გაუფრთხილდი გულს
სახელოვანი სპორტსმენი, რომელსაც თითქოსდა შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი სერგეი გრინკოვი —ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროსმედალოსანი მოციგურავე —იყო, რომლის სპორტული კარიერაც ხანმოკლე აღმოჩნდა და სწორედ მაშინ დასრულდა, როდესაც მისმა წარმატებამ ზენიტს მიაღწია. ის მხოლოდ 28 წლის იყო. რა სამწუხაროა! მიზეზი? გულის შეტევა. ამბობენ, რომ მისი სიკვდილი სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან გულის დაავადების არანაირი სიმპტომები არ არსებობდა. მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გულის საზღვრები გადიდებული, ხოლო კორონარული არტერიები კი ბლოკირებული ჰქონდა.
მაშინ როდესაც ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ გულის შეტევას წინ სიმპტომები არ უძღვის, მედიცინის მუშაკები ამბობენ, რომ თითქმის შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს. სინამდვილეში, ისეთ სიმპტომებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს, როგორიცაა ჰაერის უკმარისობა, ჭარბი წონა და გულის არეში ტკივილები, ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. შედეგად, გულის შეტევისას სიკვდილს რომც გადაურჩნენ, ბევრი მთელი სიცოცხლე ფიზიკურად დაუძლურებული რჩება.
დღეს მედიცინის მუშაკები ერთსულოვნად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ადამიანმა ყოველთვის დიდი ყურადღება მიაქციოს კვებას, ცხოვრების წესს და პერიოდულად ჩაიტაროს სამედიცინო გამოკვლევა.a ამ რჩევების გათვალისწინებით, მან შეიძლება თავიდან აირიდოს გულის შეტევით გამოწვეული ტრაგიკული შედეგები.
მაგრამ გული სხვა მხრივ უფრო მეტი ყურადღების მიქცევას საჭიროებს. „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“, გვაფრთხილებს ბიბლია (იგავნი 4:23). ცხადია, ეს მუხლი ძირითადად სიმბოლურ გულს ეხება. ფიზიკური გულის დასაცავად სიფხიზლეა საჭირო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება ჩვენი სიმბოლური გულების დასაცავად იმ დაავადებებისგან, რომლებიც სულიერ სიკვდილს იწვევს.
სიმბოლური გულის შეტევის გამოკვლევა
ისევე როგორც ფიზიკური გულის დაავადების შემთხვევაში, სულიერი გაგებით, გულის შეტევის თავიდან ასაცილებელი ერთ-ერთი საიმედო საშუალება ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღებაა. მოდი განვიხილოთ ზოგი ძირითადი ფაქტორი, რაც იწვევს როგორც ფიზიკური ისე სიმბოლური გულის დაავადებებს.
კვება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არასრულფასოვანი საკვები, გემრიელიც რომ იყოს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლოა. ასევე, არასრულფასოვანი სულიერი საკვები ადვილად ხელმისაწვდომი და მადის აღმძვრელია, ხოლო ადამიანის სულიერი ჯანმრთელობისთვის საზიანო. მასმედიის საშუალებით მიმზიდველად წარმოგვიჩენენ აურაცხელ მასალას უკანონო სექსთან, ნარკომანიასთან, ძალადობასა და ოკულტიზმთან დაკავშირებით. ასეთი საკვებით გონების კვება სიმბოლური გულისთვის დამღუპველია. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:16, 17).
სასარგებლო საკვები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული არც იმდენად მიმზიდველია მაღალკალორიული, თუმცა ნაკლებად მარგებელი, საკვების მოყვარულთათვის. ასევე სასარგებლო და ნოყიერი სულიერი საკვები შეიძლება ნაკლებად მიმზიდველად მოეჩვენოს მას, ვინც შეეჩვია გონებისა და გულის კვებას იმით, რასაც წუთისოფელი სთავაზობს. ის შეიძლება გარკვეული ხანი ღვთის სიტყვიდან მხოლოდ „რძით“ საზრდოობდეს (ებრაელთა 5:13). კარგა ხანს ის ვერ აღწევს სულიერ მოწიფულობას. სულიერი მოწიფულობის გარეშე კი ვერ შეძლებს ქადაგებას და ქრისტიანულ კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობების აღებას. (მათე 24:14; 28:19; ებრაელთა 10:24, 25). ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თავს უფლება მისცა სულიერად ისე დასუსტებულიყო, რომ არააქტიური მაუწყებელი გამხდარიყო.
შემდგომი საშიშროება, რომელიც შეიძლება მახედ გვექცეს, საქმისადმი არასერიოზული მიდგომაა. ქრისტიანული მოვალეობების ზერელე შესრულებამ, შეიძლება მიჩქმალოს სიმბოლური გულის დაავადების გამწვავება, რაც გამოწვეულია მატერიალისტური მისწრაფებებით ან უზნეობის, ძალადობისა თუ ოკულტიზმის ამსახველი გართობებით, რომლებიც შეუმჩნევლად, ნელ-ნელა იტყუებს ადამიანს. ასეთი არასწორი სულიერი კვება შეიძლება ნაკლებად საზიანოდ მოგვეჩვენოს. მაგრამ, სინამდვილეში, მას სიმბოლური გულის დასუსტება შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც არასრულფასოვან კვებას — არტერიების კედლების გამკვრივება, გასქელება და ამგვარად გულის დაზიანება. იესომ გაგვაფრთხილა, რომ გულში არასწორი სურვილები არ აღგვეძრას. მან თქვა: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). დიახ, არასრულფასოვან სულიერ საკვებს შეუძლია სულიერი გულის შეტევის გამოწვევა. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი ფაქტორები:
ვარჯიში. ცნობილია, რომ უმოძრაობამ შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს. ამნაირადვე, სულიერ უმოქმედობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მაგალითად, ქრისტიანი შეიძლება გარკვეულწილად მონაწილეობს ქრისტიანულ მსახურებაში, მაგრამ თავს ძალას მაინცდამაინც არ ატანს, ნაკლებად ან საერთოდ არ ცდილობს, „თავი წარუდგინოს ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). ან შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდეს, მაგრამ არ ემზადებოდეს და მონაწილეობას არ იღებდეს მათში. შეიძლება სულიერი მიზნები არ ჰქონდეს დასახული ან დიდად არ ისწრაფოდეს სულიერი ზრდისკენ. საბოლოოდ, ნაკლები სულიერი ვარჯიში ძლიერი რწმენის მქონე ნებისმიერ ადამიანს სულიერად დაასუსტებს და მოკლავს კიდეც (იაკობი 2:26). პავლე მოციქულმა ებრაელი ქრისტიანების მიმართ მიწერილ წერილში მოიხსენია ამ საშიშროების შესახებ. როგორც ჩანს, ზოგი მათგანი სულიერად მოსუსტდა. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ აფრთხილებდა მოციქული ქრისტიანებს იმ გულის შესაძლო გაქვავების შესახებ, რომელსაც მათ სულიერობაზე შეეძლო ემოქმედა: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით“ (ებრაელთა 3:12, 13).
სტრესი. გულის შეტევის გამომწვევი მეორე ძირითადი ფაქტორია ძლიერი დაძაბულობა. ამნაირადვე, სტრესი ან „ცხოვრებისეული საზრუნავი“ ადვილად შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს სიმბოლური გულისთვის და მთლიანად შეგვაწყვეტინოს ღვთისადმი მსახურება. ამასთან დაკავშირებით დროულია იესოს გაფრთხილება: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად ..როგორც მახემ“ (ლუკა 21:34, 35). თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუმხელელი ცოდვა გვტანჯავს, ამან შეიძლება სტრესული მდგომარეობა შეგვიქმნას და დიდად დაგვიზიანოს სიმბოლური გული. დავით მეფემ გამოსცადა ტკივილი, რომლის მიზეზადაც სწორედ ასეთი სტრესი იქცა. მან თქვა: „არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან“ (ფსალმუნი 37:4, 5).
თვითდაჯერებულობა. ბევრი, სანამ გულის შეტევა დაემართებოდა, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა. ხშირად სამედიცინო შემოწმებაზე ისინი უარს აცხადებდნენ ან სერიოზულობით არც კი ეკიდებოდნენ ამ საკითხს. ანალოგიურად, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რადგან ქრისტიანები არიან, არაფერი დაემართებათ და შესაძლოა უგულებელყოფენ სულიერ შემოწმებას ან თვითგამოკვლევას, ვიდრე თავს უბედურება არ დაატყდებათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თვითდაჯერებულობასთან დაკავშირებით პავლეს მოცემული კარგი რჩევა: „ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“. გონივრულია ვაღიაროთ ჩვენი არასრულყოფილება და რეგულარულად გამოვიკვლიოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა (1 კორინთელთა 10:12; იგავნი 28:14).
სიმპტომებს ნუ უგულებელყოფ
ბიბლია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლური გულის მდგომარეობას, და არცთუ უსაფუძვლოდ. იერემიას 17:9, 10-ში ვკითხულობთ: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? მე უფალი გულთამხილველი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს“. იეჰოვა არა მარტო ჩვენს გულებს იკვლევს, არამედ სიყვარულით გვეხმარება საჭირო თვითგამოკვლევის ჩატარებაში.
„ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით დროულ შეხსენებებს ვიღებთ (მათე 24:45). ჩვენს სიმბოლურ გულს სხვადასხვაგვარად შეუძლია გვაცდუნოს. ცდუნების ერთ-ერთი საშუალებაა წუთისოფლისეული ილუზიებითა და ფანტაზიებით გატაცება, არარეალურ ოცნებებსა და ფიქრებში უაზრო ხეტიალი, რაც შეიძლება ძალზედ საზიანო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამორალურ ფიქრებს აღგვიძრავს. ამიტომაც, თავიდან უნდა მოვიშოროთ ასეთი ფიქრები. თუ ისევე შევიძულებთ უსამართლობას, როგორც ეს იესომ გააკეთა, მაშინ დავიცავთ ჩვენს გულებს, რომ წუთისოფლისეულმა ილუზიებმა არ გაგვიტაცოს (ებრაელთა 1:8, 9).
გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებაში მოსიყვარულე უხუცესები გაგვიწევენ დახმარებას. მართალია, მათი ზრუნვა ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ საკუთარი სიმბოლური გულის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, საბოლოოდ, მაინც პირადად ჩვენ ვართ. თავად ჩვენზეა დამოკიდებული, ‘ყველაფერი გამოვცადოთʼ და ‘საკუთარი თავი გამოვცადოთ, თუ ვართ რწმენაშიʼ (1 თესალონიკელთა 5:21; 2 კორინთელთა 13:5).
დაიცავი გული
ბიბლიური პრინციპი — „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ — ჩვენი სიმბოლური გულის ჯანმრთელობაზეც ვრცელდება (გალატელთა 6:7). ხშირად ის, რაც მოულოდნელ სულიერ კატასტროფად გვეჩვენება, დიდი ხნის ფარული პრობლემის შედეგია და იმ სულიერად საზიანო საქმეებით არის გამოწვეული, როგორიცაა პორნოგრაფია, სიმდიდრისა და სახელის მოხვეჭა ან ძალაუფლების მოპოვება.
ამიტომაც, გულის დასაცავად აუცილებელია თვალყური ვადევნოთ ჩვენს სულიერ კვებას და ჩვენი გონება და გული ღვთის სიტყვით ვასაზრდოოთ. უარი უნდა ვთქვათ არაჯანსაღ სულიერ საკვებზე, რომელიც ხორცისთვის მიმზიდველი და ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ სიმბოლურ გულს მგრძნობელობას უკარგავს. ფსალმუნმომღერლის გაფრთხილება გონიერი ექიმის ნათქვამს ჰგავს: „დამსუყდა ცხიმივით [„უგრძნობი გახდა ქონივით“ აქ] მათი გული“ (ფსალმუნი 118:70).
თუ დიდი ხანია ფარული მანკიერი ჩვევები გახასიათებს, ყოველნაირად ეცადე მათ აღმოფხვრას, რათა სიმბოლური არტერიების ბლოკირება არ მოხდეს. თუ წუთისოფელი მიმზიდველად გეჩვენება და ბევრ სიამოვნებასა და გართობას გთავაზობს, დაფიქრდი პავლე მოციქულის გონივრულ რჩევაზე: „ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან...წუთისოფლით მოსარგებლენი [იყავით], როგორც არამოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:29—31). თუ მატერიალური სიმდიდრისკენ თვალი გაგირბის, დაფიქრდი იობის სიტყვებზე: „თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს! ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“ (იობი 31:24, 28; ფსალმუნი 61:11; 1 ტიმოთე 6:9,10).
იმის დასანახვებლად, თუ რამდენად სერიოზულია ბიბლიური რჩევების უარყოფა, ბიბლია გვაფრთხილებს: „მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება“ (იგავნი 29:1). სულიერ გულზე ზრუნვა კი პირიქით, სიამოვნებასა და სულის სიმშვიდეს მოგვგვრის, რომელიც უბრალო, მოწესრიგებულ ცხოვრებას მოჰყვება. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყოველთვის ურჩევდნენ ამ რჩევის თანახმად მოქცეულიყვნენ. პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „მაინც დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—8).
დიახ, ღვთის ერთგულებაში საკუთარი თავის ვარჯიში და წრთვნა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ჯანმრთელი და ძლიერი სიმბოლური გული გვექნება. თუ ფხიზლად მივადევნებთ თვალყურს ჩვენ სულიერ კვებას, არ დავუშვებთ, რომ წუთისოფლის დამღუპველმა საცდურებმა ან ფიქრებმა რაიმე ზიანი მიაყენოს ჩვენს სულიერობას. მოდი მივიღოთ სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაწვდის და რეგულარულად შევამოწმოთ ჩვენი სიმბოლური გულის მდგომარეობა. თუ ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, თავიდან ავიცილებთ სულიერი გულის შეტევის სავალალო შედეგებს.
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1996 წლის 8 დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ სტატიების სერია „გულის შეტევა — რის გაკეთება შეიძლება? (რუს.) გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 10 გვერდზე]
არასრულფასოვან სულიერ საკვებს ძალიან ადვილად შეუძლია დაასუსტოს სიმბოლური გული, ისევე როგორც არასრულფასოვან საკვებს შეუძლია გაამკვრივოს, გაასქელოს არტერიების კედლები და ამგვარად დააზიანოს გული.
[ჩანართი 10 გვერდზე]
სულიერ მოდუნებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
[ჩანართი 11 გვერდზე]
„ცხოვრებისეული საზრუნავი“ შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს სიმბოლური გულისთვის
[სურათი 11 გვერდზე]
სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უგულებელყოფამ შეიძლება დიდი ტკივილი მოგვაყენოს.
[სურათები 13 გვერდზე]
კარგი სულიერი ჩვევების გამომუშავება დაიცავს ჩვენს სიმბოლურ გულს.
[საავტორო უფლება 9 გვერდზე]
AP Photo/David Longstreath