პიონერული მსახურება — საშენო საქმეა?
1 „ვერ წარმომიდგენია სხვა რამის გაკეთება. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია სხვა რამ, რაც ასეთ სიხარულს მომანიჭებდა“. ვინ თქვა ეს? იმ ასიათასობით იეჰოვას მოწმისგან ერთ-ერთმა, რომლებმაც ცხოვრება სრული დროით მსახურების სასიხარულო საქმეს მიუძღვნეს. აგიწონია ლოცვით, საშენო საქმეა თუ არა პიონერული მსახურება? მას შემდეგ, რაც იეჰოვას მივუძღვენით თავი, უსათუოდ უნდა ვიფიქროთ, შეგვიძლია თუ არა სრული მონაწილეობის მიღება სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელებაში. ამის გათვალისწინებით, დაფიქრდი პიონერულ მსახურებასთნ დაკავშირებულ ზოგ კითხვაზე, რომლებიც ბევრს აინტერესებს.
კითხვა 1: „ზოგი ამბობს, რომ პიონერული მსახურება ყველასთვის არაა. საიდან გავიგო, არის თუ არა საჩემო საქმე?“
2 პასუხი დამოკიდებულია შენს პირობებსა და ბიბლიურ ვალდებულებებზე. ბევრს ჯანმრთელობა ან ცხოვრებისეული პირობები საშუალებას არ აძლევს, მსახურებას თვეში 90 საათი გამოუყოს. მაგალითისთვის ავიღოთ მრავალი ერთგული და, რომლებიც ქრისტიანი ცოლები და დედები არიან. იმ სიხშირითა და ზომით მონაწილეობენ მსახურებაში, რამდენის საშუალებასაც მათი მდგომარეობა აძლევს. შეძლებისდაგვარად, ისინი წელიწადში ერთი-ორი თვე დამხმარე პიონერებად მსახურობენ და მსახურებაში მონაწილეობის გაზრდით სიხარულს განიცდიან (გალ. 6:9). მიუხადავად იმისა, რომ შეიძლება ამჟამად მდგომარეობა სრული დროით მსახურების საშუალებას არ აძლევს, ისინი პიონერულ სულს ავლენენ და, როგორც კეთილი ცნობის გულმოდგინე მაუწყებლები, კრებისთვის კურთხევას წარმოადგენენ.
3 მეორე მხრივ, მრავალმა ქრისტიანმა, რომლებიც პასუხისმგებლობებისგან შედარებით თავისუფლები არიან, პიონერულ მსახურებას დრო გამოუყო და ეს საქმე ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენა. შენ როგორი მდგომარეობა გაქვს? უკვე დაამთავრე სკოლა? თუ გათხოვილი ხარ, გყავს ისეთი ქმარი, რომელსაც ოჯახის საკმარისად უზრუნველყოფა შეუძლია? არ გიწევს ბავშვებზე ზრუნვა? პენსიონერი ხარ? თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, იმსახუროს პიონერად თუ არა. ისმის კითხვა: შეგიძლია პიონერული მსახურებისთვის გამოყო დრო?
4 სატანა სარგებლობს თავისი ამქვეყნიური სისტემით, რომ ჩვენი ცხოვრება აავსოს გართობის საშუალებებით და გვშთანთქას ცხოვრების ეგოისტური გზით. თუ გადაწყვეტილი გვაქვს გამოვეყოთ წუთისოფელს, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ და ვისარგებლოთ თეოკრატიული მსახურების ყველა უპირატესობით, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. თუ შეგიძლია პირადი საქმეების ისე მოგვარება, რომ პიონერად იმსახურო, რატომ არ გაგეკეთებინა ეს?
კითხვა 2: „როგორ დავრწმუნდე, რომ სრული დროით მსახურებისას შევძლებ საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფას?“
5 ფაქტია, რომ ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში საჭიროა, ქვეყნიურ სამუშაოს უფრო და უფრო მეტი დრო დაუთმო პირველადი მოთხოვნილების საგნების შესაძენად. მიუხედავად ამისა, ბევრი ათობით წელია პიონერად მსახურობს და იეჰოვა კვლავაც ზრუნავს მათზე. პიონერულ მსახურებაში წარმატების მისაღწევად საჭიროა რწმენა და თავგანწირვის სული (მათ. 17:20). ფსალმუნის 33:11 გვარწმუნებს, რომ „უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ“. ნებისმიერს, ვინც პიონერულ მსახურებას იწყებს, მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ იეჰოვა უზრუნველყოფს მას. ის ყველგან ზუსტად ასე იქცევა ერთგული პიონერების მიმართ! (ფსალმ. 36:25, კს). რასაკვირველია, მე-2 თესალონიკელთა 3:8, 10-სა და 1 ტიმოთეს 5:8-ში ჩაწერილი პრინციპების თანახმად, პიონერები სხვებისგან ფინანსურ დახმარებას არ ელიან.
6 ის, ვინც პიონერად მსახურებაზე ფიქრობს, იესოს განაცხადისამებრ უნდა მოიქცეს: ‘თავდაპირველად დაჯექი და გამოთვალე ფასი’ (ლუკ. 14:28). ასე მოქცევა პრაქტიკული სიბრძნის მაჩვენებელია. გაესაუბრე მათ, ვინც მრავალი წელი წარმატებით მსახურობდა პიონერად. ჰკითხე, თუ როგორ ეხმარებოდა მათ იეჰოვა. შეიძლება თქვენი სარაიონო ზედამხედველი გამოცდილი პიონერია, რომელიც სიხარულით შემოგთავაზებს რჩევებს, თუ როგორ მიაღწიო წარმატებებს სრული დროით მსახურებაში.
7 პიროვნებამ შეიძლება სრულად ვერ აღიქვას მათეს 6:33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების ჭეშმარიტება, სანამ იეჰოვას არ მიენდობა. ერთმა ერთგულმა პიონერმა დამ მოგვითხრო: «როდესაც მე და ჩემი პარტნიორი ახალი პიონერული დანიშნულების ადგილზე ჩავედით, კაპიკი ფული არ გვქონდა. თან მხოლოდ ცოტაოდენი ბოსტნეული და მარგარინი გვქონდა. ამით ვივახშმეთ და ვთქვით: „ხვალისთვის აღარაფერი გვაქვს“. ვილოცეთ ამის შესახებ და დავიძინეთ. დილით ადრე ადგილობრივი მოწმე გვეწვია, გაგვეცნო და გვითხრა: „ვლოცულობდი, რომ იეჰოვას პიონერები გამოეგზავნა. ახლა დღის უმეტეს ნაწილს თქვენთან ვითანამშრომლებ, მაგრამ, რადგან სოფელში ვცხოვრობ, თქვენთან მომიწევს საუზმობა, ამიტომაც ეს საჭმელი ყველასთვის მოვიტანე“. მან დიდი ოდენობით საქონლის ხორცი და ბოსტნეული მოიტანა». ეს გასაკვირი არ არის, რადგან იესო გვარწმუნებდა, ‘არ გვეზრუნა საკუთარი სულისთვის’. შემდეგ დაამატა: „რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?“ (მათ. 6:25, 27).
8 მთელი მსოფლიო უფრო და უფრო იფლობა მატერიალურ მისწრაფებებში. ეს მზარდი ზეგავლენა იქითკენაა მიმართული, რომ ჩვენც შევესაბამებოდეთ მის ნორმებს. მაგრამ სრული დროით მსახურებისადმი თავმდაბლური განწყობილება გვეხმარება დავკმაყოფილდეთ მცირე მატერიალური სახსრებითაც (1 ტიმ. 6:8). პიონერებს, რომლებიც უბრალო და მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევიან, მეტი დრო აქვთ მსახურებისთვის. ისინი, დიდ სიხარულს ღებულობენ და სულიერად მტკიცდებიან როცა სხვებს ჭეშმარიტებას ასწავლიან. თუმცა არ ცდილობენ ასკეტურად იცხოვრონ, მათი გაწონასწორებული მიდგომა ეკონომიკური მდგომარეობისადმი საშუალებას აძლევს, იხარონ პიონერული მსახურების კურთხევებით.
9 თუ აშკარად გრძნობ, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ და რომ ბოროტ წუთისოფელს დრო გასდის, სულიერად აღძრული იქნები გაიღო საჭირო შესაწირავი, რათა ნებისმიერი შესაძლებლობისას კეთილი ცნობა იქადაგო. თუ კიდევ ერთხელ გადახედავ შენს ეკონომიკურ მდგომარეობას და საზრუნავს იეჰოვას მიანდობ, მიხვდები, რომ შეგიძლია სრული დროით მსახურება. მაშინაც კი, თუ გარკვეული მატერიალური მოთხოვნილებების დათმობა მოგიწევს, რათა პიონერად იმსახურო, იეჰოვა უხვად გაკურთხებს (ფსალმ. 144:16).
კითხვა 3: „როგორც მოზარდი, რატომ უნდა დავფიქრდე იმაზე, რომ პიონერული მსახურება ცხოვრების გზად გავიხადო?
10 თავისთავად ცხადია, რომ სკოლის დამთავრებამდე ორიოდე წლით ადრე იწყებ მომავალზე ფიქრს. გინდა, რომ ბედნიერი, უზრუნველყოფილი მომავალი გქონდეს და ყველაფერი აგისრულდეს. მასწავლებლები, ალბათ, სარფიანი პროფესიის არჩევას გირჩევენ, რომელიც მოითხოვს ინსტიტუტში რამდენიმე წლიან სწავლას. კარგად განსწავლული სინდისი გეუბნება, რომ უნდა მოემზადო, რაც შეიძლება სრულად ესმსახურო იეჰოვას (ეკლ. 12:1). შეიძლება დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზეც ფიქრობ. რომელ გზას აირჩევ?
11 ცხოვრებაში ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელი შენი მომავალი განსაზღვროს. თუ უკვე იეჰოვას მონათლული მოწმე ხარ, მთელი სულით მიუძღვენი თავი იეჰოვას (ებრ. 10:7). პირველად შეგიძლია ერთი ან რამდენიმე თვით დამხმარე პიონერად სცადო მსახურება. ეს სიხარულს განგაცდევინებს, გაგრძნობინებს სრული დროით პიონერად მსახურების პასუხისმგებლობას და უსათუოდ დაგანახვებს, თუ რა უნდა აკეთო ცხოვრებაში. მაშ, სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოს დაწყების ნაცვლად, რატომ არ დაგეწყო პიონერული მსახურება? ზოგი, ვინც გვიან დაიწყო პიონერული მსახურება, ნანობს, რომ ეს ადრე არ გააკეთა.
12 როგორც ახალგაზრდამ, ისარგებლე დაუქორწინებლობის შესაძლებლობით და მიიღე კურთხევები, რომლებიც სრული დროით სამქადაგებლო საქმიანობას მოჰყვება. თუ ერთხელაც დაქორწინების სურვილი გაგიჩნდება, არ შეიძლება ქორწინებისთვის სრული დროით პიონერულ მსახურებაზე უკეთესი საძირკველი ჩაიყაროს. როცა მოწიფულობის ასაკს აღწევ და სულიერადაც იზრდები, შეგიძლია შენს თანამზრახველ მეუღლესთან ერთად პიონერული მსახურება ცხოვრების გზად გაიხადო. ზოგმა პიონერად მომსახურე წყვილმა სარაიონო ან მისიონერული მსახურება დაიწყო. აი, ცხოვრების ნამდვილად დამაკმაყოფილებელი გზა!
13 მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს აგრძელებ პიონერულ მსახურებას, უფრო მეტ განათლებასა და ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენ, რომელსაც დედამიწის ზურგზე ვერც ერთი პროფესია ვერ მოგცემს. პიონერული მსახურება ასწავლის წესრიგს, ორგანიზებულობას, ხალხისადმი მოპყრობას, იეჰოვაზე მინდობას, მოთმინებისა და სიკეთის გამოვლენას — თვისებებს, რომლებიც მოგამზადებს, საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობები.
14 ცხოვრება არასოდეს ყოფილა ასეთი ცვალებადი როგორც დღეს. ცოტა რამ თუა ნამდვილად უცვლელი, გარდა იმისა, რასაც იეჰოვა გვპირდება. რადგან შენი მომავალი შენ წინაშეა, ამაზე უკეთესი დრო როდის შეიძლება იყოს, რათა სერიოზულად დაფიქრდე თუ რას გააკეთებ მომავალ წლებში? ყურადღებით აწონ-დაწონე პიონერული მსახურების უპირატესობა. არასოდეს ინანებ, თუ პიონერობას ცხოვრების გზად გაიხდი.
კითხვა 4: „ნუთუ ყოველთვის სირთულესთან არ არის დაკავშირებული საათების ნორმის შესრულება? როგორ მოვიქცე, თუ საათების ნორმას ჩამოვრჩი?
15 როდესაც სრული დროით პიონერად მსახურებაზე განცხადებას ავსებ, შემდეგ შეკითხვას უნდა უპასუხო: „მოაგვარე პირადი საქმეები ისე, რომ შეგიძლია წლიურად 1000 საათის ჩაბარება?“ ამის მისაღწევად დღეში საშუალოდ სამი საათის მსახურებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ეს კარგ განრიგსა და თვითდისციპლინას მოითხოვს. პიონერების უმეტესობამ მცირე ხანში გამოიმუშავა პრაქტიკული და რეალური რეჟიმი.
16 ეკლესიასტეს 9:11 მართებულად ამბობს: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. სერიოზულ ავადმყოფობას ან სხვა გაუთვალისწინებელ მდგომარეობას შეუძლია ჩამოარჩინოს პიონერი. თუ პრობლემა ხანგრძლივი არ არის და სამსახურებრივი წლის დასაწყისში ხდება, დაკარგული საათები შეიძლება ანაზღაურდეს დატვირთული განრიგით. მაგრამ რა უნდა გაკეთდეს, თუ სერიოზულმა პრობლემამ სამსახურებრივი წლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იჩინა თავი და პიონერს არ შეუძლია საათების ანაზღაურება?
17 თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ავად ხარ ან სხვა შენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ შეგიძლია საათების ნორმის შესრულება, შეგიძლია კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრს მიმართო და აუხსნა მიზეზი. უხუცესებს შეუძლიათ ისე გადაწყვიტონ საქმე, რომ ნება დაგრთონ დაკარგული საათების ანაზღაურების გარეშე განაგრძო პიონერული მსახურება, თუ ფიქრობენ, რომ ეს მიზანშეწონილია. მდივანი კრების მაუწყებლის ანგარიშის ბარათში დასვამს ნიშანს, რაც ნიშნავს, რომ არ მოგეთხოვება დაკარგული საათების ანაზღაურება. ასეთი გადაწყვეტილება ვალდებულებისგან კი არ გათავისუფლებს, არამედ მიანიშნებს, რომ განსაკუთრებულად ითვალისწინებენ შენს მდგომარეობას.
18 გამოცდილი პიონერები სამსახურებრივი წლის დასაწყისიდანვე იგროვებენ საათების მარაგს. ისინი პიონერულ მსახურებას პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომ ხედავენ, რომ ხანდახან აუცილებელია უმნიშვნელო საქმეების შემცირება. თუ პიონერი არასწორად შედგენილი განრიგის ან არასაკმარისი თვითდისციპლინის გამო ჩამორჩება, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს დაკარგული საათების ასანაზღაურებლად და არ უნდა მოელოდეს, რომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ გათვალისწინებას დაექვემდებარება.
19 ხანდახან პიონერს პირობების შეცვლა უხდება. მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ კარგა ხანს არ შეუძლია საათების ნორმის შესრულება ჯანმრთელობის გაუარესების, ოჯახში დამატებითი პასუხისმგებლობებისა და სხვა ფაქტორების გამო. ასეთ შემთხვევაში გონივრული იქნებოდა, ჩვეულებრივ მაუწყებლად გაგეგრძელებინა მსახურება და დროდადრო შესაძლებლობისდა მიხედვით დამხმარე პიონერად გემსახურა. თუ პიონერი თავისი მდგომარეობის გამო ვეღარ ასრულებს საათების ნორმას, არ ხდება ამის სისტემატური გათვალისწინება იმ მიზნით, რომ მან პიონერად განაგრძოს მსახურება.
20 ვიმედოვნებთ, რომ იმ პიონერების მდგომარეობის გათვალისწინება, რომლებიც მოთხოვნებს შეესაბამებიან, უფრო მეტს გაამხნევებს პიონერულ მსახურებაში ჩაბმისკენ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე. ეს გაამხნევებს აგრეთვე მათ, ვინც უკვე მსახურობს სრული დროით, რათა განაგრძონ მსახურება. ჩვენი სურვილია, რომ პიონერებმა წარმატებებს მიაღწიონ სრული დროით მსახურებაში.
კითხვა 5: „მინდა რაღაც ვაკეთო და ამით ბედნიერი ვიყო. იქნება პიონერული მსახურება კმაყოფილების მომტანი ჩემთვის?“
21 ჭეშმარიტი ბედნიერება, უმთავრესად, დამოკიდებულია იეჰოვასთან ახლო პირად ურთიერთობასა და რწმენაზე, რომ მას ერთგულად ვემსახურებით. იესომ დაითმინა წამების ძელი ‘მისთვის შეთავაზებული სიხარულისთვის’ (ებრ. 12:2, აქ). მას ღვთის ნების შესრულება ანიჭებდა ბედნიერებას (ფსალმ. 39:9). ამ წუთისოფელში შეგვიძლია დავტკბეთ ნამდვილი ბედნიერებით, თუ ცხოვრების უმეტეს ნაწილს იეჰოვას თაყვანისცემას დავუკავშირებთ. სულიერი მისწრაფებები მიზანდასახულობის შეგრძნებას გვაძლევს, რადგან გვესმის, რომ ვაკეთებთ იმას, რაც სწორია. ბედნიერება გაცემით მოდის და ვიცით, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება ამის გასაკეთებლად, ვიდრე ასწავლო სხვებს, მოიპოვონ მარადიული სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (საქ. 20:35).
22 პიონერმა ძმამ, რომლის სიტყვებითაც პირველი აბზაცი დაიწყო, აღნიშნა: „ნუთუ შეიძლება იმაზე მეტი სიხარული არსებობდეს, როცა ხედავ, რომ, ვისაც ასწავლიდი, იეჰოვას აქტიური განმადიდებელი ხდება? გულის ამაჩუყებელი და რწმენის განმამტკიცებელია იხილო, თუ რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა, რომელიც აღძრავს ადამიანებს, ცვლილებები შეიტანონ ცხოვრებაში, რათა იეჰოვას ასიამოვნონ“ (იხილე 1997 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18–23). მაშ, რას მოაქვს ბედნიერება შენთვის? თუ წუთისოფლის მიერ შემოთავაზებული დროებითი სიამოვნების ნაცვლად მუდმივ, აზრიან მისწრაფებებს აფასებ, პიონერობა საუცხოო კმაყოფილებას მოგიტანს, რაც ნამდვილად გაგაბედნიერებს.
კითხვა 6: „თუ მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭირო არ არის პიონერული მსახურება, განა ჩემი საქმე არ არის, ვიმსახურებ თუ არა?“
23 მართალია, რომ გადაწყვეტილება პიონერული მსახურების შესახებ თავად უნდა გამოიტანო. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია შენი პირადი მდგომარეობის განსჯა (რომ. 14:4). ის სამართლიანად მოელის შენგან მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით მსახურებას (მარ. 12:30; გალ. 6:4, 5). მას სიხარულით გამცემი უყვარს, რომელიც სიხარულით ემსახურება და არა უხალისოდ ან ძალდატანებით (2 კორ. 9:7; კოლ. 3:23). სრული დროით მსახურების მიზეზი იეჰოვას და უბანზე მცხოვრები ხალხის სიყვარული უნდა იყოს (მათ. 9:36–38; მარ. 12:30, 31). თუ შენც ამ აზრისა ხარ, მაშინ პიონერულ მსახურებაზე სერიოზულად შეგიძლია დაფიქრდე.
24 ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული დაგეხმარება აწონ-დაწონო პიონერული მსახურების შესაძლებლობები. შეგიძლია შენი პირობები სრული დროით მსახურებას შეუთავსო? ქვემოთ დაბეჭდილია კალენდარი, სათაურით „ჩემი პიონერული მსახურების ყოველკვირეული განრიგი“. ნახე, თუ შეგიძლია შენთვის ხელსაყრელი განრიგის შერჩევა, რომელიც კვირაში საშუალოდ 23-საათიან მსახურებას მოითხოვს. ამას თან დაურთე მტკიცე რწმენა და მიენდე იეჰოვას. მისი დახმარებით წარმატებებს მიაღწევ! ის შეგვპირდა, რომ ‘აუწყველად გადმოგვიცლის კურთხევას’ (მალ. 3:10).
25 ამიტომ გეკითხებით: „პიონერული მსახურება — საშენო საქმეა?“ თუ იტყვი, რომ „დიახ“, დანიშნე დრო, რომ მალე დაიწყო პიონერული მსახურება, და დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა ბედნიერი ცხოვრებით გაკურთხებს!
[ცხრილი 6 გვერდზე]
(ცხრილი მთლიანად მოცემულია პუბლიკაციაში)
ჩემი პიონერული მსახურების ყოველკვირეული განრიგი
ორშაბათი დილა სამქადაგებლო მსახურება
სამშაბათი დილა სამქადაგებლო მსახურება
ოთხშაბათი დილა სამქადაგებლო მსახურება
ხუთშაბათი დილა სამქადაგებლო მსახურება
პარასკევი დილა სამქადაგებლო მსახურება
შაბათი დილა სამქადაგებლო მსახურება
კვირა დილა სამქადაგებლო მსახურება
ორშაბათი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
სამშაბათი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
ოთხშაბათი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
ხუთშაბათი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
პარასკევი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
შაბათი შუადღე სამქადაგებლო მსახურება
კვირა შუადღე სამქადაგებლო მსახურება
ორშაბათი საღამო სამქადაგებლო მსახურება
სამშაბათი საღამო სამქადაგებლო მსახურება
ოთხშაბათი საღამო სამქადაგებლო მსახურება
ხუთშაბათი საღამო სამქადაგებლო მსახურება
პარასკევი საღამო სამქადაგებლო მსახურება
შაბათი საღამო სამქადაგებლო მსახურება
კვირა საღამო სამქადაგებლო მსახურება
კვირის თითოეული დღისთვის შეადგინე გეგმა და ჩაწერე ფანქრით.
თითოეულ კვირაში მთლიანობაში დაახლოებით 23-საათიანი სამქადაგებლო მსახურება დაგეგმე.
კვირის საათების მთლიანი გეგმა ________________________________