შენ შეძლებ არაფორმალურად ქადაგებას!
1. ა) რა იგულისხმება არაფორმალურად ქადაგებაში? ბ) აქ დამსწრეთაგან რამდენმა გაიგო ჭეშმარიტება არაფორმალური ქადაგების შედეგად?
1 იცი რამდენმა გაიგო შენს კრებაში ჭეშმარიტება არაფორმალური ქადაგების შედეგად? შესაძლოა, პასუხმა გაგაოცოს. არაფორმალურ ქადაგებაში იგულისხმება სასიხარულო ცნობის იმ ხალხისთვის გაზიარება, ვისაც ყოველდღე ვხვდებით მგზავრობისას, ნათესავების ან მეზობლების მონახულებისას, საყიდლებზე სიარულისას, სკოლაში, სამსახურში თუ სხვა ადგილებში. ერთ კრებაში, სადაც 200-ზე მეტი მონათლული მოწმეა, 40-მა პროცენტმა სწორედ არაფორმალური ქადაგების შედეგად გაიგო ჭეშმარიტება! ასე რომ, ქადაგების ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.
2. არაფორმალური ქადაგების რა მაგალითებია ჩაწერილი წმინდა წერილებში?
2 პირველი საუკუნის ქრისტიანები ხშირად არაფორმალურად ქადაგებდნენ. მაგალითად, იესომ სამარიაზე გავლისას იაკობის წყაროსთან უქადაგა ქალს, რომელიც წყალს იღებდა (იოან. 4:6—26). ფილიპემ ეთიოპ საჭურისს, რომელიც ესაიას წიგნს კითხულობდა, ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ (საქ. 8:26—38). ქალაქ ფილიპეში პატიმრობის დროს მოციქულმა პავლემ საპყრობილის ზედამხედველს უქადაგა (საქ. 16:23—34). მოგვიანებით, შინაპატიმრობის დროს, პავლე „ყველას გულთბილად იღებდა; უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და . . . ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:30, 31). მაშინაც კი, თუ მორცხვი ხარ, შენც შეძლებ არაფორმალურად ქადაგებას. როგორ?
3. როგორ დავძლიოთ სიმორცხვე?
3 საუბრის დაწყებამდე: ბევრ ჩვენგანს უჭირს უცხოებთან საუბრის დაწყება. ზოგჯერ ჭეშმარიტებაზე ქადაგება იმ ადამიანებთანაც გვეუხერხულება, ვისაც ვიცნობთ. თუ დავფიქრდებით იეჰოვას სიკეთეზე, ჩვენთვის ბოძებულ სულიერ განძსა და ქვეყნიერებაში მყოფი ხალხის სავალალო მდგომარეობაზე, ეს საუბრის დაწყებისკენ აღგვძრავს (იონ. 4:11; ფსალმ. 40:5; მათ. 13:52). გარდა ამისა, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, დაგვეხმაროს გაბედულების მოკრებაში (1 თეს. 2:2). სკოლა „გალაადის“ ერთმა კურსდამთავრებულმა ძმამ თქვა: „ხშირად ლოცვა მეხმარება, როცა ხალხთან საუბრის დაწყება მიჭირს“. თუ ვერ ბედავ საუბრის დაწყებას, გულში მოკლედ ილოცე (ნეემ. 2:4).
4. როგორ უნდა დავიწყოთ საუბარი და რატომ?
4 არაფორმალური ქადაგების დროს არ არის აუცილებელი საუბრის მუხლით ან ფორმალური შეთავაზებით დაწყება. შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს, თუ საუბარს მარტივად დაიწყებ და იმაზე არ იფიქრებ, რომ აუცილებლად მაშინვე უნდა იქადაგო. ბევრი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ასე მოქცევის შემდეგ, საბოლოოდ, თამამად შეუძლიათ სასიხარულო ცნობის გადაცემა. თუ შეამჩნევ, რომ პიროვნებას არ სურს შენთან საუბარი, ნუ დააძალებ და თავაზიანად დაემშვიდობე.
5. რა ეხმარება ერთ მორცხვ დას არაფორმალურად ქადაგებაში?
5 ერთი მორცხვი და მაღაზიაში საყიდლების დროს შემხვედრს უყურებს და უღიმის, თუ პიროვნება ღიმილით უპასუხებს, ეს და მოკლედ ეტყვის რამეს. თუ შეამჩნევს, რომ მოსაუბრე სასაუბროდ არის განწყობილი, დას გაბედულება ემატება. ის ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს და ცდილობს, განსაზღვროს სასიხარულო ცნობიდან რომელი საკითხი დააინტერესებს ამ ადამიანს. ასეთი მეთოდით მან დიდი რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელა და ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.
6. როგორ შეგვიძლია საუბრის დაწყება არაფორმალურ სიტუაციაში?
6 საუბრის დაწყება: როგორ შეგვიძლია საუბრის დაწყება? როდესაც იესო ქალს ჭასთან ესაუბრა, მან ლაპარაკი იმით დაიწყო, რომ სთხოვა, მისთვის წყალი დაელევინებინა (იოან. 4:7). ჩვენც შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ მეგობრული მისალმებით ან კითხვის დასმით. საუბრის დროს შეიძლება ბიბლიური აზრის ამოკითხვის და ჭეშმარიტების მარცვლის ჩათესვის შესაძლებლობა მოგეცეს (ეკლ. 11:6). ზოგიერთისთვის ეფექტური აღმოჩნდა ისეთი საკითხის წამოჭრა, რომელიც ინტერესს იწვევს და კითხვებს ბადებს. მაგალითად, როდესაც ექიმს ელოდები, შეიძლება გვერდით მჯდომთან საუბარი ასე დაიწყო: „რა ბედნიერი ვიქნები, როცა ავად აღარასოდეს გავხდები“.
7. როგორ დაგვეხმარება დაკვირვებულობა არაფორმალურად ქადაგებაში?
7 საუბრის დაწყებაში ასევე დაგვეხმარება დაკვირვებულობა. თუ შევამჩნევთ მშობელს, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, შეგვიძლია შევაქოთ და ვკითხოთ: „რა დაგეხმარათ ასეთი კარგი შვილების აღზრდაში?“. ერთი და ყურადღებას აქცევს იმ საკითხებს, რაზეც სამსახურში მსჯელობენ და შემდეგ თანამშრომლებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას უზიარებს. როდესაც ამ დამ გაიგო, რომ მისი თანამშრომელი გათხოვებას აპირებდა, მისცა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელშიც განხილული იყო, თუ როგორ შეიძლება ქორწილის დაგეგმვა. ამის წყალობით, დას სხვა ბიბლიურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცა.
8. როგორ შეგვიძლია ჩვენი ლიტერატურის მეშვეობით საუბრის დაწყება?
8 საუბრის დაწყების სხვა საშუალებაა, ლიტერატურა იქ წავიკითხოთ, სადაც სხვებისთვის შესამჩნევი იქნება. ერთი ძმა „საგუშაგო კოშკს“ ან „გამოიღვიძეთ!“-ს შლის სტატიაზე, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს და კითხვას იწყებს. თუ შეამჩნევს, რომ ვინმე მის ჟურნალში იყურება, ის უსვამს შეკითხვას ან სტატიის შესახებ მოკლე კომენტარს აკეთებს. ხშირად, ამას მოჰყვება საუბარი, რომლის დროსაც ძმა ქადაგებს. ჩვენი ლიტერატურის შესამჩნევ ადგილას დატოვებამ შეიძლება თანამშრომლებსა და თანაკლასელებში ინტერესი გამოიწვიოს და მათ კითხვები დასვან.
9, 10. ა) როგორ შეგვიძლია არაფორმალური ქადაგებისთვის გზების გამონახვა? ბ) შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვენ როგორ გამონახეთ შესაძლებლობა, რომ არაფორმალურად გექადაგათ?
9 ეძებე ქადაგების შესაძლებლობები: თუ გავითვალისწინებთ, რომ სამქადაგებლო საქმე გადაუდებელია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არაფორმალურად მხოლოდ მაშინ უნდა ვიქადაგოთ, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. პირიქით, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ ქადაგების შესაძლებლობა. წინასწარ იფიქრე, ვის შეხვდები დღის განმავლობაში და როგორ შეძლებ მასთან მეგობრული საუბრის დაწყებას. თან გქონდეს ბიბლია და ლიტერატურა, რომელსაც იმ ადამიანს მისცემ, ვინც ინტერესს გამოავლენს (1 პეტ. 3:15).
10 ბევრმა მაუწყებელმა თავისი მოხერხებულობით სხვადასხვა საშუალება გამონახა არაფორმალური ქადაგებისთვის. ერთი და ისეთ კორპუსში ცხოვრობს, სადაც დაცვაა დაყენებული და მაუწყებლებს საქადაგებლად შესვლა უჭირთ. ის კორპუსის ეზოში ასაწყობი სურათის პატარა დეტალებით ბუნების შესანიშნავ სურათებს აწყობს. როდესაც ხალხი აღნიშნავს, რომ სურათი ლამაზია, ის ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას და მათ „ახალი ცისა და ახალი დედამიწის“ შესახებ ბიბლიურ დანაპირებს უზიარებს (გამოცხ. 21:1—4). შეგიძლია შენც გამონახო გზა არაფორმალური ქადაგებისთვის?
11. როგორ შეგვიძლია განმეორებით მოვინახულოთ ის, ვისაც არაფორმალურად ვუქადაგეთ?
11 გაუღვივე ინტერესი: თუ დაინახავ, რომ ადამიანი დაინტერესდა, შეეცადე განმეორებით მოინახულო. თუ მართებული იქნება, შეგიძლია უთხრა: „ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. სად შეიძლება თქვენი ნახვა, რომ კიდევ ვისაუბროთ?“. ზოგი მაუწყებელი თავის მისამართსა და ტელეფონის ნომერს აძლევს დაინტერესებულ ადამიანს და ეუბნება: „თქვენთან საუბარი სასიამოვნო იყო. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, რაზეც ვისაუბრეთ, შეგიძლიათ ამ მისამართზე დამიკავშირდეთ“. თუ პირადად არ შეგიძლია მისი მონახულება, შენი კრების მდივნის მეშვეობით ახლომდებარე კრებას გადაეცი ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43).
12. ა) რატომ უნდა ჩავიწეროთ არაფორმალურად ქადაგების დრო? ბ) რა შედეგები მოჰყვა არაფორმალურად ქადაგებას? (იხილე ჩარჩო „არაფორმალური ქადაგების შედეგები!“)
12 არაფორმალურად ქადაგების დროც უნდა აღირიცხოს, ამიტომ აუცილებლად ჩაიწერე ის, თუნდაც რამდენიმე წუთი იყოს. თუ თითოეული მაუწყებელი ყოველდღე ხუთ წუთს იქადაგებს არაფორმალურად, საერთო ჯამში, ყოველთვე 17 მილიონ საათზე მეტი გამოვა!
13. რამ უნდა აღგვძრას არაფორმალურად ქადაგებისკენ?
13 ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, არაფორმალურად ვიქადაგოთ (მათ. 22:37—39). იეჰოვას თვისებებისა და განზრახვებისადმი მადლიერებით აღსავსე გული აღგვძრავს, ვილაპარაკოთ მისი „მეფობის სიდიადის დიდებაზე“ (ფსალმ. 145:7, 10—12). მოყვასისადმი გულწრფელი ინტერესი გვეხმარება, ვეძებოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ სანამ დროა, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ მათ (რომ. 10:13, 14). თუ წინასწარ დავფიქრდებით და მოვემზადებით, თითოეული შევძლებთ არაფორმალურად ქადაგებას და გულწრფელი ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გაზიარებით გამოწვეული სიხარულის განცდას.
[ჩანართი 4 გვერდზე]
კარგი იქნება, თუ ადამიანებთან საუბრის მარტივად დაწყებას დაისახავ მიზნად
[ჩანართი 5 გვერდზე]
ბევრმა მაუწყებელმა მოხერხებულობით სხვადასხვა საშუალება გამონახა არაფორმალური ქადაგებისთვის
[ჩარჩო 5 გვერდზე]
რჩევები საუბრის დასაწყებად
◼ ილოცე, რომ საუბრის დაწყება შეძლო
◼ შეარჩიე ისეთი ხალხი, ვისაც მეგობრული გამომეტყველება აქვს და არსად ეჩქარება
◼ დაამყარე მხედველობითი კონტაქტი, გაიღიმე და თქვი რაიმე, რაც ორივესთვის საინტერესო იქნება
◼ კარგად მოუსმინე
[ჩარჩო 6 გვერდზე]
არაფორმალური ქადაგების შედეგები!
• სანამ ერთ ძმას სახელოსნოში მანქანას უკეთებდნენ, ის გარშემომყოფებს უქადაგებდა და კონგრესზე საჯარო მოხსენების მოსასმენად მოსაწვევებს ურიგებდა. ერთი წლის შემდეგ კონგრესზე მასთან მივიდა პიროვნება და თბილად მიესალმა. ძმამ ის ვერ იცნო. ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ერთი წლის წინ მანქანების სახელოსნოსთან მოსაწვევი მისცა! ეს მამაკაცი დაესწრო საჯარო მოხსენებას, შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ახლა უკვე ცოლთან ერთად მონათლული იყო.
• ერთი და, რომელმაც არაფორმალურად ქადაგების შედეგად გაიგო ჭეშმარიტება, განსაკუთრებულ ტერიტორიად მიიჩნევს იმ ადგილს, სადაც თავისი სამი შვილის მეშვეობით ხვდება ხალხს. ის უქადაგებს მეზობლებს და მშობლებს, რომელთაც სკოლაში მშობელთა კრებებზე ხვდება. როდესაც თავს აცნობს მათ, ის უბრალოდ, მაგრამ გულშიჩამწვდომად ამბობს, რომ ბიბლია დიდ დახმარებას უწევს შვილების აღზრდაში და შემდეგ სხვა საკითხზე საუბარს იწყებს. მაგრამ, როცა მათთან ახლო ურთიერთობაში შედის, მისთვის ადვილია შემდგომი შეხვედრების დროს ბიბლიის გამოყენება. ამ მეთოდით ის 12 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებასა და მონათვლაში.
• როდესაც ერთ დას სადაზღვევო კომპანიის აგენტმა მიაკითხა, მან გადაწყვიტა, ხელიდან არ გაეშვა ქადაგების შესაძლებლობა. დამ ჰკითხა, სურდა თუ არა მას, გარანტირებული ჰქონოდა კარგი ჯანმრთელობა, ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე. მამაკაცს სურდა ასეთი გარანტიის მიღება და დაინტერესდა, რა სახის დაზღვევაზე ელაპარაკებოდა ის. დამ ბიბლიური იმედი გაუზიარა და შესთავაზა პუბლიკაცია, რომელიც ამ მამაკაცმა ერთი საღამოს განმავლობაში წაიკითხა. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება და მოგვიანებით მოინათლა.
• თვითმფრინავით მგზავრობისას ერთმა დამ გვერდით მჯდომ ქალბატონთან დაიწყო საუბარი; მას ქადაგების შესაძლებლობა მიეცა. როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, დამ ქალბატონს თავისი მისამართი და ტელეფონის ნომერი მისცა და აღძრა, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო, როცა იეჰოვას მოწმეები მიაკითხავდნენ. მომდევნო დღეს ამ ქალბატონის კართან ორი მოწმე მივიდა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სწრაფად წაიწია სულიერად, მოინათლა და მალე უკვე თვითონ ატარებდა ბიბლიის სამ შესწავლას.
• 100 წლის უსინათლო ძმა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, ხშირად იმეორებს: „ჩვენ გვჭირდება სამეფო“. მომვლელებსა და პაციენტებს კითხვა გაუჩნდათ, რა იყო ეს სამეფო და ძმას შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა მათთვის. ერთმა ქალმა, რომელიც იქ მუშაობს, ჰკითხა მას, რას გააკეთებდა სამოთხეში. ძმამ უპასუხა: „კვლავ დავინახავ და გავივლი, ჩემს ინვალიდის ეტლს კი დავწვავ“. ვინაიდან ეს ძმა უსინათლოა, ამ ქალს სთხოვს, ჟურნალები წაუკითხოს. ერთხელ, როცა ეს ძმა შვილმა მოინახულა, ამ ქალმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა ჟურნალების სახლში წაღება. მომვლელმა ამ ძმის შვილს უთხრა: «მოხუცებულთა თავშესაფარში ახალი გამოთქმა გვაქვს: „ჩვენ გვჭირდება სამეფო“».
• ერთმა დამ, რომელიც რესტორანში რიგში იდგა, გაიგონა იქვე მსხდომი ასაკოვანი მამაკაცების საუბარი, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობდნენ. ერთი მათგანი ამბობდა, რომ მთავრობას არ შეეძლო ადამიანის პრობლემების გადაჭრა. დამ გაიფიქრა, რომ ეს შესაძლებლობა ქადაგებისთვის უნდა გამოეყენებინა. მან გულში მოკლედ ილოცა და მათთან მივიდა. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ, მან უთხრა, რომ ღვთის სამეფოს შეეძლო კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა და შესთავაზა ბროშურა, რომელიც ხელთ ჰქონდა. ამ დროს მათთან რესტორნის მენეჯერი მივიდა. დას ეგონა, რომ ის იქაურობის დატოვებას სთხოვდა, მაგრამ მენეჯერმა უთხრა, რომ მოისმინა მისი საუბარი და მასაც სურდა ბროშურა. ერთი თანამშრომელი, რომელიც მათ საუბარს ისმენდა, თვალცრემლიანი მიუახლოვდა მათ; ადრე ის ბიბლიას სწავლობდა და ახლა შესწავლის განახლება სურდა.