გაქვთ ისეთი რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა?
„როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ (ლუკა 18:8).
1. რატომ არის დღეს ძნელი მტკიცე რწმენის შენარჩუნება?
დღეს ადვილი არ არის მტკიცე რწმენის შენარჩუნება. წუთისოფელი დიდ გავლენას ახდენს ქრისტიანებზე, რათა მათი ყურადღება სულიერი საკითხებიდან სხვა რამეებზე გადაიტანოს (ლუკა 21:34; 1 იოანე 2:15, 16). ბევრს ომებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ავადმყოფობასთან ან შიმშილთან უწევს გამკლავება (ლუკა 21:10, 11). მრავალი ქვეყნის კულტურა რელიგიას საერთოდ არ სცნობს და ამიტომ ნებისმიერს, ვინც თავისი რწმენის შესაბამისად ცხოვრობს, უგუნურად ან ფანატიკოსადაც კი მიიჩნევს. გარდა ამისა, ბევრ ქრისტიანს რწმენის გამო სდევნიან (მათე 24:9). ნამდვილად რომ მართებულია იესოს კითხვა, რომელიც მან თითქმის 2 000 წლის წინ დასვა: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ (ლუკა 18:8).
2. ა) რატომ არის მტკიცე რწმენა ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი? ბ) ვისი მაგალითის განხილვა იქნებოდა კარგი?
2 მაგრამ ფაქტია, რომ მტკიცე რწმენა მნიშვნელოვანია როგორც დღეს ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად, ისე მომავალში აღთქმული მარადიული ცხოვრების მისაღებად. პავლე ციტირებდა იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც მან აბაკუმს უთხრა: „მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას. . . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრაელთა 10:38—11:6; აბაკუმი 2:4). პავლემ ტიმოთეს უთხრა: „იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ“ (1 ტიმოთე 6:12). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ურყევი რწმენის შენარჩუნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა კაცი, რომელიც დაახლოებით 4 000 წლის წინ ცხოვრობდა და რომლის რწმენასაც დღემდე ძალიან აფასებენ სამ დიდ რელიგიაში — ისლამში, იუდაიზმსა და ქრისტიანობაში. ეს კაცი აბრაამია. რით არის ასე ღირსშესანიშნავი მისი რწმენა? შეგვიძლია დღეს მას მივბაძოთ?
ღვთის მითითებისადმი მორჩილება
3, 4. რატომ გადაიყვანა თერახმა თავისი ოჯახი ურიდან ხარანში?
3 აბრაამი (თავიდან მას აბრამს ეძახდნენ) ბიბლიის პირველივე თავებში მოიხსენიება. დაბადების 11:26-ში ვკითხულობთ: ‘თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი’. თერახი ოჯახთან ერთად სამხრეთ მესოპოტამიის აყვავებულ ქალაქში, ქალდეველთა ურში, ცხოვრობდა. მაგრამ მოგვიანებით საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. „მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის [სარას], თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ“ (დაბადება 11:31). აბრაამის ძმა ნახორიც თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ხარანში გადავიდა (დაბადება 24:10, 15; 28:1, 2; 29:4). საინტერესოა, რატომ გადასახლდა თერახი მდიდარი ურიდან ასე შორს, ხარანში?
4 აბრაამის დროიდან დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ მცხოვრებმა ერთგულმა მამაკაცმა, სტეფანემ, იუდეველთა სინედრიონის წინაშე წარდგომისას განმარტა, თუ რატომ მოიქცა ასე უცნაურად თერახის ოჯახი. მან თქვა: „დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა, და უთხრა მას: ‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’ მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში“ (საქმეები 7:2–4). თერახი დაემორჩილა იეჰოვას ნებას აბრაამთან დაკავშირებით, როდესაც თავის ოჯახის წევრებთან ერთად ხარანში გადავიდა.
5. სად წავიდა აბრაამი მამის სიკვდილის შემდეგ? რატომ?
5 თერახის ოჯახი ამ, მათთვის ახალ, ქალაქში დაბინავდა. წლების შემდეგ, როდესაც აბრაამი ‘თავისი ქვეყნის’ შესახებ ლაპარაკობდა, მხედველობაში ჰქონდა ხარანი და არა ური (დაბადება 24:4). მიუხედავად ამისა, ხარანი აბრაამის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ უნდა ყოფილიყო. სტეფანეს ნათქვამის თანახმად, „მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა იგი [აბრაამი] ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ“ (საქმეები 7:4). აბრაამი დაემორჩილა ღვთის მითითებას, ლოტთან ერთად გადალახა მდინარე ევფრატი და ქანაანის ქვეყანაში დასახლდაa.
6. რა აღუთქვა იეჰოვამ აბრაამს?
6 რატომ მოსთხოვა იეჰოვამ აბრაამს ქანაანში გადასვლა? მიზეზი ამ ერთგული მამაკაცის მიმართ ღვთის განზრახვის შესრულება იყო. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“ (დაბადება 12:1–3). აბრაამი უამრავი ხალხის მამა უნდა გამხდარიყო, ხალხისა, რომელსაც იეჰოვა დაიცავდა და რომელიც ქანაანის ქვეყანას დაიმკვიდრებდა. რა შესანიშნავი აღთქმაა! მაგრამ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად აბრაამს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინა.
7. რა ცვლილებებისთვის უნდა ყოფილიყო აბრაამი მზად, რათა დაემკვიდრებინა იეჰოვას მიერ მისთვის აღთქმული ქვეყანა?
7 როდესაც აბრაამი ურიდან წავიდა, წავიდა აყვავებული ქალაქიდან და, როგორც ჩანს, სანათესაოდან, რომელიც იმ პატრიარქალურ პერიოდში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ხარანიდან წასვლით კი ის მამის ოჯახს, და მათ შორის თავისი ძმის, ნახორის ოჯახსაც, გამოეყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრდა. ქანაანში უსაფრთხოების მიზნით მას გალავნიანი ქალაქი არ უძებნია. რატომ? ამ ქვეყანაში შესვლიდან ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ უთხრა: „ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი“ (დაბადება 13:17). 75 წლის აბრაამმა და მისმა 65 წლის ცოლმა, სარამ, შეასრულეს ეს მითითება. „რწმენით იყო, რომ შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში მკვიდრობდა“ (ებრაელთა 11:9; დაბადება 12:4).
აბრაამის რწმენის ანალოგები დღეს
8. რა უნდა განვივითაროთ, თუ მხედველობაში მივიღებთ აბრაამისა და ძველი დროის სხვა მოწმეების მაგალითს?
8 აბრაამი და მისი ოჯახი იმ დიდ ‘[ქრისტიანობამდელ] მოწმეთა ღრუბელში’ არიან მოხსენიებული, რომელიც ებრაელთა მე-11 თავშია მოცემული. პავლეს ღვთის იმ ადრინდელ პერიოდში მცხოვრები ერთგული მსახურების რწმენა აქვს მხედველობაში, როდესაც ქრისტიანებს მოუწოდებს: „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა [სუსტი რწმენა]“ (ებრაელთა 12:1). დიახ, სუსტი რწმენის გამო შეიძლება ადვილად ‘დავბრკოლდეთ’. მაგრამ მოციქულ პავლეს დღეებში და დღესაც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეეძლოთ და შეუძლიათ აბრაამისა და ძველი დროის სხვა მოწმეების რწმენის მსგავსი მტკიცე განვითარება. საკუთარ თავსა და თანაქრისტიანებზე საუბრისას პავლე ამბობს: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39).
9, 10. რა ცხადყოფს, რომ დღეს მრავალს აქვს ისეთი რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა?
9 მართალია, აბრაამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღესაც ‘აბრაამის ღმერთს’ ვემსახურებით, ღმერთი კი არ იცვლება (საქმეები 3:13; მალაქია 3:6). იეჰოვა დღესაც ისევე იმსახურებს თაყვანისცემას, როგორც აბრაამის დღეებში (გამოცხადება 4:11). მრავალი მთლიანად უძღვნის საკუთარ თავს იეჰოვას და, აბრაამის მსგავსად, ღვთის ნების შესასრულებლად, თუ აუცილებელია, ყოველგვარ ცვლილებას ახდენს ცხოვრებაში. გასულ წელს 316 092-მა საჯაროდ დაადასტურა თავისი მიძღვნა და „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ წყალში მოინათლა (მათე 28:19).
10 ამ ახალ ქრისტიანთაგან უმეტესობას მიძღვნის დასადასტურებლად არ დასჭირვებია შორეულ, უცხო ქვეყანაში წასვლა. მაგრამ სულიერი გაგებით მრავალმა მათგანმა საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა. მაგალითად, მავრიკიელი ელზა ჯადოქარი იყო. მისი ყველას ეშინოდა. ერთი სპეციალური პიონერი ელზას ქალიშვილს ბიბლიის შესწავლაზე შეუთანხმდა, რამაც ელზას „წყვდიადიდან ნათლისაკენ“ მიმავალი გზა გაუხსნა (საქმეები 26:18). როდესაც ელზამ დაინახა ქალიშვილის ინტერესი, თვითონაც გამოთქვა სურვილი წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ შესწავლაზე. მას კვირაში სამჯერ უტარდებოდა შესწავლა, რადგან გამუდმებით სჭირდებოდა გამხნევება. ოკულტიზმის მსახურებამ მას ბედნიერება ვერ მოუტანა და მრავალი პირადული ხასიათის პრობლემა აწუხებდა. მაგრამ, საბოლოოდ, შეძლო დემონიზმიდან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობამდე ხანგრძლივი „მგზავრობის“ დასრულება. შემდეგ კი, როდესაც ვინმე ადრინდელი სამსახურის გაწევას სთხოვდა, განუმარტავდა, რომ მხოლოდ იეჰოვას შეეძლო მათი ბოროტებისგან დაცვა. ელზა ახლა მონათლული მოწმეა, ხოლო მისი ოჯახიდან და ნაცნობებიდან 14-მა მიიღო ჭეშმარიტება.
11. რა შესწორებები შეაქვთ ცხოვრებაში მათ, რომლებიც თავს იეჰოვას უძღვნიან?
11 ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა არ დასჭირვებია მათ უმეტესობას, ვინც გასულ წელს ღვთისადმი მსახურებას მიუძღვნა თავი. მაგრამ ყველა მათგანი სულიერად მკვდარი მდგომარეობიდან გამოვიდა, გაცოცხლდა (ეფესელთა 2:1). თუმცა ისინი ფიზიკურად ჯერაც წუთისოფელში ცხოვრობენ, აღარ არიან მისი ნაწილი (იოანე 17:15, 16). ცხებული ქრისტიანების მსგავსად, რომელთა „მოქალაქეობა ზეცაშია“, ისინი ‘ხიზნებივით და მწირებივით’ არიან (ფილიპელთა 3:20; 1 პეტრე 2:11). მათ თავიანთი ცხოვრება ღვთის ნორმებს შეუსაბამეს, ხოლო ამის გაკეთებისკენ ყველაზე მეტად ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულმა აღძრა (მათე 22:37–39). მათ არა აქვთ ეგოისტური, რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვების მიზნები და არ ცდილობენ ამ წუთისოფელში თავის გამოჩენას. ნაცვლად ამისა, თვალები მიპყრობილი აქვთ აღთქმული ‘ახალი ცისა და ახალი მიწისკენ, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13; 2 კორინთელთა 4:18).
12. გასულ წელს შესრულებული რომელი საქმიანობა ადასტურებს, რომ თავისი თანდასწრებისას იესომ ‘ჰპოვა დედამიწაზე რწმენა’?
12 როდესაც აბრაამი ქანაანში დასახლდა, ის და მისი ოჯახი მარტონი იყვნენ; მათ მხოლოდ იეჰოვა ეხმარებოდა და იცავდა. მაგრამ ეს 316 092 ახლად მონათლული ქრისტიანი ნამდვილად რომ არ არის მარტო. მართალია, იეჰოვა თავისი სულიწმიდით, აბრაამის მსგავსად, მათაც ეხმარება და იცავს (იგავნი 18:10). მაგრამ, გარდა ამისა, ღმერთი მათ ენერგიით სავსე სხვადასხვა ‘ხალხის’ მეშვეობითაც უწევს დახმარებას, ხალხისა, რომელთა რაოდენობაც აღემატება დღეს არსებული ზოგიერთი ერის რიცხობრივ რაოდენობას (ესაია 66:8). გასულ წელს ამ ხალხის 5 888 650-მა წარმომადგენელმა თავიანთი მოქმედი რწმენა მოყვასთან ღვთის აღთქმების შესახებ საუბრებით დაადასტურა (მარკოზი 13:10). მათ საოცრად დიდი დრო, 1 186 666 708 საათი, დაუთმეს ამ საქმიანობას — დაინტერესებული ადამიანების პოვნის მცდელობას. შედეგად, იმ ადამიანებთან, ვისაც რწმენის განვითარება სურდა, ჩატარებულ იქნა ბიბლიის 4 302 852 შესწავლა. მათი გულმოდგინების დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტი ის იყო, რომ ამ ‘ხალხის’ 698 781 წარმომადგენელი მსახურობდა პიონერად ან სრული დროით, ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში (იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის გასული წლის დაწვრილებითი ცნობები მოცემულია 12—15 გვერდებზე). ასეთი შესანიშნავი ცნობები არის დადებითი, ცოცხალი პასუხი იესოს კითხვაზე: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“
გამოცდების მიუხედავად ის ერთგული დარჩა
13, 14. აღწერეთ გარკვეული სიძნელეები, რომლებიც აბრაამსა და მის ოჯახს გადახდა ქანაანში.
13 ქანაანში აბრაამსა და მისი ოჯახის წევრებს ხშირად გარკვეულ სიძნელეებთან უწევდათ გამკლავება. სულ მცირე, ერთხელ მაინც იყო იქ დიდი შიმშილობა, რის გამოც მათ ქანაანიდან ეგვიპტეში წასვლა მოუწიათ. გარდა ამისა, ეგვიპტისა და გერარის (ღაზას მახლობლად) მმართველები ცდილობდნენ ცოლად შეერთოთ აბრაამის ცოლი, სარა (დაბადება 12:10–20; 20:1–18). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბრაამისა და ლოტის მწყემსებს დავა ჰქონდათ ერთმანეთში, რის გამოც ეს ორი ოჯახი ერთმანეთს დაშორდა. აბრაამმა ლოტს უანგაროდ შესთავაზა არჩევნის გაკეთება და მანაც იორდანეს მხარე აირჩია, რომელიც ნაყოფიერებითა და სილამაზით ედემის ბაღს ჰგავდა (დაბადება 13:5–13).
14 ლოტს შეეხო ომი, რომელიც სიდიმის ველზე გაიმართა და რომელშიც ერთ მხარეს იბრძოდა შორეული ელასარის მეფე და მისი მომხრეები, ხოლო მეორე მხარეს — ხუთი ქალაქის მეფეები. უცხოელმა მეფეებმა სძლიეს ადგილობრივებს; თან წაიღეს დიდძალი ნადავლი და წაასხეს მრავალი ტყვე. ლოტიც თავისი ქონებითურთ ამ ტყვეობაში აღმოჩნდა. როდესაც მომხდარის შესახებ აბრაამმა გაიგო, ის უშიშრად გამოუდგა უცხოელ მეფეებს და შესძლო ლოტისა და მისი ოჯახის გამოხსნა. დამპყრობლებს დააბრუნებინა ადგილობრივი მეფეების ქონებაც (დაბადება 14:1–16). მაგრამ ლოტს ქანაანში უარესი რამის ატანაც მოუწია. გარკვეული მიზეზების გამო მან საცხოვრებლად სოდომი აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი უზნეობით იყო სახელგანთქმულიb (2 პეტრე 2:6–8). როდესაც ორმა ანგელოზმა ლოტი ქალაქის განადგურების შესახებ გააფრთხილა, ის თავის ქალიშვილებთან და ცოლთან ერთად გაიქცა. მაგრამ ლოტის ცოლმა უგულებელყო ანგელოზების მიერ მიცემული განსაკუთრებული მითითება, რის გამოც მარილის სვეტად იქცა. ლოტს თავის ორ ქალიშვილთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში ცოღარის გამოქვაბულში მოუწია ცხოვრება (დაბადება 19:1–30). ყოველივე ეს, ალბათ, ძალიან შეაწუხებდა აბრაამს, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქანაანში ჩასვლისას ლოტი მისი ოჯახის წევრი იყო.
15. რა უარყოფითი აზროვნება არ განუვითარებია აბრაამს უცხო ქვეყანაში კარვებში ცხოვრების დროს გადატანილი გაჭირვების მიუხედავად?
15 ფიქრობდა აბრაამი, სად იქნებოდნენ ის და ლოტი უფრო უსაფრთხოდ: ურში, თავის სანათესაოში, თუ ხარანში თავის ძმა, ნახორთან ერთად? ჰქონია მას ოდესმე იმის სურვილი, რომ კარვებში ცხოვრების ნაცვლად გალავნიან, უსაფრთხო ქალაქში დასახლებულიყო? ან უცხო ქვეყანაში მწირად მყოფს იქნებ ოდესმე ეჭვი შეჰპარვია იმაში, რომ ასეთი მსხვერპლის გაღება ბრძნული არ იყო? აბრაამისა და მისი ოჯახის მოხსენიებისას მოციქულმა პავლემ აღნიშნა: „თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო“ (ებრაელთა 11:15). მაგრამ ისინი არ დაბრუნებულან. გაჭირვების მიუხედავად ისინი დარჩნენ იქ, სადაც იეჰოვას უნდოდა, რომ ყოფილიყვნენ.
მოთმინება დღეს
16, 17. ა) რა სირთულეებს ხვდება მრავალი ქრისტიანი დღეს? ბ) რა დადებითი თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს? რატომ?
16 მსგავსი მოთმინების მაგალითები დღევანდელ ქრისტიანებშიც შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მსახურებას დიდი სიხარული მოაქვს, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ამ უკანასკნელ დღეებში ცხოვრება ადვილი არ არის. სულიერ სამოთხეში ცხოვრების მიუხედავად, მათაც აწუხებთ ის ფინანსური პრობლემები, რაც მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხს (ესაია 11:6–9). მრავალი მათგანი ომების უდანაშაულო მსხვერპლი ხდება, ხოლო ზოგი, მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, უკიდურეს სიღარიბეში ვარდება. გარდა ამისა, ისინი იტანენ სირთულეებს, რომლებიც არაპოპულარულ უმცირესობაში ყოფნასთანაა დაკავშირებული. მრავალ ქვეყანაში საყოველთაოდ გავრცელებული უინტერესობის მიუხედავად, ისინი მაინც ქადაგებენ კეთილ ცნობას. სხვა ქვეყნებში კი ისეთი ადამიანების მზაკვრულ თავდასხმას განიცდიან, რომლებიც ‘ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ იქცევიან და წმინდა სისხლს ბრალში ხვევენ’ (ფსალმუნი 93:20, 21). ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ქრისტიანებს არავინ ერჩის და ზოგი მაღალი ზნეობრივი ნორმების გამო აქებს კიდეც მათ, ისინი გრძნობენ, რომ თანაკლასელებისა თუ თანამშრომლებისგან განსხვავდებიან, ისევე როგორც აბრაამი, რომელიც კარვებში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც სხვები ქალაქებში ცხოვრობდნენ. დიახ, ადვილი არ არის ცხოვრობდე წუთისოფელში და ‘არ იყო’ წუთისოფლისა (იოანე 17:14).
17 ვნანობთ ამის გამო, რომ თავი ღმერთს მივუძღვენით? გვინდა, რომ სხვებივით ჩვენც წუთისოფლის ნაწილი დავრჩეთ? გვენანება ის მსხვერპლი, რომელიც იეჰოვას მსახურებისთვის გავიღეთ? არავითარ შემთხვევაში! სინანულით უკან ყურების ნაცვლად, გვესმის, რომ მსხვერპლად ისეთი არაფერი გაგვიღია, რაც შეიძლება შეედაროს იმ კურთხევებს, რომლებიც ახლა გვაქვს და რომლებიც მომავალში გველოდება (ლუკა 9:62; ფილიპელთა 3:8). რას ვიტყოდით წუთისოფლის ხალხზე, არიან ისინი ბედნიერები? მრავალი მათგანი ეძებს იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც ჩვენ უკვე ვიცით. ისინი იტანჯებიან, რადგან არ მიჰყვებიან იმ ხელმძღვანელობას, რომელსაც ჩვენ მივყვებით, და რომელსაც ღმერთი გვაძლევს ბიბლიის საშუალებით (ფსალმუნი 118:105). და მრავალ მათგანს სწყურია ქრისტიანული ურთიერთობა და შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ჩვენს შორის სუფევს (ფსალმუნი 132:1; კოლასელთა 3:14).
18. რა შედეგი მოაქვს საბოლოოდ იმას, რომ ქრისტიანები აბრაამის მსგავსად უშიშრად მოქმედებენ?
18 ზოგჯერ ჩვენც უნდა გვქონდეს ისეთი გაბედულება, როგორიც აბრაამს ჰქონდა ლოტის დამტყვევებლების უკან გამოდევნებისას. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მოქმედებას. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში სექტანტების მიერ ძალადობის გამოყენების გამო, ქვეყანაში მათ მიმართ საყოველთაო სიძულვილია გაბატონებული, ხოლო ასეთ სიტუაციაში მათდამი ნეიტრალური გრძნობის შენარჩუნებას ნამდვილად რომ სიმტკიცე სჭირდება. მაგრამ ერთგული ქრისტიანები იმ სიტყვების შესაბამისად იქცევიან, რომლებიც იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: „გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:9; ფსალმუნი 26:14). წლების განმავლობაში უშიშრად მოქმედების გამო მათ პატივისცემა დაიმსახურეს და დღეს ქვეყნის ნებისმიერ მცხოვრებთან შეუძლიათ თავისუფლად ქადაგება.
19. სად გრძნობენ ქრისტიანები თავს ბედნიერად და რა საბოლოო შედეგს შეჰყურებენ ისინი იმედით, როდესაც იეჰოვას მითითებას მიჰყვებიან?
19 არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ იმაში, რომ, რა სიტუაციაშიც უნდა ჩავვარდეთ, თუ იეჰოვას მითითებას მივყვებით, საბოლოო შედეგი მას დიდებას, ხოლო ჩვენ ხანგრძლივ სარგებლობას მოგვიტანს. სირთულეებისა და მსხვერპლის მიუხედავად, იეჰოვას სამსახურის გარდა, არ არსებობს არაფერი, სადაც შეიძლება გავიხაროთ ქრისტიან ძმებთან მეგობრობით და იმედით შევყურებდეთ მარადიულ მომავალს, რომელიც ღმერთმა აღგვითქვა.
[სქოლიოები]
a ალბათ, აბრაამმა ძმის სიკვდილის შემდეგ მისი შვილი, ლოტი, იშვილა (დაბადება 11:27, 28; 12:5).
b ზოგი ვარაუდობს, რომ ოთხი მეფის მიერ მისი დატყვევების შემდეგ ლოტი უფრო მეტი უსაფრთხოების მიზნით დასახლდა იმ ქალაქში.
გახსოვთ თუ არა?
◻ რატომ არის აუცილებელი მტკიცე რწმენა?
◻ როგორ ცხადყო აბრაამმა, რომ მტკიცე რწმენა ჰქონდა?
◻ ცხოვრებაში რა ცვლილებები სდევს თან მიძღვნას?
◻ რატომ გვანიჭებს ღვთის მსახურება ბედნიერებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვაგვარ სირთულეებს ვიტანდეთ?
[სურათები 7 გვერდზე]
აბრაამი აღთქმულის დასამკვიდრებლად მზად იყო ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოეხდინა.
[სურათები 9 გვერდზე]
ფაქტები ცხადყოფს, რომ იესომ თავისი თანდასწრებისას ‘დედამიწაზე რწმენა’ ჰპოვა.