სახარებები — ისტორია თუ მითი?
მთელ მსოფლიოში იესო ნაზარეველის ცხოვრება, ანუ ცხოვრება ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელმაც მთელი კაცობრიობის ისტორია შეცვალა, საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის არის როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად მიღებული განათლების ნაწილი. მრავალი სახარებებს ისეთი ჭეშმარიტებებისა და გამოთქმების წყაროდ მიიჩნევს, რომელიც ჟამთასვლას უძლებს; მაგალითად, „იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა“ (მათე 5:37). მართლაც, სახარების ცნობები შეიძლება საფუძვლად ედოს იმას, რასაც მშობლები გასწავლიდნენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ ისინი ქრისტიანები თუ არა.
ქრისტეს მილიონობით გულწრფელი მიმდევრისთვის სახარებებში აღწერილია მამაკაცი, რომლისთვისაც ისინი მზად არიან, იტანჯონ და დაიხოცნენ. სახარებები მათთვის აგრეთვე სიმხნევის, ამტანობის, რწმენისა და იმედის საფუძველი და შთამნერგავია. განა არ დაგვეთანხმებით, რომ უცილობელი მტკიცებებია საჭირო ამ ცნობების უბრალო მონაგონად მისაჩნევად? იმ უდიდესი გავლენის განხილვის შემდეგ, რომელიც სახარების ცნობებმა ადამიანთა აზრებსა და მოქმედებებზე იქონია, განა არ მოითხოვდით დამაჯერებელი მტკიცებების წარმოდგენას, თუ ვინმე მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანას შეეცდებოდა?
გიწვევთ, გამოიკვლიოთ სახარებებთან დაკავშირებული დამაფიქრებელი რამდენიმე კითხვა. თვითონვე ნახეთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სახარებების მკვლევარები, თუმცა ზოგი მათგანი ქრისტიანი არ არის. შემდეგ კი სათანადო ინფორმაციის საფუძველზე შეგეძლებათ საკუთარი დასკვნის გამოტანა.
განსახილველი საკითხები
◆ შეიძლება სახარებები ოსტატურად შეთხზული მონაგონი იყოს?
რობერტ ფანკმა, „იესოს შესახებ სემინარის“ დამფუძნებელმა, თქვა: „მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ მესია ისეთი სახით წარმოადგინეს, რომ ქრისტიანული დოქტრინისთვის მოერგოთ, დოქტრინისთვის, რომელიც იესოს სიკვდილის შემდეგ განვითარდა“. მაგრამ იმ დროს, როდესაც სახარებები იწერებოდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მრავალი მათგანი, ვისაც იესოს სიტყვები ჰქონდა მოსმენილი, დანახული ჰქონდა მისი საქმეები და ნანახი ჰყავდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მათ სახარების დამწერთათვის არავითარ ტყუილში არ დაუდიათ ბრალი.
განვიხილოთ ქრისტეს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა. იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით საიმედო ცნობები არა მარტო სახარებებშია მოცემული, არამედ მოციქულ პავლეს მიერ ძველ კორინთში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მიწერილ პირველ კანონიკურ წერილშიც. მოციქული წერდა: „თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დაკრძალულ იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, მეც გამომეცხადა“ (1 კორინთელთა 15:3—8). ასეთმა თვითმხილველებმა იესოს ცხოვრებასთან დაკავშირებით ისტორიული ფაქტები შემოგვინახეს.
მოგონილი ამბები, რომლებზეც თანამედროვე კრიტიკოსები ლაპარაკობენ, ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში არ მოიპოვება. პირიქით, ისინი გვხვდება ახ. წ. II საუკუნის დოკუმენტებში. ასე რომ, ქრისტეს შესახებ ნამდვილად არაბიბლიური მონაგონები მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან განდგომილება განვითარდა იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც მოციქულთა კრებას ჩამოშორდნენ (საქმეები 20:28—30).
◆ შეიძლებოდა სახარებები ლეგენდები ყოფილიყო?
მწერლისა და კრიტიკოსისთვის, კ. ლუისისთვის, წარმოუდგენელი იყო სახარებების მხოლოდ ლეგენდებად მიჩნევა. „როგორც ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ, რაც უნდა იყოს, სახარებები ლეგენდები მაინც არ არის, — წერდა ის. — ისინი არ არის იმდენად მაღალმხატვრულად დაწერილი, როგორც ეს ლეგენდების შემთხვევაში უნდა იყოს . . . იესოს ცხოვრებიდან მრავალი რამ ჩვენთვის უცნობია, ხოლო ხალხის მიერ შეთხზულ ლეგენდებში ეს ასე არ არის“. საინტერესოა აგრეთვე ისტორიკოს ჰ. უელსის სიტყვები, რომელიც ქრისტიანად არ მიიჩნევდა თავს, მაგრამ ესმოდა, რომ „ოთხივე [სახარების დამწერი] შეთანხმებულად აღგვიწერს კონკრეტულ პიროვნებას; ისინი დამაჯერებელ რეალობას გადმოგვცემენ“.
განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მოწაფეებს ეჩვენა. ლეგენდების კარგი შემთხზველი იესოს დაბრუნებას ეფექტურ, ბრწყინვალე ფერებში აღწერდა; იესოს შთამბეჭდავ სიტყვას ათქმევინებდა ან მას შარავანდედითა და ბრწყინვალებით შემოსავდა. ნაცვლად ამისა, სახარების დამწერებმა ის სადად, თავისი მოწაფეების წინაშე მდგომი აღწერეს. შემდეგ მათ ჰკითხა: „შვილებო, გაქვთ რაიმე საჭმელი?“ (იოანე 21:5). სწავლული გრეგ ისტერბრუკი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „ეს ისეთი შტრიხებია, რომლებიც გვაგრძნობინებს, რომ ცნობა ნამდვილია და არა მითზე აგებული“.
სახარებებზე იმის თქმა, რომ ლეგენდებია, კიდევ ერთ წინააღმდეგობას აწყდება; ეს არის სწავლების მკაცრი რაბინული მეთოდი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა სახარებების დაწერის პერიოდში. ამ მეთოდის თანახმად, მკაცრად მოითხოვებოდა დაზეპირება — რაიმეს არაერთხელ გამეორებით დამახსოვრება. ეს იესოს სიტყვებისა და საქმეების გულმოდგინედ და ყურადღებით გადმოცემის სასარგებლოდ მეტყველებს, მაშინ როდესაც ეწინააღმდეგება შეთხზული, შელამაზებული ვერსიების გადმოცემას.
◆ თუ სახარებები ლეგენდებია, შესაძლებელი იყო იესოს სიკვდილის შემდეგ მათი ასე სწრაფად შედგენა?
არსებული მტკიცებების საფუძველზე, სახარებები ახ. წ. 41—98 წლებში დაიწერა. იესო მოკვდა ახ. წ. 33 წელს. ეს ნიშნავს, რომ იესოს ცხოვრების შესახებ ცნობები შედგენილ იქნა მისი მსახურების დასრულებიდან შედარებით მცირე ხნის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი უზარმაზარ დაბრკოლებას უქმნის არგუმენტს, რომ სახარება მონაგონების ან ლეგენდების კრებულია. ლეგენდების შესაქმნელად დროა საჭირო. მაგალითისათვის ავიღოთ ძველი ბერძენი პოეტის, ჰომეროსის, ნაწარმოები „ილიადა და ოდისეა“. ზოგის აზრით, ეპიკური ჟანრის ამ ორი ლეგენდის ტექსტის დახვეწასა და დამკვიდრებას ასობით წელზე მეტი დასჭირდა. რა შეიძლება ითქვას სახარებებთან დაკავშირებით?
თავის წიგნში „კეისარი და ქრისტე“ უილ დიურანტი წერს: „სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი იქნებოდა . . . რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ესოდენ მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა შორის ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობის არსებობა. იესოს ცხოვრების, ხასიათისა და სწავლების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები ორი საუკუნის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში გამოვლის შემდეგაც კი საკმაოდ ნათელი რჩება და დასავლეთელი ადამიანის ისტორიაში ყველაზე მიმზიდველ სახეს ქმნის“.
◆ გადაკეთდა თუ არა მოგვიანებით სახარებები იმ მიზნით, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების მოთხოვნილებების შესაბამისი ყოფილიყო?
ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების პოლიტიკის გავლენის შედეგად სახარების დამწერებმა გადააკეთეს იესოს ისტორია ან გარკვეული ეპიზოდები ჩაამატეს მასში. მაგრამ სახარებების დაკვირვებით შესწავლა ცხადყოფს, რომ მათში ასეთი თვითნებური ცვლილებები არ ყოფილა შეტანილი. თუ იესოსთან დაკავშირებით სახარების ცნობები პირველი საუკუნის ქრისტიანთა ინტერესებისთვის მოსარგებად იქნა გადაკეთებული, დღემდე რატომ გვხვდება მათში უარყოფითი აზრები როგორც ებრაელების, ისე არაებრაელების შესახებ?
ერთ-ერთი მაგალითის პოვნა მათეს 6:5—7-ში შეიძლება, სადაც იესოს სიტყვებია მოყვანილი: „როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური“. ცხადია, ეს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა გაკიცხვა იყო. იესომ შემდეგ თქვა: „ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები [არაებრაელები], ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“. იესოს სიტყვების ამგვარად გადმოცემით სახარების დამწერები ვინმეს გადმობირებას არ ცდილობდნენ. ისინი, უბრალოდ, წერდნენ იმას, რასაც იესო სინამდვილეში ამბობდა.
განვიხილოთ აგრეთვე სახარების ცნობები იმ ქალების შესახებ, რომლებიც იესოს სამარხთან მივიდნენ და ცარიელი ჰპოვეს იგი (მარკოზი 16:1—8). გრეგ ისტერბრუკის სიტყვების თანახმად, „ძველი შუა აღმოსავლეთის სოციოლოგიის მიხედვით, ქალების მოწმობას, ჩვეულებრივ, არაფრად აგდებდნენ; მაგალითად, ორი მამაკაცის მოწმობა საკმარისი იყო ქალისთვის მრუშობაში ბრალის დასადებად, მაშინ როდესაც ქალების მოწმობის საფუძველზე კაცებს ბრალს არ დასდებდნენ“. დიახ, იესოს მოწაფეებსაც კი არ სჯეროდათ ქალების (ლუკა 24:11). ასე რომ, შეუძლებელია ასეთი ამბავი შეგნებულად შეეთხზათ.
ეპისტოლეებსა და საქმეების წიგნში იგავების არარსებობა იმის მტკიცე არგუმენტია, რომ სახარებებში ისინი პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ კი არ იყო ჩართული, არამედ თვით იესოს მიერ იყო წარმოთქმული. გარდა ამისა, სახარებების ეპისტოლეებთან ყურადღებით შედარება ცხადყოფს, რომ არც პავლეს სიტყვები და არც ბერძნული წერილების სხვა დამწერთა სიტყვები იყო ოსტატურად შეთხზული და იესოსთვის მიკუთვნებული. ეს რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს გაეკეთებინათ, მაშინ ეპისტოლეებიდან, სულ მცირე, რაღაც მასალა მაინც სახარების ცნობებშიც უნდა გვხვდებოდეს. რადგან ეს ასე არ არის, შეგვიძლია დანამდვილებით დავასკვნათ, რომ სახარების ცნობა თვითმყოფადი და უტყუარია.
◆ რა შეიძლება ითქვას სახარების ცნობების ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობაზე?
კრიტიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სახარებები სავსეა წინააღმდეგობრიობებით. ისტორიკოსი დიურანტი ცდილობდა, სახარების ცნობებს სუფთა ობიექტური კუთხით, როგორც ისტორიულ დოკუმენტებს, ისე მისდგომოდა. თუმცა ის ამბობს, რომ მათში არის ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობა, მაინც შემდეგ დასკვნას აკეთებს: „შეინიშნება წვრილმანი [უმნიშვნელო] და არა არსებითი წინააღმდეგობრიობები; ძირითადად, სახარებები საკმაოდ ურთიერთშეთანხმებულია და მათში თანამიმდევრულად იკვეთება ქრისტეს პიროვნება“.
სახარებებში ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობის პრობლემები ხშირად ადვილად იჭრება. მაგალითად, მათეს 8:5-ში ნათქვამია, რომ ‘ასისთავი მივიდა იესოსთან და შეევედრა’, განეკურნა მისი მსახური. ლუკას 7:3-ში კი ვკითხულობთ: ასისთავმა „გაგზავნა მასთან [იესოსთან] იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მისულიყო და განეკურნა მისი მონა“. ასისთავმა უხუცესები თავის წარმომადგენლებად მიაგზავნა იესოსთან. მათე იმიტომ ამბობს, რომ თავად ასისთავი შეევედრა იესოს, რადგან უხუცესები მისი სახელით ითხოვდნენ დახმარებას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ სახარებების ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობის პრობლემა რთული გადასაჭრელი არ არის.
რა შეიძლება ითქვას ბიბლიის კრიტიკოსების განაცხადზე იმასთან დაკავშირებით, რომ სახარებები რეალური ისტორიის კრიტერიუმებს არ შეესაბამება? დიურანტი განაგრძობს: „ბიბლიის კრიტიკოსები თავიანთმა აღმოჩენებმა იმდენად აანთო და იმდენად ჩაკირკიტებით ამოწმებდნენ ახალ აღთქმას, რომ მსგავსი შემოწმების შედეგად ძველი დროის მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მაგალითად, ჰამურაბი, დავითი, სოკრატე, შეიძლებოდა ლეგენდარულ პიროვნებებად ჩათვლილიყვნენ. წინასწარ შექმნილი აზრებისა და თეოლოგიური შეხედულებების მიუხედავად, მახარებლებმა აღწერეს მრავალი შემთხვევა, რომლებსაც ამბის შემთხზველები დამალავდნენ; ესენია: მოციქულებს შორის სამეფოში ადგილთან დაკავშირებით კამათი, იესოს დაპატიმრების შემდეგ მათი გაქცევა, პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფა . . . ამ ცნობების წამკითხველთაგან არავის არავითარი ეჭვი არ დაებადება ზემოხსენებული პიროვნებების რეალობასთან დაკავშირებით“.
◆ წარმოადგენს თუ არა დღევანდელი ქრისტიანობა იესოს ისე, როგორც სახარებებშია აღწერილი?
„იესოს შესახებ სემინარიის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ სახარებების გამოკვლევები „საეკლესიო საბჭოების მითითებებით არ არის განპირობებული“. მაგრამ ისტორიკოს უელსს ესმოდა, რომ იესოს სწავლებებსა (რომლებიც სახარებებშია მოცემული) და ქრისტიანული სამყაროს სწავლებებს შორის უზარმაზარი უფსკრულია. ის წერდა: „იმის არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ იესოს მოციქულებს ოდესმე სმენოდათ სამების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, თავიანთი მოძღვრისგან მაინც . . . [იესოს] არც დედამისისადმი, მარიამისადმი, თაყვანისცემაზე დაუძრავს ოდესმე კრინტი და ის ქალღმერთ ისიდას, ცათა დედოფლის, ნიღბით არ წარმოუდგენია. იესოსთვის უცხო იყო თითქმის ყველაფერი, რაც ქრისტიანული სამყაროს თაყვანისმცემლობისა და წეს-ჩვეულებებისთვის არის დამახასიათებელი“. ამიტომ შეუძლებელია, ქრისტიანული სამყაროს სწავლებათა შუქზე განვსაჯოთ სახარებების ფასეულობა.
რა დასკვნამდე მიხვედით?
ზემომოყვანილი საკითხების მოხსენიების შემდეგ, რას ფიქრობთ პირადად თქვენ? არსებობს რაიმე რეალური, დამაჯერებელი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ სახარებები, უბრალოდ, მითია? მრავალმა შენიშნა, რომ კითხვები და ეჭვები, რომლებიც სახარებების უტყუარობასთან დაკავშირებით წამოიჭრა, არამდგრადი და დამაჯერებლობას მოკლებულია. პირადი თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სახარებების ყურადღებით წაკითხვა (საქმეები 17:11). როდესაც დაფიქრდებით იმ თანამიმდევრულობაზე, გულწრფელობასა და სიზუსტეზე, რომლებითაც სახარებებში იესოს პიროვნებაა წარმოდგენილი, მიხვდებით, რომ ეს ცნობები ნამდვილად არ არის იგავ-არაკთა კრებულიa.
თუ გულმოდგინედ გამოიკვლევთ ბიბლიას და მის რჩევებს გამოიყენებთ, ნახავთ, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ თქვენი ცხოვრება (იოანე 6:68). ეს სიტყვები განსაკუთრებით სახარებებში ჩაწერილი იესოს სიტყვების კითხვასა და გამოყენებას ეხება. უფრო მეტიც, სახარებებიდან თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელიც მორჩილ კაცობრიობას ელოდება (იოანე 3:16; 17:3, 17).
[სქოლიოები]
a იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) და ბროშურა „წიგნი ყველასთვის“. ორივე პუბლიკაცია გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
მონათხრობის უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცება
რამდენიმე წლის წინათ ავსტრალიელმა სცენარისტმა და ბიბლიის ყოფილმა კრიტიკოსმა აღიარა: „ცხოვრებაში პირველად შევასრულე ის, რაც, ჩვეულებრივ, რეპორტიორის უპირველესი მოვალეობა: შევამოწმე ფაქტები . . . გაოგნებული დავრჩი, რადგან, რასაც ვკითხულობდი [სახარების ცნობებში], არ იყო ლეგენდა ან მონაგონი, რომელიც სიმართლეს წააგავდა. ეს იყო მონათხრობი. უჩვეულო მოვლენების თვითმხილველთა და თვითმხილველების მონაყოლის გადმოცემა . . . ცნობა თავისებურია და ამ თავისებურების პოვნა სახარებებში ყველგან შეიძლება“.
მსგავსად ამისა, ე. ბლეიკლოკი, ოკლენდის უნივერსიტეტის კლასიკური ხანის ლიტერატურის მეცნიერებათა პროფესორი, ამტკიცებდა: „მე ვამბობ, რომ ისტორიკოსი ვარ. კლასიკური ხანის ლიტერატურას ისტორიული კუთხით ვუდგები და გარწმუნებთ, რომ ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მტკიცებები უფრო უტყუარია, ვიდრე ძველი ისტორიული ფაქტების უმეტესობა“.
[რუკა⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ფინიკია
გალილეა
მდინარე იორდანე
იუდეა
[სურათები]
„ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მტკიცებები უფრო უტყუარია, ვიდრე ძველი ისტორიული ფაქტების უმეტესობა“. — პროფესორი ე. ბლეიკლოკი
[საავტორო უფლება]
Background maps: Based on a map copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel.