განაგრძეთ იეჰოვას გზით სიარული
„მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა“ (ფსალმუნი 36:34).
1, 2. რა შედიოდა იეჰოვას გზით სიარულში დავითისთვის და დღეს რას მოითხოვს ეს ჩვენგან?
„მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი“ (ფსალმუნი 142:8). ქრისტიანები დღეს მთელი გულით იმეორებენ მეფე დავითის ამ სიტყვებს. მათ გულწრფელად სურთ, გაახარონ იეჰოვა და მისი გზით იარონ. რა შედის ამაში? დავითისთვის ეს ღვთის რჯულის დაცვას ნიშნავდა. ამაში შედიოდა იეჰოვაზე მინდობა და არა სხვა ხალხებთან კავშირის დადება. დიახ, ეს ნიშნავდა იეჰოვასადმი — და არა მეზობელ ხალხთა ღმერთებისადმი — ერთგულად მსახურებას. ქრისტიანებისთვის იეჰოვას გზით სიარული უფრო მეტს მოიცავს.
2 ერთი მხრივ, იეჰოვას გზით სიარული დღეს ნიშნავს იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენას და მის აღიარებას „გზად და ჭეშმარიტებად და სიცოცხლედ“ (იოანე 3:16; 14:6; ებრაელთა 5:9). აგრეთვე ნიშნავს „ქრისტეს რჯულის“ აღსრულებას, რომელშიც შედის ერთმანეთისადმი, განსაკუთრებით კი იესოს ცხებული ძმებისადმი, სიყვარულის გამოვლენა (გალატელთა 6:2; მათე 25:34–40). იეჰოვას გზით მოსიარულეებს უყვართ მისი პრინციპები და მცნებები (ფსალმუნი 118:97; იგავნი 4:5, 6). ისინი დიდად აფასებენ ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის ძვირფას უპირატესობას (კოლასელთა 4:17; 2 ტიმოთე 4:5). ლოცვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (რომაელთა 12:12). ისინი ‘ფრთხილად იქცევიან — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი’ (ეფესელთა 5:15). აგრეთვე არავითარ შემთხვევაში არ გაიღებენ მსხვერპლად სულიერ სიმდიდრეს დროებითი მატერიალური გამორჩენის მიზნით ან უკანონო ხორციელი სიამოვნებისთვის (მათე 6:19, 20; 1 იოანე 2:15–17). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი ერთგულება და მასზე მინდობა (2 კორინთელთა 1:9; 10:5; ეფესელთა 4:24). რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სიტუაცია საკმაოდ ჰგავს ძველი ისრაელის სიტუაციას.
მინდობისა და ერთგულების აუცილებლობა
3. რატომ დაგვეხმარება ერთგულება, რწმენა და მინდობა, რომ იეჰოვას გზით სიარული განვაგრძოთ?
3 ისრაელი პატარა ერი იყო; მას გარშემო მტრულად განწყობილი მეზობლები ჰყავდა, რომლებიც კერპების თაყვანისცემისას უზნეო ცერემონიებს ასრულებდნენ (პირველი ნეშტთა 16:26). მხოლოდ ისრაელი ემსახურებოდა ერთ ჭეშმარიტ და უხილავ ღმერთს, იეჰოვას, რომელიც მათგან მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას მოითხოვდა (მეორე რჯული 6:4). ასეთივე მდგომარეობაა დღესაც — მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი სცემს თაყვანს იეჰოვას; ისინი ცხოვრობენ წუთისოფელში, რომლის მოსახლეობაც თითქმის ექვსი მილიარდია და რომლის ნორმები და რელიგიური თვალსაზრისი ძალიან განსხვავდება მათი ნორმებისა და თვალსაზრისისგან. თუ იმ რამდენიმე მილიონს ვეკუთვნით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არაფერმა შეგვაცდინოს. როგორ? ამაში დაგვეხმარება იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება, რწმენა და მასზე მტკიცე მინდობა, რომ ის შეასრულებს თავის აღთქმებს (ებრაელთა 11:6). ეს დაგვიცავს, რომ არ მივენდოთ ისეთ რამეს, რის იმედიც წუთისოფელს აქვს (იგავნი 20:22; 1 ტიმოთე 6:17).
4. რატომ არიან ხალხები „გონებადაბნელებულნი“?
4 მოციქულმა პავლემ გვაჩვენა, როგორ უნდა განსხვავდებოდნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან, როდესაც წერდა: „ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო“ (ეფესელთა 4:17, 18). იესო არის „ნათელი ჭეშმარიტი“ (იოანე 1:9). ყოველი, ვინც უარყოფს მას ან აცხადებს, რომ სწამს ის, მაგრამ არ ემორჩილება „ქრისტეს რჯულს“, „გონებადაბნელებულია“. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას გზით იარონ, ისინი „ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი“ არიან. თუმცა, წუთისოფლის თვალსაზრისით, შეიძლება მათ საკუთარი თავი ბრძენებად მიაჩნდეთ, ისინი ‘უმეცრები’ არიან შემეცნებაში, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, — შემეცნებაში იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ (იოანე 17:3; 1 კორინთელთა 3:19).
5. რატომ აქვს ბევრს უგრძნობი გული, მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელში ჭეშმარიტების სინათლე ანათებს?
5 მაგრამ წუთისოფელში ჭეშმარიტების სინათლე ანათებს! (ფსალმუნი 42:3; ფილიპელთა 2:15). „სიბრძნე გარეთ მღერის“ (იგავნი 1:20). შარშან იეჰოვას მოწმეებმა მილიარდ საათზე მეტი დაუთმეს იმას, რომ მოყვასისთვის იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ემცნოთ. მათ ასიათასობით ადამიანი გამოეხმაურა. მაგრამ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ მრავალი სხვა არ გვეხმაურება? არა. პავლე ლაპარაკობდა მათს „გულქვაობაზე“. ზოგს ეგოიზმის ან ფულის სიყვარულის გამო უგრძნობი გული აქვს. სხვებზე ცრუ რელიგია ან დღეს ფართოდ გავრცელებული ქვეყნიური თვალსაზრისი მოქმედებს. მძიმე ცხოვრებამ ბევრს ღვთისთვის ზურგი შეაქცევინა. სხვები უარს ამბობენ, შეესაბამებოდნენ იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს (იოანე 3:20). შეიძლება, რომ ამ მხრივ იეჰოვას გზით მოსიარულეს გაუქვავდეს გული?
6, 7. თუმცა იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ, რა შემთხვევებში გადაუხვიეს ისრაელებმა გზიდან და რატომ?
6 როგორც პავლემ გვიჩვენა, ეს ძველ ისრაელს დაემართა. ის წერდა: «ეს . . . ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი. არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ“. ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა» (1 კორინთელთა 10:6–8).
7 პავლემ ჯერ მოიხსენია შემთხვევა, როდესაც ისრაელი ოქროს ხბოს სცემდა თაყვანს სინაის მთის ძირას (გამოსვლა 32:5, 6). ეს აშკარად დაუმორჩილებლობა იყო ღვთიური მცნების მიმართ, რომლის შესრულებაზეც სულ რამდენიმე კვირით ადრე მათ თანხმობა განაცხადეს (გამოსვლა 20:4–6; 24:3). შემდეგ პავლე იხსენიებს დროს, როდესაც ისრაელი მოაბელ ქალებთან ერთად ბაალს სცემდა თაყვანს (რიცხვნი 25:1–9). ხბოს თაყვანისცემისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ ხალხი გულისთქმებს ჰყვებოდა და ‘თამაშობდა’a. ბაალის თაყვანისცემას თან ახლდა აღმაშფოთებელი სექსუალური აღვირახსნილობა (გამოცხადება 2:14). რატომ ჩაიდინეს ისრაელებმა ეს ცოდვები? იმიტომ რომ მათი გულები ‘შენატროდა ბოროტს’ — კერპთაყვანისმცემლობასა თუ მის თანმხლებ უზნეო ჩვევებს.
8. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელის შემთხვევებიდან?
8 პავლემ გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევებიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ. მაგრამ რა? წარმოუდგენელია, რომ ქრისტიანმა თაყვანი სცეს ოქროს ხბოს ან უძველეს მოაბელთა ღვთაებას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას უზნეობაზე ან დაუცხრომელი გულისთქმების აყოლაზე? დღეს ეს ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს და, თუ იქამდე მივიყვანთ საქმეს, რომ მსგავსი სურვილები ჩვენს გულებში გაიზარდოს, ისინი ჩვენსა და იეჰოვას შორის ჩადგება. ამას ის მოჰყვება, რაც კერპთაყვანისმცემლობას, — ღვთისგან გაუცხოება (შეადარეთ კოლასელთა 3:5; ფილიპელთა 3:19). პავლე ამ შემთხვევების განხილვას ამთავრებს თანამორწმუნეების გაფრთხილებით: „განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14).
დახმარება ღვთის გზით სიარულში
9. ა) რა გვეხმარება, რომ იეჰოვას გზით სიარული განვაგრძოთ? ბ) რის მეშვეობით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’?
9 თუ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ იეჰოვას გზით სიარული, არ ვართ მიტოვებული დახმარების გარეშე. ესაია წინასწარმეტყველებდა: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21). როგორ მოესმება ‘ჩვენს ყურებს’ ‘სიტყვა ჩვენ უკან’? რასაკვირველია, პირდაპირი გაგებით, დღეს არავის ესმის ხმა და არც არავინ ღებულობს პირადულ ცნობას ღვთისგან. ეს „სიტყვა“ ყველას ერთნაირად გვესმის. უპირველეს ყოვლისა, მას ვისმენთ ინსპირირებული საღვთო წერილის, ბიბლიის, მეშვეობით, რომელიც ღვთის აზრებსა და ადამიანებთან მისი ურთიერთობის ცნობას შეიცავს. რადგანაც ‘ღვთის ცხოვრებისგან გაუცხოებული’ წყაროებიდან ყოველდღიურად ვაწყდებით პროპაგანდას, კარგი სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ვიფიქროთ მასზე. ეს დაგვეხმარება, გავერიდოთ „ამაოებას“ და ვიყოთ ‘სრულყოფილები, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული’ (საქმეები 14:14, 15; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს აგრეთვე გაგვაძლიერებს, გაგვამაგრებს და დაგვეხმარება, ‘წარმატებით წარვმართოთ ჩვენი გზა’ (იესო ნავეს ძე 1:7, 8). იეჰოვას სიტყვა გვირჩევს: „ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ“ (იგავნი 8:32, 33).
10. კიდევ რის მეშვეობით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’?
10 ‘სიტყვა ჩვენ უკან‘ აგრეთვე გვესმის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომელიც ‘საზრდოს დროულად’ გვაწვდის (მათე 24:45–47). ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ეს საზრდო მოგვეწოდება, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებია; გასულ წლებში საზრდოს ეს მარაგი უხვი იყო. მაგალითად, ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ მეშვეობით უკეთ გავიგეთ წინასწარმეტყველებები. ეს ჟურნალი გვახალისებდა, მზარდი გულგრილობის მიუხედავად დაჟინებით განგვეგრძო ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე; გვეხმარებოდა, გავრიდებოდით მახეებს, და გვირჩევდა, განგვევითარებინა შესანიშნავი ქრისტიანული თვისებები. რა დიდად ვაფასებთ ამ დროულად მოწოდებულ საზრდოს!
11. ახსენით, რომელი მესამე საშუალებით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’.
11 ერთგული და გონიერი მონა საზრდოს ჩვენი რეგულარული შეხვედრების მეშვეობითაც გვაწვდის. ამაში შედის: ადგილობრივი კრების შეხვედრები, წელიწადში ორჯერ შეხვედრები რაიონის მასშტაბით და ყოველწლიური უფრო დიდი კონგრესები. რომელი ერთგული ქრისტიანი არ აფასებს ამ შეხვედრებს? ისინი მნიშვნელოვანწილად გვეხმარება იეჰოვას გზით სიარულში. რადგანაც მრავალს სამუშაოზე ან სკოლაში ბევრი დროის გატარება უწევს ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც არ იზიარებენ მათს რწმენას, ქრისტიანებთან რეგულარული ურთიერთობა, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლის გადამრჩენია. შეხვედრები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ‘წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის’ (ებრაელთა 10:24). ჩვენ გვიყვარს ძმები და მათთან ურთიერთობა (ფსალმუნი 132:1).
12. რა აქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მოწმეებს და ახლახან როგორ გამოხატეს ეს?
12 დღეს ასეთი სულიერი საზრდოთი გაძლიერებული თითქმის ექვსი მილიონი ადამიანი დადის იეჰოვას გზით, სხვა მილიონები კი ბიბლიას სწავლობენ, რომ გაიგონ, როგორ მოიქცნენ ასევე. გულს უტეხს ან ასუსტებს მათ ის ფაქტი, რომ დედამიწის მილიარდებისგან შემდგარ მოსახლეობასთან შედარებით ასე ცოტანი არიან? არავითარ შემთხვევაში! მათ გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც უსმინონ ‘სიტყვას მათ უკან’ და ერთგულად შეასრულონ იეჰოვას ნება. ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოსაცხადებლად 1998—1999 წლების საოლქო და საერთაშორისო კონგრესების დროს დელეგატებმა რეზოლუცია მიიღეს და თავიანთი გულწრფელი პოზიცია გამოხატეს. აი რეზოლუციის ტექსტი:
რეზოლუცია
13, 14. რა რეალური შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს წუთისოფელში არსებულ მდგომარეობაზე?
13 «ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, რომლებიც შევიკრიბეთ კონგრესზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“, მთელი გულით ვეთანხმებით, რომ ღვთის გზა ცხოვრების საუკეთესო გზაა. მაგრამ გვესმის, რომ დღეს უმრავლესობა სხვა აზრის არის. ადამიანთა საზოგადოებამ მრავალი კონცეფცია, ფილოსოფია და რელიგიური იდეა შეიმუშავა იმის ასახსნელად, რა წარმოადგენს ცხოვრების საუკეთესო გზას. გულახდილები რომ ვიყოთ, კაცობრიობის ისტორია და დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობა ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტია ღვთის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია იერემიას 10:23-ში: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“.
14 ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, კიდევ უფრო ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. ადამიანთა საზოგადოება უმეტესწილად უგულებელყოფს ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზას. ხალხი აკეთებს იმას, რაც მათს თვალშია სწორი. ამის შედეგები ტრაგიკულია — ინგრევა ოჯახები და ბავშვები ხელმძღვანელობის გარეშე რჩებიან; ადამიანებს მასიურად იტაცებს მატერიალიზმი, რაც უაზრო ცხოვრებითა და იმედგაცრუებით სრულდება; ხდება სასტიკი დანაშაულობები და ძალადობა, რომლებიც უამრავ მსხვერპლს იწირავს; ჩაღდება ეთნიკური კონფლიქტები და ომები, რომლებიც საშინელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაზე; მძვინვარებს უზნეობა, რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ეპიდემიას. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი რთული პრობლემიდან, რომლებიც ხელს უშლის ბედნიერებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
15, 16. რა გადაწყვეტილება იყო გამოთქმული რეზოლუციაში ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზასთან დაკავშირებით?
15 მხედველობაში იმის მიღებით, რომ კაცობრიობა სავალალო მდგომარეობაშია და ახლოვდება ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომი’, რომელსაც არმაგედონი ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16), ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას:
16 პირველი: ვთვლით, რომ ვეკუთვნით იეჰოვა ღმერთს, რადგან თითოეულმა უსიტყვოდ მივუძღვენით მას თავი, და შევინარჩუნებთ ურყევ რწმენას გამოსყიდვის მიმართ, რომლითაც იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს, საშუალებით უზრუნველგვყო. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიაროთ ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზით, ვიმსახუროთ როგორც მისმა მოწმეებმა და დავემორჩილოთ მის უზენაესობას, რომელიც იესო ქრისტეს მმართველობით გამოიხატება.
17, 18. რა პოზიციას დაიკავებენ იეჰოვას მოწმეები კვლავაც, რაც შეეხება ზნეობრივ ნორმებსა და ქრისტიანულ საძმოს?
17 მეორე: კვლავაც მივყვებით ბიბლიის მაღალზნეობრივ და სულიერ ნორმებს. გადაწყვეტილი გვაქვს, მოვერიდოთ გზას, რომლითაც სხვა ხალხები დადიან თავიანთი გონების ამაოებით (ეფესელთა 4:17–19). აგრეთვე გადაწყვეტილი გვაქვს იეჰოვას წინაშე წმინდად და წუთისოფლისგან შეურყვნელად დარჩენა (იაკობი 1:27).
18 მესამე: მტკიცედ დავიკავებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პოზიციას, როგორც მსოფლიო ქრისტიანული საძმო. შევინარჩუნებთ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და არ გავებმებით რასობრივი, ეროვნული ან ეთნიკური სიძულვილისა თუ განხეთქილების მახეში.
19, 20. ა) რას გააკეთებენ ქრისტიანი მშობლები? ბ) როგორ დაანახვებს თითოეული ქრისტიანი კვლავაც სხვებს, რომ ქრისტეს მოწაფეა?
19 მეოთხე: მშობლები ღვთისმოსაწონ გზაზე დავაყენებთ შვილებს. მაგალითი ვიქნებით ქრისტიანული ცხოვრებით, რაშიც შედის: ბიბლიის რეგულარული კითხვა, ოჯახური შესწავლა და ქრისტიანული კრების საქმეებსა და სამქადაგებლო მსახურებაში მთელი სულით მონაწილეობა.
20 მეხუთე: თითოეული ვეცდებით, განვავითაროთ ის ღვთისმოსაწონი თვისებები, რომლებსაც ჩვენი შემოქმედი ავლენს, მივბაძოთ მას და ვიაროთ მისი გზებით, როგორც ამას იესო აკეთებდა (ეფესელთა 5:1). გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი ვაკეთოთ სიყვარულით, რითაც სხვებს დავანახვებთ, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ (იოანე 13:35).
21—23. რის კეთებას განაგრძობენ იეჰოვას მოწმეები და რაში არიან ისინი დარწმუნებული?
21 მეექვსე: დაუღალავად განვაგრძობთ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას, მოვამზადებთ მოწაფეებს, ვასწავლით ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზით სიარულს და წავახალისებთ, რომ შემდგომი მომზადება კრების შეხვედრებზე გაიარონ (მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელთა 10:24, 25).
22 მეშვიდე: როგორც ცალკეული პირები და როგორც რელიგიური ორგანიზაცია, განვაგრძობთ ცხოვრებაში ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენებას. სახელმძღვანელოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გამოყენებით არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რითაც დავამტკიცებთ, რომ ღვთის გზა ბევრად აღემატება წუთისოფლის ნებისმიერ გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივყვეთ ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზას — მტკიცედ და ერთგულად, ახლა და მარადჟამს!
23 ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ სრული ნდობით ვართ განმსჭვალულები იეჰოვას მიერ სიყვარულით წარმოთქმული დანაპირებისადმი, რომ ღვთის ნების აღმსრულებელი უკუნისამდე რჩება. ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ დარწმუნებული ვართ: ბიბლიური პრინციპების, რჩევებისა და შეგონების თანახმად მოქმედება საუკეთესო ცხოვრებას მოგვიტანს დღეს და შესანიშნავ საძირკველს ჩაუყრის მომავალს, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს (1 ტიმოთე 6:19; 2 ტიმოთე 4:7ბ, 8). და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით!
24, 25. რა გამოხმაურება მოჰყვა შეთავაზებულ რეზოლუციას და რა აქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას გზით მოსიარულეებს?
24 კონგრესის ყველა დელეგატს, რომლებიც იღებთ ამ რეზოლუციას, გთხოვთ, დაადასტუროთ ეს სიტყვით „დიახ!“ »
25 მთელ მსოფლიოში ასობით დარბაზსა და სტადიონზე გაისმა ყველა დელეგატის მხურვალე „დიახ!“. იეჰოვას მოწმეებს არ ეეჭვებათ, რომ კვლავაც იეჰოვას გზით ივლიან. ისინი სრულად ენდობიან იეჰოვას და სწამთ, რომ ის შეასრულებს თავის აღთქმებს. მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა, ისინი მისი ერთგულები რჩებიან. და მათ გადაწყვეტილი აქვთ, ქმნან მისი ნება.
„ღმერთი ჩვენს მხარესაა“
26. რატომ არიან ბედნიერები იეჰოვას გზით მოსიარულეები?
26 იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ ფსალმუნმომღერლის რჩევა: „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა“ (ფსალმუნი 36:34). ისინი არც პავლეს გამამხნევებელ სიტყვებს ივიწყებენ: «თუ ღმერთი ჩვენთვის არის [„ჩვენს მხარესაა“, სსგ], ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?» (რომაელთა 8:31, 32). დიახ, თუ კვლავაც იეჰოვას გზით ვივლით, ის ‘ყველაფერს უხვად მოგვცემს მოსახმარად’ (1 ტიმოთე 6:17). ჩვენ დავდივართ იეჰოვას გზით ჩვენს ძვირფას ძმებთან და დებთან ერთად — ამაზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ვნახავთ. რადგანაც იეჰოვა ჩვენს მხარეს არის, მოდი გადაწყვეტილებით ვიყოთ აღსავსე, დავრჩეთ ამ გზაზე და მოვითმინოთ ბოლომდე, სრულად დარწმუნებულებმა, რომ მის მიერ დანიშნულ დროს ყოველი მისი დანაპირების შესრულებას ვიხილავთ (ტიტე 1:2).
[სქოლიო]
a აქ „თამაშობად“ თარგმნილ ბერძნულ სიტყვასთან დაკავშირებით ერთი კომენტატორი ამბობს, რომ ის ეხება ცეკვებს, რომლებიც წარმართულ დღესასწაულებზე იმართებოდა, და ამატებს: „კარგად არის ცნობილი, რომ ბევრი ასეთი ცეკვა უშუალოდ იმისთვის იყო გათვალისწინებული, რომ ყველაზე უზნეო ვნებები აღეძრა“.
გახსოვთ?
◻ რა მოეთხოვება ქრისტიანს იეჰოვას გზით სიარულისთვის?
◻ რატომ უნდა განვავითაროთ იეჰოვასადმი მინდობა და ერთგულება?
◻ რა დახმარება გვეწევა იეჰოვას გზით სიარულისას?
◻ აღნიშნეთ იმ რეზოლუციის ზოგი ძირითადი პუნქტი, რომელიც მიღებულ იქნა კონგრესებზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“.
[სურათები 18 გვერდზე]
საოლქო და საერთაშორისო კონგრესებზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია.