პოლიტიკური არასტაბილურობა – ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება
დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საზოგადოება დაყოფილია. ხალხში უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, რის გამოც აგრესიულად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. კანონმდებლებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა რიგ საკითხებზე და არცერთი მხარე არ თმობს თავის პოზიციას. ამგვარი განსხვავებული შეხედულებები იწვევს პოლიტიკურ დაპირისპირებებს, რაც ასუსტებს მთავრობების ეფექტურუნარიანობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში (იგივე გაერთიანებული სამეფო) არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა. რა მიზეზით? ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ამ ორ სახელმწიფოში პოლიტიკური არასტაბილურობა იარსებებდა იმ პერიოდში, როცა ღვთის ზეციერი ხელისუფლება კაცობრიობის პრობლემების მოსაგვარებლად დაიწყებდა მოქმედებას.
პოლიტიკური არასტაბილურობა „უკანასკნელ დღეებში“
ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი „დანიელი“ გასაოცარი მოვლენის შესახებ წინასწარმეტყველებს. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი გვიმჟღავნებს, თუ „რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში“. აქ საუბარია იმ პერიოდზე, როცა კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგება (დანიელი 2:28).
ღმერთმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს სიზმარში უზარმაზარი ქანდაკება ახილვინა, რომლის ნაწილებიც სხვადასხვა ლითონისა იყო. მოგვიანებით წინასწარმეტყველმა დანიელმა ახსნა, რომ ქანდაკების თითოეული ნაწილი სხვადასხვა მსოფლიო იმპერიას განასახიერებდა და ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის მანძილზე მოხდებოდა ამ იმპერიების აღმავლობა და დაცემა.a საბოლოოდ, მთიდან მოწყვეტილი ქვა, რომლითაც ღვთის სამეფო ანუ ზეციური ხელისუფლება არის წარმოდგენილი, ანადგურებს და მტვრად აქცევს ამ ქანდაკებას (დანიელი 2:36–45).
ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სამეფო ყველა არსებულ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს. ეს სწორედ ის სამეფოა, რომლის შესახებაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მის მოსვლაზე ელოცათ (მათე 6:10).
მაგრამ როგორ მიანიშნებს დანიელის წინასწარმეტყველება პოლიტიკურ არასტაბილურობაზე? ყურადღება მიაქციეთ ერთ დეტალს. ქანდაკების „ტერფები ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა“ იყო (დანიელი 2:33). საინტერესოა, რომ ქანდაკების სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა მტკიცე ლითონისგან შედგებოდა, მხოლოდ ტერფები იყო თიხანარევი რკინის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო იმპერია წინამორბედებისგან განსხვავებული იქნებოდა. რა მხრივ? ამას ნათელს ჰფენს დანიელის შემდეგი წინასწარმეტყველება:
ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ქანდაკების ტერფებით წარმოდგენილ მსოფლიო იმპერიაში პოლიტიკური არასტაბილურობა იარსებებდა და მის რკინისებრ სიძლიერეს მისივე მოქალაქეები შეასუსტებდნენ.
როგორ სრულდება დღეს დანიელის წინასწარმეტყველება?
ქანდაკების ტერფები განასახიერებს მსოფლიო წამყვან პოლიტიკურ ძალას, კერძოდ, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ალიანსს. ამ დასკვნამდე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მივყავართ.
ის ფაქტი, რომ ქანდაკების ტერფები „ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა“ იყო, ამ ტერფებით წარმოდგენილი სამეფოს სისუსტეზე მიანიშნებს (დანიელი 2:42). აშკარაა, რომ დღეს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ძალაუფლებას მათივე მოქალაქეები ასუსტებენ. მაგალითად, ორივე ქვეყანაში ხშირია შიდა კონფლიქტები; ამასთანავე, მოქალაქეები თავიანთი უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციებს მართავენ, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვერ აღწევენ შეთანხმებას რიგ საკითხებზე. ზოგ შემთხვევაში საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ხელს უშლის ორივე მთავრობას, ბოლომდე გაატაროს თავისი პოლიტიკა.
შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების შესახებ წიგნ „დანიელის“ მე-2 თავში იყო ნაწინასწარმეტყველები.
დეტალურად განვიხილოთ დანიელის წინასწარმეტყველება და ვნახოთ, როგორ სრულდება ის დღეს:
წინასწარმეტყველება: „ეს სამეფო დაყოფილი იქნება, მაგრამ მას რკინის სიმაგრე მაინც ექნება“ (დანიელი 2:41).
ახსნა: მართალია, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სახელმწიფოებს გარკვეულწილად ასუსტებს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები, მაგრამ მათ იმდენად ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ, რომ მაინც შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ მსოფლიოზე. სწორედ ამ გაგებით აქვთ მათ რკინისებრი სიძლიერე.
შესრულება
2023 წელს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო ხარჯები, ერთად აღებული, აღემატებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯების მქონე 12 ქვეყნის ხარჯებს (National Centre for Social Research).
„არცერთ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ისეთი ღრმა და მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, როგორიც ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით“ (დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, სტრატეგიული სარდლობა, აპრილი, 2024).
წინასწარმეტყველება: „როგორც ფეხის თითები იყო ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა, ისე ეს სამეფოც ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე“ (დანიელი 2:42).
მნიშვნელობა: მართალია, სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატებიც და ბრიტანეთიც ძლიერი სახელმწიფოები არიან, მაგრამ დემოკრატიული წყობის გამო ისინი შეუზღუდავად ვერ ატარებენ თავიანთ პოლიტიკას; საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ზოგჯერ ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ გეგმებს.
შესრულება
„ზოგი პოლიტიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკის მთავრობაში არსებული დაპირისპირებები ხელს უშლის სახელმწიფოს, მოახდინოს სათანადო გლობალური ცვლილებები უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკის მიმართულებით“ (The Wall Street Journal).
„უპრეცედენტო შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები მნიშვნელოვანწილად ზღუდავს ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებს, გაატარონ დღის წესრიგში არსებული რეფორმები საზოგადოების სასარგებლოდ“ (Institute for Government).
წინასწარმეტყველება: „შეერევიან ისინი [ბოლო მსოფლიო იმპერია] კაცთა მოდგმას, მაგრამ ვერ შეერწყმებიან“ (დანიელი 2:43).
მნიშვნელობა: დემოკრატიულ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებს აქვთ გარკვეული ზეგავლენა იმაზე, თუ ვინ იქნება მთავრობაში; თუმცა არჩეული მთავრობის მუშაობის შედეგებით არც ამომრჩევლები არიან ბოლომდე კმაყოფილი და არც პოლიტიკოსები.
შესრულება
„დღეს ამერიკელთა უმეტესობა უარყოფითადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკისა თუ პოლიტიკოსების მიმართ“ (Pew Research Center).
„ბოლო 50 წლის მანძილზე ბრიტანეთში პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ხალხის ნდობა კიდევ უფრო მეტად დაკარგეს“ (National Centre for Social Research).
როგორ შესრულდება დანიელის წინასწარმეტყველება მომავალში?
დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, მაშინ, როცა ღვთის სამეფო არსებულ მმართველობებს წერტილს დაუსვამს, მსოფლიოში წამყვანი პოლიტიკური ძალა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ალიანსი იქნება (დანიელი 2:44).
ამ პერიოდში მოსახდენ მოვლენებზე ბიბლიის წიგნი „გამოცხადებაც“ წინასწარმეტყველებს. მასში ნათქვამია, რომ მთელი მსოფლიოს მეფეები საომრად შეიკრიბებიან ღვთის, იეჰოვას წინააღმდეგ არმაგედონის ომში, რომელსაც ბიბლია „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უწოდებს (გამოცხადება 16:14, 16; 19:19–21). ამ ომში იეჰოვაb გაანადგურებს ყველა არსებულ მთავრობას. ასე წაიშლება იმ მსოფლიო იმპერიების მმართველობის ყოველგვარი კვალი, რომლებიც დანიელის წინასწარმეტყველებაში აღწერილი ქანდაკებითაა წარმოდგენილი.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხის შესახებ, იხილეთ სტატია „რა არის არმაგედონი?“
რა მხრივ დაგეხმარებათ პოლიტიკური არასტაბილურობის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ცოდნა?
შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება. ამის გაგება დაგეხმარებათ, სულ სხვა კუთხით შეხედოთ დღევანდელ მიმდინარე მოვლენებს.
უკეთ ჩასწვდებით, რატომ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, რომ ნეიტრალური პოზიცია ჰქონოდათ პოლიტიკურ საკითხებში (იოანე 17:16). ისიც გასაგები გახდება თქვენთვის, თუ რატომ თქვა იესომ, ღვთის მიერ არჩეულმა მმართველმა, შემდეგი სიტყვები: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).
დარწმუნდებით, რომ მალე ღვთის სამეფო ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს (გამოცხადება 21:3, 4).
მომავალზე ფიქრი აღარ შეგაშინებთ; სიმშვიდეს მოგგვრით იმის ცოდნაც, რომ ერთ დღესაც ერებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირება აღარ იარსებებს (ფსალმუნი 37:11, 29).
როგორც ზემოთ აღინიშნა, დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ქანდაკების ტერფებით წარმოდგენილი შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ალიანსი მსოფლიოში ბოლო წამყვანი პოლიტიკური ძალა იქნება. მას ჩაანაცვლებს ღვთის სამეფო, რომელიც მთელ დედამიწაზე ზეციდან იმმართველებს და რომელიც ყველა დროის საუკეთესო მმართველობა იქნება!
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, რა ცვლილებებს მოახდენს ღვთის სამეფო ხალხის საკეთილდღეოდ, უყურეთ ვიდეოს „რა არის ღვთის სამეფო?“.
b იეჰოვა ღმერთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“