იეჰოვა აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს
„უფლის მოსავნი. . . განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს“ (ესაია 40:31).
ცის ფრინველთა შორის არწივი უძლიერესია. მას ფრთების მოქნევის გარეშეც შეუძლია დიდ მანძილზე ირაოს გაკეთება. გაშლილი ფრთებით, რომელთა სიგრძეც ორი მეტრია, „ფრინველთა მეფე“, ოქროსფერი არწივი, „ერთ-ერთი ყველაზე დიდად შთამბეჭდავია არწივთა შორის; ის ადის გორებისა და ვაკეების ზემოთ, მთის ქედზე საათების განმავლობაში აკეთებს ირაოს, შემდეგ სწრაფად მიიწევს უფრო მაღლა და მაღლა, ვიდრე ცაში შავ ლაქად არ იქცევა“ (The Audubon Society of North American Birds).
2 ესაიას მხედველობაში ჰქონდა არწივის ფრენის უნარი, როცა წერდა: „[იეჰოვა] აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:29–31). რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მასზე მინდობილებს ისე მოაღონიერებს, თითქოს აღჭურავს ირაოს მკეთებელი არწივის მოუღლელი ფრთებით, რათა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდნენ! ახლა მხედველობაში მიიღე გარკვეული ზომები, რომლებსაც ის ღებულობს დაუძლურებულთა მოსაღონიერებლად.
ლოცვის ძალა
3 იესო თავის მოწაფეებს არწმუნებდა, რომ ‘ყოველთვის ელოცათ და არ მობეზრებოდათ’ (ლუკა 18:1). იეჰოვას წინაშე გულის გადაშლა დაგვეხმარება თუ არა ძალების აღდგენასა და მოდუნებისგან თავის არიდებაში, როცა ცხოვრების სიძნელეები გადაულახავი გვეჩვენება? დიახ, დაგვეხმარება, მაგრამ არსებობს გარკვეული რამ, რაც უნდა გვახსოვდეს.
4 ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ იმაში, რასაც მოველით იეჰოვასგან ჩვენი ლოცვების საპასუხოდ. ერთმა ქრისტიანმა, რომელიც ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, მოგვიანებით შენიშნა: „როგორც სხვა დაავადებების დროს, იეჰოვა ამ დროსაც არ ახდენს სასწაულებს. მაგრამ ის გვეხმარება, მაქსიმალურად ვიბრძოლოთ და ვიმკურნალოთ იმ დონემდე, რაც შესაძლებელია ამ სისტემაში“. როცა ეს ქრისტიანი განმარტავდა, თუ რატომ მოახდინა მისმა ლოცვებმა ცვლილებები, ის ამატებდა: „ჩემთვის დღეში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო იეჰოვას სულიწმიდა“. ამგვარად, იეჰოვა არ დაგვიფარავს ცხოვრების სიძნელეებისგან, რომლებმაც შეიძლება დაგვამძიმოს, არამედ ის „მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13; ფსალმუნი 87:2–4). ეს სული გაგვხდის უნარიანს, გავუმკლავდეთ ყოველგვარ განსაცდელსა და სიძნელეებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა ვდგავართ (1 კორინთელთა 10:13). თუ აუცილებელია, მას შეუძლია აგვავსოს ‘აღმატებული ძლიერებით’, რათა მოვითმინოთ იმ დრომდე, სანამ ღმერთის სამეფო არ აღმოფხვრის დაძაბულობის გამომწვევ ყოველგვარ პრობლემას ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც ხელის გაწვდენაზეა (2 კორინთელთა 4:7).
5 ჩვენი ლოცვა რომ ეფექტური იყოს, დაჟინებით და კონკრეტულად უნდა ვილოცოთ (რომაელთა 12:12). მაგალითად, თუ დროთა განმავლობაში შენი დაქანცულობა მატულობს იმის გამო, რომ ებრძვი ხორციელ სისუსტეებს, ყოველი დღის დასაწყისში თხოვნით მიმართე იეჰოვას, დაგეხმაროს დღის განმავლობაში ამ განსაკუთრებული სისუსტის დაძლევაში. აგრეთვე ილოცე, როგორც მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყოველ ღამე, ძილის წინ. თუ სისუსტემ კვლავ იჩინა თავი, სთხოვე იეჰოვას პატიება, მაგრამ მოიხსენიე ისიც, თუ რამ გამოიწვია ამ სისუსტის კვლავ გამეორება და რის გაკეთება შეგიძლია მომავალში ასეთი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად. ასეთი დაჟინებული და კონკრეტული ლოცვები ‘ლოცვების მომსმენს’ უჩვენებს ბრძოლაში გამარჯვების შენს გულწრფელ სურვილს (ფსალმუნი 64:3; ლუკა 11:5–13).
6 მაგრამ ზოგჯერ ისინი, რომლებიც მოიქანცნენ, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ლოცვისთვის უღირსნი არიან. ქრისტიანმა ქალმა, რომელსაც მსგავსი გრძნობა ჰქონდა, მოგვიანებით შენიშნა: „ასე ფიქრი საშიშია, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ მოსამართლეობას, მოსამართლეობა კი ჩვენ არ გვეკუთვნის“. ნამდვილად, „ღმერთია მსაჯული“ (ფსალმუნი 49:6). ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუმცა „ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი. . . ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:20). რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ როცა ჩვენ შესაძლოა საკუთარ თავს ლოცვის ღირსად არ ვთვლით, იეჰოვა შესაძლოა ასე არ ფიქრობს ჩვენზე! მან „ყოველივე უწყის“ ჩვენს შესახებ, მათ შორის ჩვენი ცხოვრების იმ მდგომარეობების შესახებაც, რამაც შესაძლოა გამოიწვია, რომ ასე უღირსად გვეგრძნო თავი (ფსალმუნი 102:10–14). მისი გულმოწყალება და ღრმა გაგების უნარი აღძრავს მას, მოუსმინოს ‘მოდრეკილი და მორჩილი გულის’ მქონეთა ლოცვას (ფსალმუნი 50:19). როგორ შეუძლია მას არ მოუსმინოს ჩვენს ვედრებას დახმარების შესახებ, როცა თვითონ მსჯავრს სდებს მათ, „ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია“ (იგავნი 21:13).
საძმოს გულითადობა
7 სხვა ზომები, რომელიც იეჰოვამ ძალების აღდგენისთვის ჩვენს დასახმარებლად მიიღო, არის ჩვენი ქრისტიანული საძმო. რა შესანიშნავი პრივილეგიაა, იყო ძმებისა და დების მსოფლიო ოჯახის ნაწილი! (1 პეტრე 2:17). როცა გვამძიმებს ცხოვრების სირთულეები, ჩვენი საძმოს გულითადობას შეუძლია დაგვეხმაროს ძალების აღდგენაში. როგორ? მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ მარტო ჩვენ არ გვხვდება მძიმე განსაცდელები, შეიძლება გამაძლიერებელი იყოს. ჩვენს ძმებსა და დებს შორის, ეჭვგარეშეა, მრავალს შეხვედრია მსგავსი სირთულეები ან გამოცდები და ჰქონიათ ისეთი განცდები, რომლებიც ძალიან ჰგავს ჩვენსას (1 პეტრე 5:9). იმის ცოდნა, რომ რაც ჩვენს თავს ხდება არ არის იშვიათი და რომ ჩვენი გრძნობები არ არის უჩვეულო, დამამშვიდებელია.
8 გულითად საძმოში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ „მეგობრები“, რომლებიც გაჭირვების დროს გაგვიწევენ საჭირო დახმარებასა და ნუგეშისცემას (იგავნი 17:17). ხშირად, ყოველივე ამაში შედის კეთილი სიტყვები და ყურადღებიანობა. ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელიც ებრძოდა არარაობის გრძნობას, იხსენებს: „მყავდნენ მეგობრები, რომლებიც დადებითად მახასიათებდნენ და ამით დამეხმარნენ, გადამელახა ჩემი უარყოფითი ფიქრები, რომლებიც ადრე მქონდა“ (იგავნი 15:25). ერთი დისთვის, ახალგაზრდა ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ, პირველად ძნელი იყო კრების შეხვედრებზე სამეფო სიმღერების შესრულება, განსაკუთრებით კი იმ სიმღერებისა, რომლებიც აღდგენას ეხებოდა. „ერთხელ, — იხსენებს ის, — დამ, რომელიც იჯდა რიგებს შორის გასასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს, შეამჩნია, რომ ვტიროდი. ის მომიახლოვდა, ხელი მომხვია და ჩემთან ერთად გააგრძელა სიმღერის დარჩენილი ნაწილი. მე ისე დიდ სიყვარულს ვგრძნობდი დებისა და ძმების მიმართ და ისე ბედნიერი ვიყავი, რომ დავდიოდით შეხვედრებზე, მივხვდი, აქ იყო ჩვენი დახმარება, აქ, სამეფო დარბაზში“.
9 რასაკვირველია, თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ქრისტიანულ საძმოში გულითადობას. ამგვარად, ჩვენი გული უნდა იყოს ‘გაშლილი’, რათა ჩაიტიოს ყველა ჩვენი ძმა და და (2 კორინთელთა 6:13). რა სამწუხარო იქნებოდა მოქანცული პიროვნებებისთვის, ეგრძნოთ, რომ საძმოს სიყვარული მათ მიმართ გაცივდა! მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანი აღწერს მარტოობისა და უყურადღებოდ მიტოვების გრძნობებს. ერთ-ერთი და, რომლის ქმარიც ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტებას, თხოვნით მოგვმართავდა: „ვის არ სურს და არ სჭირდება განმამტკიცებელი მეგობარი, გამხნევება და მოსიყვარულე ურთიერთობა? გეთაყვა, შეახსენეთ ჩვენს ძმებსა და დებს, რომ ჩვენ გვჭირდება ისინი!“ დიახ, განსაკუთრებით მათ სჭირდებათ ჯანსაღი ურთიერთობა, ვინც ცხოვრებისეულმა მდგომარეობებმა დააძაბუნეს — რომლებსაც ჰყავთ ურწმუნო მეუღლეები, მარტოხელა მშობლები, ჯანმრთელობის მხრივ ქრონიკული პრობლემების მქონე პიროვნებები, ხანდაზმულები და სხვები. სჭირდება თუ არა ზოგიერთ ჩვენგანს ამის შეხსენება?
10 რის გაკეთება შეგვიძლია დახმარების გასაწევად? მოდი, გავფართოვდეთ სიყვარულის გამოვლენაში. როცა ვამჟღავნებთ სტუმართმოყვარეობას, მოდი, ნუ დავივიწყებთ მათ, რომლებსაც გამხნევება სჭირდებათ (ლუკა 14:12–14; ებრაელთა 13:2). იმის ნაცვლად, რომ თავდაჯერებულად ვიფიქროთ, რომ მათ მდგომარეობა საშუალებას არ მისცემს, მიიღონ მოწვევა, მაინც რატომ არ უნდა დავპატიჟოთ ისინი? მიეცით მათ გადაწყვეტილების გამოტანის საშუალება. მაშინაც კი, როცა ისინი ვერ დაგვეთანხმებიან, ეჭვგარეშეა, თავს გამხნევებულად იგრძნობენ, ვინაიდან ეცოდინებათ, რომ სხვები ფიქრობენ მათზე. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ის, რაც მათ სჭირდებათ ძალების აღსადგენად.
11 მაგრამ სხვებს, რომლებიც მოქანცულები არიან, სხვა მხრივ სჭირდებათ დახმარება. მაგალითად, მარტოხელა დედას, შესაძლოა, სჭირდება მოწიფული ძმის დახმარება, რომელიც ინტერესს გამოავლენდა მისი უმამო ვაჟისადმი (იაკობი 1:27). ძმებსა და დებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შესაძლოა დახმარება სჭირდებათ ოჯახის მოვლისა და საყიდლების საკითხებში. ხანდაზმულებს, შესაძლოა, სწყურიათ მეგობრული ურთიერთობები ან დახმარება სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად. როცა ასეთი დახმარება გამუდმებითაა საჭირო, იქმნება ‘ჩვენი სიყვარულის ჭეშმარიტების რეალური გამოცდა’ (2 კორინთელთა 8:8). იმის ნაცვლად, რომ თავი ავარიდოთ ასეთ პიროვნებებს, ვინაიდან ეს დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მოდი, გავუმკლავდეთ ქრისტიანული სიყვარულის გამოცდას, ვიყოთ მგრძნობიარენი და გამოვეხმაუროთ სხვების მოთხოვნილებებს.
ღმერთის სიტყვის ძალა
12 პიროვნება, რომელიც წყვეტს საკვების მიღებას, მალე კარგავს ძალ-ღონეს. შესაბამისად, მეორე მხრივ, იეჰოვა გვაძლევს ძალას, რომელიც გვინარჩუნდება კარგი სულიერი კვების საშუალებით (ესაია 65:13, 14). რა სულიერი საკვებით უზრუნველგვყო მან? ყველაზე აღმატებულით, თავისი სიტყვით — ბიბლიით (მათე 4:4; შეადარე ებრაელთა 4:12). როგორ შეიძლება ის დაგვეხმაროს ძალების აღდგენაში? როცა ვხვდებით სიძნელეებსა და პრობლემებს და გვეწყება ძალების გამოფიტვა, მისი აღდგენა შეგვიძლია ბიბლიური დროის ერთგული მამაკაცებისა და ქალების გრძნობებისა და ცხოვრებისეული ჭიდილის შესახებ კითხვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმწიკვლოების გამოჩენილი მაგალითებია, ისინიც „ჩვენი მსგავსი“ ადამიანები იყვნენ (იაკობი 5:17; საქმეები 14:15). მათაც ჰქონდათ იმის მსგავსი გამოცდები და სიძნელეები, როგორიც ჩვენ გვაქვს. ყურადღება გაამახვილე ზოგიერთ მაგალითზე.
13 პატრიარქი აბრაამი ღრმა მწუხარებას განიცდიდა თავისი ცოლის სიკვდილის გამო, თუმცა მას სწამდა აღდგომის (დაბადება 23:2; შეადარე ებრაელთა 11:8–10, 17–19). მომნანიებელი დავითი გრძნობდა, რომ მისმა ცოდვებმა იეჰოვასადმი მსახურებისთვის უღირსი გახადეს (ფსალმუნი 50:13). მოსეს ჰქონდა შეუფერებლობის გრძნობა (გამოსვლა 4:10). ეპაფროდიტესი დეპრესიაში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ სერიოზული დაავადება ჰქონდა, რომელიც შეზღუდავდა მის საქმიანობას „ქრისტეს საქმისათვის“ (ფილიპელთა 2:25–30). პავლე იბრძოდა სხეულის დაცემულობის წინააღმდეგ (რომაელთა 7:21–25). ფილიპიის კრებიდან ორ ცხებულ დას, ევოდიასა და სვინტიქეს, ცხადია, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში ჰქონდათ გარკვეული სიძნელეები (ფილიპელთა 1:1; 4:2, 3). რამდენად გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ამ ერთგულ პიროვნებებს ჩვენნაირი გრძნობები და განსაცდელები ჰქონდათ, მაგრამ ისინი არ მოდუნებულან! არც იეჰოვას მიუტოვებია ისინი.
14 მისი სიტყვიდან დახმარება რომ მივიღოთ იეჰოვა იყენებს ერთგული და გონიერი მონის კლასს, რათა მუდმივად უზრუნველგვყოს უხვი, ‘დროული საზრდოთი’ (მათე 24:45). ერთგული და გონიერი მონა დიდი ხანია იყენებს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რათა მხარი დაუჭიროს ბიბლიის ჭეშმარიტებას და ამცნოს ღმერთის სამეფო, როგორც კაცობრიობის ერთადერთი იმედი. განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ ჟურნალებით გავრცელდა დროული ბიბლიური სტატიები სოციალური, ოჯახური თუ ემოციური პრობლემების შესახებ, რომლებსაც ღმერთის ზოგიერთი მსახურიც კი აწყდება. რა მიზნით ქვეყნდება ასეთი ინფორმაცია? რა თქმა უნდა, მათ დასახმარებლად, ვინც გამოსცადა ეს სირთულეები, რათა მათ მიიღონ ძალები და გამხნევდნენ ღმერთის სიტყვიდან. მაგრამ ასეთი სტატიები თითოეულ ჩვენგანს გვეხმარება, ნათელი წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, რაც გამოიარა ზოგიერთმა ჩვენმა ძმამ და დამ. ამგვარად, ჩვენ უკეთესად აღვიჭურვებით, ყურადღება მივაქციოთ პავლეს სიტყვებს: „ანუგეშეთ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ], მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელთა 5:14).
უხუცესები „როგორც საფარი ქარში“
15 იეჰოვამ უზრუნველგვყო კიდევ ერთი ღონისძიებით, რაც გვეხმარება მოქანცულობის დროს — კრების უხუცესებით. მათ შესახებ წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). ასე რომ, უხუცესები პასუხისმგებელი არიან, იყვნენ იმის შესაფერისი, რაც იეჰოვამ იწინასწრამეტყველა მათ შესახებ. ისინი ‘იქნებიან’ სხვებისათვის ნუგეშისა და განახლების წყარო და მზად იქნებიან «ატარონ ერთმანეთის ტვირთი [ანუ „შემაწუხებელი რამ“; სიტყვასიტყვით „მძიმე რამ“, აქ (სქოლიო)]» (გალატელთა 6:2). როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება?
16 როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, ზოგჯერ პიროვნება, რომელიც მოიქანცა, თავს უღირსად თვლის, რომ ილოცოს. რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს? მათ შეუძლიათ ილოცონ ამ პიროვნებისთვის და ამ პიროვნებასთან ერთად (იაკობი 5:14). უბრალოდ, ძალიან მანუგეშებელი იქნება, თუ ამ პიროვნების თანდასწრებით ხმამაღლა ილოცებენ იეჰოვასადმი და სთხოვენ დახმარებას, რათა პიროვნებამ გაიგოს, თუ რამდენად უყვარს ის იეჰოვას და სხვებს. უხუცესისგან ამ მგზნებარე, გულწრფელი ლოცვის მოსმენა, შესაძლოა დამწუხრებულ პიროვნებას დაეხმაროს ნდობის განმტკიცებაში. მისთვის შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს იმაზე ფიქრი, რომ ვინაიდან უხუცესები დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვა უპასუხებს ამ პიროვნებაზე ლოცვას, მაშინ მასაც შეუძლია გაიზიაროს ეს რწმენა.
17 ‘ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი’, — ნათქვამია იაკობის 1:19-ში. დაუძლურებულთათვის ძალების აღდგენაში დასახმარებლად უხუცესები, აგრეთვე თანამგრძნობი მსმენელები უნდა იყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კრების წევრები შეიძლება ებრძოდნენ ისეთ პრობლემებს ან სიძნელეებს, რომელთა გადაჭრაც ამ სისტემაში შეუძლებელია. მაშინ ის, რაც შესაძლოა მათ სჭირდებათ, არის არა პრობლემის „გადაჭრა“, არამედ, უბრალოდ, კარგ მსმენელთან საუბარი — საუბარი ვინმესთან, ვინც იმას კი არ ეტყვის, თუ როგორ უნდა გრძნობდნენ თავს, არამედ ისეთ პიროვნებასთან, რომელიც განსჯის გარეშე მოუსმენს მათ (ლუკა 6:37; რომაელთა 14:13).
18 უხუცესები, რომლებიც სმენაში მარდები არიან, დაგეხმარებიან თავიდან აირიდო, რომ უნებლიედ ტვირთი კიდევ უფრო არ დაუმძიმო დაუძლურებულთ. მაგალითად, თუ ძმამ ან დამ ზოგჯერ გააცდინა კრება ან უკლო სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას, საჭიროა თუ არა მას ვურჩიოთ, გააკეთოს სამქადაგებლო მსახურებაში მეტი ან უფრო რეგულარულად იაროს კრებებზე? შესაძლოა. მაგრამ გაცნობილი ხარ თუ არა მის მდგომარეობას სავსებით? ხომ არ არსებობს მზარდი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? ახლო წარსულში შეიცვალა თუ არა ოჯახური პასუხისმგებლობები? არსებობს სხვა მდგომარეობები ან სიძნელეები, რომლებიც აწუხებთ მათ? გახსოვდეს, პიროვნება შეიძლება ძალიან დამნაშავედ გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ არ შეუძლია მეტის გაკეთება.
19 მაშინ, როგორ შეგიძლია დაეხმარო დას ან ძმას? ვიდრე დასკვნას გამოიტანდე და რჩევას მისცემდე, მოუსმინე! (იგავნი 18:13). შორსმჭვრეტელური კითხვებით ‘ამოხაპე’ გრძნობები პიროვნების გულიდან (იგავნი 20:5). იგნორირებას ნუ გაუკეთებ ამ გრძნობებს — ამოიცანი ისინი. დაუძლურებულ პიროვნებებს, შესაძლოა, სჭირდებოდეთ დარწმუნება, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და ესმის, რომ დროდადრო ჩვენმა მდგომარეობამ შეიძლება შეგვზღუდოს (1 პეტრე 5:7). როცა უხუცესები ასეთ ‘გულშემატკივრობას’ ავლენენ, დაუძლურებული პიროვნებები ‘ჰპოვებენ სულის სიმშვიდეს’ (1 პეტრე 3:8; მათე 11:28–30). როცა ისინი ასეთ სულის სიმშვიდეს პოულობენ, მათ არ სჭირდებათ უთხრან, რომ მეტი გააკეთონ; მათი გული აღძრავს მათ იეჰოვასადმი მსახურებაში გააკეთონ ყველაფერი, რის ძალაც შესწევთ (შეადარე 2 კორინთელთა 8:12; 9:7).
20 ნამდვილად, ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიიდან ყველაზე მეტი ძალისხმევის მომთხოვნ დროში. რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, იზრდება სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრების სირთულეები. გახსოვდეს, მბრდღვინავი ლომის მსგავსი სატანა გველოდება როდის დავუძლურდებით და მოვდუნდებით ისე, რომ მისთვის ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლი აღმოვჩნდეთ. რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ ის ძალას აძლევს დაქანცულებს! მოდი, გამოვიყენოთ შესაძლებლობა, ვისარგებლოთ იმ უზრუნველყოფით, რომელსაც ის გვაძლევს ძალების შესანარჩუნებლად, თითქოსდა უზრუნველგვყოფს მოლივლივე არწივის უზარმაზარი ფრთებით. ვინაიდან ბოროტი მოდგმის აღსასრული ასე ახლოსაა, ახლა არ არის მარადიული ცხოვრების ჯილდოსთვის რბოლის შეჩერების დრო (ებრაელთა 12:1).
როგორია შენი პასუხი?
◻ ჩვენი ლოცვების საპასუხოდ, რას შეიძლება მოველოდეთ იეჰოვასგან?
◻ როგორ შეგვიძლია გავძლიერდეთ ჩვენი ქრისტიანული საძმოს დახმარებით?
◻ როგორ გვეხმარება ღმერთის სიტყვა ძალების აღდგენაში?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს, დაეხმარონ დაქანცულ პიროვნებებს ძალების აღდგენაში?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. რას აძლევს იეჰოვა მასზე მინდობილებს და რა უნდა მივიღოთ ახლა მხედველობაში?
3, 4. ა) რისკენ მოუწოდებდა იესო თავის მოწაფეებს? ბ) რას შეიძლება მოველოდეთ იეჰოვასგან ჩვენი ლოცვების საპასუხოდ?
5. ა) ჩვენი ლოცვები რომ ეფექტური იყოს, რა ორი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი? ბ) როგორ უნდა ვილოცოთ, თუ ვებრძვით ხორციელ სისუსტეებს? გ) რას უჩვენებს იეჰოვას ჩვენი დაჟინებული და კონკრეტული ლოცვები?
6. რატომ შეიძლება მართებულად მოველოდეთ იეჰოვასგან, რომ მოისმენს ჩვენს ლოცვებს მაშინაც კი, როცა ლოცვისთვის უღირსად მივიჩნევთ თავს?
7. ა) კიდევ რა ზომები მიიღო იეჰოვამ, რათა დაგვეხმაროს ძალების აღდგენაში? ბ) ჩვენი საძმოს შესახებ რის ცოდნას შეუძლია გაგვაძლიეროს?
8. ა) რომელი მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება საძმოში დახმარებისა და ნუგეშის პოვნა? ბ) პირადად შენ როგორი დახმარება გაგიწიეს ან განუგეშეს ნამდვილმა ‘მეგობრებმა’?
9, 10. ა) როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენი საძმოს გულითადობას? ბ) განსაკუთრებით ვის სჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა? გ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად, ვისაც გამხნევება სჭირდება?
11. რა დახმარება შეიძლება სჭირდებოდეთ დაქანცულებს?
12. როგორ გვეხმარება ღმერთის სიტყვა ძალების აღდგენაში?
13. რა ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ ბიბლიური დროის მამაკაცებისა და ქალების გრძნობები და განსაცდელები ძალიან ჰგავს ჩვენსას?
14. ა) რა იარაღს იყენებს იეჰოვა იმისათვის, რომ მისი სიტყვიდან მივიღოთ ძალა? ბ) რატომ აშუქებენ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიები სოციალურ, ოჯახურ და ემოციურ საკითხებს?
15. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ უხუცესების შესახებ და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს მათ?
16. რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს მათთვის, ვინც ლოცვისთვის უღირსად თვლის თავს?
17. რატომ უნდა იყვნენ უხუცესები ყურადღებიანი მსმენელები?
18, 19. ა) როგორ დაეხმარება უხუცესს სმენაში სიმარდე, რომ დამწუხრებულ პიროვნებას უფრო არ დაუმძიმოს ტვირთი? ბ) რა შედეგი მოაქვს უხუცესისგან გამოვლენილ ‘გულშემატკივრობას’?
20. როცა ბოროტი მოდგმის აღსასრული ასე ახლოსაა, რა გადამწყვეტი ზომები უნდა მივიღოთ?