„ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან“ (მათე 11:29).
როგორი გამომაცოცხლებელია გრილი შხაპი ცხელი და ნესტიანი დღის ბოლოს ან ღამით ღრმა ძილი ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ! იგივე გრძნობა გეუფლება, როდესაც მძიმე ტვირთი გეხსნება ან როდესაც ცოდვები და შეცდომები გეპატიება (იგავნი 25:25; საქმეები 3:19). ასეთი გამახალისებელი მოვლენებით მიღებული გამოცოცხლება აღადგენს ჩვენს ძალებს და აღგვძრავს წინსვლისაკენ.
2 ყველას, ვინც ტვირთმძიმეა და დაქანცული, შეუძლია იესოსთან მისვლა, რადგან ის შეჰპირდა მათ სწორედ ამას — გამოცოცხლებას. მაგრამ ადამიანმა რომ ჰპოვოს ასეთი სასურველი გამოცოცხლება, მზად უნდა იყოს რაღაცის გასაკეთებლად. „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, — თქვა იესომ, — და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს [გამოცოცხლებას, აქ]“ (მათე 11:29). რა არის ეს უღელი? როგორ შეუძლია მას სიმშვიდის მოტანა?
საამური უღელი
3 რადგან იესო და მისი მსმენელები ცხოვრობდნენ სამიწათმოქმედო საზოგადოებაში, კარგად იცოდნენ რა იყო უღელი. არსებითად, უღელი არის მოგრძო, გათლილი ხე ქვემოდან ორი ამოჭრილი ნაწილით, რომელსაც ქედზე ადგამენ მუშა ცხოველებს, ჩვეულებრივ, წყვილ ხარს ან კამეჩს მათი ურემში, ან გუთანში, ან სხვა რამეში შესაბმელად (პირველი მეფეთა 6:7). ზოგიერთ უღელს ადამიანებიც ატარებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ჯოხი ან ლატანი, ორივე ბოლოში მიმაგრებული ტვირთით, რასაც მხრებზე გადადებულს ატარებდნენ. მისით მუშებს შეეძლოთ ეტარებინათ მძიმე ტვირთი (იერემია 27:2; 28:10, 13). რამდენადაც უღლის ასოცირება ხდება ტვირთთან და შრომასთან, ბიბლიაში ის ხშირად გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, ბატონობისა და მართვის გამოსახატავად (მეორე რჯული 28:48; მესამე მეფეთა 12:4; საქმეები 15:10).
4 მაშინ, რა არის ის უღელი, რომლის აღებაც შესთავაზა იესომ მათ, ვინც მასთან მისვლით ეძებს გამოცოცხლებას? გაიხსენე, რომ მან თქვა: „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან“ (მათე 11:29). ვინც სწავლობს, მოწაფედ ითვლება. ამიტომ, აიღო იესოს უღელი, ნიშნავს გახდე მისი მოწაფე (ფილიპელთა 4:3). მაგრამ ეს მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ გონებით ჩასწვდე მის სწავლებებს. ეს მოითხოვს ამ სწავლებებთან შეთანხმებულ მოქმედებებს — აკეთო ის, რასაც იესო აკეთებდა და იცხოვრო ისე, როგორც ის ცხოვრობდა (1 კორინთელთა 11:1; 1 პეტრე 2:21). ეს მოითხოვს ნებაყოფლობით მორჩილებას მისი ძალაუფლებისადმი და მათდამი, ვინც მან აღჭურვა ძალაუფლებით (ეფესელთა 5:21; ებრაელთა 13:17). ეს ნიშნავს გახდე მიძღვნილი, მონათლული ქრისტიანი, რომელიც თავის თავზე იღებს ყველა უპირატესობასა და პასუხისმგებლობას, რომლებიც ასეთ მიძღვნას მოჰყვება. ეს არის უღელი, რომელიც იესომ შესთავაზა მათ, ვინც მასთან მიდის გამოცოცხლებისა და ნუგეშისთვის. თუ გაქვს სურვილი იტვირთო ის? (იოანე 8:31, 32).
5 ჰპოვო გამოცოცხლება უღლის დადგმით — ხომ არ არის აქ რაღაც ერთმანეთის საპირისპირო რამ? სინამდვილეში, არა, რადგან იესომ თქვა, რომ მისი უღელი „საამურია“. ეს სიტყვა ნიშნავს რბილს, სასიამოვნოს, შესაბამისს (მათე 11:30; ლუკა 5:39; რომაელთა 2:4; 1 პეტრე 2:3). როგორც დახელოვნებულ დურგალს, იესოს, სავსებით შესაძლებელია, რომ უწევდა უღლებისა და გუთნების გაკეთება და იცოდა როგორი ფორმა მიეცა უღლისთვის, რათა ქედზე ისე მორგებულიყო, რომ რაც შეიძლება მოხერხებულად ჩატარებულიყო მეტი სამუშაო. მას შეეძლო უღლებზე ქვემოდან ქსოვილი ან ტყავი შემოეკერა. მრავალ უღელს ასე აკეთებენ, რათა მათ მეტისმეტად არ გადაატყავონ კისერი. ამის მსგავსად, მეტაფორული მნიშვნელობის უღელი, რომელსაც იესო გვთავაზობს, არის ‘საამური’. მიუხედავად იმისა, რომ იესოს მოწაფედ ყოფნა ნიშნავს განსაზღვრული მოვალეობებისა და ვალდებულებების აღებას, ის არ არის დამქანცველი ან მძიმე, არამედ გამომაცოცხლებელი. არც მისი ზეციერი მამის, იეჰოვას, მცნებები არის დამამძიმებელი (მეორე რჯული 30:11; 1 იოანე 5:3).
6 არის კიდევ რაღაცა, რაც იესოს უღელს ‘საამურს,’ ანუ მსუბუქს ხდის. როდესაც მან თქვა: „იტვირთეთ ჩემი უღელი“, ის გულისხმობდა ორიდან ერთს. თუ მას მხედველობაში ჰქონდა ორმაგი უღელი, რომელშიც შებმულია ორი მუშა ცხოველი იმისათვის, რომ ერთად გასწიონ ტვირთი, ესე იგი ის გვიწვევდა დავმდგარიყავით მასთან ერთად ერთ უღელქვეშ. როგორი კურთხევა იქნებოდა იესოსთან ერთად გვეზიდა ჩვენი უღელი! სხვა მხრივ, თუ იესო გულისხმობდა უღელს, რომელსაც ჩვეულებრივი მუშა იყენებდა, მაშინ ის გვთავაზობდა საშუალებას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ტვირთის ტარება უფრო ადვილი და მოსახერხებელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი უღელი არის ნამდვილი გამომაცოცხლებელი წყარო, რადგან იესო გვარწმუნებს: „ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ“.
7 მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ცხოვრებისეული პრობლემების ტვირთი, რომელსაც ვატარებთ, ხდება აუტანელი და ვიმყოფებით უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაში? ზოგიერთმა შეიძლება არასწორად იფიქროს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეობის უღელი არის ძალიან მძიმე და ბევრის მომთხოვნი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სწორედ ცხოვრების ყოველდღიური საზრუნავი ამძიმებთ. ზოგიერთი პიროვნება ასეთ სიტუაციაში აღარ ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს ან თავს იკავებს მსახურებაში მონაწილეობისგან, რადგან, შესაძლოა, ფიქრობს რომ ეს მას გარკვეულწილად შვებას მოუტანს. მაგრამ ეს სერიოზული შეცდომაა.
8 ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ იესოს მიერ შემოთავაზებული უღელი „საამურია“. თუ ის არასწორად დავიდეთ, მას შეუძლია „ხეხვა“. ასეთ შემთხვევაში უნდა შევამოწმოთ უღელი, რომელიც ჩვენს მხრებზეა. თუ ზოგიერთი მიზეზის გამო უღელი მოშლილ მდგომარეობაშია ან ზუსტად არ გვერგება, მისი გამოყენება არა მარტო მეტი ძალ-ღონის დახარჯვას მოგვთხოვს, არამედ გამოიწვევს ტკივილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თეოკრატიული საქმიანობა ტვირთის მსგავსი გვეჩვენება, უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი და დავინახოთ სწორად ვეკიდებით თუ არა მას. როგორი აღძვრებიდან გამომდინარე ვასრულებთ მას? საკმაოდ კარგად ვემზადებით თუ არა შეხვედრებისთვის? როდესაც მივდივართ საველე მსახურებაში, მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად? ვხარობთ ახლო და ჯანსაღი ურთიერთობით სხვებთან კრებაში? და რაც ყველაზე მთავარია, როგორია ჩვენი პირადი ურთიერთობა იეჰოვა ღმერთთან და მის ძე, იესო ქრისტესთან?
9 როდესაც მთელი გულით ვიღებთ იესოს მიერ შემოთავაზებულ უღელს და ვსწავლობთ მის სწორად ტარებას, ის აღარ მოგვეჩვენება აუტანელ ტვირთად. სინამდვილეში, თუ წარმოვიდგენთ ასეთ სიტუაციას — იესო ჩვენთან ერთად ერთ უღელქვეშ — არ იქნება ძნელი იმის დანახვა, სინამდვილეში, ვინ ზიდავს ტვირთის ძირითად მასას. ეს ჰგავს პატარა ბავშვის სიტუაციას, რომელიც სწავლობს სიარულს, ეყრდნობა საბავშვო ეტლის ხელის მოსაკიდს და ფიქრობს, რომ ეტლი მას მიჰყავს, მაგრამ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამას მისი მშობელი აკეთებს. როგორც მოსიყვარულე მამამ, იეჰოვა ღმერთმა კარგად იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და სისუსტეები და იესო ქრისტეს მეშვეობით რეაგირებს ჩვენს მოთხოვნილებებზე. „ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში“, — თქვა პავლემ (ფილიპელთა 4:19; შეადარე ესაია 65:24).
10 მრავალმა მიძღვნილმა ქრისტიანმა შეიგნო ეს საკუთარი გამოცდილებით. მაგალითად, ჯენი თვლის, რომ ყოველთვე იმსახურო დამხმარე პიონერად და იმუშაო სრული სამუშაო დღე ძალიან მკაცრი მოთხოვნების სამუშაოზე, ძნელია. მაგრამ გრძნობს, რომ პიონერული მსახურება ეხმარება მას წონასწორობის შენარჩუნებაში. რადგან ეხმარება ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობაში და ხედავს, როგორ ცვლიან ისინი თავიანთ ცხოვრებას, რათა ღმერთის თვალში მოსაწონები იყვნენ — აი, ამას მოაქვს მისთვის უდიდესი სიხარული მის დაძაბულ ცხოვრებაში. ის მთელი გულით ეთანხმება იგავნის სიტყვებს, რომელიც ამბობს: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22).
მსუბუქი ტვირთი
11 იმასთან ერთად, რომ გვპირდება ‘საამურ’ უღელს, იესო გვარწმუნებს: ‘ჩემი ტვირთი მსუბუქია’. ‘საამური’ უღელი უკვე ამსუბუქებს სამუშაოს; თუ ტვირთი აგრეთვე შემსუბუქებულია, სამუშაო ჭეშმარიტად სიამოვნების მომგვრელი ხდება. მაგრამ რა ჰქონდა იესოს მხედველობაში ამ განაცხადით?
12 ვნახოთ, რას გააკეთებდა გლეხი, თუ მოინდომებდა სამუშაოს შეცვლას თავისი ცხოველებისთვის, მაგალითად, გამოეყენებინა ისინი არა მინდვრის მოსახნავად, არამედ ურემში შესაბმელად. უპირველესად ის გამოხსნიდა გუთნიდან და შემდეგ შეაბამდა ურემში. უგუნურება იქნებოდა მისი მხრიდან ცხოველების შებმა ერთდროულად როგორც ურემში, ასევე გუთანში. ამის მსგავსად, იესო არ ეუბნებოდა ადამიანებს, აეკიდათ მისი ტვირთი იმ ტვირთთან ერთად, რომელსაც ისინი უკვე ატარებდნენ. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს“ (ლუკა 16:13). ასე რომ, იესო ადამიანს სთავაზობდა არჩევანს. ატარებდნენ თუ არა ისინი იმ მძიმე ტვირთს, რომელიც ჰქონდათ, თუ ჩამოიხსნიდნენ და აიღებდნენ იმას, რასაც ის სთავაზობდა? იესომ ისინი სიყვარულით წაახალისა: ‘ჩემი ტვირთი მსუბუქია’.
13 იესოს დროს ადამიანები იტანჯებოდნენ იმ მძიმე ტვირთქვეშ, რომელიც დააკისრეს მათ დესპოტურმა რომაელმა მმართველებმა და ფორმალისტმა, თვალთმაქცმა რელიგიურმა ბელადებმა (მათე 23:23). იმ მიზნით, რომ ჩამოეხსნათ რომაელთა ტვირთი, ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა პირადად შეეტანა ცვლილებები. ისინი ებმებოდნენ პოლიტიკურ ბრძოლებში, რომლებსაც მხოლოდ უბედურებამდე მიჰყავდა (საქმეები 5:36, 37). სხვები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ თავიანთი მდგომარეობა მატერიალურ საქმეებში ჩაფლობით (მათე 19:21, 22; ლუკა 14:18–20). როდესაც იესომ შესთავაზა მათ შვება მოწვევით, გამხდარიყვნენ მისი მოწაფეები, ყველა არ იყო მზად მიეღო ეს მოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ის ტვირთი, რომელსაც ისინი ეზიდებოდნენ, მაინც მერყეობდნენ მოეხსნათ ის და აეღოთ იესოს ტვირთი (ლუკა 9:59–62). რა ტრაგიკული შეცდომაა!
14 თუ არ ვფრთხილობთ, ჩვენც შეგვიძლია დავუშვათ მსგავსი შეცდომა დღეს. იესოს მოწაფეებად გახდომა გვათავისუფლებს ისეთი მიზნებისა და ფასეულობებისკენ სწრაფვისგან, რომლისკენაც მიისწრაფის წუთისოფლის ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გვიწევს მძიმედ შრომა რათა უზრუნველვყოთ ყოველდღიური მოთხოვნილებები, ჩვენ არ დავაყენებთ ამ საკითხებს ჩვენი ცხოვრების ყურადღების ცენტრში. დიახ, ცხოვრების მრავალმა საზრუნავმა და საცდურმა, გვქონდეს კეთილმოწყობილი პირობები, შეიძლება ძლიერ შეგვიპყროს. თუ ამას დავუშვებთ, ასეთმა სურვილებმა, შეიძლება, ჩაახშოს ჭეშმარიტება, რომელიც ასე დიდი მონდომებით მივიღეთ (მათე 13:22). ასეთი სურვილების შესრულებამ, შეიძლება, ისე გაგვიტაცოს, რომ ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობები გადაიქცევა დამღლელ ვალდებულებებად, რომლებსაც შევასრულებთ მხოლოდ იმ სურვილით, რომ რაც შეიძლება მალე მოვიცილოთ თავიდან. რასაკვირველია, თუ ღმერთს ასეთი განწყობით ვემსახურებით, შეუძლებელია მოველოდეთ, რომ ჩვენი მსახურება გამოგვაცოცხლებს.
15 იესომ მიუთითა, რომ კმაყოფილება ცხოვრებაში მოდის არა მისწრაფებით, დაიკმაყოფილო ყველა შენი სურვილი, არამედ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეების უზრუნველყოფით. „ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ, — არწმუნებდა ის. — განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული — სამოსელზე?“ შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა ცის ფრინველებზე და თქვა: „ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ“. როცა შეეხო ველის შროშანებს, იესომ თქვა: „არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“ (მათე 6:25–29).
16 შეგვიძლია რამე ვისწავლოთ ამ უბრალო თვალსაჩინო მაგალითებიდან? საერთო გამოცდილებით ცნობილია, რომ რაც უფრო მიისწრაფის პიროვნება თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მით უფრო ეფლობა წუთისოფლის ყოველდღიურ საქმეებში და მით უფრო მძიმდება ტვირთი მის მხრებზე. ქვეყნიერება სავსეა მეწარმეებით, რომლებმაც თავიანთ მატერიალურ წარმატებებს მიაღწიეს დანგრეული ოჯახებისა და ქორწინებების, ჯანის გატეხვისა და სხვა მრავალის ხარჯზე (ლუკა 9:25; 1 ტიმოთე 6:9, 10). ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა: „ქონება, მოსაჩვენებელი წარმატება, დიდება, ფუფუნება — ეს ყველაფერი ჩემთვის საზიზღრობა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ იცხოვრო უბრალო და მოკრძალებული ცხოვრებით, საუკეთესოა ნებისმიერი პიროვნებისთვის“. ეს გამონათქვამი, მხოლოდ, იმეორებს მოციქულ პავლეს უბრალო რჩევას: „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად“ (1 ტიმოთე 6:6).
17 არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. თუმცა ‘უბრალო და მოკრძალებულ ცხოვრებას’ აქვს მრავალი უპირატესობა, მას თავისთავად არ მოაქვს კმაყოფილება. არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა რაღაც გარემოებების გამო, მაგრამ ისინი არ არიან ბედნიერები და კმაყოფილები. ბიბლია არ მოგვიწოდებს, უკუვაგდოთ მატერიალური კეთილდღეობა და ვიცხოვროთ განდეგილის ცხოვრებით. განსაკუთრებული ხაზი ესმება ღვთისმოსაობით ცხოვრებას და არა თვითკმაყოფილებას. როცა ვაერთიანებთ ამ ორს, მხოლოდ მაშინ გვაქვს ‘შენაძენი’. როგორი შენაძენი? შემდეგ იმავე წერილში პავლე მიუთითებს, რომ ისინი, ვინც ‘არ ენდობიან მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს. . . დაიუნჯებენ საუნჯეს მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:17–19).
18 გამოცოცხლებას ვპოვებთ, თუ ვსწავლობთ ჩვენი პირადი მძიმე ტვირთის მოხსნას, რომელსაც, შესაძლოა, ვატარებთ და მსუბუქი ტვირთის აღებას, რომელსაც გვთავაზობს იესო. მრავალმა ადამიანმა, რომელმაც გარდაქმნა თავისი ცხოვრება ისე, რომ უფრო სრულად მიიღოს მონაწილეობა სამეფო მსახურებაში, ჰპოვა ბედნიერი და კმაყოფილი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს ყველა პიროვნებისაგან მოითხოვს რწმენასა და ვაჟკაცობას, რათა გადადგას ასეთი ნაბიჯი და, შესაძლოა, ამ გზაზე დაბრკოლებებიც იყოს. მაგრამ ბიბლია შეგვახსენებს: „ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4). სინამდვილეში, მრავალი საქმე არ არის ძნელი, თუ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ მათი გაკეთება. როგორც ჩანს, სიძნელეს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ, შეიძლება, დავუძლურდეთ ამ აზრთან ბრძოლით ან ამ აზრისადმი წინააღმდეგობის გაწევით. თუ მოვიკრებთ გონებას და მივიღებთ გამოწვევას, გაგვიკვირდება, როგორ კურთხევად გადაიქცევა ეს. ფსალმუნმომღერალი მოგვიწოდებდა: „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი“ (ფსალმუნი 33:9; 1 პეტრე 1:13).
‘სულის გამოცოცხლება’
19 მოციქულმა პავლემ შეახსენა პირველი საუკუნის მოწაფეებს: „მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა“ (საქმეები 14:22). ეს დღესაც ჭეშმარიტებად რჩება. რადგან მსოფლიო პირობები უარესდება, ზეგავლენა მათზე, ვისაც გადაწყვეტილი აქვს გაატაროს ცხოვრება უბიწოდ და ღვთისადმი ერთგულებით, უფრო გაძლიერდება (2 ტიმოთე 3:12; გამოცხადება 13:16, 17). ჩვენ ვგრძნობთ იმავეს, რასაც პავლე გრძნობდა, როდესაც თქვა: „ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“. მიზეზი ის არის, რომ შეგვიძლია მივენდოთ იესო ქრისტეს, მოგვცეს ჩვეულებრივ ძალაზე აღმატებული ძლიერება (2 კორინთელთა 4:7–9). თუ ვიღებთ მოწაფეობის უღელს მთელი გულით, დავტკბებით იესოს დანაპირების შესრულებით: „ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს [გამოცოცხლებას, აქ]“ (მათე 11:29).
შეგიძლია ახსნა?
◻ რა არის ის საამური უღელი, რომელიც იესომ შემოგვთავაზა?
◻ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვგრძნობთ, რომ უღელი დამამძიმებელი ხდება?
◻ რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: ‘ჩემი ტვირთი მსუბუქია’?
◻ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ჩვენი ტვირთი არ დამძიმდეს?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რას მოაქვს ცხოვრებაში შენთვის გამოცოცხლება? ბ) რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რათა მიიღოს იესოს მიერ დაპირებული გამოცოცხლება?
3. ა) როგორ უღლებს იყენებდნენ ბიბლიურ დროს? ბ) გადატანითი მნიშვნელობით, რას ნიშნავს უღელი?
4. რას ასიმბოლოებს უღელი, რომელსაც იესო სთავაზობს მასთან მომსვლელებს?
5. რატომ არ იქნებოდა დამქანცველი იესოს უღლის აღება?
6. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „იტვირთეთ ჩემი უღელი“?
7, 8. როგორ შეცდომას უშვებენ ზოგიერთები, როდესაც გრძნობენ უკიდურეს ზემოქმედებას?
9. რატომ არ უნდა იყოს არასდროს ქრისტიანული უღელი აუტანელი ტვირთი?
10. რა განიცადა პიროვნებამ, რომელმაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი მოწაფეობას?
11, 12. რა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თქვა: ‘ჩემი ტვირთი მსუბუქია’?
13. რომელ ტვირთს ატარებდნენ ადამიანები იესოს დღეებში და რა შედეგით?
14. როგორ შეუძლია ცხოვრების მრავალმა საზრუნავმა და მატერიალურმა სურვილებმა დაგვამძიმონ?
15. როგორი გაფრთხილება მოგვცა იესომ მატერიალურ სურვილებთან დაკავშირებით?
16. როგორც გამოცდილებიდან ჩანს, რა შედეგები მოჰყვება მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას?
17. როგორი ცხოვრებისკენ მოუწოდებს ბიბლია?
18. ა) როგორ შეუძლია პიროვნებას ჰპოვოს ჭეშარიტი გამოცოცხლება? ბ) როგორ უნდა შევხედოთ ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა, შესატანი გვაქვს?
19. ა) რას უნდა მოველოდოთ მსოფლიო პირობების გაუარესებასთან ერთად? ბ) რადგან ვიღებთ იესოს უღელს, რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?