რას ამბობს ბიბლია ბირთვულ ომზე?
მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დღესაც დგას, რადგან გავლენიანი ქვეყნები ატომური იარაღის არსენალს უფრო და უფრო აფართოებენ. ბუნებრივია, ბევრს აღელვებს ეს საკითხი, რადგან რაც უფრო იზრდება ბირთვული იარაღის რაოდენობა, მით უფრო მატულობს ბირთვული ომის საფრთხე. ბევრი შიშობს, რომ მცირე ზომის ატომური იარაღის გამოყენებაც კი მსოფლიოს ბირთვულ ომამდე მიიყვანს და დედამიწას გაანადგურებს. „კაცობრიობა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა“, – აღნიშნულია ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (Bulletin of the Atomic Scientists).
ნამდვილად არსებობს ბირთვული ომის საშიშროება? გადარჩება დედამიწა ბირთვული ომის შემთხვევაში? რა უნდა გავაკეთოთ შიშმა რომ არ მოგვიცვას? რას ამბობს ბიბლია?
წინასწარმეტყველებს ბიბლია ბირთვული ომის შესახებ?
ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი ბირთვულ ომზე. თუმცა ბირთვული ომის საფრთხე იმ მოვლენების შედეგია, რომელთა შესახებაც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა.
განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი დღევანდელი მსოფლიო მოვლენების შუქში:
ბიბლიური მუხლი: მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“. იესომ უპასუხა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:3, 7).
მსოფლიო მოვლენები: ის ქვეყნები, რომელთაც ბირთვული იარაღი აქვთ, უფრო მეტად არიან ჩართულნი შეიარაღებულ კონფლიქტებში.
„ბოლო წლებში მსოფლიოში შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა მკვეთრად იმატა“, – აღნიშნულია ერთ-ერთ წყაროში (The Armed Conflict Location & Event Data Project).
ბიბლიური მუხლი: „უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფე ერთმანეთს შეებმებიან“ (დანიელი 11:40).
მსოფლიო მოვლენები: როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, დაპირისპირებული მხარეები და მათი მოკავშირეები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ეცილებიან. Მართალია, ბირთვული იარაღის მქონე დიდი სახელმწიფოები ღიად არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ისინი უფრო და უფრო აძლიერებენ თავიანთი ბირთვული იარაღის არსენალს.
„ბოლო ათწლეულია, მსოფლიოში სახელმწიფოთა შორის მზარდი კონფლიქტის მოწმენი ვართ. ხშირია შემთხვევები, როდესაც გავლენიანი ქვეყნები დაპირისპირებული მხარეებიდან რომელიმეს ემხრობიან“, – ნათქვამია ერთ-ერთ წყაროში (Uppsala Conflict Data Program).
ბიბლიური მუხლი: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან ... ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები“ (2 ტიმოთე 3:1–3).
მსოფლიო მოვლენები: დღეს ადამიანებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მსოფლიო ლიდერები არიან. როცა მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მშვიდობიანი მოლაპარაკების ნაცვლად, ისინი კონფლიქტების მოგვარებას მუქარისა და ძალის გამოყენებით ცდილობენ. ასეთი ქმედებები კი ბირთვული ომის საფრთხეს უფრო ზრდის.
„მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე კონფლიქტები უფრო გამწვავდება და გამანადგურებელი შედეგები გარდაუვალი იქნება“, – აღნიშნულია ერთ-ერთ ანგარიშში (S. Saran and J.Harman, World Economic Forum).
დაუშვებს ღმერთი ბირთვულ ომს?
ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ მასში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დროში მოხდებოდა „საზარელი მოვლენები“ (ლუკა 21:11). ასეთი მოვლენების მაგალითია მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური ბომბების გამოყენება. ბიბლიიდან ვიგებთ, რატომ უშვებს ღმერთი ომებს. დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“.
გადარჩება ჩვენი პლანეტა?
ადამიანებმა ბირთვული იარაღი რომც გამოიყენონ, ღმერთი არ დაუშვებს, მდგომარეობა იქამდე მივიდეს, რომ დედამიწა განადგურდეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენი პლანეტა არა მხოლოდ გადაურჩება განადგურებას, არამედ ყოველთვის იქნება ადამიანებით დასახლებული.
ზოგის წარმოდგენით, ბირთვულ ომს რამდენიმე ადამიანი თუ გადაურჩება, და მათაც არსებობისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან აფეთქების შედეგად დედამიწა გაუდაბურებული იქნება. თუმცა ბიბლიიდან ჩანს, რომ ყოველგვარი ზიანი, რაც ომების შედეგად მიადგება დედამიწას, სრულად აღმოიფხვრება.
ღმერთს სურს, რომ დედამიწაზე ბედნიერად ვიცხოვროთ.
ღმერთმა დედამიწა თვითაღდგენის გასაოცარი უნარით შექმნა. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენს პლანეტას პირვანდელი სახე თავისით არ დაუბრუნდება. ამისთვის ღმერთი თავის ძალას გამოიყენებს და დედამიწას შესანიშნავ საცხოვრებლად გადააქცევს, სადაც ადამიანები მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ (ფსალმუნი 37:11, 29; გამოცხადება 21:5).
Როგორ დავძლიოთ ბირთვული ომის შიში?
ზოგს მოსვენებას უკარგავს ბირთვულ ომზე და მის გამანადგურებელ შედეგებზე ფიქრი. ბიბლიური დაპირებები და რჩევები დაეხმარება ასეთ ადამიანებს, დაძლიონ შიში.
ბიბლია ნათელი მომავლის იმედს გვისახავს. ეს იმედი, რომელიც ღუზასავით არის, შიშის დაძლევაში გვეხმარება (ებრაელების 6:19). საწუხარს იმითაც შევიმსუბუქებთ, თუ ზედმეტად არ მოგვიცავს ხვალინდელ დღეზე ფიქრი. იესომ თქვა, „ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს“ (მათე 6:34).
კარგი იქნება, თუ გავუფრთხილდებით ჩვენს ემოციურ ჯანმრთელობას. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მოვერიდებით არასაჭირო ინფორმაციის მიღებას, რომელიც უკავშირდება ბირთვული ომის შესახებ დისკუსიებს, მოსაზრებებსა თუ ვარაუდებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არსებულ რეალობას უარვყოფთ, არამედ ვცდილობთ, მუდმივად არ ვიფიქროთ ისეთ მოვლენებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და რომლებიც შეიძლება არც არასდროს მოხდეს.
უარყოფითი ამბების მოსმენის ნაცვლად ყურადღება იმ დადებით მოვლენებზე გაამახვილეთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
ბიბლია მომავლის შესანიშნავ იმედს გვისახავს.
ღვთის დაპირებების შესახებ მეტის გაგება დაგეხმარებათ, იმედი, სიხარული და შინაგანი სიმშვიდე გქონდეთ.
წინასწარმეტყველებს ბიბლია ბირთვული არმაგედონის შესახებ?
ზოგი არმაგედონს და გლობალურ ბირთვულ ომს ერთმანეთთან აიგივებს. ბუნებრივია, მათ აშინებთ ის კატასტროფული შედეგები, რაც ასეთ მოვლენას მოჰყვება.
ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „არმაგედონში“ იგულისხმება ომი, რომელსაც ღმერთი მთელი მსოფლიოს მეფეებთან გამართავსa (გამოცხადება 16:14, 16). ბირთვული ომებისგან განსხვავებით, არმაგედონის დროს ყველა არ განადგურდება. ღმერთი მხოლოდ ბოროტებს გაანადგურებს, რის წყალობითაც ყველგან ნამდვილი მშვიდობა დაისადგურებს (ფსალმუნი 37:9, 10; ესაია 32:17, 18; მათე 6:10).
რას ამბობს ბიბლია, დასრულდება ოდესმე ომები?
იეჰოვა ღმერთიb გამოიყენებს თავის ძალაუფლებას, რომ ერებს შორის დაპირისპირებას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას. ის აგრეთვე მათ ყოველგვარ საბრძოლო იარაღს გაანადგურებს. ღმერთი ამას თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით გააკეთებს, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44).
ღვთის მმართველობის დროს ადამიანები ისწავლიან მშვიდობიან თანაცხოვრებას. ვინაიდან დედამიწაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება იმმართველებს, ქვეყნებს შორის დაპირისპირებები წარსულს ჩაჰბარდება და ადამიანები „აღარ ისწავლიან ომს“ (მიქა 4:1–3). რა იქნება შედეგი? „და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება“ (მიქა 4:4; ახალი გადამუშავებული გამოცემა, 2015).
a იხილეთ სტატია „რა არის არმაგედონი?“
b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“