საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 მარტი გვ. 14-19
  • იესოსავით გულმოდგინედ იქადაგეთ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესოსავით გულმოდგინედ იქადაგეთ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲘᲔᲡᲝ ᲤᲝᲙᲣᲡᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲧᲝ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲖᲔ
  • ᲘᲔᲡᲝ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲮᲕᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐᲡ
  • ᲘᲔᲡᲝᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ
  • ᲘᲔᲡᲝᲡ ᲐᲠ ᲓᲐᲣᲙᲐᲠᲒᲐᲕᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ
  • როგორ ვიქადაგოთ მეტი სიხარულით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • იქადაგეთ სიყვარულით აღძრულებმა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მიიღეთ პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე
    2025-2026 წლის კონგრესის პროგრამა – ფილიალის წარმომადგენელთან ერთად
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 მარტი გვ. 14-19

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 11

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან

იესოსავით გულმოდგინედ იქადაგეთ

„უფალმა . . . ორ-ორად გაგზავნა [მოწაფეები] ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც თავადაც აპირებდა წასვლას“ (ᲚᲣᲙ. 10:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება იესოს მაგალითი, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ.

1. რით გამოირჩევა იეჰოვას ხალხი?

ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗᲘ, რითაც იეჰოვას ხალხი სხვა რელიგიებისგან გამოვირჩევით, ისაა, რომ მთელი ენთუზიაზმით, გულმოდგინედ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას (ტიტ. 2:14). თუმცა სამქადაგებლო საქმეში ენთუზიაზმის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. ერთი უხუცესი გულწრფელად აღიარებს: „ზოგჯერ საერთოდ არ მინდა ქადაგება“. მსგავსი გრძნობები შესაძლოა თქვენც გაგჩენიათ.

2. რა მიზეზების გამო შეიძლება გაგვიჭირდეს გულმოდგინედ ქადაგება?

2 ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქადაგებაზე მეტად სხვა სახის მსახურება უფრო მეტ სიხარულს გვანიჭებს. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ასეთ დროს ჩვენი შრომის შედეგებს მალევე ვხედავთ, მაგალითად, როცა სამშენებლო პროექტებში ვმონაწილეობთ, დაზარალებულ და-ძმებს ვეხმარებით ან თანაქრისტიანებს ვამხნევებთ. თანაც და-ძმებთან მშვიდ და სასიამოვნო გარემოში თანამშრომლობა გვსიამოვნებს. იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებთ, თანაქრისტიანები გვიფასებენ. თუმცა, როცა საქმე ქადაგებაზე მიდგება, შეიძლება სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. შეიძლება უკვე წლებია, ერთ ტერიტორიაზე ვქადაგებთ, მაგრამ უმეტესობა არ გვისმენს და გვეუხეშებიან კიდეც. ისიც ვიცით, რომ აღსასრულის მოახლოებასთან ერთად წინააღმდეგობაც მოიმატებს (მათ. 10:22). ამ ყველაფრის ფონზე რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი და უფრო გულმოდგინედ ვიქადაგოთ?

3. რას ვიგებთ იესოს შესახებ ლუკას 13:6–9-ში ჩაწერილი იგავიდან?

3 სამქადაგებლო საქმეში გულმოდგინების კარგი მაგალითი იესომ მოგვცა. დედამიწაზე მსახურების პერიოდში მას ერთი წუთითაც არ განელებია ენთუზიაზმი. მეტიც, დროის სვლასთან ერთად უფრო მეტ გულმოდგინებას იჩენდა (წაიკითხეთ ლუკას 13:6–9). მსახურებისადმი მისი დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა იგავიდან, რომელიც მან მევენახეზე მოიყვანა. მევენახე სამი წელი უვლიდა ლეღვის ხეს, რომ ნაყოფი მიეღო, მაგრამ უშედეგოდ. იესოც დაახლოებით სამი წელი უქადაგებდა ებრაელებს, მაგრამ უმეტესობამ ყური არ ათხოვა მას. თუმცა როგორც მევენახეს არ დაუკარგავს იმედი, რომ ერთ დღესაც ლეღვის ხე ნაყოფს გამოიღებდა, იესოსაც არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ზოგიერთები მაინც გამოეხმაურებოდნენ მის ქადაგებას. ის სულ უფრო მეტი შემართებით ქადაგებდა და ცდილობდა ხალხის დახმარებას.

4. რას დაგვანახებს იესოს მაგალითის განხილვა?

4 ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ იჩენდა იესო გულმოდგინებას, განსაკუთრებით მსახურების ბოლო პერიოდში. მის მაგალითზე დაფიქრება ჩვენც დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი და გულმოდგინება სამქადაგებლო საქმეში. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ოთხ ფაქტორზე, რომლებიც მას გულმოდგინედ მსახურებაში ეხმარებოდა: 1) მისთვის იეჰოვას ნების შესრულება უმთავრესი იყო, 2) იცოდა წინასწარმეტყველებები და კარგად ხვდებოდა მათ მნიშვნელობას, 3) იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და 4) იმედს არ კარგავდა, რომ მისი ქადაგება შედეგს გამოიღებდა.

ᲘᲔᲡᲝ ᲤᲝᲙᲣᲡᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲧᲝ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲖᲔ

5. საიდან გამოჩნდა, რომ იესოსთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იყო?

5 იესო გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ესმოდა, რომ ამისთვის იყო გამოგზავნილი (ლუკ. 4:43). შესაბამისად, მთელი ყურადღება ამ საქმეზე ჰქონდა გადატანილი. ეს ასე იყო მისი დედამიწაზე მსახურების ბოლო პერიოდშიც. ის კვლავაც აგრძელებდა სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებასა და სწავლებას (ლუკ. 13:22). ამასთანავე, იესო ამ საქმის შესასრულებლად მოწაფეებსაც ამზადებდა (ლუკ. 10:1).

6. რა კავშირია სამქადაგებლო საქმესა და სხვა თეოკრატიულ დავალებებს შორის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 იეჰოვა და იესო მოელიან, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენთვისაც უმთავრესი საქმე იქნება (მათ. 24:14; 28:19, 20). ეს ასე უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა თეოკრატიულ საქმეებში ვართ ჩაბმული. მაგალითად, თუ სამშენებლო პროექტებში ვმონაწილეობთ ან ბეთელში ვმსახურობთ, ჩვენი საქმიანობა ისევ და ისევ სამქადაგებლო საქმის მხარდაჭერას ემსახურება. ან თუ დაზარალებულ და-ძმებს ვეხმარებით, მხოლოდ მათ ფიზიკურ საჭიროებებზე კი არ ვზრუნავთ, არამედ იმაშიც ვუწყობთ ხელს, რომ მალევე განაახლონ კრების შეხვედრებზე დასწრება თუ ქადაგება. თუ გააზრებული გვექნება, რომ იეჰოვას სურს, ქადაგება ჩვენთვის უმთავრესი საქმე იყოს, რეგულარულად ვიქადაგებთ. ერთი უნგრელი უხუცესი, იანოში, ამბობს: „ჩემს თავს სულ ვახსენებ, რომ ქადაგებას ვერცერთი სხვა თეოკრატიული საქმე ვერ ჩაანაცვლებს. ეს ჩვენი უმთავრესი დავალებაა“.

ფოტოკოლაჟი: 1) ძმა თეოკრატიულ სამშენებლო პროექტში მონაწილეობს; 2) სხვა ძმა ბეთელს დისტანციურად ეხმარება; 3) ორივე ძმა ერთად ქადაგებს.

იეჰოვა და იესო მოელიან, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენთვის უმთავრესი საქმე იქნება (იხილეთ აბზაცი 6).


7. რატომ უნდა იეჰოვას, რომ კვლავაც ვიქადაგოთ? (1 ტიმოთე 2:3, 4).

7 ენთუზიაზმი რომ არ გაგვინელდეს, იეჰოვას თვალით უნდა შევხედოთ ადამიანებს. მას სურს, რაც შეიძლება მეტმა გაიგოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა და მისი მსახური გახდეს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3, 4). ამიტომ იეჰოვა გვასწავლის, როგორ გავუმჯობესდეთ მსახურებაში. მაგალითად, ბროშურაში „გიყვარდეთ ადამიანები – მოამზადეთ მოწაფეები“ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გვეხმარება, დავიხვეწოთ საუბრის წამოწყებაში და უფრო ადვილად შევძლოთ ბიბლიის შესწავლების დაწყება. ჩვენს ქადაგებას მაშინვე რომც არ მოჰყვეს შედეგი, რასაც დღეს ხალხს ვეუბნებით, შეიძლება „დიდი გასაჭირის“ დროს გაახსენდეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა ეს ასე ვერ მოხდება, თუ ქადაგებას არ გავაგრძელებთ.

ᲘᲔᲡᲝ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲮᲕᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐᲡ

8. რა მხრივ ეხმარებოდა იესოს წინასწარმეტყველებების ცოდნა?

8 იესომ კარგად იცოდა, რა იყო ნაწინასწარმეტყველები მასზე. მაგალითად ის, რომ მისი მსახურება მხოლოდ სამწელიწად-ნახევარი გასტანდა, რომ აწამებდნენ და მოკლავდნენ (დან. 9:26, 27; ლუკ. 18:31–34). ამ თუ სხვა წინასწარმეტყველებების ცოდნა მას ეხმარებოდა, გონივრულად გამოეყენებინა დრო, გულმოდგინედ ექადაგა და დავალებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.

9. როგორ გვეხმარება წინასწარმეტყველებების ცოდნა, გულმოდგინედ ვიქადაგოთ?

9 იმის ცოდნა, თუ რა არის ნაწინასწარმეტყველები ჩვენს დროზე, აღგვძრავს, გულმოდგინედ ვიქადაგოთ. მაგალითად, ბიბლიიდან ვიცით, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული მალე დადგება. ჩვენ ისიც გავიგეთ, რა მოვლენები უნდა განვითარებულიყო „ბოლო დღეებში“ და როგორი გახდებოდა საზოგადოება. დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსი და რუსეთი და მისი მოკავშირეები, რითაც სრულდება წინასწარმეტყველება სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეების შესახებ (დან. 11:40). გარდა ამისა, ჩვენ გავიგეთ, რომ დანიელის 2:43–45-ში აღწერილი ქანდაკების ტერფებით ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსია წარმოდგენილი. იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ ამავე წინასწარმეტყველების თანახმად, ძალიან მალე ღვთის სამეფო ყველა ხელისუფლებას გაანადგურებს. როცა ამ წინასწარმეტყველებებზე ვფიქრობთ, კარგად ვხვდებით, რა დროში ვცხოვრობთ და ვაცნობიერებთ, რომ დარჩენილი დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და გულმოდგინედ ვიქადაგოთ.

10. როგორ გვეხმარება წინასწარმეტყველებებზე ფიქრი, მეტი ენთუზიაზმით ვიქადაგოთ?

10 ბიბლიური წინასწარმეტყველებები მომავლის იმედსაც გვისახავს. ამიტომ ბუნებრივად გვიჩნდება სურვილი, ეს იმედი სხვებსაც გავუზიაროთ. ერთი და, კერი, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ცხოვრობს, ამბობს: „როცა იეჰოვას დაპირებებზე ვფიქრობ, უფრო მეტად მინდება, სხვებსაც გავაგებინო, როგორი მომავალი გველის. თანაც როცა ვხედავ, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები და რასთან უწევთ გამკლავება, კარგად ვხვდები, როგორ სჭირდებათ მათ ეს იმედი“. ბიბლიური წინასწარმეტყველებები იეჰოვას მხარდაჭერაშიც გვარწმუნებს, რაც ენთუზიაზმს გვმატებს. უნგრეთში მცხოვრები ერთი და, ლეილა, ამბობს: „ესაიას 11:6–9-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მარწმუნებს, რომ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს. ამიტომ ვცდილობ, სასიხარულო ცნობა მათაც კი ვუქადაგო, ვინც მგონია, რომ არ დაინტერესდება“. ზამბიაში მცხოვრები ერთი ძმა, კრისტოფერი, აღნიშნავს: „როგორც მარკოზის 13:10-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში მეც შემაქვს წვლილი“. პირადად თქვენ რომელი წინასწარმეტყველებები გაძლევთ იმის მოტივაციას, რომ არ შეწყვიტოთ ქადაგება?

ᲘᲔᲡᲝᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ

11. რატომ უნდა მინდობოდა იესო იეჰოვას? (ლუკა 12:49, 53).

11 მართალია, იესო ყოველთვის პატივისცემით ესაუბრებოდა ხალხს, მაგრამ იცოდა, რომ სასიხარულო ცნობა მათში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა და წინააღმდეგობასაც შეხვდებოდა (წაიკითხეთ ლუკას 12:49, 53). ქადაგების გამო რელიგიურმა წინამძღოლებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვლა (იოან. 8:59; 10:31, 39). მაგრამ იესოს არ შეუწყვეტია ამ საქმის გულმოდგინედ კეთება, რადგან იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. მან თქვა: „მარტო არ ვარ, ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა . . . მას არ მივუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოან. 8:16, 29).

12. როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, წინააღმდეგობის დროსაც კი არ შეეწყვიტათ ქადაგება?

12 იესო ყოველთვის შეახსენებდა თავის მოწაფეებს, რომ იეჰოვას მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდათ მაშინაც კი, თუ წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ (მათ. 10:18–20; ლუკ. 12:11, 12). თუმცა ის მათ სიფრთხილისკენაც მოუწოდებდა (მათ. 10:16; ლუკ. 10:3). გარდა ამისა, დაარიგა, ძალა არ დაეტანებინათ მათთვის, ვინც სასიხარულო ცნობის მოსმენას არ მოისურვებდა (ლუკ. 10:10, 11). ისიც უთხრა, რომ თუკი დევნას დაუწყებდნენ, გაქცეულიყვნენ (მათ. 10:23). იესომ თავად მისცა მათ მაგალითი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მსგავს სიტუაციებში. მართალია, ის გულმოდგინედ ქადაგებდა და იეჰოვასაც ენდობოდა, მაგრამ უმიზეზოდ თავს საფრთხეში არასდროს იგდებდა (იოან. 11:53, 54).

13. რატომ უნდა გვქონდეს იეჰოვას დახმარების იმედი?

13 იეჰოვას დახმარების გარეშე ვერც ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობის დროს გულმოდგინედ ქადაგებას (გამოცხ. 12:17). მაგრამ რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ასეთ დროს მხარში ამოგვიდგება? დავფიქრდეთ იოანეს მე-17 თავში ჩაწერილ იესოს ლოცვაზე. მან იეჰოვას სთხოვა, რომ დაეცვა მისი მოციქულები. უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ მოციქულებმა იეჰოვას დახმარებით წინააღმდეგობის მიუხედავად გააგრძელეს გულმოდგინედ ქადაგება. აღსანიშნავია, რომ იესომ მხოლოდ მოციქულებზე კი არა, მათზეც ილოცა, ვინც მათ ქადაგებას გამოეხმაურებოდა. გამოდის, რომ იესომ თქვენზეც ილოცა. იეჰოვა დღემდე ითვალისწინებს მის ამ თხოვნას. ამიტომ გჯეროდეთ, ის თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც თავის დროზე მოციქულებს (იოან. 17:11, 15, 20).

14. რა გვარწმუნებს, რომ გულმოდგინედ ქადაგებას რთულ სიტუაციებშიც შევძლებთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 რაც უფრო ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული, შეიძლება ჩვენთვის უფრო რთული გახდეს სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგება. თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა არ დაგვტოვებს დახმარების გარეშე (ლუკ. 21:12–15). იესოსა და მისი მოციქულების მსგავსად არც ჩვენ ვაიძულებთ ხალხს, რომ მოგვისმინონ და არც ბიბლიურ საკითხებზე ვეკამათებით მათ. როგორც პირველ საუკუნეში აძლევდა იეჰოვა ქადაგებისთვის საჭირო ძალას თავის მსახურებს, ჩვენც მოგვცემს იმის ძალას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ქადაგების საქმე (2 ტიმ. 4:17). ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი და-ძმები გულმოდგინედ აგრძელებენ ქადაგებას იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია. ისინი იეჰოვაზე არიან მინდობილნი და არა საკუთარ თავზე. გჯეროდეთ, იეჰოვას დახმარებით თქვენც შეძლებთ, კვლავაც გულმოდგინედ იქადაგოთ.

იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, და-ძმები სიფრთხილეს იჩენენ და ასე აგრძელებენ გულმოდგინედ ქადაგებას (იხილეთ აბზაცი 14).a


ᲘᲔᲡᲝᲡ ᲐᲠ ᲓᲐᲣᲙᲐᲠᲒᲐᲕᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ

15. საიდან ჩანს, რომ იესო დარწმუნებული იყო, მისი ქადაგება შედეგს გამოიღებდა?

15 იესო დარწმუნებული იყო, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთები, ვინც სასიხარულო ცნობას მოისმენდა. ეს კი ენთუზიაზმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ახ. წ. 30 წლის მიწურულს უკვე ნათელი იყო, რომ მის ქადაგებას შედეგი მოჰქონდა. ამიტომაც თქვა, რომ ყანები გადათეთრებული იყო მოსამკელად (იოან. 4:35). დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს ასეთი სიტყვები უთხრა: „სამკალი ბევრია“ (მათ. 9:37, 38). მოგვიანებით კიდევ გაიმეორა იგივე და დასძინა: „ევედრეთ სამკლის ბატონს, რომ მომკელები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2). ასე რომ, იესოს არასდროს დაუკარგავს იმის იმედი, რომ ხალხი გამოეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, და როცა დადებით შედეგს ხედავდა, დიდად ხარობდა კიდეც (ლუკ. 10:21).

16. რისი დანახება სურდა იესოს მოწაფეებისთვის მაგალითების მეშვეობით? (ლუკა 13:18–21; იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 იესომ თავისი მოწაფეებიც დაარწმუნა, რომ მათი შრომა აუცილებლად გამოიღებდა სასურველ შედეგებს. დადებითი განწყობა მათ ენთუზიაზმს შეანარჩუნებინებდა. თვალსაჩინოებისთვის მან მაგალითი მოუყვანა მდოგვის მარცვალზე და საფუარზე (წაიკითხეთ ლუკას 13:18–21). მდოგვის მარცვალზე მოყვანილი მაგალითით იესომ მათ დაანახა, რომ სასიხარულო ცნობა ძალიან სწრაფად გავრცელდებოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. საფუარის მაგალითით კი იმის თქმა სურდა, რომ ეს ცნობა ფართო მასშტაბებს მიაღწევდა და ბევრს დაეხმარებოდა, მოეხდინა ცვლილებები, თუნდაც ეს თავიდან სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამგვარად იესომ დაარწმუნა მოწაფეები, რომ მათი ქადაგება ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებდა შედეგს.

ორი და სტენდთან მსახურობს ხალხმრავალ ქუჩაში. ბევრი გამვლელი მათ ყურადღებას არ აქცევს.

იესოს მსგავსად ჩვენც გვჯერა, რომ ზოგიერთი მაინც დაინტერესდება სასიხარულო ცნობით (იხილეთ აბზაცი 16).


17. ჩვენ რატომ არ უნდა დავკარგოთ იმედი მსახურებაში?

17 ენთუზიაზმს იმის ცოდნა გვმატებს, რომ დღეს სასიხარულო ცნობას მსოფლიოში ბევრი ეხმაურება. ყოველწლიურად მილიონობით ბიბლიის შესწავლას ვატარებთ და ჩვენთან ერთად მილიონობით დაინტერესებული ესწრება გახსენების საღამოს. გარდა ამისა, ასობით ათასი ადამიანი ინათლება და სამქადაგებლო საქმეში გვიერთდება. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენი გამოეხმაურება სასიხარულო ცნობას და გახდება ღვთის მსახური, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვა „დიდ გასაჭირში“ გადაარჩენს „უამრავ ხალხს“, რომლის შეკრებაც დღეს ხდება (გამოცხ. 7:9, 14). თუკი „სამკლის ბატონი“ ხედავს ზრდის პოტენციალს, ჩვენ რატომღა უნდა გადავიწუროთ იმედი და შევწყვიტოთ ქადაგება?!

18. რა გვინდა, რომ ხალხმა ჩვენში დაინახოს?

18 იესოს მოწაფეები ყოველთვის გულმოდგინე ქადაგებით გამოირჩეოდნენ. პირველ საუკუნეში მოციქულების გაბედულების დანახვაზე ხალხს გაახსენდა, რომ „ისინი იესოსთან იყვნენ ხოლმე“ (საქ. 4:13). გვინდა, მსახურების დროს ხალხმა ჩვენშიც დაინახოს, რომ იესოს გულმოდგინე მოწაფეები ვართ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ქადაგებისადმი და რატომ არის ეს ჩვენთვის სამაგალითო?

  • საიდან გამოჩნდა, რომ იესოს იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და რატომ არის ეს ჩვენთვის სამაგალითო?

  • საიდან გამოჩნდა, რომ იესო არ კარგავდა იმედს და რატომ არის ეს ჩვენთვის სამაგალითო?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 58 ვეძებთ მშვიდობის მეგობრებს

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთი ძმა ბენზინგასამართ სადგურზე ერთ ახალგაზრდას უქადაგებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება