დიდად დააფასეთ წმინდა მსახურება
წმინდა მსახურებაში ჩვენს დავალებებს ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ძველ იუდეაში მღვდლები გულგრილად ეკიდებოდნენ იეჰოვას ტაძარში მსახურებასთან დაკავშირებულ უპირატესობებს, ის მკაცრად ამხელდა მათ (მალაქია 1:6–14). როდესაც ზოგი ცოდვილი ისრაელი უბიძგებდა მოწმიდარებს, ზერელედ მოჰკიდებოდნენ წმინდა მსახურებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს, იეჰოვა კიცხავდა მათ (ამოსი 2:11–16). ჭეშმარიტი ქრისტიანებიც წმინდა მსახურებით არიან დაკავებული და სერიოზულად ეკიდებიან მას (რომაელთა 12:1). წმინდა მსახურებას მრავალი მხარე აქვს; მათგან ყველა მნიშვნელოვანია.
დედამიწაზე თავის მიმდევრებთან ერთად ყოფნისას იესო ასწავლიდა მათ, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგათ. თავის დროზე მათი ცნობა ქვეყნის კიდეებს უნდა მისწვდომოდა (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). ამ სისტემის ბოლო დღეებში ქადაგება უფრო გადაუდებელია.
იეჰოვას ყველა მოწმე მონაწილეობს ამ საქმეში. ასობით ათასი ნახულობს სიხარულს პიონერულ მსახურებაში. ამ მსოფლიო საქმიანობაში მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ათასობით ადამიანი გამოეხმაურა სპეციალურ სრული დროით მსახურებას ბეთელში, მიმომსვლელ (სარაიონო და საოლქო) ზედამხედველად ან მისიონერად. რას შეიძლება მოითხოვდეს ეს იმათგან, ვისაც სურს, განაგრძოს ასეთი სპეციალური მსახურება?
როდესაც ოჯახს დახმარება ესაჭიროება
სპეციალური სრული დროით მსახურების დაწყებამდე პიროვნებამ, ჩვეულებრივ, ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ცხოვრებაში. ეს ყველას არ შეუძლია. სავარაუდოა, რომ ბიბლიურმა ვალდებულებებმა ეს შეუძლებელი გახადოს. მაგრამ, რა ხდება, როდესაც გადაუდებელი ოჯახური საჭიროებების, შესაძლებელია, მოხუც მშობლებზე ზრუნვის, წინაშე დგება სპეციალური მსახურებით დაკავებული პიროვნება? აქ მოცემული ბიბლიური პრინციპები და რჩევები საჭირო ხელმძღვანელობას გვიწევს.
მთელი ჩვენი ცხოვრება იეჰოვასთან ურთიერთობაზე უნდა იყოს აგებული (ეკლესიასტე 12:13; მარკოზი 12:28–30). ჩვენ დიდად უნდა დავაფასოთ ყოველივე წმინდა, რაც მოგვენდო (ლუკა 1:74, 75; ებრაელთა 12:16). ერთხელ კაცს, რომელსაც თავისი პრიორიტეტების შეცვლა ესაჭიროებოდა, იესომ უთხრა, რომ სრულად უნდა დაკავებულიყო ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებით. როგორც ჩანს, ეს მამაკაცი ამის გაკეთებას მამამისის სიკვდილის შემდეგ აპირებდა (ლუკა 9:59, 60). მეორე მხრივ, იესო ამხელდა მათ არასწორ აზროვნებას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ღმერთს მიუძღვნეს, და ‘აღარაფერს აკეთებდნენ მამისთვის ან დედისთვის’ (მარკოზი 7:9–13). მოციქულმა პავლემაც აჩვენა „ახლობლებზე“, მათ შორის მშობლებსა და ბებია-პაპებზე, ზრუნვის პასუხისმგებლობის სერიოზულობა (1 ტიმოთე 5:3–8).
ნიშნავს ეს იმას, რომ, როდესაც მათ, ვინც სპეციალურ მსახურებაშია, ოჯახზე ზრუნვის საჭიროება წამოეჭრებათ, უნდა მიატოვონ თავიანთი დანიშნულებები, რომ ოჯახზე იზრუნონ? პასუხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს საკითხი პიროვნებამ პირადად უნდა გადაწყვიტოს (გალატელთა 6:5). ბევრმა დაინახა, რომ, თუმცა უყვართ თავიანთი დანიშნულება, გონივრული იქნებოდა მშობლებთან ყოფნა საჭირო დახმარების გასაწევად. რატომ? შეიძლება დიდი საჭიროება არსებობდეს, ოჯახის სხვა წევრს ან ადგილობრივ კრებას არ შეეძლოს საჭირო დახმარების გაწევა. ზოგმა პიონერად მსახურება მსგავსი დახმარების გაწევისას შეძლო. სხვებმა სპეციალური სრული დროით მსახურება განაახლეს მას შემდეგ, რაც ოჯახური მდგომარეობა მოაგვარეს. თუმცა მრავალ შემთხვევაში საქმის მოგვარება სხვანაირად მოხერხდა.
მათ საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა
ზოგმა სპეციალურმა სრული დროით მსახურმა, როდესაც ოჯახური საჭიროება წამოიჭრა, დანიშნულებების მიტოვების გარეშე შეძლო მშობლებზე ზრუნვა. განვიხილოთ ამის მრავალი მაგალითიდან რამდენიმე.
წყვილმა, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ განყოფილებაში მუშაობს, ბეთელში მსახურება სარაიონო და საოლქო მსახურების შემდეგ, 1978 წელს, დაიწყო. ძმას თეოკრატიულ ორგანიზაციაში სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია. მაგრამ მის მშობლებსაც დახმარება დასჭირდათ. მშობლების მოსავლელად ბეთელში მომუშავე წყვილი ყოველ წელს სამ-ოთხჯერ აკითხავს მათ, ამისთვის ისინი დაახლოებით 3 500 კილომეტრს გადიან. მათ სახლი აუშენეს მშობლებს. ისინი არაერთხელ გამგზავრებულან მშობლების ავადმყოფობისას, რომ მათზე ეზრუნათ. ეს წყვილი დაახლოებით 20 წლის მანძილზე მთელ თავის შვებულებას ამ პასუხისმგებლობის შესრულებას ახმარს. მათ უყვართ მშობლები და პატივს სცემენ მათ, მაგრამ წმინდა მსახურებასაც დიდად აფასებენ.
სხვა ძმა 36 წლის განმავლობაში მიმოსვლითი მსახურების შემდეგ, როგორც თვითონ აღწერს ცხოვრებაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. მის 85 წლის სიდედრს, რომელიც იეჰოვას ერთგული მსახური იყო, მოვლა დასჭირდა. იმ დროს ამ დის შვილებმა ჩათვალეს, რომ მოუხერხებელი იქნებოდა, დედას მათთან ეცხოვრა. ერთმა ნათესავმა მიმომსვლელ ზედამხედველს უთხრა, რომ მას და მის მეუღლეს უნდა მიეტოვებინათ თავიანთი მსახურება და დედაზე ეზრუნათ, რადგან ოჯახში არსებული სიტუაცია ამას მოითხოვდა. მაგრამ ამ წყვილმა არც მისთვის ძვირფასი მსახურება მიატოვა და არც დედის მოთხოვნილებები უგულებელყო. შემდეგი 9 წლის განმავლობაში დედა უმეტესწილად მათთან იყო. თავდაპირველად ისინი საცხოვრებელ ავტომისაბმელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ბინაში, რომლებითაც რაიონები უზრუნველყოფდნენ. კარგა ხნის განმავლობაში ეს ძმა, რომელიც საოლქო ზედამხედველად მსახურობდა, დავალების შესასრულებლად მგზავრობდა, ცოლი კი დედასთან იყო და სიყვარულით ზრუნავდა მასზე. ყოველ კვირა დღეს, კრების შემდეგ, ქმარი დიდ მანძილს გადიოდა, რომ მათ დასახმარებლად დაბრუნებულიყო. მრავალმა, ვისთვისაც ნაცნობია აღწერილი სიტუაცია, დააფასა ამ წყვილის მიერ გაწეული შრომა. დროთა განმავლობაში ოჯახის სხვა წევრებიც ამოქმედდნენ, რომ ხელი შეეშველებინათ. იეჰოვას ათასობით მსახური ღებულობს სარგებლობას ამ თავგანწირული წყვილის მსახურებიდან, რადგან მათ არ მიატოვეს თავიანთი სპეციალური სრული დროით მსახურება.
ოჯახის მხრიდან თანამშრომლობა
როდესაც ოჯახის წევრები აფასებენ სპეციალურ სრული დროით მსახურებას, მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ, რომ ერთმა მათგანმა მაინც მიიღოს მონაწილეობა ამ სახის მსახურებაში.
ოჯახში თანამშრომლობის ასეთი სული დაეხმარა კანადელ წყვილს, რომელიც მისიონერად მსახურობს დასავლეთ აფრიკაში. ისინი არ დალოდებიან, როდის წამოეჭრებოდათ კრიტიკული მდგომარეობა, უბრალოდ არ უფიქრიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სანამ ეს წყვილი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ დაიწყებდა სწავლას, რომ საზღვარგარეთ ემსახურა, ქმარი მოელაპარაკა თავის უმცროს ძმას, რომ, თუ დედა დაავადდებოდა ან მოვლა დასჭირდებოდა, ის იზრუნებდა მასზე. უმცროსმა ძმამ, რომელმაც გამოავლინა, რომ უყვარდა დედა და აფასებდა მისიონერულ მსახურებას, უპასუხა: „მე ცოლ-შვილი მყავს; არ შემიძლია შენსავით შორს წასვლა და მსახურება. ასე რომ, დედაზე მე ვიზრუნებ“.
წყვილს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მსახურობს, მოხუცი დედის მოვლაში დიდი დახმარება გაუწიეს ცოლის ნათესავებმა. ცოლის ერთ-ერთი და მეუღლესთან ერთად დედას უვლიდა, სანამ თვითონ სასიკვდილო ავადმყოფობა შეხვდებოდა. შემდეგ რა მოხდა? სიძემ წყვილს შემდეგი დამამშვიდებელი სიტყვები მისწერა: „სანამ მე და ჩემი შვილები ცოცხლები ვართ, თქვენ არ მოგიწევთ მისიონერული მსახურების მიტოვება“. უფრო მეტი დახმარება იყო მათთვის, როდესაც მეორე და თავის მეუღლესთან ერთად დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომ ეზრუნათ მასზე, და ამას დედის სიკვდილამდე აკეთებდნენ. თანამშრომლობის რა მშვენიერი სულია! თითოეული მათგანი მხარს უჭერდა ამ წყვილს მისიონერულ მსახურებაში.
იეჰოვასთვის უხვად გამცემი მშობლები
ხშირად წმინდა მსახურების დაფასების კარგ მაგალითს მშობლები იძლევიან. ყველაზე ძვირფასი, რაც მათ აქვთ და რითაც იეჰოვას პატივისცემა შეუძლიათ, ეს მათი შვილებია (იგავნი 3:9). ბევრი ქრისტიანი მშობელი შვილებს სრული დროით მსახურებისკენ მოუწოდებს. ზოგ მათგანს იგივე სურს, რაც ხანას, რომელმაც თავისი ძე, სამუელი, იეჰოვას მიუძღვნა, რომ „სამუდამოდ“ ანუ ‘ვიდრე ცოცხალი იყო’, მისთვის ემსახურა (პირველი მეფეთა 1:22, 28).
ერთმა ასეთმა მშობელმა თავის ქალიშვილს, რომელიც აფრიკაში მსახურობდა, მისწერა: „ჩვენ მადლობას ვუხდით იეჰოვას იმ დიდებული უპირატესობისთვის, რომელიც შენ გაქვს. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით“. სხვა შემთხვევისას კი მან უთხრა: „მართალია, ერთად ყოფნა მხვერპლად უნდა გავიღოთ, მაგრამ რამხელა სიხარულია, როდესაც ვხედავთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა შენზე!“.
სხვადასხვა სიტუაციის გახსენებისას, რომლებიც მოხუც მშობლებზე ზრუნვის დროს შეხვდა, ერთმა მისიონერმა, რომელიც ეკვადორში მსახურობს, თქვა: «ვფიქრობ, ყველაზე დიდი დახმარება ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის მამაჩემის ლოცვები იყო. მისი სიკვდილის შემდეგ დედამ გვითხრა: „მამაშენი ყოველდღიურად მიმართავდა ლოცვით იეჰოვას, რომ არ შეგეწყვიტათ სრული დროით მსახურება“ ».
კალიფორნიაში მცხოვრებ ასაკოვან წყვილს უხაროდა, რომ მათი ერთ-ერთი ვაჟი სრული დროით მსახური იყო. ეს ვაჟი მეუღლესთან ერთად ესპანეთში იყო, როდესაც დედა დაიღუპა. ოჯახის წევრებმა დაინახეს, რომ ცვლილებების მოხდენა იყო საჭირო, რათა მამაზე ეზრუნათ. რადგანაც ქვეყნიურ სამუშაოზე მუშაობდნენ და შვილები ჰყავდათ აღსაზრდელი, მათ არ აიღეს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ამიტომ დაჟინებით მოსთხოვეს ამ სპეციალურ სრული დროით მსახურ წყვილს, სახლში დაბრუნებულიყვნენ და მამისთვის მოევლოთ; თუმცა მამას, მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის იყო, ჯერაც კარგი ჯანმრთელობა და ნათელი სულიერი ხედვა ჰქონდა. ოჯახურ შეკრებაზე, როცა ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, მამა წამოდგა და გადაჭრით თქვა: „მე მსურს, რომ ისინი დაბრუნდნენ ესპანეთში და განაგრძონ მსახურება“. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ დანიშნულებას, მაგრამ, ამასთანავე, საგრძნობლად ეხმარებოდნენ მამას. დღეს ეს წყვილი ესპანეთში ეწევა სარაიონო მსახურებას. იმ ოჯახური შეკრების შემდეგ ოჯახის სხვა წევრებმაც დააფასეს მათი საქმიანობა უცხო ქვეყანაში. რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთმა ვაჟმა თავის სახლში გადაიყვანა მამა და ბოლომდე უვლიდა მას.
პენსილვანიაში მცხოვრები ერთი სულითცხებული ძმა, რომელიც დაახლოებით 40 წელი პიონერად მსახურობდა, 90 წელს იყო გადაცილებული, როდესაც მეუღლე სერიოზულად ავად გაუხდა და მოუკვდა. უამრავი სულიერი შვილის გარდა მას ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი თავის მეუღლესთან ერთად 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სრული დროით — მისიონერული, მიმოსვლითი და ბეთელის — მსახურებით იყო დაკავებული. მან თავი გაართვა ყველაფერს და სათანადო მზრუნველობა გაუწია მამას. მას ადგილობრივი ძმებიც ეხმარებოდნენ მამის წაყვანაში სამეფო დარბაზში შეხვედრებზე. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ჰკითხა მამამისს, სურდა თუ არა, რომ მას მიეტოვებინა ბეთელი, რომ მისთვის მოევლო. მამა დიდად აფასებდა წმინდა მსახურებას და ხედავდა, რომ მისი საჭიროებების დაკმაყოფილება სხვანაირადაც შეიძლებოდა. ასე რომ, უპასუხა: „ძალიან ცუდი იქნებოდა და მით უფრო უარესი, მე რომ შენთვის ამისი უფლება მომეცა“.
კრებების მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერა
ზოგი კრება ძალიან დაეხმარა სპეციალურ სრული დროით მსახურებს მათ მოხუც მშობლებზე ზრუნვაში. ისინი განსაკუთრებით აფასებენ მათ, ვინც მრავალი წელი გაატარა ასეთ მსახურებაში. თუმცა კრებებს არ შეუძლიათ ბიბლიური მოვალეობებისგან მათი გათავისუფლება, ისინი ბევრად უმსუბუქებენ ტვირთს, რომ არ მოუწიოთ სპეციალური დანიშნულებების მიტოვება.
გერმანელი წყვილი დაახლოებით 17 წელი, რომლის უმეტესი ნაწილი მიმოსვლითი საქმით იყვნენ დაკავებული, უცხო ქვეყანაში მსახურობდა, როდესაც ქმრის მოხუც დედას დახმარება დასჭირდა. ყოველ წელს ისინი თავიანთ შვებულებას დედაზე ზრუნვას ახმარდნენ. იეჰოვას მოწმე მეზობლებიც სიყვარულით აღსავსე დახმარებას უწევდნენ. ადგილობრივი კრების უხუცესები ხვდებოდნენ ხოლმე ამ სრული დროით მსახურ წყვილს, როდესაც ისინი კრიტიკულ დროს დედასთან იყვნენ. ძმები კარგად ხედავდნენ, როგორ ზრუნავდა გამუდმებით ეს წყვილი დედაზე. ისინი აფასებდნენ სპეციალურ სრული დროით მსახურებასაც, რომლითაც ეს წყვილი იყო დაკავებული. ამ უხუცესებმა შეადგინეს დედაზე ზრუნვის გეგმა და უთხრეს: „თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ; ჩვენ დაგეხმარებით, რომ განაგრძოთ თქვენი მსახურება ესპანეთში“. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს უხუცესები ასე ეხმარებიან მათ.
ამის მსგავსად, ძმას, რომელიც 1967 წლიდან სენეგალში მსახურობდა, სიყვარულით აღსავსე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა კრებამ, რომელსაც მამამისი ეკუთვნოდა. როდესაც აუცილებლობა წამოიჭრა, ეს ძმა, რომელსაც მოსიყვარულე ცოლი მზადყოფნით უწყობდა ხელს, მარტო გაემგზავრა შეერთებულ შტატებში მშობლების დასახმარებლად. მან დაინახა, რომ აუცილებელი იყო იქ რამდენიმე თვით დარჩენა. რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, კრებაც დაეხმარა და მისიონერული მსახურების გაგრძელება შეძლო. დაახლოებით 18 წლის მანძილზე კრება მრავალმხრივ სიყვარულით აღსავსე დახმარებას უწევდა ჯერ მამაზე, თუმცა ის ბევრ მათგანს ვეღარ სცნობდა, და შემდეგ დედაზე ზრუნვით. გაათავისუფლა ამან ის მოვალეობისგან? არა; ის ხშირად ჩადიოდა სენეგალიდან და თავის შვებულებას ახმარდა, რომ მაქსიმალურად დახმარებოდა მშობლებს. ამავე დროს, იმ კრებაში ბევრს სიამოვნებას ანიჭებდა იმის ცოდნა, რომ ეხმარებოდნენ სპეციალურ სრული დროით მსახურ წყვილს, რომელიც გულმოდგინედ შრომობდა სენეგალში, არ მიეტოვებინა თავიანთი მსახურება.
იესომ თქვა, ვინც სახარების გულისთვის ყველაფერს მიატოვებს, ასწილად შეიძენს ძმებს, დებს, დედებსა და შვილებსო (მარკოზი 10:29, 30). იეჰოვას მსახურებში ეს უდავო ჭეშმარიტებაა. ერთმა წყვილმა, რომელიც ახლა ბენინში (დასავლეთ აფრიკა) მსახურობს, თავის თავზე გამოსცადა ეს, როდესაც ორმა მოწმემ მათი მშობლების კრებიდან უთხრა მათ, არ ედარდათ მშობლებზე. „თქვენი მშობლები ჩვენი მშობლებიც არიან“, — დაამატეს მათ.
დიახ, მრავალნაირად შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ დიდად ვაფასებთ წმინდა მსახურებას. არსებობს მხარეები, რომლებშიც უფრო სრულად შეგეძლო ამის გაკეთება?
[სურათები 26 გვერდზე]
მათ მზადყოფნა გამოავლინეს სპეციალური სრული დროით მსახურებისთვის.