როგორ გეხმარებიან ანგელოზები
ღვთის სიტყვა ადასტურებს ანგელოზების არსებობას. ის გვეუბნება, რომ არსებობს უთვალავი სულიერი ქმნილება. იეჰოვა ღმერთის მსახურმა, დანიელმა, ხილვაში იხილა ზეციური ქმნილებები, რომელთა შესახებაც დაწერა: „ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას [ღმერთს] და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე“ (დანიელი 7:10).
ყურადღება მივაქციოთ, რომ დანიელი, ანგელოზების სიმრავლის გარდა, სხვა ინფორმაციასაც გადმოსცემს. ის ხაზს უსვამს აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ანგელოზები ღმერთს ემსახურებიან. ისინი იეჰოვას მსახურები არიან. ამის შესაბამისად, ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო“ (ფსალმუნი 102:20, 21).
ბიბლია აგრეთვე ხსნის, რომ ანგელოზები ადამიანები არ ყოფილან. იეჰოვამ ჯერ კიდევ დედამიწის დაფუძნებამდე ზეცაში შექმნა ისინი. როდესაც ღმერთი ‘დედამიწას აფუძნებდა, ყველა ღვთისშვილი ყიჟინობდა’ (იობი 38:4–7).
ანგელოზები სულიერი ქმნილებები არიან — უხილავები, ძლიერები და გონიერები. ბიბლიაში ებრაული სიტყვა „მალახ“ და ბერძნული სიტყვა „ანგელოს“ სულიერ ქმნილებასთან დაკავშირებით ითარგმნება როგორც „ანგელოზი“. ეს სიტყვები ბიბლიაში დაახლოებით 400-ჯერ გვხვდება. ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს და „მაცნეს“ ნიშნავს.
ანგელოზებთან შეხვედრა
ანგელოზები, უდავოდ, მაცნეები არიან. შეიძლება გსმენიათ იმ ბიბლიური ცნობის შესახებ, როდესაც ანგელოზი გაბრიელი მარიამს გამოეცხადა. მან უთხრა მას, რომ, მიუხედავად ქალწულობისა, ვაჟი შეეძინებოდა, რომელსაც იესოს დაარქმევდა (ლუკა 1:26–33). ანგელოზი მინდორში რამდენიმე მწყემსსაც გამოეცხადა და აუწყა: „დღეს. . . თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“ (ლუკა 2:8–11). მსგავსად ამისა, ანგელოზები ცნობებს გადასცემდნენ აგარს, აბრაამს, ლოტს, იაკობს, მოსეს, გედეონს, იესოს და სხვა ბიბლიურ პერსონაჟებს (დაბადება 16:7–12; 18:1–5, 10; 19:1–3; 32:24–30; გამოსვლა 3:1, 2; მსაჯულნი 6:11–22; ლუკა 22:39–43; ებრაელთა 13:2).
საყურადღებოა, რომ ანგელოზების მეშვეობით გადაცემული ყველა ეს ცნობა ღვთის განზრახვების შესრულებას შეესატყვისებოდა და არა ადამიანების. ანგელოზები, როგორც ღვთის წარმომადგენლები, მისი ნებისა და დროის შესაბამისად ცხადდებოდნენ. ადამიანები არ იწვევდნენ მათ.
უნდა მოვუხმოთ ანგელოზებს საშველად?
მიზანშეწონილია, რომ გაჭირვების დროს ანგელოზებს მოვუხმოთ? ეს რომ ასე იყოს, იმ ანგელოზის სახელის ცოდნა დაგვჭირდებოდა, რომელიც ყველაზე უკეთ დაგვეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, ზოგ წიგნში ჩამოთვლილია მრავალი ანგელოზის სავარაუდო სახელები წოდებებსა და მოვალეობებთან ერთად. ერთ წიგნში ჩამოთვლილია „დასავლეთის ქვეყნებში კარგად ცნობილი“ ათი ზეციერი მთავარანგელოზის სახელი. იქვეა ასეთი რჩევაც, რომ უნდა დახუჭოთ თვალები, ნელ-ნელა რამდენჯერმე გაიმეოროთ ანგელოზის სახელი, ღრმად შეისუნთქოთ, ისუნთქოთ მშვიდად და „მოემზადოთ მათთან კონტაქტის დასამყარებლად“.
ამის საპირისპიროდ, ბიბლია ღვთის მხოლოდ ორი ერთგული ანგელოზის სახელს გვიცხადებს: მიქაელსა და გაბრიელს (დანიელი 12:1; ლუკა 1:26). შესაძლებელია, ამ სახელების გაცხადებით ნაჩვენებია, რომ თითოეული ანგელოზი არის არა, უბრალოდ, რაღაც აბსტრაქტული ენერგია ან ძალა, არამედ განუმეორებელი სულიერი პიროვნება საკუთარი სახელით.
საყურადღებოა, რომ ზოგი ანგელოზი უარზე იყო, ადამიანებისთვის თავისი სახელი გაეცხადებინა. როდესაც იაკობმა ანგელოზს სთხოვა, სახელი გაემჟღავნებინა, მან უარი განუცხადა (დაბადება 32:29). როდესაც იესო ნავეს ძემ შემხვედრ ანგელოზს ვინაობა გამოჰკითხა, მან მხოლოდ ის უთხრა, რომ ‘იეჰოვას მხედრობის თავი იყო’ (იესო ნავეს ძე 5:14). როდესაც სამსონის მშობლებმა ანგელოზს სახელი ჰკითხეს, მან უპასუხა: „რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი“ (მსაჯულნი 13:17, 18). იმით, რომ ანგელოზების სახელებს არ გვიცხადებს, ბიბლია გვიცავს მათდამი არასაკადრისი პატივისა და თაყვანისცემისგან. როგორც შემდგომ დავინახავთ, ის არც იმას გვასწავლის, რომ სულები გამოვიძახოთ.
მოუხმეთ ღმერთს
ბიბლია სულიერი ქმნილებების შესახებ იმას გვეუბნება, რაც საჭიროა ვიცოდეთ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად. . . რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ღმერთს რომ სდომებოდა, გვცოდნოდა მრავალი ანგელოზის სახელი, ამის შესახებ თავის სიტყვაში, ბიბლიაში, განაცხადებდა. ამავე დროს, სურვილი რომ ჰქონოდა, ჩვენთვის ესწავლებინა, თუ როგორ დავკავშირებოდით ანგელოზებს და როგორ გვესაუბრა მათთან ლოცვაში, საღვთო წერილში ასეთ ინფორმაციასაც მოგვაწვდიდა.
ამის საპირისპიროდ, იესო ქრისტე ასწავლიდა: „როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. . . ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:6, 9). ბიბლიის თვალსაზრისი ასეთია: ჩვენ არ უნდა მოვუხმოთ ანგელოზებს და არც ლოცვით მივმართოთ მათ; ლოცვით ანგელოზების შემოქმედს, პირადად ღმერთს, უნდა მივუახლოვდეთ. მისი სახელი დაფარული არ არის და არც ნათელმხილველია საჭირო მის გამოსაცნობად. მცდელობის მიუხედავად — დაეფარათ ღვთის სახელი —ზოგ ბიბლიაში ის 7 000-ზე მეტჯერაა ნახსენები. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი ზეციერი მამის შესახებ მღეროდა: «შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ] მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნი 82:19).
თუ იეჰოვას სათანადოდ ვუახლოვდებით ლოცვით, ის არასოდესაა ისეთი დაკავებული, რომ არ მოგვისმინოს. ბიბლია გვარწმუნებს ამაში: „უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9).
ანგელოზები და ზნეობრიობა
იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ხშირად საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ, ანგელოზები არ ასამართლებენ ხალხს. ეს ასეა, რადგან ანგელოზებს არა აქვთ მიცემული ადამიანების გასამართლების უფლება. იეჰოვა არის ‘ყველას განმკითხავი’, მიუხედავად იმისა, რომ ‘მთელი სამსჯავრო გადასცა ძეს’, იესო ქრისტეს (ებრაელთა 12:23; იოანე 5:22). მაგრამ მაინც შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ანგელოზებს არ აინტერესებთ, თუ როგორ ცხოვრებას ვეწევით. იესომ თქვა: „ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:10).
ანგელოზები უბრალო მეთვალყურეები როდი არიან. წარსულში იეჰოვას განაჩენის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი ჯალათებად მსახურობდნენ. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზები ძველ დროს მცხოვრები ეგვიპტელების წინააღმდეგ გამოიყენა. ფსალმუნის 77:49-ის თანახმად, „მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა. . . ანგელოზები“. მსგავსად ამისა, ბიბლია გადმოსცემს, რომ ერთ ღამეს ერთმა ანგელოზმა 185 000 აშურელი ჯარისკაცი გაანადგურა (მეოთხე მეფეთა 19:35).
ანგელოზები მომავალშიც გაანადგურებენ მათ, რომლებიც ღვთის ნორმებისადმი დაუმორჩილებლობით სხვების კეთილდღეობას ემუქრებიან. იესო მოვა „თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება. . . სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:7, 8).
ამგვარად, საღვთო წერილი გვიჩვენებს, რომ ღვთის ერთგული ანგელოზები ყოველთვის იეჰოვას ნებას ასრულებენ მისი განკარგულებების სისრულეში მოყვანით და მისი სამართლიანი ნორმების მიყოლით. ნათელია, თუ გვსურს, რომ ღვთის ანგელოზები დაგვეხმარონ, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის ღვთის ნება, და გულწრფელად ვისწრაფოთ მისი შესრულებისკენ.
მფარველი ანგელოზები
ზრუნავენ ანგელოზები ადამიანებზე და იცავენ მათ? მოციქულმა პავლემ იკითხა: „განა ყველანი [ანგელოზები] მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრაელთა 1:14). პავლეს პასუხიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს ასეა.
იმის გამო, რომ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მიერ აღმართული ოქროს კერპის წინაშე არ დაემხნენ, სამი ებრაელი: შედრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო, გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. მიუხედავად ამისა, ღვთის იმ ერთგულ მსახურებს ცეცხლი ვერ მიეკარა. როდესაც მეფემ ღუმელში ჩაიხედა, დაინახა ‘ოთხი ხელ-ფეხ გახსნილი კაცი’ და თქვა, რომ ‘მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავდა’ (დანიელი 3:92). რამდენიმე წლის შემდეგ ერთგულების გამო დანიელი ჩააგდეს ლომების ხაროში. ისიც გადარჩა. მოგვიანებით მან თქვა: ‘ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და ლომებს პირები აუკრა’ (დანიელი 6:23).
ახ. წ. პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრებისგან შემდგარი კრების დაარსებისას ანგელოზები კვლავ გამოცხადდნენ და მოციქულები საპატიმროდან გაათავისუფლეს (საქმეები 5:17–24; 12:6–12). როდესაც ზღვაში პავლეს სიცოცხლე საფრთხეში იყო, ანგელოზმა დაარწმუნა, რომ რომში უვნებლად ჩავიდოდა (საქმეები 27:13–24).
იეჰოვას დღევანდელი მსახურებიც სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ღვთის უხილავი ანგელოზების ძალა რეალურია და მათ შეუძლიათ მფარველობის გაწევა, როგორც ეს ელისესა და მისი მსახურის შემთხვევაში გააკეთეს (მეოთხე მეფეთა 6:15–17). მართლაც, „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნი 33:8; 90:11).
ცნობა, რომელსაც ანგელოზები გადასცემენ
ანგელოზები არა მარტო ღვთის მსახურების კეთილდღეობით არიან დაინტერესებული, არამედ თვალყურსაც ადევნებენ იმას, რასაც ხალხი სწავლობს ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. მოციქულმა იოანემ დაწერა: «ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ » (გამოცხადება 14:6, 7).
გსურთ, იცოდეთ ამ ‘მარადიული სახარების’ არსი? თუ დიახ, ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს. ისინი სიხარულით მოგითხრობენ ამის შესახებ.
[სურათები 7 გვერდზე]
ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავს, მარადიულ სახარებას აცხადებს. გსურთ, გაიგოთ ამის შესახებ?