეთა კრებაში ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მსგავსად აზროვნებენ ღმერთის სიტყვის შესახებ. და მათ გაიგეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები სიმდიდრესა და სიღარიბესთან დაკავშირებით.
დახმარება სიღარიბის გასამკლავებლად
პირველი, მათ გაიგეს, რომ თუ გამოიყენებენ ბიბლიურ პრინციპებს, სიღარიბის ცუდი გავლენა შემცირდება. ბიბლია მსჯავრს დებს უზნეობას, ლოთობას, აზარტულ თამაშებსა და ნარკომანიას (1 კორინთელთა 6:9, 10). ეს ყველაფერი ძალიან ძვირადღირებულია. ამას შეუძლია მდიდარი ღატაკად აქციოს, ხოლო ღატაკი კიდევ უფრო მეტად გააღატაკოს. მსგავსი ჩვევების მიტოვება შესამჩნევად გააუმჯობესებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას.
მეორე, ისინი მიხვდნენ, რომ ცხოვრებაში შეიძლება სიმდიდრეზე უფრო მნიშვნელოვნის პოვნა. გაწონასწორებული თვალსაზრისი მოცემულია ღვთისმიერ შთაგონებულ სიტყვებში: „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12). დიახ, ფული აუცილებელია. მაგრამ ბიბლიაზე დაფუძნებული სიბრძნე და ღვთის განზრახვების შესახებ შემეცნება უფრო სასარგებლოა. ფაქტია, რომ ვისაც სიბრძნე აკლია და ძალიან ბევრი ფული აქვს, შესაძლოა, ეს ფული იმდენად მძიმე ტვირთი იყოს მისთვის, როგორც ძალიან ცოტა სახსრების მქონესთვის. ბიბლიის მწერალი ბრძნულად ლოცულობდა: „ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო“ (იგავნი 30:8, 9).
მესამე, ისინი მიხვდნენ, რომ თუ პიროვნება ცხოვრობს კეთილი ცნობის თანახმად, რომელსაც იესო ქადაგებდა, აღარასოდეს იგრძნობს თავს მიტოვებულად. კეთილი ცნობა შეეხება ღვთის სამეფოს. ცნობას ეწოდება „სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა“ და დღეს ამის შესახებ ქადაგება დედამიწის მთელ დასახლებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს (მათე 24:14, აქ). იესომ თქვა, რომ გვექნებოდა მხარდაჭერა, თუ მთელი ჩვენი იმედი სამეფოზე იქნებოდა დამყარებული. მან თქვა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33). ღმერთი არ დაგვპირებია ძვირადღირებულ მანქანებსა და მდიდრულ სახლებს. იესო ლაპარაკობდა ცხოვრების აუცილებელ საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი (მათე 6:31). დღეს მილიონობით ადამიანია იმის მტკიცება, რომ იესოს აღთქმები სარწმუნოა. პიროვნება, თუნდაც ძალიან ღარიბი, არ არის მიტოვებული, თუ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს.
მეოთხე, ისინი მიხვდნენ, რომ ის, ვინც ღმერთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს არ არის მწუხარებით მოცული ეკონომიკური სიძნეელების გამო. დიახ, ღარიბ ადამიანს მძიმე მუშაობა უწევს. მაგრამ თუ ემსახურება ღმერთს, აქვს უპირატესობა, ჰქონდეს ურთიერთობა შემოქმედთან, ვის შესახებაც ბიბლია ამბობს: „არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა“ (ფსალმუნი 21:25). ამასთანავე ღარიბი პიროვნება დახმარებას ნახულობს, რომ გაუმკლავდეს ცხოვრების პრობლემებს. სიხარულს გრძნობს თბილი ურთიერთობით თანაქრისტიანებთან და აქვს შემეცნება და რწმენა იეჰოვას გამოცხადებული ნების შესახებ. ეს ყველაფერი „სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად“ (ფსალმუნი 18:11).
და ბოლოს, აღარ არის სიღარიბე!
და ბოლოს, ის, ვინც მიყვება კეთილ ცნობას, სწავლობს იმის შესახებ, რომ იეჰოვას განზრახული აქვს, თავისი სამეფოს მეშვეობით მარადიულად მოაგვაროს სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები. ბიბლიაში მოცემულია დაპირება: „სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული — უპოვართა იმედი“ (ფსალმუნი 9:19). სამეფო არის ნამდვილი მთავრობა, რომელიც შეიქმნა ზეცაში და რომლის მმართველი არის იესო ქრისტე. მალე, ეს სამეფო შეცვლის ადამიანთა მთავრობებს და მათ საქმეთა მმართველობებს (დანიელი 2:44). შემდეგ, გამეფებული იესო „შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:13, 14).
ამ დროის შესახებ მიქას 4:3, 4-ში ნათქვამია: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“. ვისზეა აქ ლაპარაკი? იმ პიროვნებებზე, ვინც ემორჩილება ღვთის სამეფოს. ეს სამეფო მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს კაცობრიობას — თვით ავადმყოფობასა და სიკვდილს. „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:8; 33:24). რაოდენ განსხვავებული ქვეყნიერება იქნება! და გახსოვდეს, ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს ამ აღთქმების, რადგან ეს აღთქმები თვით ღვთის მიერ არის შთაგონებული. ღმერთი ამბობს: „დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში“ (ესაია 32:18).
ღვთის სამეფოსადმი ნდობა ეხმარება ადამიანს გადალახოს საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობის გრძნობა, რომელიც ხშირად სიღარიბითაა გამოწვეული. ღარიბმა ქრისტიანმა იცის, რომ ის ისევე ძვირფასია ღვთის თვალში, როგორც ის ქრისტიანი, რომელიც მდიდარია. ღმერთს ორივე თანაბრად უყვარს და ორივეს ერთი იმედი აქვს. ორივე აღფრთოვანებით მოელის იმ დროს, როდესაც ღვთის სამეფოს საშუალებით სიღარიბე დავიწყებას მიეცემა. რაოდენ დიდებული დრო იქნება! და ბოლოს, აღარავინ იქნება ღარიბი!
[სურათი მე-4 გვერდზე]
რატომ უნდა განიავდეს ფულადი სახსრები აზარტულ თამაშებში, თამბაქოს წევაში, ლოთობაში, ნარკომანიასა და უზნეო ცხოვრებაში?