კარგად მოემზადე შესწავლისთვის
1. რატომ უნდა გავუღვივოთ შემსწავლელს მადლიერების გრძნობა?
1 ბიბლიის შესწავლისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, თუ გვინდა, რომ შემსწავლელი იეჰოვას მსახურებისკენ აღვძრათ. უნდა ვეცადოთ, რომ მას ჭეშმარიტებისადმი მადლიერება გავუღვივოთ, რაც მას მსახურების სურვილს გაუჩენს (კან. 6:5; იგავ. 4:23; 1 კორ. 9:26). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
2. რატომ უნდა ვილოცოთ მომზადებამდე?
2 ილოცე: შემსწავლელის გულში ჭეშმარიტების მარცვალს იეჰოვა ზრდის, ამიტომ მართებულია, შესასწავლი მასალის მომზადებისას კონკრეტულად ვილოცოთ შემსწავლელსა და მის საჭიროებებზე (1 კორ. 3:6; იაკ. 1:5). ლოცვა იმაშიც დაგვეხმარება, რომ შემსწავლელის გული იეჰოვას „ნების საფუძვლიანი ცოდნით“ ავავსოთ (კოლ. 1:9, 10).
3. რა უნდა გავითვალისწინოთ მომზადებისას?
3 იფიქრე შემსწავლელზე: იესომ იცოდა, რომ ეფექტური სწავლებისთვის მსმენელის გათვალისწინებაც იყო საჭირო. ბიბლიაში ჩაწერილია სულ მცირე ორი შემთხვევა, როცა იესოს ერთი და იმავე კითხვით მიმართეს: „რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. ორივე შემთხვევაში პასუხის გაცემისას იესომ სხვადასხვა მიდგომა გამოიყენა (ლუკ. 10:25—28; 18:18—20). მომზადებისას ჩვენც უნდა ვიფიქროთ შემსწავლელზე. რომელ მითითებულ მუხლებს წავიკითხავთ მასთან? რა რაოდენობის მასალას განვიხილავთ? რისი გაგება გაუჭირდება მას ან რა იქნება მისთვის ძნელად მისაღები? თუ წინასწარ განვსაზღვრავთ, რა კითხვები შეიძლება წამოეჭრას შემსწავლელს, უკეთესად მოვემზადებით პასუხების გასაცემად.
4. რა შედის კარგ მომზადებაში?
4 გაიმეორე მასალა: მნიშვნელობა არა აქვს, რამდენჯერ გვაქვს ეს მასალა სხვებთან განხილული, ამ შემსწავლელთან მას პირველად გავდივართ. ასე რომ, თუ გვინდა მის გულს ჩავწვდეთ, თითოეული შესწავლის წინ კარგად უნდა მოვამზადოთ მასალა, ანუ გავაკეთოთ ის, რისკენაც შემსწავლელს აღვძრავთ ხოლმე. მომზადების ბოლოს უნდა გავიმეოროთ ძირითადი მუხლები და მთავარი აზრები და დავფიქრდეთ, როგორ უკავშირდება ისინი შემსწავლელს (რომ. 2:21, 22).
5. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას?
5 იეჰოვა გულწრფელად არის დაინტერესებული ბიბლიის თითოეული შემსწავლელის სულიერი წინსვლით (2 პეტ. 3:9). თუ დროს გამოვყოფთ და თითოეული ბიბლიის შესწავლისთვის გულმოდგინედ მოვემზადებით, ჩვენც მსგავს ინტერესს გამოვავლენთ.