საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 აგვისტო გვ. 26-31
  • უხუცესებო, დაეხმარეთ მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უხუცესებო, დაეხმარეთ მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „ᲐᲠ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲘ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲝᲠᲘᲡ“
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲐᲜ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲐᲦᲐᲠᲐᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔ
  • ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ
  • ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ
  • უხუცესებო, გამოავლინეთ სიყვარული და გულმოწყალება შემცოდველების მიმართ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • რა შემთხვევაში ექნება კრებას იეჰოვას მსგავსი დამოკიდებულება შემცოდველის მიმართ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • აქვთ იეჰოვას მოწმეებს ურთიერთობა მათთან ვინც აღარ მიეკუთვნება მათ რელიგიას?
    ხშირად დასმული კითხვები
  • მიმართეთ უხუცესებს დახმარებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 აგვისტო გვ. 26-31

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 35

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

უხუცესებო, დაეხმარეთ მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე!

„ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო დიდი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე 99 მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ᲚᲣᲙ. 15:7).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რატომ შეიძლება უხუცესებმა არ მისცენ ვინმეს კრებაში დარჩენის უფლება. იმასაც გავიგებთ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს, დაეხმარონ ასეთებს მონანიებასა და იეჰოვასთან დაბრუნებაში.

1, 2. ა) რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც არ ინანიებს და აგრძელებს ცოდვის ჩადენას? ბ) რის იმედს არ კარგავს იეჰოვა?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ სძულს ცოდვა (ფსალმ. 5:4–6). ის მოელის, რომ პატივს ვცემთ მის სამართლიან ნორმებს, რომლებსაც თავისი სიტყვის მეშვეობით გვაცნობს. რა თქმა უნდა, იეჰოვას ესმის, რომ არასრულყოფილი ადამიანები ყველაფრის სრულყოფილად გათვალისწინებას ვერ შევძლებთ (ფსალმ. 130:3, 4). თუმცა ბიბლია მოიხსენიებს უღვთო კაცებს, რომლებიც „ღვთიური წყალობით ამართლებენ თავაშვებულობას“ და ჩანს, რომ ასეთი ადამიანების მიმართ ღმერთს შემწყნარებლური დამოკიდებულება არ აქვს (იუდ. 4). მეტიც, ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა უღვთოებს არმაგედონის დროს გაანადგურებს (2 პეტ. 3:7; გამოცხ. 16:16).

2 მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას არავის განადგურება არ სურს. როგორც ამ სტატიათა სერიიდან დავინახეთ, ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვას სურს, „ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). სწორედ ამიტომ უხუცესები ცდილობენ, მას მიჰბაძონ და მოთმინებით მოეკიდონ შემცოდველს, რათა მონანიებასა და იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმარონ. თუმცა მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად შეიძლება ყველამ არ მოინანიოს (ეს. 6:9). ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ ეს ძმები?

„ᲐᲠ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲘ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲝᲠᲘᲡ“

3. ა) რა მითითებაა ჩაწერილი ბიბლიაში მოუნანიებელ შემცოდველებთან დაკავშირებით? ბ) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანი თავად ირჩევს კრების დატოვებას?

3 როცა შემცოდველი არ ინანიებს, უხუცესებს ისღა რჩებათ, რომ მიჰყვნენ 1 კორინთელების 5:13-ში ჩაწერილ მითითებას: „არ დატოვოთ ბოროტები თქვენ შორის“. სინამდვილეში, შემცოდველმაც კარგად იცის, რომ თუ არ მოინანიებს, კრებაში ვერ დარჩება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის თავად აკეთებს ამ არჩევანს, ანუ იმას იმკის, რასაც თესავს (გალ. 6:7). რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ უხუცესების არაერთი მცდელობის მიუხედავად მან არ გადადგა მონანიებისკენ საჭირო ნაბიჯები (2 მეფ. 17:12–15). თავისი საქციელით ის აჩვენებს, რომ არ სურს იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება (კან. 30:19, 20).

4. რატომ კეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ ვინმეს არ მისცეს კრებაში დარჩენის უფლება?

4 როცა ადამიანი არ ინანიებს და უხუცესები მას კრებაში დარჩენის უფლებას არ აძლევენ, განცხადება კეთდება, რომ ის აღარ არის იეჰოვას მოწმე.a რა თქმა უნდა, ამ განცხადების მიზანი შემცოდველის დამცირება არაა. უბრალოდ სხვა შემთხვევაში და-ძმები ვერ შეძლებენ ბიბლიური მითითების გათვალისწინებას, რომ აღარ იქონიონ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა და მასთან ერთად არც კი ჭამონ (1 კორ. 5:9–11). იეჰოვას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი აქვს ამ მითითების მოსაცემად. როგორც პავლემ დაწერა, „მცირეოდენი საფუარიც კი მთელ ცომს აფუებს“ (1 კორ. 5:6). ასეა, თუ მოუნანიებელი შემცოდველი კრებაში დარჩება, ზოგმა შეიძლება ვეღარ დაინახოს იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრების აუცილებლობა (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33).

5. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვისაც არ მისცეს კრებაში დარჩენის უფლება? ახსენით.

5 რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვისაც არ მისცეს კრებაში დარჩენის უფლება? მართალია, გვესმის, რომ ის „დაკარგული ცხვარია“ და ამის გამო მასთან ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყველა იმედი დაკარგული არ არის. ფარას ჩამოშორებული ცხვარი შეიძლება უკან დაბრუნდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანს იეჰოვასთვის თავი აქვს მიძღვნილი. მართალია, დღეს ის აღარ ცხოვრობს მიძღვნის აღთქმის თანახმად და თავს საფრთხეში იგდებს, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ იეჰოვამ მის მიმართ გულმოწყალება გამოიჩინოს, მისი დაბრუნების იმედი არსებობს (ეზეკ. 18:31). ამიტომ ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს ასეთი ადამიანის დასახმარებლად.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲐᲜ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲐᲦᲐᲠᲐᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔ

6. რა ნაბიჯებს დგამენ უხუცესები მოუნანიებელი შემცოდველის დასახმარებლად?

6 რა თქმა უნდა, უხუცესები არ შეწყვეტენ მოუნანიებელი შემცოდველის დახმარებას. როცა კომიტეტი მას შეატყობინებს, რომ ის კრებაში ვერ დარჩება, იმასაც აუხსნის, რა უნდა გააკეთოს უკან დასაბრუნებლად. თუმცა უხუცესები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან. უმეტეს შემთხვევაში ისინი მას ეტყვიან, რომ თუ სურვილი ექნება, რამდენიმე თვეში კვლავ შეხვდებიან. ამ შეხვედრის მიზანია, უხუცესებმა დაინახონ, ხომ არ შეიცვალა ამ ადამიანმა დამოკიდებულება. ისინი მას მოუწოდებენ მონანიებისა და უკან დაბრუნებისკენ. მაგრამ თუ დაინახავენ, რომ შემცოდველი კვლავაც არ ინანიებს, პერიოდულად კიდევ დაგეგმავენ მასთან ასეთ შეხვედრებს.

7. როგორ უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა იეჰოვას? (იერემია 3:12).

7 უხუცესები ცდილობენ, თანამგრძნობ ღმერთს მიჰბაძონ მასთან ურთიერთობის დროს, ვისაც კრებაში დარჩენის უფლება არ მიეცა. მაგალითად, იეჰოვა არ ელოდებოდა, როდის მოინანიებდა ისრაელი და თავად დგამდა პირველ ნაბიჯს. ის ჯერ კიდევ მაშინ უგზავნიდა წინასწარმეტყველებს, როცა მონანიების არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. როგორც ამ ჟურნალის მეორე სტატიაში იყო აღნიშნული, იეჰოვამ წინასწარმეტყველ ოსიას უთხრა, რომ ცოლს მაშინ შერიგებოდა, როცა ის ჯერ კიდევ სცოდავდა. ამ მითითების მიზანი ის იყო, რომ იეჰოვას თავისი თანაგრძნობა ეჩვენებინა (ოს. 3:1; მალ. 3:7). უხუცესებიც იეჰოვას ჰბაძავენ და გულწრფელად სურთ, შემცოდველს დაბრუნებაში დაეხმარონ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გაუადვილონ მას ეს პროცესი (წაიკითხეთ იერემიას 3:12).

8. როგორ ჩანს იეჰოვას თანაგრძნობა და გულმოწყალება იგავიდან გზასაცდენილ შვილზე? (ლუკა 15:7).

8 გავიხსენოთ იგავი გზასაცდენილ შვილზე, რომელიც ამ ჟურნალის მეორე სტატიაში განვიხილეთ. როგორც კი მამამ თვალი მოჰკრა სახლისკენ მიმავალ შვილს, „გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა“ (ლუკ. 15:20). შენიშნეთ, მამა იმას არ დალოდებია, რომ შვილს ეთხოვა პატიება?! თავად გადადგა პირველი ნაბიჯი, როგორც ამას ყველა მოსიყვარულე მამა გააკეთებდა. ამ იგავიდან კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც გზას ასცდა. უხუცესებიც ცდილობენ, მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეთ. მათ დიდი სურვილი აქვთ, „დაკარგული ცხვარი“ შინ დააბრუნონ (ლუკ. 15:22–24, 32). როცა შემცოდველი კრებაში ბრუნდება, ყველგან დიდი სიხარულია – ზეცაშიც და დედამიწაზეც (წაიკითხეთ ლუკას 15:7).

9. რა სურს იეჰოვას?

9 როგორც დავინახეთ, მოუნანიებელ შემცოდველს იეჰოვა ვერ მისცემს კრებაში დარჩენის უფლებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკან დასაბრუნებელ გზას უჭრის. პირიქით, მას დიდი სურვილი აქვს, დაუბრუნდნენ. ოსიას 14:4-დან კარგად ჩანს, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ვინმე ჩადენილ ცოდვას ინანიებს: „განვკურნავ მათ ორგულობას. ჩემი ნებით შევიყვარებ მათ, რადგან დაცხრა ჩემი რისხვა“. იმის ცოდნა, თუ რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მომნანიებელი შემცოდველის მიმართ, უხუცესებს აღძრავთ, მონანიების პატარა ნიშანიც კი არ გამორჩეთ მხედველობიდან. იეჰოვას ასეთი თბილი დამოკიდებულება, თავის მხრივ, შემცოდველებსაც უბიძგებს, კრებაში დაბრუნება სამომავლოდ არ გადადონ და მალევე გადადგან საჭირო ნაბიჯები.

10, 11. როგორ უნდა დაეხმარონ უხუცესები მათ, ვინც წლებია აღარაა იეჰოვას მოწმე?

10 როგორ უნდა დაეხმარონ უხუცესები მათ, ვინც წლებია აღარაა იეჰოვას მოწმე? ზოგმა შეიძლება შეწყვიტა იმის კეთება, რის გამოც არ დატოვეს კრებაში, ზოგს კი შეიძლება აღარც კი ახსოვს ამის მიზეზი. რამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული, უხუცესებმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოძებნონ ის და მოინახულონ. შეხვედრის დროს მათ შეუძლიათ მასთან ერთად ილოცონ და თბილად მოუწოდონ კრებაში დაბრუნებისკენ. თუ ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩამოშორებული კრებას, ეჭვგარეშეა, ის სულიერად მოსუსტებული იქნება. ასე რომ, თუ თანახმაა, უხუცესებს შეუძლიათ მასთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას გაუწიონ ორგანიზება მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კრებაში არ აღმდგარა. ნებისმიერ შემთხვევაში უხუცესების გადასაწყვეტია, ჩაუტარდება თუ არა მას ბიბლიის შესწავლა და ვინ ჩაუტარებს.

11 უხუცესები თანამგრძნობ მამას ჰბაძავენ. ამიტომ ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ ასეთ ადამიანებთან დასაკავშირებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა მათ დაბრუნებას ელის. როგორც კი შემცოდველი მოინანიებს და შეიცვლის არასწორი ცხოვრების წესს, ის დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს კრებაში (2 კორ. 2:6–8).

12. ა) რა შემთხვევებში უნდა იფრთხილონ უხუცესებმა? ბ) რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგიერთი ცოდვის შემთხვევაში იეჰოვა არ გამოავლენს შემცოდველის მიმართ გულმოწყალებას? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

12 არის შემთხვევები, როცა უხუცესებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, სანამ ვინმეს კრებაში აღადგენენ. მაგალითად, როცა საქმე ეხება ბავშვზე ძალადობას, განდგომილებას ან ქორწინებისგან თავის დაღწევის მიზნით ვერაგულ საქციელს, უხუცესები ბოლომდე უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ადამიანი ნამდვილად ინანიებს (მალ. 2:14; 2 ტიმ. 3:6). მათი ვალია, დაიცვან სამწყსო. თუმცა როგორი მძიმე ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა უკან მიიღებს მას, თუ ის გულწრფელად მოინანიებს და შეწყვეტს არასწორად მოქცევას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უხუცესები სიფრთხილეს გამოიჩენენ მათთან, ვინც სხვებს ვერაგულად მოექცა, მაგრამ არ დაასკვნიან, რომ იეჰოვა არასდროს გამოავლენს გულმოწყალებას ზოგიერთი შემცოდველის მიმართb (1 პეტ. 2:10).

ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ

13. როგორ უნდა მოვექცეთ მას, ვინც შეგონება მიიღო, და მას, ვისაც კრებაში დარჩენის უფლებას არ აძლევენ?

13 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ზოგჯერ შეიძლება კრებაში ვინმეს შეგონების შესახებ განცხადება მოვისმინოთ. ამ შემთხვევაში მასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ვაგრძელებთ, რადგან ის ინანიებს და იცვლის ცხოვრების წესს (1 ტიმ. 5:20). ის ისევ იეჰოვას მოწმეა და თანამორწმუნეების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რომ კვლავაც სწორად მოიქცეს (ებრ. 10:24, 25). თუმცა საქმე სხვაგვარადაა, როცა ვინმეს კრებაში დარჩენის უფლებას არ აძლევენ. ამ დროს ვწყვეტთ მასთან ურთიერთობას და მასთან ერთად არც კი ვჭამთ (1 კორ. 5:11).

14. რა შეიძლება გადაწყვიტოს ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 ნიშნავს ზემოთქმული იმას, რომ არ შეგვიძლია კრებაზე დავპატიჟოთ ის, ვისაც კრებაში დარჩენის უფლება არ მისცეს, ან კრებაზე მოსულს მივესალმოთ? მაინცდამაინც, არა. მართალია, მასთან ურთიერთობაში არ შევალთ, მაგრამ ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ, მაგალითად, ნათესავი ან ძველი მეგობარი კრების შეხვედრაზე დავპატიჟოთ. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ კრების შეხვედრაზე? წარსულში ჩვენ გამარჯობას არ ვეტყოდით მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე. თუმცა ახლა თითოეულმა ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ასეთ ადამიანს მიესალმოს და თბილად შეხვდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუბარს გავაბამთ ან მასთან თავისუფალ დროს გავატარებთ.

ფოტოკოლაჟი: 1) ერთი და ურეკავს გარიცხულს და კრების შეხვედრაზე ეპატიჟება; 2) ის და მისი ქმარი კრებაზე მისულ გარიცხულს თბილად ესალმებიან.

თითოეულმა ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, მიესალმება და თბილად შეხვდება თუ არა კრებაზე მას, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე (იხილეთ აბზაცი 14).


15. ვისზე მიდის საუბარი 2 იოანეს 9–11-ში? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ეწინააღმდეგება ერთმანეთს იოანესა და პავლეს მითითებები?“).

15 ზოგს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს შემდეგი მითითების გამო: „ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება“ (წაიკითხეთ 2 იოანეს 9–11). თუმცა კონტექსტიდან ჩანს, რომ აქ იგულისხმებიან განდგომილები და ისინი, ვინც მიზანმიმართულად ცდილობენ სხვების ცუდ ზეგავლენაში მოქცევას (გამოცხ. 2:20). ამიტომ უხუცესები მათთან შეხვედრას არ დაგეგმავენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანიც შეიძლება გონს მოეგოს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ჩვენ არც მივესალმებით მას და არც კრების შეხვედრაზე დავპატიჟებთ.

ეწინააღმდეგება ერთმანეთს იოანესა და პავლეს მითითებები?

მოციქულმა იოანემ თავის მეორე წერილში დაწერა: „თუ ვინმე მოდის თქვენთან და ამ მოძღვრებას არ გიქადაგებთ, ნურც სახლში მიიღებთ და ნურც მიესალმებით, რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება“ (2 იოან. 10, 11).

1 კორინთელების 5:11-ში პავლეს ნათქვამი ჰქონდა, რომ ქრისტიანებს აღარ უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა მასთან, ვინც კრებაში არ დატოვეს. იოანეც ამ კატეგორიის ადამიანებს გულისხმობდა, როცა თქვა, რომ ქრისტიანები მას არ უნდა მისალმებოდნენ? ერთსა და იმავე ტიპის შემცოდველს გულისხმობდნენ იოანე და პავლე? აშკარაა, რომ არა.

პავლეს სიტყვები ეხებოდა მამაკაცს, რომელიც სექსუალურ უზნეობას სჩადიოდა. იოანემ კი, რომელმაც თავისი წერილი დაახლოებით 43 წლის შემდეგ დაწერა, განდგომილები იგულისხმა. ეს ადამიანები ცრუ მოძღვრებებს ავრცელებდნენ და სხვების ცუდ ზეგავლენაში მოქცევას ცდილობდნენ. მაგალითად, ამბობდნენ, რომ იესო არ იყო ქრისტე (1 იოან. 2:22; 4:2, 3).

იმ პერიოდში, როცა მოციქულმა იოანემ თავისი წერილი დაწერა, კრებაში განდგომილებას ჰქონდა ფეხი მოკიდებული. მართალია, მან იცოდა, რომ ამის შეჩერება შეუძლებელი იყო, მაგრამ სურდა, სანამ შეძლებდა, კრებაში განდგომილება შეეკავებინა (2 თეს. 2:7).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იოანეს სიტყვები ერთგვარი გაფრთხილება იყო ქრისტიანებისთვის, რომ შეცდომაში არ შეეყვანათ ცრუ მასწავლებლებს. ამიტომაც უთხრა მათ, რომ ასეთები არც სახლში მიეღოთ და არც მისალმებოდნენ. თუ ქრისტიანი განდგომილს მიესალმებოდა, ამით მას, ფაქტობრივად, იმის შესაძლებლობას მისცემდა, რომ ცრუ მოძღვრებები მისთვის თავს მოეხვია. ამგვარად, ის „მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე“ გახდებოდა. დღესაც შეიძლება იგივე მოხდეს, თუ ქრისტიანი განდგომილების ვებსაიტებზე ან სოციალურ მედიაში მათ ვებგვერდებზე კომენტარებს დატოვებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1 კორინთელების მე-5 თავში პავლე განდგომილებზე კი არა, ერთ კაცზე საუბრობდა, რომელმაც სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. როგორც ჩანს, ეს კაცი არავის მოუწოდებდა, რომ მათაც დაერღვიათ ღვთის ნორმები (შეადარეთ გამოცხადების 2:20). აქედან გამომდინარე, პავლემ კრებას მხოლოდ ის უთხრა, რომ შეეწყვიტათ ურთიერთობა და აღარ ეჭამათ მასთან ერთად. მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ კორინთელი ქრისტიანები არ უნდა მისალმებოდნენ ამ კაცს.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

16, 17. ა) რისი სურვილი აქვს იეჰოვას? (ეზეკიელი 18:32). ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, იეჰოვასთან ითანამშრომლონ შემცოდველის დახმარების დროს?

16 რა დაგვანახვა ამ სტატიათა სერიამ? იეჰოვას არავის დაღუპვა არ სურს (წაიკითხეთ ეზეკიელის 18:32). მას უნდა, რომ შემცოდველები დაუბრუნდნენ (2 კორ. 5:20). ამიტომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის მოუწოდებდა თავის გზასაცდენილ მსახურებს, რომ მოენანიებინათ და დაბრუნებოდნენ მას. დღეს უხუცესებს პატივი აქვთ, ამ საქმეში იეჰოვასთან ითანამშრომლონ და შემცოდველი მონანიებისკენ აღძრან (რომ. 2:4; 1 კორ. 3:9).

17 წარმოიდგინეთ, როგორი სიხარულია ზეცაში, როცა შემცოდველი ინანიებს. „დაკარგული ცხვარი“ კრებაში რომ ბრუნდება, ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა უზომოდ ხარობს. ასე რომ, კარგი იქნება, ყოველთვის ვიფიქროთ მის თანაგრძნობასა და გულმოწყალებაზე, რაც კიდევ უფრო შეგაყვარებს მას (ლუკ. 1:78).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ შეიძლება არ მისცენ უხუცესებმა ვინმეს კრებაში დარჩენის უფლება?

  • როგორ ცდილობენ უხუცესები იეჰოვას მსგავსად თანაგრძნობის გამოვლენას?

  • რა შეიძლება გადაწყვიტოს ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

a ამიერიდან აღარ გამოვიყენებთ ტერმინს „გარიცხული“. 1 კორინთელების 5:13-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან გამომდინარე, უბრალოდ ვიტყვით, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებაში არ დატოვეს.

b როცა ბიბლია მიუტევებელ ცოდვაზე საუბრობს, რომელიმე კონკრეტულ ცოდვას არ გულისხმობს. ცოდვას მიუტევებელს ხდის ადამიანის დამოკიდებულება, როცა მას გული აქვს გაქვავებული და მუდმივად ღვთის წინააღმდეგ მიდის. თუმცა მიუტევებელია თუ არა ცოდვა, ეს ჩვენი განსასჯელი არაა. ამას მხოლოდ იეჰოვა და იესო შეაფასებენ (მარ. 3:29; ებრ. 10:26, 27).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება