მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
მარიამი ირჩევს „უკეთეს წილს“
იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს რაბინების ტრადიციები ზღუდავდა ებრაელ ქალებს. ეს შეზღუდვა რჯულის სწავლასაც ეხებოდა. მიშნაში მოყვანილი იყო ციტატა: „თუ კაცი თავის ასულს რჯულს ასწავლის, ეს გარყვნილების სწავლების ტოლფასია“ (სოტა 3:4).
ამის შედეგად, პირველ საუკუნეში იუდეაში მცხოვრებ ქალებს კარგი განათლება არ ჰქონდათ მიღებული. „არ არსებობს არავითარი მტკიცება, რომ ებრაელ ქალებს იესოს მსახურებამდე ოდესმე ჰქონოდათ უფლება — დიდებული მასწავლებლის მოწაფეები ყოფილიყვნენ — რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთ მასწავლებელთან ერთად მოგზაურობასა და ბავშვების გარდა ვინმეს განსწავლაზე“, — აღნიშნავს ერთი ნაშრომი (The Anchor Bible Dictionary). გარდა ამისა, ქალების შესაზღუდავად ზოგმა რელიგიურმა წინამძღოლმა წესიც კი დაადგინა, რომელიც მამაკაცს ხალხში ქალთან ლაპარაკს უკრძალავდა!
იესო უარყოფდა ასეთ უღვთო დამოკიდებულებას. ის ქალებსაც ისე ასწავლიდა, როგორც მამაკაცებს; ამიტომ მის მიმდევრებს შორის ორივე სქესის წარმომადგენლები იყვნენ (ლუკა 8:1—3). ერთხელ იესო მართამ და მარიამმა მიიწვიეს (ლუკა 10:38). ეს ორი ქალი ლაზარეს დები იყვნენ; სამივე იესოს მოწაფე და კარგი მეგობარი იყო (იოანე 11:5). ეს ოჯახი შეიძლება საკმაოდ ცნობილი იყო, რადგან ლაზარეს სიკვდილის შემდეგ მართას და მარიამის სანუგეშებლად ბევრი ხალხი მივიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იესოს სტუმრობის დროს მათს სახლში მომხდარი კარგ გაკვეთილს წარმოადგენდა არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც.
იესოს ფერხთით
უეჭველია, მართასა და მარიამს ძალიან სურდათ, კარგად გამასპინძლებოდნენ იესოს და, ალბათ, ამის შესაძლებლობაც ჰქონდათ (შეადარეთ იოანე 12:1—3). მაგრამ, როდესაც სტუმარი მივიდა, მარიამი „იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას“ (ლუკა 10:39). ვერავითარი ადამიანური ტრადიცია ვერ შეუშლიდა ხელს იესოს, ესწავლებინა გულწრფელი ქალისთვის, რომელიც საოცრად იყო სწავლას მოწყურებული. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იესოს წინ მოწაფესავით მჯდომი მარიამი, რომელიც მთელი გულისყურით უსმენს თავის მასწავლებელს (შეადარეთ მეორე რჯული 33:3; საქმეები 22:3).
მარიამისგან განსხვავებით, მართა „ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე“. ის საკმაოდ დაკავებული იყო განსაკუთრებული კერძების მომზადებით. ცოტა ხანში მართა განაწყენდა, რადგან მარტოს უხდებოდა ყველაფრის გაკეთება, მისი და კი იესოს ფერხთით იჯდა. ამიტომ იესოს მარიამთან ლაპარაკი შეაწყვეტინა, შესაძლებელია, უკმეხადაც კი მიმართა: „უფალო, ნუთუ არ გაფიქრებს, რომ ჩემმა დამ მარტოდმარტო დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს“ (ლუკა 10:40).
თავისთავად, მართას მოთხოვნაში ცუდი არაფერი იყო. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე კაცისთვის ვახშმის მომზადება ადვილი საქმე არ არის და ერთ ადამიანს არ უნდა დააწვეს ეს ტვირთად, მაგრამ მისმა სიტყვებმა იესოს შესაძლებლობა მისცა, კარგი გაკვეთილი ესწავლებინა. „მართა! მართა! — უთხრა მან, — შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას“ (ლუკა 10:41, 42).
იესოს არ უთქვამს, რომ მართას ნაკლებად აინტერესებდა სულიერი საკითხები. პირიქით, ის მას იცნობდა, როგორც ძალიან ღვთისმოშიშ ქალსa. უეჭველია, პირველ რიგში, ღვთისმოშიშებამ აღძრა ის, იესო დაეპატიჟებინა. მაგრამ იესომ შერბილებულად მიუთითა, რომ მართა საჭმელზე მეტისმეტი ზრუნვით ხელიდან უშვებდა იშვიათ შესაძლებლობას — უშუალოდ ღვთის ძისგან სწავლებას.
მართალია, იმდროინდელ კულტურაში შეიძლება ქალს იმის მიხედვით აფასებდნენ, როგორი დიასახლისი იყო, მაგრამ იესოს სიტყვებმა აჩვენა, რომ ქალებს მამაკაცების მსგავსად შეეძლოთ ღვთის ძის ფერთხთით დამსხდარიყვნენ და სიცოცხლის შესახებ ცნობა მოესმინათ! (იოანე 4:7—15; საქმეები 5:14). თუ მხედველობაში მივიღებთ ამას, მართასთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, მოემზადებინა მხოლოდ მცირე საკვები — სულაც ერთი თავი კერძი — თუკი ეს საშუალებას მისცემდა, დამჯდარიყო მასწავლებლის ფერხთით და ესწავლა მისგან (შეადარეთ მათე 6:25).
გაკვეთილი ჩვენთვის
დღეს როგორც მამაკაცების, ისე ქალების ნახვა შეიძლება მათ შორის, რომლებიც ეხმაურებიან იესოს მოწვევას — ‘უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი’ (გამოცხადება 22:17). ზოგი, სიყვარულით აღძრული, მართას მსგავსად, ყველაფერს აკეთებს, რომ თანამორწმუნეებს მოემსახუროს. ისინი პრაქტიკულები არიან და ყველაფრის კეთება ეხერხებათ. იეჰოვა მათ ჯილდოს აღუთქვამს სიყვარულის გამოვლენისთვის (ებრაელთა 6:10; 13:16). სხვები მარიამს უფრო ჰგვანან. ისინი აუჩქარებლები და უფრო სულიერი საკითხებით დაინტერესებული არიან. მათი სწრაფვა — იფიქრონ ღვთის სიტყვაზე — ეხმარება მათ, რწმენაში მტკიცედ ფესვგადგმულები დარჩნენ (ეფესელთა 3:17—19).
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანულ კრებაში იყვნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. საბოლოოდ, ყველამ უნდა ‘აირჩიოს უკეთესი წილი’ იმით, რომ უპირატესობა მიანიჭოს სულიერ საკითხებს. უმჯობესის გამოცდით იეჰოვას კეთილგანწყობილებასა და კურთხევას მივიღებთ (ფილიპელთა 1:9—11).
[სქოლიოები]
a მართას რომ დიდი რწმენა ჰქონდა, ლაზარეს, მისი ძმის, სიკვდილის შემდეგ იესოსთან საუბრიდან ჩანს. მაშინ სწორედ მართამ გამოავლინა უფრო დიდი მონდომება, რომ იესოს შეხვედროდა (იოანე 11:19—29).