კრების შეხვედრებს სარგებლობა მოაქვს ახალგაზრდებისთვის
1 მოზარდმა გოგონამ თქვა: „ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ახალგაზრდები ურთულეს პერიოდში ცხოვრობენ. ჩვენ ვცხოვრობთ მათ შორის, ვინც მრუშობს, ნარკოტიკებს იღებს და ლოთობს“. შენც ასე ფიქრობ? თუ დიახ, როგორ გგონია, რა დაგეხმარება ამ ცუდი ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაში? შენ გჭირდება ძლიერი რწმენა — რწმენა იეჰოვას გზების სამართლიანობისადმი, რადგან ამის გარეშე „შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრ. 11:6). კრების შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარება, განამტკიცო შენი ქრისტიანული დაჯერებულობა და გადაწყვეტილება — ერიდო ბოროტებას.
2 შეხვედრებზე მრავალი რამ არის შენთვის განკუთვნილი. რა შემთხვევაში სიამოვნებს ადამიანს ახლო მეგობრებთან გემრიელი სადილის მირთმევა? ნუთუ ეს სასარგებლო საკვებისა და თავისუფალ გარემოცვაში კარგი ურთიერთობის შერწყმით არ მიიღწევა? ჩვენი შეხვედრებიც მსგავს სასიამოვნო განცდებს გვიმზადებს, ოღონდ სულიერი გაგებით.
3 ყველაფერი, რაც კრების შეხვედრებზე განიხილება, აღმშენებლობითია, რადგან ეს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებით დაწყებულ და ბიბლიის საინტერესო წინასწარმეტყველებების შესწავლით დამთავრებულ საკითხებს მოიცავს. გვეძლევა პრაქტიკული დარიგებები, რომლებიც გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ საუკეთესოდ და რანაირად გავუმკლავდეთ სიძნელეებს, რომლებსაც ვაწყდებით. მეგობრები, რომლებიც ამ შეხვედრებს ესწრებიან, საუკეთესო მეგობრები არიან, სულიერი ატმოსფერო — სასიამოვნო და უსაფრთხოა (ფსალმ. 132:1). გასაკვირი არ არის, თუ რატომ თქვა ერთმა ახალგაზრდამ შემდეგი სიტყვები: „სკოლაში მთელი დღის მანძილზე ყოფნით ვიქანცები. მაგრამ შეხვედრები წააგავს იმ ოაზისს უდაბნოში, სადაც ახალ ძალებს ვიღებ, რომ სკოლაში მომდევნო დღესაც გავუძლო“. ერთმა გოგონამ თქვა: „მივხვდი, რომ იეჰოვას მოყვარულ ადამიანებთან სიახლოვე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში მეხმარება“.
4 როცა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ხარ ჩაწერილი, შენ სწავლობ ბიბლიური ინფორმაციის შეგროვებას, ამ ინფორმაციის მოხსენებად ჩამოყალიბებას და შემდეგ სასაუბრო ენით მის წარმოთქმას სამეფო დარბაზში მყოფი მსმენელების წინაშე. წარმოიდგინე, რა დიდებული სარგებლობა მოაქვს იმას, როცა შეგიძლია ოსტატურად ასწავლო სხვებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებები, რომლებსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! კიდევ სად შეუძლიათ ახალგაზრდებს ასეთი ძვირფასი მომზადების გავლა, თუ არა შეხვედრებზე?
5 როგორ მივიღოთ შეხვედრებიდან მეტი სარგებლობა. შეხვედრებიდან მეტი სარგებლობა რომ მივიღოთ, საჭიროა სამი საკითხის გათვალისწინება. ესენია: მომზადება, მონაწილეობა და ცხოვრებაში გამოყენება.
6 მოემზადე შეხვედრებისთვის. შეხვედრებისთვის რომ მოემზადო, რეგულარულად გამოყავი დრო. ნუ დაუშვებ, რომ საშინაო დავალებებმა, ნაწილობრივ–განაკვეთიანმა სამუშაომ ან გართობა–დასვენებამ წაგართვას ის დრო, რომელიც გესაჭიროება, რათა წინასწარ გადახედო კრების შეხვედრებზე განსახილველ მასალას. ამაში კარგი განრიგის შედგენა დაგეხმარება. პირველი და უმთავრესია, მიჰყვე ბიბლიის კითხვის იმ გეგმას, რომელიც მოცემულია თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის. მოცემული თავების ყოველდღიურად წაკითხვისა და წაკითხულზე ფიქრისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი. გამოყავი დრო, რომ მოემზადო კრების წიგნის შესწავლისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის. ზოგიერთი ამას შეხვედრებამდე ერთი ან ორი დღით ადრე აკეთებს. რამდენადაც შესაძლებელია, იგივე გააკეთე სამსახურებრივი შეხვედრის ყოველი კვირის დავალებებისთვისაც.
7 მონაწილეობა მიიღე შეხვედრებზე. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ, როცა იესო 12 წლის იყო, ტაძარში იპოვეს, სადაც უსმენდა, ეკითხებოდა და პასუხობდა (ლუკ. 2:46, 47). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მთლიანად იყო ჩართული ამაში. შენც უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანს შეხვედრები, როცა ცდილობ მათში მონაწილეობის მიღებას (იგავ. 15:23).
8 პირველ ყოვლისა, ყურადღებით უნდა იყო იმის მიმართ, რასაც გასწავლიან შეხვედრებზე. ზოგჯერ მოხსენების მოსმენა მის წარმოთქმაზე ძნელია. რატომ? იმიტომ რომ აზრები ადამიანს აქეთ–იქით ეფანტება, როცა ვინმე ლაპარაკობს. როგორ უნდა დასძლიო ეს? გააკეთე ჩანაწერები. ჩაიწერე მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც გინდა, რომ შემდეგში გამოიყენო. ჩანაწერების გაკეთება დაგეხმარება გონების კონცენტრირებაში. აგრეთვე მოძებნე და თვალი მიაყოლე იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებსაც მომხსენებელი კითხულობს.
9 გარდა ამისა, მიზნად დაისახე, მონაწილეობა მიიღო შეხვედრის ყოველ პუნქტში, რომლებიც კითხვა–პასუხებით განიხილება. შენ მეტი სარგებლობა გექნება, თუ სათქმელს კარგად აწონ–დაწონი. იგავნის 15:23–ში წერია: „კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია“.
10 გამოიყენე ნასწავლი. ბოლო ნაბიჯია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნასწავლი ‘მოქმედებს ჩვენში’ (1 თეს. 2:13). როცა იყენებ იმ შესანიშნავ აზრებს, რომლებსაც შეხვედრებზე სწავლობ, შენ დაუახლოვდები იეჰოვა ღმერთს. ის შენთვის რეალური იქნება და შენ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანს ის, რომ ‘ჭეშმარიტებით დადიხარ’, ანუ ჭეშმარიტებას შენს საკუთრებად აქცევ (3 იოან. 4).
11 ახალგაზრდა ძმებო და დებო, თუ რეგულარულად ემზადებით შეხვედრებისთვის, მონაწილეობთ მათში და იყენებთ ნასწავლს, შეხვედრები დიდ სიხარულს მოგიტანთ. ამავე დროს, უდიდეს სარგებლობასაც მიიღებთ მათგან. თქვენი რწმენა გაძლიერდება ისევე, როგორც თქვენი გადაწყვეტილება — დარჩეთ ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, ერთგულები (ფსალმ. 144:18).