ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 17
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 99 უამრავი და-ძმა
იეჰოვა არასდროს გვტოვებს მარტო
„მე დაგეხმარები“ (ᲔᲡ. 41:10).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ოთხ მხარეზე, რაშიც იეჰოვას მზრუნველობა ჩანს.
1, 2. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ პრობლემების დროს არ ვართ მარტო? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ პრობლემების დროს ზოგჯერ შეიძლება ისეთი განცდა დაგვეუფლოს, რომ მღელვარე ზღვაში ნავით მარტოს გვიწევს გზის გაკვლევა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ხედავს, რა მდგომარეობაში ვართ და გვპირდება, რომ არ დაგვტოვებს მარტო. აი რაში გვარწმუნებს ის თითოეულ ერთგულ მსახურს: „მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10).
2 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა: 1) გვხელმძღვანელობს, 2) ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, 3) გვიცავს და 4) გვანუგეშებს. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ დაგვივიწყებს და არ მიგვატოვებს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲡ
3, 4. როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა? (ფსალმუნი 48:14).
3 წაიკითხეთ ფსალმუნის 48:14. იეჰოვამ იცის, რომ მისი დახმარების გარეშე ვერ წარვმართავთ ჩვენს ნაბიჯებს. ამიტომ თავად გვიწევს ხელმძღვანელობას და ამისთვის თავის სიტყვას იყენებს (ფსალმ. 119:105). ბიბლიის მეშვეობით ის გვეხმარება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და განვივითაროთ მისი მოსაწონი თვისებები. ეს კი ხელს უწყობს ჩვენს ბედნიერებას და მარადიული მომავლის იმედს გვისახავს.a მაგალითად, ღვთის სიტყვიდან ვსწავლობთ, რომ გულში არ ჩავიდოთ წყენა, ვიყოთ ყოველმხრივ პატიოსნები და მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი (ფსალმ. 37:8; ებრ. 13:18; 1 პეტ. 1:22). თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, უკეთესი მშობლები, მეუღლეები და მეგობრები გავხდებით.
4 თავის სიტყვაში იეჰოვამ იმ ადამიანების მაგალითებიც შემოგვინახა, რომლებსაც ჩვენი მსგავსი განსაცდელები და გრძნობები ჰქონდათ (1 კორ. 10:13; იაკ. 5:17). როცა მათ ისტორიებს ვეცნობით და საკუთარ თავს ვუკავშირებთ, ორ რამეს ვიგებთ. ერთი ის, რომ ჩვენ გამონაკლისი არ ვართ და სხვებსაც ჰქონიათ მსგავსი სირთულეები, რომლებსაც წარმატებით გაართვეს თავი (1 პეტ. 5:9). და მეორე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც გავართვათ თავი სირთულეებს (რომ. 15:4).
5. კიდევ როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა?
5 იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობითაც გვიწევს ხელმძღვანელობას.b მაგალითად, სარაიონო ზედამხედველები რეგულარულად ინახულებენ კრებებს, რომ გაგვამხნეონ. მათი მოხსენებები რწმენას გვიძლიერებს და ერთიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება (საქ. 15:40–16:5). კრების უხუცესებიც ყურადღებას იჩენენ თითოეული მაუწყებლის მიმართ (1 პეტ. 5:2, 3). მშობლები ეხმარებიან შვილებს, დაუახლოვდნენ იეჰოვას, განივითარონ სწორი ხედვა და ჩამოიყალიბონ კარგი უნარ-ჩვევები (იგავ. 22:6). მოწიფული ქრისტიანი ქალები კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა დებს, არიგებენ და ამხნევებენ მათ (ტიტ. 2:3–5).
6. რა მოითხოვება ჩვენგან?
6 ფაქტია, იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელმძღვანელობის გარეშე არ დავრჩენილიყავით. მაგრამ ჩვენგან რა მოითხოვება? იგავების 3:5, 6-ში ნათქვამია: „მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“. თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ, ის მოგვისწორებს სავალს, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვარიდებს მრავალ პრობლემას და უფრო ბედნიერებიც ვიქნებით. დაფიქრდით, სად იქნებოდით და როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, იეჰოვა რომ არ გხელმძღვანელობდეთ (ფსალმ. 32:8).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲖᲠᲣᲜᲐᲕᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲚᲔᲑᲔᲑᲖᲔ
7. რაში გვეხმარება იეჰოვა? (ფილიპელები 4:19).
7 წაიკითხეთ ფილიპელების 4:19. იეჰოვა არა მარტო გვხელმძღვანელობს, არამედ იმაშიც გვეხმარება, რომ გვქონდეს ყოველივე აუცილებელი – საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი (მათ. 6:33; 2 თეს. 3:12). ბუნებრივია, გვეფიქრება ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზე, მაგრამ იეჰოვა გვირჩევს, ზედმეტად არ ვიწუხოთ ასეთ საკითხებზე (მათ. 6:25). რატომ არ ღირს ამაზე წუხილი? იმიტომ, რომ ჩვენი ზეციერი მამა არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს გასაჭირში (მათ. 6:8; ებრ. 13:5). უნდა გვჯეროდეს, რომ თუ იეჰოვა რამეს გვპირდება, ის აუცილებლად შეასრულებს თავის პირობას.
8. როგორ ზრუნავდა იეჰოვა დავითზე?
8 გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა დავითს. წლების განმავლობაში ის საულს გაურბოდა და ემალებოდა. ამ რთულ პერიოდშიც კი იეჰოვა ზრუნავდა იმაზე, რომ დავითსა და მის ხალხს ყველაფერი ჰქონოდათ, რაც საარსებოდ სჭირდებოდათ. წლების შემდეგ დავითმა საკუთარი გამოცდილებით თქვა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შვილები – პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმ. 37:25). ალბათ თქვენც არაერთხელ გამხდარხართ იმის მოწმე, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე.
9. როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე სტიქიური უბედურებების დროს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
9 იეჰოვა თავის ხალხზე სტიქიური უბედურებების დროსაც ზრუნავს. მაგალითად, როცა პირველ საუკუნეში იუდეაში შიმშილობა ჩამოვარდა, სხვადასხვა მხარეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა დახმარება გაუგზავნეს იქაურ და-ძმებს (საქ. 11:27–30; რომ. 15:25, 26). ღვთის ხალხი დღესაც ასე იქცევა. ქრისტიანები საკვებით, წყლით, მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს. სამშენებლო ჯგუფები დაზიანებული სახლებისა და თეოკრატიული შენობების აღდგენაზე ზრუნავენ. ამასთანავე, ძმები ცდილობენ, მალევე მოინახულონ ის და-ძმები, რომლებმაც რაიმე სახის დანაკარგი განიცადეს, რათა ანუგეშონ და ღვთის სიტყვით გაამხნეონ.c
როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე სტიქიური უბედურებების დროს? (იხილეთ აბზაცი 9)e
10, 11. რაზე უნდა დაგვაფიქროს ბორისის შემთხვევამ?
10 იეჰოვა მათზეც ზრუნავს, ვინც მას არ ემსახურება. ჩვენც გვინდა, სიკეთე გავუკეთოთ ასეთ ადამიანებს (გალ. 6:10). ამგვარად მათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობას მივცემთ. განვიხილოთ ერთი სკოლის დირექტორის, ბორისის, შემთხვევა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. მართალია, იეჰოვას მოწმე არ არის, მაგრამ ყოველთვის კარგად ექცეოდა იეჰოვას მოწმე მოსწავლეებს. როცა ბორისმა საომარი ზონიდან გაქცევა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა გადაწყვიტა, მას დახმარება ჩვენმა ძმებმა აღმოუჩინეს. მოგვიანებით ბორისი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრო. მან ასეთი სიტყვებით გამოხატა მადლიერება: „მოწმეებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს და იზრუნეს ჩემზე. მათი ძალიან მადლიერი ვარ“.
11 ჩვენი გულმოწყალე ზეციერი მამის მსგავსად გვინდა, დახმარების ხელი გავუწოდოთ გასაჭირში მყოფთ, თუნდაც ისინი არ იყვნენ ჩვენი თანამორწმუნეები (ლუკ. 6:31, 36). იმედი გვაქვს, ჩვენი სიკეთე აღძრავს მათ, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (1 პეტ. 2:12). ასეც რომ არ მოხდეს, სიხარულს მაინც მივიღებთ, რომელიც გაცემას მოაქვს (საქ. 20:35).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲘᲪᲐᲕᲡ
12. რას ჰპირდება იეჰოვა თავის ხალხს? (ფსალმუნი 91:1, 2, 14).
12 წაიკითხეთ ფსალმუნის 91:1, 2, 14. იეჰოვა ჰპირდება თავის ხალხს, რომ სულიერი ზიანისგან დაიცავს. ის არ მისცემს სატანას იმის საშუალებას, რომ შებღალოს წმინდა თაყვანისმცემლობა (იოან. 17:15). „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვა თავისი დაპირებისამებრ არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც დაიცავს თავის ხალხს (გამოცხ. 7:9, 14).
13. როგორ გვიცავს იეჰოვა?
13 როგორ გვიცავს იეჰოვა? ის თავისი სიტყვის მეშვეობით გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ სწორი არასწორისგან (ებრ. 5:14). თუ ღვთიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ხელს შევუწყობთ ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ კეთილდღეობას (ფსალმ. 91:4). იეჰოვა კრების მეშვეობითაც გვიცავს (ეს. 32:1, 2). მათ გვერდით ყოფნა, ვისაც უყვარს იეჰოვა და ცხოვრობს მისი პრინციპებით, გვეხმარება, რომ სახიფათო მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ თავი (იგავ. 13:20).
14. ა) რატომ არ გვიცავს ღმერთი ყველა პრობლემისგან? ბ) რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 9:10? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
14 იეჰოვა წარსულში თავის მსახურებს ზოგჯერ ფიზიკური ზიანისგანაც იცავდა, თუმცა არა ყოველთვის. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული (ეკლ. 9:11). გარდა ამისა, ღვთის მსახურებს რწმენის გამო დევნიდნენ და კლავდნენ კიდეც. იეჰოვამ არ დაიცვა ისინი განსაცდელებისგან, რითაც საშუალება მისცა, სატანა სიცრუეში ემხილებინათ (იობ. 2:4–6; მათ. 23:34). ის დღესაც ამავე პრინციპით მოქმედებს. შეიძლება ყველა პრობლემა არ აგვარიდოს თავიდან, მაგრამ იმაში კი გვარწმუნებს, რომ არასდროს მიგვატოვებს (ფსალმ. 9:10).d
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲡ
15. როგორ გვანუგეშებს იეჰოვა ლოცვის, თავისი სიტყვისა და თანაქრისტიანების მეშვეობით? (2 კორინთელები 1:3, 4).
15 წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4. დროდადრო დარდი და საწუხარი ყველას გვიკარგავს მოსვენებას. შესაძლოა ახლა გიდგათ მძიმე პერიოდი და ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ თქვენს პრობლემებთან მარტო ხართ. მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვამ კარგად იცის, რას გრძნობთ. ის არა მარტო თანაგიგრძნობთ, არამედ „ნებისმიერი გასაჭირის დროს“ განუგეშებთ. როგორ აკეთებს ამას? როცა ვლოცულობთ, ის გვაძლევს „მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვა თავის სიტყვასაც იყენებს ჩვენ სანუგეშებლად. ღვთის შთაგონებით დაწერილი ბრძნული სიტყვები, რომლებიც ღვთის სიყვარულში გვარწმუნებს და იმედს გვისახავს, გვანუგეშებს და განწყობას გამოგვიკეთებს. კრების შეხვედრებზე და-ძმებთან თბილი ურთიერთობა და იქ მოსმენილი აზრებიც ჩვენს ნუგეშისცემას ემსახურება.
16. რას ვსწავლობთ ნეითანისა და პრისცილას შემთხვევიდან?
16 ის, თუ როგორ გვანუგეშებს იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით, კარგად ჩანს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ნეითანისა და პრისცილას, შემთხვევიდან. რამდენიმე წლის წინ ისინი გადავიდნენ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. თავიდან ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, თუმცა ახალ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, მათ სახლში დაბრუნება მოუწიათ. ფინანსურ პრობლემებს იქაც შეხვდნენ. ნეითანი ამბობს: „ვერ ვხვდებოდით, რატომ არ მოგვიმართა ღმერთმა ხელი ისე, როგორც ჩვენ მოველოდით. ისიც კი მეგონა, რომ რაღაც დავაშავე“. თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ღმერთს ისინი გაჭირვების დროს არ მიუტოვებია. ნეითანი დასძენს: „იმ პერიოდში ბიბლია ჩვენთვის მეგობარივით გახდა, რომელიც გვარიგებდა და გვამხნევებდა. ყველანაირად ვცდილობდით, ყურადღება პრობლემიდან იმაზე გადაგვეტანა, თუ როგორ გვეხმარებოდა იეჰოვა. ამან იმის რწმენა განგვიმტკიცა, რომ იეჰოვას დახმარებით მომავალშიც გავუმკლავდებოდით ნებისმიერ სირთულეს“.
17. რამ ანუგეშა ერთი და? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 კიდევ ერთი ნუგეშის წყარო ჩვენთვის და-ძმები არიან. ამაზე მოწმობს უნგრეთში მცხოვრები დის, ჰელგას, მაგალითი. წლების მანძილზე მრავალმა სირთულემ ის გამოფიტა და თავი უღირსად აგრძნობინა. მაგრამ ამავე დროს ის ყოველთვის გრძნობდა, როგორ ანუგეშებდა იეჰოვა კრების მეშვეობით. ჰელგა ამბობს: „როცა სამსახურის, ავადმყოფ ბავშვზე ზრუნვის თუ სხვა პრობლემების გამო ძალა მქონდა გამოცლილი, ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარში მედგა. ბოლო 30 წლის მანძილზე დღე ისე არ გასულა, რომ იეჰოვას არ ვენუგეშებინე. ხშირად ამას და-ძმების მეშვეობით აკეთებდა, რომლებიც თბილ და გამამხნევებელ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩემთვის. მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ვიღაც ან მესიჯს მიგზავნიდა ან ბარათს მწერდა ან მაქებდა“.
როგორ შეიძლება თქვენი მეშვეობით ანუგეშოს იეჰოვამ თავისი მსახურები? (იხილეთ აბზაცი 17)
18. როგორ ვანუგეშოთ სხვები?
18 როგორ მივბაძოთ იეჰოვას და ვანუგეშოთ სხვები? მოთმინებით მოვუსმინოთ, სიტყვიერად გავამხნეოთ და პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ (იგავ. 3:27). შეგვიძლია ისინიც ვანუგეშოთ, ვინც ჩვენი თანამორწმუნეები არ არიან. როცა ვხედავთ, რომ ვინმე გლოვობს, ავად არის ან სხვა სირთულეს ებრძვის, შეგვიძლია მოვინახულოთ, მოვუსმინოთ და ბიბლიური აზრებით გავამხნეოთ. როცა ვბაძავთ იეჰოვას, „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“, თანამორწმუნეებს განსაცდელების ასატანად ძალას ვმატებთ, სხვებს კი ღვთის გაცნობის სურვილს აღვუძრავთ (მათ. 5:16).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲛᲘᲒᲕᲐᲢᲝᲕᲔᲑᲡ
19. რას აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის და როგორ მივბაძოთ მას?
19 როგორც მოსიყვარულე მშობელი ზრუნავს შვილებზე, ისე იეჰოვა ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე. ამიტომ ჭირში თუ ლხინში არ მიგვატოვებს. როგორც დავინახეთ, ის გვხელმძღვანელობს, ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, გვიცავს და გვანუგეშებს. გვინდა, მივბაძოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას და მხარში ამოვუდგეთ და გავამხნეოთ ისინი, ვისაც რთული დრო უდგას. ფაქტია, პრობლემებს და გულისტკივილს ყოველთვის ვერ ავერიდებით, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პრობლემებთან არასდროს დავრჩებით მარტო. ამის გარანტიას თავად იეჰოვა გვაძლევს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ!“ (ეს. 41:10).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 100 გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა
a იხილეთ 2011 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“.
b იხილეთ 2024 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ყოველთვის მიჰყევით იეჰოვას ხელმძღვანელობას!“, აბზ. 11–14.
c კონკრეტული მაგალითების სანახავად ვებსაიტზე jw.org ძიების ველში ჩაბეჭდეთ „დაზარალებულთა დახმარება“.
d იხილეთ 2017 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: სტიქიით დაზარალებულ მალაველ და-ძმებს თანაქრისტიანები ანუგეშებენ და მატერიალურ დახმარებას უწევენ.